ავტორი: გელა ვადაჭკორია
არის ფილმები, რომელთა ბედი პირდაპირაა გადაჯაჭვული მთავარი გმირის ისტორიასთან. სწორედ ასეთია ჩეხი რეჟისორის ანდრეა სედლაჩკოვას 2014 წლის ფილმი “Fair Play“, რომელსაც გარკვეული მოლოდინის მიუხედავად, ყოველთვის რაღაც აკლდებოდა წარმატების მისაღწევად. ჩეხეთიდან იყო ნომინირებული კინოაკადემიაზე, თუმცა გილდიის ნომინაცია ვერ მოიპოვა. იგივე განმეორდა სამშობლოში ჩატარებულ რამდენიმე კინოფესტივალსა თუ დაჯილდოებაზე.
ფილმში მოქმედება 1983 წელს ვითარდება და ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი გოგონას – ანას ისტორიის მაგალითზე გვაჩვენებს, როგორ იყენებს სისტემა ადამიანებს, თითოეულს როგორ წურავს ლიმონივით და შემდეგ თავიდან იშორებს, როგორც ზედმეტ ნივთს. ასეთ მომენტებში ყველაზე ძნელია სულიერი მხნეობის შენარჩუნება, ძნელია თაფლაკვერზე უარი თქვა და შენი ნებით აირჩიო მათრახი. არჩევანი ერთი შეხედვით მარტივია – სასწორის ერთ მხარეს საკუთარ პრინციპებზე უარის თქმის ხარჯზე მიღწეული კარიერა დევს, მეორე მხარეს კი თავისუფლება…
თავისუფლება სულის მდგომარეობაა და მნიშვნელობა არ აქვს სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა ადამიანი, თუ წყეული რკინის ფარდის მიღმა, ოლიმპიურ სტადიონზე დარბის, თუ მშობლიური ქალაქის ქუჩებში, ოქროს მედალს მოიპოვებს, თუ სისტემა საერთოდ აუკრძალავს სირბილს – მთავარია კარგად მორგებული სპორტული ფეხსაცმელი, სურვილი და სირბილი.
სირბილი კი ანას საშუალებას აძლევს დაივიწყოს მამა – რომელიც დასავლეთში გაიქცა, დედა – რომელიც დისიდენტებთან თანამშრომლობს და ანას ნების საწინააღმდეგოდ მაინც აგრძელებს ანაბოლიკებით მის გაჭყიპვას, დაივიწყოს შეყვარებული, რომელიც ლაჩრულად გაიქცა დასავლეთში და უბრალოდ შეუძლია გაექცეს ყველას და ყველაფერს საკუთარი ფიქრების გარდა… მთავარია ფიზიკური გადარჩენა!