ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ – დალევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის! ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ სასმელი კარგად წერას ვერ დაგაწყებინებთ, რა თქმა უნდა, თუ ჰემინგუეი, ან აქ მოყვანილი რომელიმე სხვა კლასიკოსი მწერალი არ ხართ.

 

ჰემინგუეის მოხიტო – მითი თუ რეალობა?

მიუხედავად იმისა, რომ ერნესტ ჰემინგუეი მწერლობის გარდა სასმელთან ასოცირდება, ცნობილი ავტორი წერისას ალკოჰოლს არ ეკარებოდა. სამაგიეროდ, საქმისგან თავისუფალი, ფიესტის დროს მას დიდი რაოდენობით მოიხმარდა. ჰემინგუეიმ ცხოვრების რამდენიმე წელი ჰავანაში გაატარა, მოხიტოს სამშობლოში. ზოგიერთი წყაროს ცნობით სწორედ მოხიტო იყო ჰემინგუეის საყვარელი სასმელი. La Bodeguita del Medio – ასე ჰქვია ჰავანაში არსებულ ცნობილ ბარს, რომელსაც მწერალი ხშირად სტუმრობდა. ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობს ვერსია, რომ მოხიტო სულაც არ ყოფილა ჰემინგუეის საყვარელი სასმელი და ეს ლეგენდა აღნიშნული ბარის მფლობელმა პიარის მიზნით მოიგონა.

საქმე ის არის, რომ ისინი ვისაც პირველი ვერსიის სჯერა, თვლიან, რომ ბარის კედელზე გაკეთებული წარწერა მოხიტოს სიყვარულის შესახებ, ჰემინგუეის კალამს ეკუთვნის. სკეპტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ წარწერა ყალბია. ბოლომდე დარწმუნებულები ალბათ ვერცერთ ვერსიაში ვიქნებით, თუმცა ფაქტია, რომ კარგად გაკეთებულ მოხიტოზე ჰემინგუეი არცერთ შემთხვევაში არ იტყოდა უარს.

ოსკარ უაილდი და მწვანე ფერიები

არ ვიცით ეძებდა თუ არა ოსკარ უალდი მწვანე ფერიებს, მაგრამ აბსენტს ინგლისელი ავტორი ხშირად ეტანებოდა და ციტატებსაც კი უძღვნიდა. ისტორიამ რამდენიმე შემოგვინახა. ერთხელ მან რიტორიკული კითხვა დასვა,

“რა განსხვავებაა აბსენტს და მზის ჩასვლას შორის?” მოგვიანებით კი, შემდეგნაირად აღწერა, “პირველი ფაზა ჩვეულებრივ სმის პროცესს ჰგავს, მეორე ფაზაზე მონსტრების და საშინელებების დანახვას იწყებ, თუმცა, თუ გამძლეობა გყოფნის და მესამე ფაზაში გადახვედი, ამ დროს იმას ხედავ რისი დანახვაც გსურს, საინტერესო და მშვენიერ რამეებს.”

ბეროუზის საყვარელი ნარკოტიკი

ავანგარდისტული ტექსტების ავტორის, უილიამ ბეროუზის საყვარელი სასმელი კოლა-არყით იყო. ცნობილია, რომ ბეროუზი ნარკოტიკებს ეტანებოდა და სასმელი უფრო დესერტად თუ გამოადგებოდა ვიდრე დასათრობად. “ჩვენი ეროვნული ნარკოტიკი ალკოჰოლია. სხვა ნარკოტიკის გამოყენებას განსაკუთრებული შიშით ვუყურებთ,” ამბობდა ბეროუზი.

ტოლკინი, კლაივ ლიუსი და ლუდი

ჯონ ტოლკინს ლუდი უყვარდა. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, ფენტეზის მეფე ხშირად თავის მეგობარ კლაივ ლუისთან, “ნარნიის ქრონიკების” ავტორთან ერთად, პაბში ლუდის და თამბაქოს თანხლებით საათობით საუბრობდა მითოლოგიაზე და ლიტერატურაზე. რაც მთავარია, ასეთ შეკრებებზე ცნობილი ავტორები განიხილავდნენ თუ რას წერდნენ მოცემულ მომენტში. შეკრების ამ ტრადიციას, რომელიც დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა, “ბეოვულფი და ლუდი შეარქვეს”. ცხადია მათ საუბრებს არ შეიძლებოდა ზეგავლენა არ მოეხდინა ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროს შექმნაზე. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ლუდის სიყვარულმა ჰობიტების გემოვნებაშიც აისახა. ამ ნაწარმოებში არაერთ სცენას ვხვდებით სადაც მერი, სემი და პიპინი ეილის დალევის პერსპექტივას მოუთმენლად ელიან.

ვისკი კლავს

სიყვარულს მოკვლა შეუძლია, პირდაპირი მნიშვნელობით, მითუმეტეს, თუ თქვენი სიყვარულის ობიექტი ვისკია. ყოველ შემთხვევაში, ამ სასმელმა ალბათ ყველაზე ცნობილი უელსელი პოეტის, დილან ტომასის გარდაცვალებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 1953 წლის ოქტომბერში დილან ტომასი ნიუ-იორკში რამდენიმე პოეტური საღამოს ჩასატარებლად ჩავიდა. ბუნებრივია, რომ საღამოებს ალკოჰოლის გარეშე არ ჩაუვლიათ, ამას პაბებში ძველ მეგობრებთან ერთად სიარული დაემატა.

ერთ-ერთი ასეთი საღამოს შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებულ პოეტს უთქვამს, “ზედიზედ 18 ჭიქა ვისკი დავლიე, მემგონი რეკორდია.” თუმცა, მოგვიანებით ბარმენმა, რომელიც მას ემსახურებოდა, განაცხადა, რომ შეუძლებელია ტომასს ამის ნახევარიც კი დაელია. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში მას ფილტვები აწუხებდა და ალკოჰოლმა მდგომარეობა გაუმწვავა. ამის მიუხედავად, მომდევნო დღეს სმა გააგრძელა, რამაც კომატოზურ მდგომარეობამდე მიიყვანა და 9 ნოემბერს გარდაიცვალა კიდეც.