რამდენიმე წლის წინ ეკრანებზე გამოსული ვაჩოვსკების კინოფილმი “ღრუბლიანი ატლასი“ ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. თუმცა, ეკრანიზაცია და წიგნი ერთმანეთისაგან ისევე განსხვავდება, როგორც ტრეილერი და სრულმეტრაჟიან ფილმი. რომანის ავტორმა, დევიდ მიტჩელმა ექვსი აბსოლუტურად განსხვავებული ეპოქის და ისტორიის ერთ ნაწარმოებში გაერთიანება მოახერხა. საინტერესოა, რომ ცალკეულ ისტორიას და ეპოქას მიტჩელი განსხვავებულ ლიტერატურულ სტილ უსადაგებს. ამ მხრივ წიგნის ავტორი ყველაზე საინტერესო ლინგვისტურ ექსპერიმენტს შორეული მომავლის ამბების აღწერისას იყენებს. ამ შემთხვევაში მიტჩელი იმდენად შორს მიდის, რომ ჰიპოტეტიურად წარმოიდგენს ინგლისური ენის დეგრადაციას და ამავე ენით, განგებ შეცდომებით გვიყვება ისტორიებს.
თუ გსურთ გაიგოთ, თუ რამდენად გავრცელებულია მსოფლიოში უვიცობა, ფრენსის უინის წიგნს „How Mumbo-Jumbo Conquered the World“ (როგორ დაიპყრო ბოდვამ მსოფლიო) გირჩევთ. საგულისხმოა, რომ უვიცობაზე საუბრისას ფრესის უინს მოჰყავს მაგალითები ელიტური, პოლიტიკური, თუ მეცნიერული წრეებიდან, ცნობილ და პატივსაცემ ადამიანებზე. ყველაზე ტრაგიკული ამ ერთი შეხედვით სასაცილო ისტორიებში ის არის, რომ უმეტესს შემთხვევაში მათ აზრს მილიონობით ადამიანი უაპელაციოდ იღებს. მაგალითად შეგვიძლია თავის დროზე ძალიან ცნობილი ფემინისტის ლუსი ირიგარაის შემთხვევა მოვიყვანოთ, რომელიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ალბერტ აინშტაინის ფორმულა E=MC2 სექსისტურია.
ჟოზე სარამაგოს რომანი, “სიბრმავე”, მკითხველს პირველივე აბზაციდან უცნაურ და დამაინტრიგებელ ნარატივში აგდებს. ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი მანქანის ტარებისას უეცრად ბრმავდება. როდესაც მკითხველი ხვდება, რომ ეს უცნაური სიბრმავე ვირუსულ და ეპიდემიურ ხასიათს ატარებს, ინტრიგა კიდევ უფრო მძაფრდება. სარამაგო სრულიად წარმოუდგენელ, ფანტასტიურ რომანს გვთავაზობს, რომელიც საკუთარი ფანტაზიით და ამ ფანტაზიის სკრუპულოზური დეტალების ასახვით გვაჯადოებს. ავტორი ფანტაზიას იარაღად იყენებს, ის უსინათლოების სამყაროში მოყვანილი მაგალითებით მკითხველს თვალებს უხელს იმ მიწიერ, ადამიანურ თვისებებზე, რომლებსაც ჩვეულ სამყაროში ხშირად ვერ, ან არ ხედავენ.
უცნობია, თუ რატომ დაარქვა ჩილელმა ავტორმა, რობერტო ბოლანიომ საკუთარ უკანასკნელ რომანს – 2666-ს, ყოველშემთხვევაში, თითქმის 900 გვერდიანი ნაწარმოები ამის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ იძლევა, ისევე როგორც სხვა ცნობილი რეცენზიები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლანიო რომანის დასრულებამდე გარდაიცვალა, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მან უბრალოდ ვერ მოასწრო ახსნა. ნაწარმოები ხუთი განსხვავებული ისტორიისგან შედგება . ამ ხუთიდან სამი მექსიკაში 90იან წლებში მომხდარი ერთგვარი ფემიციდის ეპიდემიის შესახებ მოგვითხრობს, დანარჩენი ორი კი გამოგონილი მწერლის ბენო ვონ არჩიმბოლდის და მისი ცხოვრებით დაინტერესებული ლიტერატურული კრიტიკოსების ამბავზეა. ეს ორი თემა ერთმანეთს მეტწილად პერსონაჟების და ტოპონიმების მეშვეობით კვეთს… 2666 ამბიციური, დიდი შრომის შედეგად შექმნილი ნაწარმოებია და მას ადვილად წასაკითხ წიგნების რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.
რამდენიმე თვის წინ გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ ართურ კლარკის და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობების კრებული გამოსცა. კლარკს და ჰაინლაინს sci-fi ჟანრში წერა აერთიანებთ, თუმცა განსხვავებული სტილის ავტორები არიან და ამ მხრივ ამ ორი ავტორის ერთ კრებულში გაერთიანება ცოტა უცნაურ გადაწყვეტილებად შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ ჰაინლაინი ჭეშმარიტად ფანტასტიკურ ლიტერატურას გთავაზობს, სადაც ავტორის მიზანი საკუთარი უკიდეგანო ფანტაზიის დემონსტრაცია და ზებუნებრივი ამბების განხილვაა, კლარკი უფრო მიწიერ ავტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც კოსმოსში მხოლოდ იმიტომ იყურება, რომ უკეთ გაიგოს რა ამოძრავებს ადამიანს. იქნებ კრებულიც ამ სხვაობის გამო შედგა? ნებისმიერ შემთხვევაში ამ წიგნში შესული მოთხრობები სიამოვნებას მიანიჭებთ sci-fi და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულებს.