თბილისის მე-17 კინოფესტივალის 5 კარგი ფილმი

ავტორი: დათო ლობჟანიძე

დასრულდა თბილისის მე-17 კინოფესტივალი, რომელზეც ასზე მეტი ფილმი იყო ნაჩვენები. გთავაზობთ ხუთი ფილმის სიას, რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. აქვე იმის თქმა შეიძლება, რომ ფილმების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე ფიზიკურად ყველა ან თუნდაც ყველა კარგი ფილმის ნახვა შეუძლებელი იყო, ამიტომ შესაძლებელია ამ სიაში არ მოხვდა რამდენიმე კარგი ნამუშევარი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთნმა ფილმმა იმედები გამიცრუა და წინასწარი განწყობის მიუხედავად ამ სიაში ვერ მოხვდა.

Hymyilevä mies/უბედნიერესი დღე ოლი მეკის ცხოვრებაში

ეს ოთხმოცდაათ წუთიანი ფილმი ფინეთიდან კინოს ნამდვილი ზეიმია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ოპერატორული ნამუშევარია, თუმცა ამასთან ერთად ფილმი შინაარსობრივადაც საინტერესოა. უბედნიერესი დღე ოლი მეკის ცხოვრებაში საკმაოდ დინამიური და ამავდროულად ორიგინალური ფილმია, რომლის ყურებისას რთულია მოიწყინო.

Ernelláék Farkasékná/ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო

უნგრელი რეჟისორის საბოლჩ ჰაიდუს ფილმი უნივერსალურ თემას, ურთიერთობის თემას ეხება. აქ ფილმის მოქმედება ერთ ბინაში ვითარდება, მაგრამ ამის მიუხედავად შესანიშნავად აწყობილი დიალოგების ხარჯზე ფილმი საინტერესო და სახალისო საყურებელია. ასეთი ეფექტის მიღწევა დრამატურგიულად არც თუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ აღნიშვნის ღირსია არა მხოლოდ რეჟისურა, არამედ სცენარიც (ჰაიდუ ასევე სცენარისტის როლში გვევლინება) და სამსახიობო ოსტატობა (ერთ-ერთ მთავარ როლს ისევ და ისევ, ჰაიუდუ ასრულებს)

დაისის მიზიდულობა/The Dazzling Light of Sunset

სამწუხაროდ ქართული კინო, მათ შორის დოკუმენტურიც, პროვინციის ცხოვრებას არც თუ ისე ხშირად ასახავს. სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა” ის გამონაკლისია, რომელიც ამ თემას სრულფასოვნად შლის და ამას წალენჯიხის რეგიონალური ტელევიზიაზე (ჯიხა) ფოკუსირებით აკეთებს. ხანდახან კინოში ისტორიის გადმოსაცემად კამერის სწორ დროს და ადგილას განთავსება საკმარისია. “დაისისის მიზიდულობა” სწორედ ასეთი ფილმების რიცხვს განეკუთვნება. აქ მაყურებელი დამატებით ახსნას არ საჭიროებს და ამიტომ ფილმს ამბის გადმოსაცემად არც ნარატორის ხმა და არც ტექსტი სჭირდება.

 

Toni Erdmann/ტონი ერდმანი
მიუხედავად იმისა, რომ ტონი ერდმანი საკმაოდ გრძელი ფილმია აქ მოთხრობილი ისტორია და ხერხები რომელსაც ფილმის რეჟისორი მარენ ადე მის გადმოსაცემად იყენებს, მაყურებელს მთელი სეანსის განმავლობაში გართობის რეჟიმში ამყოფებს. თუმცა, ამ იუმორის მიღმა საკმაოდ სერიოზული მორალური თემები იშლება და მაყურებელს ცხოვრებაში მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე აფიქრებს.


მე, დენიელ ბლეიკი

ვფიქრობ “მე, დენიელ ბლეიკის” და ზოგადად კარგი კინოს ძალის საილუსტრაციოდ, თბილისის კინოფესტივალზე სეანსიდან გამოსული მაყურებლების აცრემლებული თვალებიც საკმარისია. წლევანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებული ეს ფილმი ნამდვილი კინოს და ამავდროულად ჰუმანურობის ტრიუმფია.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s