თარგმანი: ბექა არაბული

 

— უჩვეულო შეკვეთაა, — დოქტორი ვაგნერი ცდილობდა, რაც შეიძლება დინჯად ესაუბრა. — რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველი საწარმო ვართ, რომელსაც ტიბეტური მონასტრისთვის ავტომატური საანგარიშო მანქანის დადგმის თხოვნით მიმართეს. ცნობისმოყვარეობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია, რაში სჭირდება თქვენს…… ის… დაწესებულებას ასეთი მანქანა. შეგიძლიათ ამიხსნათ, რისთვის აპირებთ მის გამოყენებას?
— სიამოვნებით, — უპასუხა ლამამ, აბრეშუმის სამოსელის ნაკეცები გაისწორა და აუჩქარებლივ გადადო ლოგარითმული სახაზავი, რომლის დახმარებითაც ფინანასურ გამოთვლებს აწარმოებდა. — თქვენი მანქანა „მოდელი ხუთი“ ათნიშნამდე რიცხვებზე ნებისმიერ მათემატიკურ ოპერაციას ასრულებს. მაგრამ ჩვენი ამოცანის ამოსახსნელად ციფრების ნაცვლად ასოებია საჭირო. გამოსავალ წრედებს ჩვენი მოთხოვნების მიხედვით გადააკეთებთ და მანქანა რიცხვების ნაცვლად სიტყვებს დაბეჭდავს.
— კარგად ვერ ვხვდები…
— საუბარია პრობლემაზე, რომელზეც უკვე სამი საუკუნეა, ანუ ჩვენი მონასტრის დაარსების დღიდან, ვმუშაობთ. თქვენნაირად მოაზროვნე კაცისთვის ამის გაგება რთული იქნება, მაგრამ, ვიმედოვნებ, წინასწარაკვიატებულობის გარეშე მომისმენთ.
— რა თქმა უნდა.
— სინამდვილეში, ეს ძალიან მარტივია. ვადგენთ სიას, რომელიც ღმერთის ყველა სახელს შეიცავს.
— მაპატიეთ…
— გვაქვს იმის მიჩნევის საფუძველი, — განაგრძო ლამამ აღუშფოთველად, — რომ ყველა ამ სახელის ჩაწერა ჩვენ მიერ შემუშავებული ანბანიდან მხოლოდ ცხრა ასოს გამოყენებით შეიძლება.
— და სამასი წელია ამით ხართ დაკავებული?
— კი. ჩვენი გამოთვლებით ამ ამოცანის შესრულებას დაახლოებით თხუთმეტი ათასი წელი დასჭირდება.
— ოჰ! — დოქტორი ვაგნერი აშკარად გაოგნებული იყო. — ახლა მესმის, რაში გჭირდებათ საანგარიშო მანქანა. მაგრამ მთელი ამ წამოწყების მიზანი რა არის?
ლამა წამით შეყოყმანდა. „ნუთუ შეურაცხყოფა მივაყენე?“ — გაიფიქრა ვაგნერმა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც სტუმარმა ლაპარაკი განაგრძო, მის ხმაში არაფერი გასცემდა უკმაყოფილებას.
— თუ გსურთ, ამას რიტუალი უწოდეთ, მაგრამ საუბარია ჩვენი სარწმუნოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე. უმაღლესი არსების ჩვენ მიერ გამოყენებული სახელები — ღმერთი, იეჰოვა, ალაჰი და ასე შემდეგ — მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მოგონილი იარლიყებია. აქ წარმოიქმნება საკმაოდ რთული ფილოსოფიური პრობლემა, რომლის განხილვაც ახლა არ ღირს, მაგრამ ასოების ყველა შესაძლებელ კომბინაციებში იმალება, ასე ვთქვათ, ღმერთის ნამდვილი სახელები. ასოების სისტემატური გადასმით სწორედ მათ გამოვლენას ვცდილობთ.
— გასაგებია. ააააააა კომბინაციით დაიწყეთ…… და მანამ გააგრძელებთ, სანამ ჰჰჰჰჰჰჰ კომბინაციამდე არ მიხვალთ…
— ზუსტად. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ მიერ გამოგონილ ანბანს ვიყენებთ. საწერ მოწყობილობაში ლიტერების შეცვლა, თავისთავად ცხადია, ყველაზე მარტივია. გაცილებით რთულია ისეთი სქემის შექმნა, რომელიც აშკარად უაზრო კომბინაციების გამორიცხვის საშუალებას მოგვცემს. მაგალითად, არც ერთი ასო არ უნდა განმეორდეს ერთიმეორეს მიყოლებით სამზე მეტჯერ.
— სამზე? დარწმუნებული ვარ ორის თქმა გინდოდათ.
— არა, სწორედ რომ სამი. ვშიშობ, ჩვენი ენა რომც იცოდეთ, ახსნას მაინც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
— ეჭვი არ მეპარება, — სწრაფად დაეთანხმა ვაგნერი. — განაგრძეთ.
— საბედნიეროდ, თქვენი ავტომატური საანგარიშო მანქანის ჩვენი ამოცანისთვის გამოყენება ძალიან მარტივი იქნება. საჭიროა მხოლოდ პროგრამის სწორედ შედგენა, მანქანა კი თვითონ შეამოწმებს ყველა შეთავსებას და შედეგს დაბეჭდავს. ას დღეში შესრულდება სამუშაო, რომელზეც თხუთმეტი ათასი წელი უნდა დაგვჭირვებოდა.
ქვემოთ მანჰეტენის ქუჩები იყო გაშლილი, მაგრამ საეჭვოა დოქტორ ვაგნერს ქალაქის ტრანსპორტის ბუნდოვანი გუგუნი სმენოდა. ფიქრებმა ის წაიღო სხვა სამყაროში, ნამდვილი მთების და არა ადამიანის ხელებითაა აჩხორილის სამყაროში. იქ, ღრუბელთიმიერ სიმაღლეებზე განმარტოებით, ეს ბერები თაობიდან თაობამდე მოთმინებით მუშაობდნენ, ყველანაირ მნიშვნელობა მოკლებული სიტყვების სიების შედგენაზე. აქვს კი საზღვარი ადამიანთა უგუნურობას? მაგრამ თავისი ფიქრები არ უნდა გამოამჟღავნოს. კლიენტი ხომ ყოველთვის მართალია…
— უთუოა, — თქვა დოქტორმა, — რომ „მოდელი ხუთის“ გადაკეთება შეგვიძლია, რათა თქვენთვის საჭირო სიები დაბეჭდოს. მე სხვა რამ მაწუხებს — მანქანის დადგმა და ექსპლუატაცია. ჩვენს დროში ტიბეტში მოხვედრა არც ისე მარტივია.
— მაგაზე შეგიძლიათ ჩვენი იმედი იქონიოთ. ნაწილები არც ისე დიდია, თვითმფრინავით გადაგზავნა შეიძლება. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი მანქანა ავარჩიეთ. თქვენ მხოლოდ ინდოეთამდე მიიტანეთ, დანარჩენს კი ჩვენ თვითონ მიხვედავთ.
— და ჩვენი ფირმის ორი ინჟინრის დაქირავებაც გსურთ?
— კი, სამი თვით, პროგრამის დასრულებამდე.
— დარწმუნებული ვარ, მაგხელა ვადას გაუძლებენ. — დოქტორმა ვაგნერმა ბლოკნოტში რაღაც ჩაიწერა. — გასარკვევი დარჩა მხოლოდ ორი კითხვა…
სანამ სიტყვას დაამთავრებდა ლამამ პატარა ფურცელი გაუწოდა.
— აი დოკუმენტი, რომელიც აზიის ბანკში ჩემი ანგარიშის მდგომარეობას ადასტურებს.
— გმადლობთ. როგორც ჩანს… კი, ყველაფერი რიგზეა. მეორე კითხვა იმდენად ელემენტარულია, არც კი ვიცი, როგორ ვთქვა… მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ხშირად რჩება ხალხს მხედველობიდან ყველაზე ელემენტარული რაღაცეები. მოკლედ, ელექტროენერგიის რა სახის წყარო გაქვთ?
— დიზელის გენერატორი ორმოცდაათი კილოვატი სიმძლავრის 110 ვოლტის ძაბვაზე. ხუთი წლის წინაა დადგმული და სავსებით საიმედოა. გენერატორის წყალობით მონასტერში ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნო გახდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, დადგმის მიზეზი სალოცავი ბორბლების მაბრუნებელი ძრავებისთვის ენერგიის მიწოდება იყო.
— ჰო, რასაკვირველია, — წამოიძახა დოქტორმა ვაგნერმა. — ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე!

აივნიდან თვალწარმტაცი ხედი იშლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი. შვიდასმეტრიანი უფსკრული, რომლის ძირშიც დამუშავებული ნაკვეთების ჭადრაკული უჯრედები იშლებოდა, ჯორჯ ჰენლის უკვე აღარ აშინებდა. პარაპეტის ქარით მოგლუვებულ ქვებზე იდაყვებით დაყრდნობილი, პირქუშად გაჰყურებდა შორეულ მთებს, რომელთა სახელწოდებების გაგებითაც თავი არასოდეს შეუწუხებია.
„აი მესმის გაბმა! — გაიფიქრა ჯორჯმა. — უფრო სულელური წამოწყების მოფიქრება რთული იქნება! უკვე რამდენიმე კვირაა „მოდელი ხუთი“ აბდაუბდით აჭრელებულ ქაღალდის მთებს გამოსცემს. მოთმინებით, დაუღალავად მანქანა ასოებს ალაგებს, ყველანაირ შეწყობას ამოწმებს, და, ერთი ჯგუფის შესაძლებლობების ამოწურვის შემდეგ, მომდევნოზე გადადის. საწერი მოწყობილობა მზა ფურცლებს გამოსცემს თუ არა, ბერები გულმოდგინედ კრეფენ მათ და სქელტანიან წიგნში აწებებენ.
მადლობა ღმერთს, კიდევ ერთი კვირა, და ყველაფერი დასრულდება. „პროექტი შანგრი-ლა“ ასე მონათლა ლაბორიატორიის ერთმა გონებამახილვა ეს ყველაფერი. რა სახის გამოთვლებმა დააჯერა ბერები, რომ ათი, ოცი, ასი ასოსგან შემდგარი კომბინაციების გამოკვლევა საჭირო არ იყო, ჯორჯმა არ იცოდა. ისედაც, ღამით მოსვენებას არ აძლევდა კოშმარები: თითქოს ბერების გეგმებში ცვლილებები მოხდა და უმაღლესმა ლამამ განაცხადა, რომ პროგრამა 2060 წლამდე გაიწელებოდა… სრულიად შესაძლებელი იყო, ასეთი რამ გაეკეთებინათ!
ხის მძიმე კარმა ხმამაღლა დაიჯახუნა და ჯორჯის გვერდით ჩაკი გაჩნდა. როგორც ყოველთვის, თავისი სიგარებიდან ერთ-ერთს ეწეოდა, რომელიც მას ბერების კეთილგანწყობილების მოპოვებაში ეხმარებოდა. ლამებს აშკარად არაფერი ჰქონდათ ცხოვრების პატარა და უმეტესი დიადი განცხრომების წინააღმდეგ. შეიძლება შეპყრობილები იყვნენ, მაგრამ მათ ფარისევლებს ვერ უწოდებდი. ხშირად ჩადიოდნენ ქვემოთ, სოფელს ინახულებდნენ…
— მომისმინე, ჯორჯ, — მღელვარედ ალაპარაკდა ჩაკი. — არასასიამოვნო ამბავი მაქვს!
— რა მოხდა? მანქანა ჭირვეულობს?
უფრო დიდი უსიამოვნების წარმოდგენა ჯორჯს არ შეეძლო. თუ მანქანა ჭირვეულობას დაიწყებდა, ამას, შესაძლოა, მათი გამგზავრება დაეყოვნებინა, რაც ყველაზე მეტად უხეთქავდა გულს. ახლა სატელევიზიო რეკლამაც კი ციურ მანანად ეჩვენებოდა. რაც უნდა იყოს, ეს იქნებოდა რაღაც მშობლიური…
— არა, არა. — ჩაკი პარაპეტზე ჩამოჯდა; საკვირველი საქციელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველთვის ეშინოდა ჩავარდნის. — ეს-ეს არის გავარკვიე, რისთვის წამოიწყეს ეს ყველაფერი.
— არ მესმის. ეგ ხომ ისედაც ვიცოდით?
— ვიცოდით, რის გაკეთებას ცდილობდნენ ბერები. მაგრამ არ ვიცოდით, რატომ. ეს ისეთი ბოდვაა…
— რამე ახალი მომიყევი, — ამოიგმინა ჯორჯმა.
— მოხუცმა უმაღლესმა ახლახანს გადამიშალა გული. ხომ იცი მისი ჩვეულება — ყოველ საღამოს ჩადის მანქანის გაცემულ ფურცლებზე დასაკვირვებლად. აი, დღეს აშკარად აღელვებული იყო — თუ საერთოდ შეგიძლია მისი აღელვებულად წარმოდგენა. როდესაც ავუხსენი, რომ უკანასკნელი ციკლი მიმდინარეობდა, თავისი დამტვრეული ინგლისურით მკითხა, ოდესმე ნაფიქრი მქონდა თუ არა, ზუსტად რის მიღწევას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა-მეთქი, ვუთხარი. და მომიყვა კიდეც.
— მიდი, მიდი, როგორმე მოვინელებ.
— ყური დამიგდე: სჯერათ, რომ როცა ღმერთის ყველა სახელს აღნუსხავენ, და ეს სახელები, მათი გამოთვლებით, დაახლოებით ცხრა მილიარდი უნდა იყოს, — ღვთაებრივი წინასწარდასახულობა განხორციელდება. ადამიანთა მოდგმა დაასრულებს იმას, რის გამოც შეიქმნა, და წერტილის დასმა იქნება შესაძლებელი. მე მთელი ეს იდეა ღვთის გმობად მეჩვენება.
— და ჩვენგან რას ელიან? რომ ცხოვრებას თვითმკვლელობით დავასრულებთ?
— მაგის საჭიროება არ იქნება. სია დამზადდება თუ არა, ღმერთი თვითონ ჩაერევა და უბრალოდ ყველაფრს დაასრულებს. მორჩა!
— გასაგებია: სამუშაოს დავასრულებთ თუ არა, ქვეყნიერების აღსასრული დადგება.
ჩაკმა ნერვიულად ჩაიცინა.
— უმაღლესს მეც ეგ ვუთხარი. და იცი, რა მოხდა? ისე შემომხედა, თითქოს უდიდესი სისულელე წამომეროშა, და მითხრა: „როგორი წვრილმანები გაწუხებთ“.
ჯორჯი შეფიქრიანდა.
— აი მესმის, საგნებზე ფართო შეხედულება, — წარმოთქვა მან ბოლოს. — და როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ? შენი აღმოჩენა არაფერს ცვლის. ვითომ მაგის გარეშე არ ვიცოდით, რომ შერყეულები არიან.
— კი, მაგრამ ნუთუ არ გესმის, რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი? პროგრამას შევასრულებთ, განკითხვის დღე კი არ დადგება. შეიძლება ჩვენ გაგვამტყუვნონ. მანქანა ხომ ჩვენია. არა, ეს ყველაფერი არ მომწონს.
— გასაგებია, — ნელა თქვა ჯორჯმა. — შეიძლება, მართალს ამბობ. მაგრამ ასეთი რამ პირველად არ ხდება. მახსოვს, ბავშვობაში ლუიზინაში ერთი შეშლილი მქადაგებელი გამოგვეცხადა, იმეორებდა, მომდევნო კვირას ქვეყნიერების აღსასრული დადგებაო. ასობით ადამიანმა დაუჯერა, ზოგმა საერთოდ სახლიც კი გაყიდა. და როცა არაფერი მოხდა, არ გეგონოს, რომ აღშფოთნენ. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ მქადაგებელს გამოთვლები აერია და რწმენა განაგრძეს. არ გამიკვირდება, ზოგიერთი მათგანი ისევ რომ ელოდეს ქვეყნიერების აღასასრულს.
— ნება მიბოძე გაგახსენო, რომ ლუიზინაში არ ვართ. ჩვენ ორნი ვართ, ეს ლამები კი ასობით. კარგი ხალხია, და მოხუცი შემეცოდება, თუ მთელი მისი ცხოვრების სამუშაო ჩამოიქცევა. მაგრამ ახლა მაინც სადმე სხვაგან ყოფნას ვამჯობინებდი.
— მე უკვე დიდი ხანია მაგაზე ვოცნებობ. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, სანამ კონტრაქტს არ შევასრულებთ და ჩვენს წასაყვანად არ მოფრინდებიან.
— და რამე რომ მწყობრიდან გამოვიყვანოთ?
— არა! ეგ ყველაფერს გააუარესებს.
— ნუ ჩქარობ, მომისმინე. მუშაობის ახლანდელი ტემპით — ოცი საათი დღე-ღამეში — მანქანა ყველაფერს ოთხ დღეში დაასრულებს. თვითმფრინავი ერთ კვირაში მოფრინდება. ანუ, მორიგი გამართვის დროს საჭიროა მხოლოდ რაიმე დეტალის პოვნა, რომელიც გამოცვლას საჭიროებს. ისე, რომ პროგრამა ერთი-ორი დღით გაჭიანურდეს. შეკეთებას არ ვიჩქარებთ. და თუ ყველაფრის სწორედ გავთვლით, მანქანის მიერ ბოლოს სახელის გამოცემის დროს აეროდრომზე ვიქნებით. მაშინ კი უკვე ვეღარ შეძლებენ ჩვენს ხელში ჩაგდებას.
— არ მომწონს შენი ჩანაფიქრი, — უპასუხა ჯორჯმა. — არ ყოფილა შემთხვევა, დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიმეყვანოს. იმაზე არც ვლაპარაკობ, რომ რაღაც უსიამოვნებას მაშინვე იეჭვებენ. არა, ჯობია ბოლომდე მივიდეთ და რაც იქნება, იქნება.

— არც ახლა მომწონს გაქცევის იდეა, — თქვა მან შვიდი დღის შემდეგ, როცა მთის პონებზე ამხედრებულები დაკლაკნილ გზას ქვემოთ მიუყვებოდნენ. — და არ გეგონოს, რომ შიშის გამო გავრბივარ. უბრალოდ ეს საბრალოები მეცოდებიან, არ მინდა მათი გულისტკივილი ვიხილო, როცა დარწმუნდებიან, რომ თავი შეირცხვინეს. საინტერესოა, როგორ მიიღებს ამას უმაღლესი……?..
— უცნაურია, — უპასუხა ჩაკმა, — როდესაც დავემშვიდობე, მომეჩვენა, რომ ჩვენი ჩანაფიქრი იცოდა და ეს სრულიად მშვიდად მიიღო. მანქანა მაინც წესივრულად მუშაობდა და დავალება მალე დასრულდება. შემდეგ კი… თუმცა, მის წარმოდგენაში არავითარი „შემდეგ“ აღარ იქნება.
ჯორჯი უნაგირზე შებრუნდა და მაღლა აიხედა. იმ ადგილიდან საბოლოოდ იშლებოდა მონასტრის ხედი. დაისის ცის ფონზე მკაფიოდ მოჩანდა მომცრო კუთხოვანი შენობები; აქა-იქ, ზუსტად ოკეანის ლაინერის ილუმინატორების მსგავსად, შუქები ანათებდა. ელექტრული შუქები, რასაკვირველია, გამოკვებილი იგივე წყაროთი, რომლითაც „მოდელი ხუთი“ იკვებებოდა. „კიდევ რამდენხანს გაგრძელდება ეს თანაარსებობა?“ — დაინტერესდა ჯორჯი. შეიძლება გულგატეხილმა ბერებმა ცხელ გულზე გამომთვლელი მანქანა დაამსხვრიონ. თუ უბრალოდ მშვიდად დაიწყებენ მთელ გამოთვლებს თავიდან?..
ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რა ხდებოდა იმ წამს მთაზე. უმაღლესი ლამა, და მისი თანაშემწეები თავიანთი აბრეშუმის სამოსლებით ისხდნენ, სწავლობდნენ ფურცლებს, რომელთაც რიგითი ბერები წიგნებში უყრიდნენ თავს. ხმას არავინ იღებდა. ერთადერთი ხმა — სამარადისო თავხმის მსგავსი გაუთავებელი რაკარუკი: ქაღალდზე საწერი მოწყობილობის ბერკეტების კაკუნი. თვითონ „მოდელი ხუთი“ ათასობით გამოთვლას წამში უხმაუროდ ასრულებდა. „სამი თვე… — გაიფიქრა ჯორჯმა. — ამ დროში აქ ყველა შეიშლება ჭკუიდან!“
— აი ისიც! — წამოიძახა ჩაკმა და ქვემოთ ველზე მიუთითა. — მართლაც ლამაზია, არა?
„მართლაც“, — გულში დაეთანხმა ჯორჯი. ძველისძველი თვითმფრინავი ვერცხლის პაწაწინა ჯვარივით გართხმულიყო საფრენი ბილიკის დასაწყისში. ორ საათში ის მათ თავისუფლებასა და გონივრულობაში წაიყვანდა. ეს ფიქრის გემოს ჩატანებას იმსახურებდა, როგორც კარგი ლიქიორის სირჩა. უნაგირზე მოჯაყჯაყე ჯორჯი მისით თვრებოდა.
ჰიმალაიური ღამე საცაა წამოეწეოდათ. ბედად, კარგი გზა იყო (როგორც ყველა ადგილობრივი გზა). და თან ფანრები ჰქონდათ. საფრთხე არ ემუქრებოდათ, მხოლოდ სიცივე აწუხებდათ ოდნავ. საოცრად ნათელ ცაში ნაცნობი ვარსკლავები კაშკაშებდნენ. „ყოველ შემთხვევაში, — გაიფიქრა ჯორჯმა, — ამინდის გამო არ ჩავრჩებით“. მხოლოდ ეს ფიქრიღა აღელვებდა.
სიმღერა დაიწყო, მაგრამ მალევე გაჩუმდა. მოჩვენებებივით მომზირალი დიადი თეთრქუდა მთები ასეთ აღტყინებას ხელს არ უწყობდნენ. ჯორჯმა საათზე დაიხედა.
— ერთი საათიც, და აეროდრომზე ვიქნებით, — შეატყობინა უკან მომავალ ჩაკს. და ცოტა ხანში დაამატა: — საინტერესოა, მანქანა რას აკეთებს — უკვე დაასრულებდა? სადღაც ამ დროს უნდა მორჩენილიყო.
ჩაკს არაფერი უპასუხია და ჯორჯი მისკენ მიბრუნდა. მეგობრის სახე — ცისკენ მიპყრობილი თეთრი ლაქა — გაჭირვებით გაარჩია.
— შეხედე, — დაიჩურჩულა ჩაკმა, და ჯორჯმაც ზეცას მიაპყრო მზერა. (ოდესმე ყველაფერი ბოლოჯერ ხდება.)
მათ თავს ზემოთ, ნელა, უხმაუროდ, ვარსკლავები ერთიმეორეს მიყოლებით ქრებოდნენ.