ავტორი: დათო სამნიაშვილი

 

წიგნის დღეები დაიწყო. ფესტივალს აშუქებს მედია, ბლოგებიც იწერება, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, დამაკლდა ფესტივალის სუბიექტური შეფასება. ამიტომ, ამ პოსტში ვფიცავარ, ვიქნები სუბიექტური და არავინ სხვა, სუბიექტურის გარდა!

ფესტივალზე გამომცემლობები წიგნებს ფასდაკლებით გვთავაზობენ, მაგრამ რაც მთავარია, ყოველი მათგანი ცდილობს საფესტივალოდ მკითხველს ახალი გამოცემებით დახვდეს. შესაბამისად, ამჯერად ახალ წიგნებს ჩემი შეხედულებისამებრ გირჩევთ.

წლევანდელი წიგნის დღეები ტრადიციულად ოთხ დღიანია, ლოკაციაც ტრადიციას მიჰყვა და კვლავ წერეთელზე, ექსპო ჯორჯიაში ტარდება. მეტის თქმა მინდა, მაგრამ ბევრს ვერ დავწერ, მიზეზი ორია, ჩემი წიგნიც ფესტივალზეა და თავადაც ფესტივალზე ვმუშაობ. შესაბამისად, ძილისთვის გამოყოფილი დროიდან რამდენიმე წუთს მოვიპარავ და პირდაპირ ცხრა წიგნზე გადავალ.

მაშ ასე, ის სიახლეები, რაც ჩემს სიაში მოხვდა:

მეცნიერებით დავიწყოთ. გავბედავ და ვიტყვი, რომ დღეს ქართველებს უკვე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი! ეს არის იაპონური წარმოშობის ამერიკელი თეორეტიკოს-ფიზიკოსის მიჩიო კაკუს ნაშრომი – „ფიზიკა შეუძლებელი მოვლენების შესახებ“. სათაურმა არ დაგაბნიოთ, წიგნი სწორედ რომ შესაძლებლობებზეა, კაცობრიობის და ტექნოლოგიების მომავალზეა. მიჩიო კაკუ განიხილავს, თუ როგორი იქნება ახლო და შორეულ მომავალში ტექნოლოგიები, შესაბამისად ჩვენი ცივილიზაცია. რაც მთავარია, წიგნი ყველასთვის გასაგები ენით არის დაწერილი, მისით დაინტერესდება როგორც ფიზიკოსი, ისე ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი. მოკლედ, გამომცემლობა „არეტემ“ სამამულო საქმე გააკეთა. სუბიექტურობის მიღმა ვიტყვი, რომ ეს წიგნი თაობებს გაზრდის და მათ თანამედროვე და მომავლის მეცნიერებებს აზიარებს.

მეცნიერებიდან სამეცნიერო ფანტასტიკაზე გადავიდეთ. ამ მხრივ ორი გამომცემლობის წიგნი მინდა აღვნიშნო. პირველი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ თარგმნილი აიზეკ აზიმოვის „დასაბამია“. სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსად მიჩნეულ ავტორს 500 ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი. აზიმოვის ნამუშევრებმა კვალი არა მხოლოდ ჟანრულ ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც დატოვეს. ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნი პირველია სამიდან, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში „დასაბამის ტრილოგიის“ სახელით იყო ცნობილი. შემდგომში აზიმოვმა სერიას კიდევ 4 წიგნი შემატა და „დასაბამმა“ ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ავტორმა სერიისთვის ახალი პროფესიაც კი გამოიგონა – ფსიქოისტორიკოსობა, რაც მათემატიკის, ისტორიის და ფსიქოლოგიის სინთეზს წარმოარდგენს. ამით აზიმოვი ერთგვარ დეტერმინიზმს გვთავაზობს, რომელიც არამარტო ციურ სხეულებს შეიძლება ახასიათებდეს, არამედ ინდივიდებს და მათ მიერ წარმოქმნილ კოლექტიურ აღქმასაც.

ჟანრული ლიტერატურის მხრივ „წიგნები ბათუმში“ კვლავ ფორმაშია. გამომცემლობა მკითხველს ფესტივალისთვის ფილიპ დიკის ორ ახალ რომანს სთავაზობს. ორივე ( „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“ და „ბუნდოვნად, სკანერში“) – დიკისთვის დამახასიათებელი ენითაა დაწერილი. მომავალი, მისტიკა, აბსურდი, ფსიქოზი, ბევრი ნარკოტიკი და რაც მთავარია, ულევი და საოცარი ფანტაზია!


ზემოთ ნარკოტიკები ვახსენე და ახლა უილიამ ბეროუზს უნდა შევეხოთ. ამ ჯანქი ადამიანის „ნაჯღაბნსაც“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გვთავაზობს. ბეროუზის „შიშველი საუზმე“ და მისი სიშიშვლე მსოფლიომ უკვე იგემა, დღეიდან კი ქართული ენაც შეისისხლხორცებს. წიგნი პირველად 1959 წელს საფრანგეთში, პარიზის ცნობილმა ინგილისურენოვანმა გამომცემლობამ დაბეჭდა. წიგნს მალევე უამრავი მტერი გამოუჩნდა, „შიშველი საუზმე“ ამერიკაში გაასამართლეს კიდევაც, ბრალი რა თქმა უნდა, ამორალურობაში დასდეს. სასამართლო დავა 7 წელი გაგრძელდა და მხოლოდ 1966 წელს წიგნს ყველა ბრალდება მოეხსნა. დღეს „შიშველი საუზმე“ ამერიკულ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. თავად ავტორი და მისი (ბიტნიკების) თაობა კი ჰიპების და სხვა უამრავი სუბკულტურების წინაპარია.


ჩამონათვალის გარეთ ვერ დავტოვებდი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანის, „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის“ ავტორის, მილან კუნდერას „უკვდავებას“, რომელიც „დიოგენეს“ გამომცემლობამ თარგმნა. წარმოშობით ჩეხი ავტორის ამ ნამუშევარს ფესტივალის შემდეგ ერთ-ერთი პირველი წიგნი იქნება, რომელსაც გავეცნობი.


თანამედროვე ავტორი ვახსენე და ასევე მინდა აღვნიშნო ირლანდიელი-კანადელი მწერლის ემა დონაჰიუს ფსიქოლოგიური დრამა „ოთახი,“ რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-მ თარგმნა. წიგნი 2010 წელს გამოვიდა და მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ის წლის ბესტსელერად და საუკეთესო ნაწარმოებად დაასახელა, ასევე აღსანიშნავია მისი ბუკერის პრემიის შორტლისტში მოხვედრა. მალევე, 2015 წელს „ოთახის“ ეკრანიზაციაც შედგა. წიგნს არც ადაპტაცია ჩამორჩა და ის 2015 წელს ოსკარების 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ნომინაციებს რომ თავი დავანებოთ, წიგნის სიუჟეტია ძალიან საინტერესო. რომანი ერთი ოთახის ტყვეობაში მყოფი დედა-შვილის შესახებ მოგვითხრობს. დედა 27 წლისაა და 19 წლიდან, ხოლო შვილი დაბადებიდან ოთახიდან არ გასულა. რაც მთავარია, წიგნი ხუთი წლის ბავშვის, ჯეკის ენითაა მოყოლილი, ბავშვის, რომელსაც ოთახის გარეთ არაფერი უნახავს, მისთვის მთელი სამყარო დედაა და ოთახი.


და ბოლოს, გვერდს ვერც თანამედროვე ქართველ ავტორებს ავუვლი. „გამომცემლობა წიგნები ბათუმში“ ორი ახალი ავტორის სადებიუტო წიგნი შემოგვთავაზა. პირველს – გურამ მაცხონაშვილს როგორც რეჟისორს ისე იცნობენ. „გლდანი“ მისი სადებიუტო რომანია. აღნიშვნის ღირსია რომანის სათაური „გლდანი“ და შესაბამისად წიგნის თემატიკა. სამწუხაროდ ქართული ურბანული ლიტერატურა ცენტრს იშვიათად სცდება და გურამის ეს ერთგვარი „დეცენტრალიზაცია“ თავისთავად დასაფასებელია და საინტერესო. თუ რა გამოვიდა ამ მცდელობიდან, ამას ფესტივალის საშუალებით გავიგებთ.

რაც შეეხება მიშა ბახსოლიანის წიგნს – „სასაუზმე ბუდაპეშტი“, პირადად ჩემთვის ნაწარმოები თავად ავტორიდან გამომდინარეა საინტერესო. ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს ვკითხულობდი მიშას მოთხრობებს და მჯეროდა, რომ ეს ადამიანი ოდესღაც კარგ რომანს დაწერდა.