2015 წლის 12 ნოემბერს ბრიტანული The Guardian – ის ვებგვერდზე მარკუს ბრაიანის სტატია უმბერტო ეკოზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს, რომელიც მარი სანფონს ეკუთვნის 

დიდ ბრიტანეთში ერთადერთი საჯარო გამოსვლის დროს, რომელიც მისი ახალი რომანის Numero Zero-ს გამოქვეყნებას ეძღვნებოდა, იტალიელმა მწერალმა შეთქმულებათა ბუნების მახასიათებლები გამოავლინა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ მოაქვს არასდროს იღბლიან პერსონაჟს ავტორისთვის აღიარება.

1980 წლიდან მოყოლებული, როდესაც უმბერტო ეკოს პირველი რომანი “ვარდის სახელი’’ გამოქვეყნდა, ამ ავტორის შემოქმედება საინტერესო პარადოქსს წარმოადგენს – თქვენ ზუსტად არასდროს იცით, რას უნდა ელოდოთ მისი ახალი ნამუშევრისგან, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის უმბერტო ეკოს განუმეორებელი სტილის მაჩვენებელი იქნება.

სიუჟეტის ცენტრალურ ნაწილში მნიშვნელოვანი შეთქმულებები მჟღავნდება, რომელშიც გაურკვეველი და უცნობი დეტალებია შეკავშირებული. ისინი, ვინც სინამდვილეში პროცესებს მართავენ, ყოველთვის ჩრდილში რჩებიან, ხოლო მომავალი ინტრიგის გამოცნობის შესაძლებლობა არასდროს სცილდება რამდენიმე გვერდს.

„მე არ ვიცი, რისი მოლოდინი აქვს მკითხველს. ვფიქრობ, ბარბარა კერტლენდი [1]  წერს იმას, რასაც მკითხველები ელიან,’’ თქვა ეკომ გარდიანის ღონისძიებაზე ლონდონში, რომელსაც ლონდონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ჯონ მულანი მასპინძლობდა.

მიზანი – მოამზადო მკითხველი, რომელიც გსურს თითოეული ნაწარმოებისთვის.

„მე ვფიქრობ, რომ ავტორმა უნდა წეროს ის, რასაც მისგან არ მოელის მკითხველი. ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, დაადგინო, მათ რა სჭირდებათ, არამედ იმაში, რომ გარდაქმნა ისინი… ჩამოაყალიბო ისეთი სახის მკითხველი, რომელიც შენ გჭირდება თითოეული ნაწარმოებისთვის.’’

მის ბოლო ნაწარმოებში, Numero Zero, თავნება ჟურნალისტი სახელად კოლონა, დაქირავებულია მედიამაგნატის მიერ, რათა იმუშაოს ჯერ არგამოქვეყნებული გაზეთისთვის „Domani.’’ დავალებული აქვს რა, რომ იმაზე წეროს, რაც დიდი ალბათობით არასდროს დაიბეჭდება, კოლონა და მისი რედაქტორები ცდილობენ შექმნან დღის წესრიგი, რომელიც მათ ბოსს, ზედმეტსახელად „კომენდატორს’’ [2] მოერგება. კომენდატორი მასალებს ბულვარულ პრესასთან ერთად იტალიური პოლიტიკური და ფინანსური ელიტის დასაშანტაჟებლად გამოყენებას გეგმავს, რომ მმართველი კლასი ფსევდო-ინტელექტუალური კომენტარებით სკანდალში გაახვიოს.

ამ პროცესში კოლონა იგებს სავარაუდო შეთქმულების შესახებ, რომლის მიხედვითაც მუსოლინი სიკვდილით დასჯამდე თავისი ორეულით ჩაანაცვლეს – ნამდვილი დიქტატორი გადაურჩა ომისდროინდელი რეჟიმის დამხობას და აგრძელებს ცხოვრებას არგენტინაში, საიდანაც შესაძლოა ომისშემდგომი იტალიის დესტაბილიზაციას ხელმძღვანელობდეს და 1978 წელს პრემიერ-მინისტრ ალდო მოროს გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობდეს.

საზოგადოებრივი აზრის 50%-ის ფორმირებას სიცრუე ასაზრდოებს.

„მე ფილოსოფოსი გახლავართ; ნოველებს მხოლოდ დასვენების დღეებში ვწერ,’’ ამბობს ეკო. „როგორც ფილოსოფოსი, ჭეშმარიტების ძიებაში ვარ. საკმაოდ რთულია, განსაზღვრო, რა არის სიმართლე და რა არა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ მარტივია მიაკვლიო ჭეშმარიტებას მაშინ, როდესაც სიცრუის ანალიზს იწყებ.’’

„მე ვიტყოდი, საზოგადოებრივი აზრის 50 % თუ მეტი არა, სიცრუეზე დაყრდნობით ფორმირდება. ჩვენ მანიპულაციის ობიექტები ვართ,’’ ამბობს ის.

Numero Zero, თავის მხრივ, წარმოგვიდგენს ჩრდილში არსებულ რეალურ ორგანიზაციას, სახელწოდებით „Gladio,’’ რომელიც ცივი ომის პერიოდში მოქმედებდა იტალიასა და მთელ ევროპაში, როგორც პოტენციური იატაკქვეშა წინააღმდეგობის ქსელი, რათა ებრძოლა საბჭოთა ბლოკის ქვეყნების შემოჭრის წინააღმდეგ.

„მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ისინი ცდილობდნენ, ევროპაში სავარაუდო შემოჭრის თავიდან ასაცილებლად, დაეფუძნებინათ ისეთი სახის საიდუმლო საზოგადოება, რომელიც მომზადებული იქნებოდა იმისთვის, რომ პარტიზანულ ომში ჩაბმულიყო – მათ შორის იყვნენ ყოფილი ფაშისტებიც. Gladio მოქმედებდა მთელი ევროპის მასშტაბით და ამის შესახებ არავინ იცოდა,’’ ამბობს ეკო.

„რომანებში მე რეალურ ფაქტებს ვიყენებ, რომლევსაც ხშირად ჩემ მიერ გამოგონილად თვლიან ხოლმე. “ერთი დღის წინანდელ კუნძულში’’ წარმოდგენილია მანქანა, რომელიც იუპიტერის თანამგზავრებზე დასაკვირვებლადაა შექმნილი და რომელიც ძალიან კომიკურად გამოიყურება. ეს აღმოჩენა გალილეოს ეკუთვნის და ისინი ცდილობდნენ მანქანა ჰოლანდიელებისთვის მიეყიდათ. ეს ცდა წარმატებით არ დასრულებულა, რადგანაც სრული სიგიჟე იყო, მაგრამ როდესაც ამას ამბად ყვები რომანში, სასაცილოდ გამოიყურება.’’

„რეალობა შთამბეჭდავი რამაა და უფრო გამომგონებლურია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა.’’

გამოგონილი შეთქმულებები ყველაზე დამაჯერებლად ჟღერს.

როგორია რეალურ სამყაროში შეთქმულებების არსებობა? ეკოს შემოქმედების უდიდესი ნაწილი იკვლევს იმ ტერიტორიას, სადაც ჯანსაღ ეჭვს პარანოიამდე მივყავართ – ეს არის იმპულსი, რომლისგანაც ეკოს აზრით, თავი უნდა დავიცვათ, თუკი ჭეშმარიტებისკენ ვისწრაფვით.

„მე არ უარვყოფ, რომ შეთქმულებები არსებობს, მაგრამ არსებული შეთქმულებები, როგორც წესი, უკვე გამჟღავნებულია. იულიუს ცეზარის მკვლელობა შეთქმულება იყო – საკმაოდ წარმატებული და ცნობილი… ჯეიმს პირველის მკვლელობის მცდელობაც [3] შეთქმულება იყო. ასე რომ, ნამდვილი შეთქმულებები ყოველთვის მჟღავნდება. ყველაზე სარწმუნო და დამაჯერებელი კონსპირაციები ისინია, რომლებიც რეალურად არ არსებობენ; შენ არ შეგიძლია, დაამტკიცო მათი არარსებობა, ამიტომაც ისინი აგრძელებენ საზოგადოების ცნობიერებაში არსებობას და კვებავენ გულუბრყვილო ადამიანების გონებას.’’

ნამდვილი ლიტერატურა ხელმოცარული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.

მულანმა [ღონისძიების მასპინძელმა მთგრ.შენიშვნა] მოგვიანებით მოიყვანა ციტატა Numero Zero-ს მისთვის საყვარელი ნაწილიდან – „განსწავლულობით სიამოვნების მიღება ხელმოცარულთა ბედია.’’ ამის შემდეგ მან ეკოს ჰკითხა, თუ რატომ ჰყვება ის ამ ისტორიას ასეთი უიმედო პერსონაჟის თვალთახედვით.

„იმიტომ, რომ ეს არის ლიტერატურა,’’ ამბობს ეკო. „დოსტოევსკი ხელმოცარულებზე წერდა. ილიადას მთავარი პერსონაჟი ჰექტორიც ხელმოცარულია. ძალიან მოსაწყენია გამარჯვებულებზე საუბარი. ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის ხელმოცარული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. მადავ ბოვარი ხელმოცარულია. უილიამ სორელი ხელმოცარულია. მე უბრალოდ იგივე გზას ვაგრძელებ. ხელმოცარულები უფრო შთამბეჭდავნი არიან.’’

„წარმატებულები სულელები არიან… რადგანაც მათ უბრალოდ გაუმართლათ.’’

სქოლიო

[1] ბარბარა კერტლენდი  (1901- 2000) –  მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კომერციულად მომგებიანი ბესტსელერების ინგლისელი ავტორი.

[2]] კომენდატორი –  საპატიო წოდება, იტალიური ორდენის კავალერი

[3] 1605 წლის წარუმატებელი შეთქმულება ინგლისის მეფის ჯეიმს I-ის წინააღმდეგ, რომელიც ინგლისისა და უელსის კათოლიკური ეკლესიის მიმდევართა ჯგუფის ლიდერმა რობერტ ქეითსბიმ დაგეგმა.