2024 წლის 19 ივლისს თბილისში Material Hunters-ის წევრების, გიორგი ნამგალაძის და რეზი გვარამაძის პერფორმანსი-გამოფენა გაიმართა.

საგამოფენო სივრცე სამ პირობით ნაწილად დაიყო, სადაც მისულ აუდიტორიას ვიდეო ინსტალაციის, პერფორმანსის და გამოფენის ნახვა შეეძლო. გამოფენის ფარგლებში ავტორებმა თავი მოუყარეს გამონათქვამებს, რომლებიც უახლესი საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ ვითარებას ასახავენ და თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსებს ეკუთვნით.

თავად Material Hunters კოლექტივი ასე ახასიათებს გამოფენას: “გამოფენა ეძღვნება საქართველოს თანამედროვე ისტორიის პატიმრებს – მათ, ვისაც ძალა არ გვყოფნის. ალბათ, მომავალში დადგება ის ისტორიული დრო, რომელიც თანამედროვე ძალმომრეობით გამოწვეულ ნანგრევებს თვალს გაუსწორებს. Ჩვენი დამახინჯებული სოციალური მომავალი და უპერსპექტივო სიცოცხლე კი, ანაზღაურდება. თანამედროვე ისტორიის ყველაზე გრძელი გაკვეთილი სამ ათწლეულზე მეტია მიმდინარეობს და არავინ იცის როდის დარეკავს ზარი.”