თარგმანი: ბექა არაბული
და დადგა დრო, როცა მტერზე სანადიროდ გავიდნენ; ისინი ამას ყვავილების ომს უწოდებდნენ.
სასტუმროს გრძელი ჰოლის შუაში რომ მივიდა, იფიქრა, მაგვიანდებაო, ნაბიჯს აუჩქარა, სწრაფად გავიდა ქუჩაში და მოტოციკლი გამოიყვანა მოფარებული ადგილიდან, სადაც პორტიემ მისი გაჩერების უფლება მისცა. ქუჩის კუთხეში მდებარე სამკაულების მაღაზიის საათი რვა საათს და ორმოცდაათ წუთს უჩვენებდა; მიხვდა, რომ ადგილზე მისასვლელად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. ქალაქის ცენტრის მაღალ შენობებში მზის სხივები ატანებდა, და ის, — რამდენადაც ფიქრებში სახელი არ გააჩნდა — გასეირნების წყურვილით, მოტოციკლეტს შემოაჯდა. ძრავა მის ქვეშ ჩუმად აზუზუნდა და გრილმა ნიავმა შარვლის ტოტები გაუბერა.
ცენტრალურ ქუჩაზე გასულმა უკან მოიტოვა სამინისტროები (ვარდისფერი და თეთრი) და რამდენიმე მოელვარევიტრინიანი მაღაზია. მოახლოვდა მარშრუტის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი, ის, რასაც ნამდვილი გასეირნება ჰქვია: ხეებით მოარშიებული გრძელი ქუჩა, თითქმის არავითარი მოძრაობა, უზარმაზარი ვილები, ორივე მხრიდან გარშემოტყმული ბაღებით, რომლებიც ზედ ტროტუარამდე აღწევს და მათგან მხოლოდ დაბალი ცოცხალი ღობეები გამოჰყოფს. ოდნავ გონებაგაფანტულმა, მაგრამ, როგორც დაწესებულია, მარჯვენა მხარეს მიმავალმა, გზის თვალწარმტაც სანახაობებს და ნორჩი დღის სიმსუბუქეს მისცა თავი. შესაძლოა, სწორედ ამ უნებლიე მოდუნებამ შეუშალა ხელი ავარიის თავიდან აცილებაში. როცა შენიშნა, რომ ქუჩის კუთხეში მდგომი ქალი შუქნიშანზე შეუხედავად გაიქცა გზისკენ, სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომები უკვე აღარ გაჭრიდა. მკვეთრად მოუხვია მარცხნივ, ხელის და ფეხის მუხრუჭები გაწურა; შემდეგ ქალის კივილი გაიგონა, დარტყმა იგრძნო და დაჯახებისთანავე მხედველობა დაკარგა. თითქოს უეცრად ჩაეძინაო.
ასევე უეცრად გამოეღვიძა. ოთხ თუ ხუთ კაცს მოტოციკლის ქვეშიდან გამოჰყავდა. სისხლის და სიმლაშის გემო იგრძნო, მუხლი სტკიოდა, ხოლო როდესაც ასწიეს, დაიყვირა — მარჯვენა ხელში დამთრგუნველ სიმძიმეს ვერ გაუძლო. ხმები, რომლებიც თითქოს მის თავზე დახრილ ადამიანებს არ ეკუთვნოდათ, მხნედ და მხიარულად ჟღერდა. ოდნავ ანუგეშა ვიღაცის სიტყვებმა, რომ გზაჯვარედინზე მართლაც წესების დაცვით შევიდა. ყელში მოწოლილი გულისრევის შეკავებას შეეცადა და ქალის ამბავი იკითხა. სანამ ის, სახით ზევით, უახლოესი აფთიაქისკენ მიჰყავდათ, გაიგო, რომ ავარიის მიზეზი მხოლოდ ფეხებზე რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა. „თითქმის არც შეხებიხარ, მაგრამ შეჯახებისგან მოტოციკლი გადაბრუნდა…“ აზრები, მსჯელობები, სხვა ავაირიების გახსენებები, წყნარად, ზურგით შემოიყვანეთ, ეგრე, კარგია, და ვიღაც ხალათიანი პატარა აფთიაქის ბინდბუნდში რაღაც მაამებელს ასმევს.
ხუთ წუთში „სასწრაფო“ მოვიდა და რბილ საკაცეზე გადააწვინეს. სწორად გართხმა ძალიან ესიამოვნა. მანქანაში პოლიციელის კითხვებს გარკვევით უპასუხა, თუმცა აცნობიერებდა, რომ მძიმე შოკი გადაიტანა. ხელი თითქმის აღარ სტკიოდა; გაპობილი წარბიდან სისხლი პირდაპირ სახეზე მოედინებოდა. გემოს გასასინჯად რამდენიმეჯერ ტუჩები გაილოკა. სერიოზული არაფერი დაშავებია, ავარია მოუვიდა, კი, ეს ცუდია, მაგრამ რამდენიმე კვირა ლოგინში და ყველაფერი ჩაივლის. პოლიციელმა შეატყობინა, რომ მოტოციკლი ძალიან არ დაზიანებულა. „რატომ დაზიანდებოდა, — უპასუხა მან, — მე დამეცა ზედ…“ ორივეს გაეცინა, საავადმყოფოში მისვლისას პოლიციელმა ხელი ჩამოართვა და წარმატებები უსურვა. გულისრევის შეგრძნება ისევ უბრუნდებოდა; სანამ ჩიტებით სავსე ხეებს ქვეშ საკაცით გადაუდებელი დახხმარების კაბინეტისკენ მიაგორებდნენ, თვალები დახუჭა; ძილს ან ნარკოზის მიღებას ნატრობდა. მაგრამ დიდხანს მოუხდა ლოდინი საავადმყოფოს სუნით გაჟღენთილ პატარა ოთახში: ფორმები შეავსეს, ტანსაცმელი გახადეს და ხეშეში ქსოვილის მონაცრისფრო პერანგი ჩააცვეს. ხელი ფრთხილად გადაუწიეს, ამიტომ არ სტკენია. მედდები ხუმრობდნენ, და, კუჭის სპაზმები რომ არა, თავს ძალიან კარგად, თითქმის ბედნიერადაც კი იგრძნობდა.
რენტგენის გადასაღებად წაიყვანეს, ოცი წუთის შემდეგ კი, საფლავის ქვასავით გულმკერდზე დადებული ჯერ კიდევ ნოტიო ფირით, საოპერაციოში გადაიყვანეს. ვიღაც თეთრებში გამოწყობილი მაღალი და გამხდარი კაცი სურათზე დასახედად მიუახლოვდა. იგრძნო, რომ მეორე საკაცეზე გადაჰყავდათ, ქალის ხელებმა თავქვეშ ბალიში გაუსწორეს. ისევ თეთრებში ჩაცმული კაცი მიუახლოვდა, იღიმოდა, და ხელში რაღაც ბზინვარე ეჭირა. კაცმა ლოყაზე ხელი მოუთათუნა და მის უკან მდგომ ვიღაცას ხელით რაღაც ანიშნა.
სიზმარი უცნაური იყო: ყველანაირი არომატით სავსე, აქამდე კი არომატი არასდროს დასიზმრებოდა. ჯერ ჭაობის სუნი: ბილიკის მარცხნივ იწყებოდა ზანზარა, რომლიდანაც არასდროს არავინ დაბრუნებულა. მაგრამ ეს სიმყრალე გაქრა: მოვიდა რაღაც ბნელი და მძიმე არომატი ღამისა, რომელშიც მოძრაობდა, რომელშიც აცტეკებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა: მის კვალდკვალ მომავალ აცტეკებს უნდა დამალვოდა, და გადარჩენის ერთადერთი შანსი სელვის ყველაზე ღრმა ნაწილისთვის თავის შეფარება იყო, ამასთანავე, არ უნდა დაშორებოდა მხოლოდ მოტეკებისთვის ცნობილ ვიწრო ბილიკს.
ყველაზე მეტად სუნი აშინებდა, თითქოს სიზმრის სრულ რეალურობაში რაღაც მოვლენათა ჩვეულებრივ მიმდინარეობას უჯანყდებოდა, რაღაც, რასაც თამაშში მონაწილეობა აქამდე არასდროს მიუღია. „ომის სუნი“, — გაიფიქრა მან და უნებლიედ წაავლო ხელი შალის ქამარში ჩატანებულ ქვის დანას. მოულოდნელმა ხმამ მიწაზე გართხა და აკანკალებული ადგილზე გაყინა. თვითონ შიშში უცნაური არაფერი ყოფილა; ის მის სიზმრებში ყოველთვის საკმარისად იყო. ასე იცდიდა, ბუჩქების ტოტების და უვარსკლავო ღამის საფარს ამოფარებული. სადღაც მოშორებით, შესაძლებელია დიდი ტბის მეორე ნაპირზე, კოცონები იწვოდა; იმ ნაწილში ცა მოწითალოდ ციალებდა. უცნაური ხმა აღარ განმეორებულა. შესაძლოა, მოტეხილმა ტოტმა გაიტკაცუნა. ან რომელიმე ნადირი მასსავით ომის სუნს გაურბოდა. ნელა გაიმართა, ჰაერი შეიყნოსა. გარშემო სიჩუმე იყო, მაგრამ შიშიც, და სუნიც — ყვავილების ომის მსუყე სურნელება — არსად გამქრალა. გზა უნდა გაეგრძელებინა, ჭაობის ავლით სელვის შუაგულამდე მიეღწია. ბრმად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ყოველ ჯერზე იხრებოდა, რათა ფეხქვეშ მყარი მიწა მოესინჯა. გაქცევა უნდოდა, მაგრამ ორივე მხარეს ზანზარა ბუყბუყებდა. თანდათან საჭირო მიმართულებაც იპოვა. სწორედ ამ დროს ყველაზე საზარელი სუნის ტალღა მიასკდა, და ის სასოწარკვეთილი გაექანა წინ.
— საწოლიდან ჩამოვარდები, — თქვა გვერდით მწოლიარე პაციენტმა. — ამდენს ნუ მოძრაობ, მეგობარო.
თვალები გაახილა — საღამო იყო, საავადმყოფოს გრძელი პალატის ფანჯრებს მიღმა მზე ჩადიოდა. თანაპალატელისთვის გაღიმებას შეეცადა, მაგრამ თითქმის ფიზიკურად იგრძნო ბოლო კოშმარული ზმანებებების ნარჩენები. თაბაშირიანი მარჯვენა ხელი ჭოჭონაქებისა და სიმძიმეების რთული სამარჯვით ჰქონდა დაკიდული. სწყუროდა, თითქოს უამრავი კილომეტრი ერბინოს, მაგრამ მისთვის ბევრი წყლის მიცემა არ უნდოდათ, მხოლოდ ტუჩების დასველების და ერთი ყლუპის გაკეთების უფლებას აძლევდნენ. სიცხე ნელ-ნელა მატულობდა და ისევ შეძლებდა დაძინებას, მაგრამ სიმშვიდით ტკბებოდა, თვალდახუჭული უსმენდა სხვა პაციენტების საუბარს, დროდადრო კითხვებსაც პასუხობდა. მის საწოლთან თეთრი საზიდი მიაგორეს, ქერათმიანმა მედდამ თეძოები სპირტით დაუზილა და ფეხში ჩაარჭო მსხვილი ნემსი, რომელიც შლანგით უკავშირდებოდა ქარვისფერი სითხით სავსე ფლაკონს. მიუახლოვდა ახალგაზრდა ექიმი, საღ ხელზე ლითონის და ტყავის აპარატი მოარგო და რაღაც ჩვენება ჩაინიშნა. ღამე ახლოვდებოდა, და სიცხის ახალმა შემოტევამ ნაზად გაიტაცა მდგომარეობამდე, საიდნაც სამყაროს თითქოს თეატრის ბინოკლიდან უცქერ, სადაც გარშემო ყველაფერი რეალური და ნამდვილია, მაგრამ ამავდროულად ოდნავ არაბუნებრივი; როგორც მაშინ ხდება, როცა მოსაწყენ ფილმს უყურებ, მაგრამ ხვდები, რომ ქუჩაში ყოფნა უარესია, ამიტომ გარეთ არ გადიხარ.
ჯამით მიუტანეს პრასის, ნიახურის და ოხრახუშისარომატიანი შესანიშნავი ოქროსფერი ბულიონი. პურის ნაჭერი, მთელ სადღესასწაულო მაგიდაზე უფრო სანუკვარი, ჯამში ჩადნა. ხელი თითქმის აღარ სტკიოდა და მხოლოდ გაკერილი წარბიდან დროდადრო უვლიდა მხურვალე და სწრაფი ტკივილი. როდესაც მისი საწოლის მოპირდაპირე ფანჯარა მუქი ლურჯი ლაქებით მოიბურა, გადაწყვიტა, რომ მარტივად ჩაეძინებოდა. ზურგზე წოლა ცოტათი ეუხერხულებოდა, მაგრამ, გამომშრალ ცხელ ტუჩებზე ენის გადასმით ბულიონის გემო იგრძნო და მხნედ ამოისუნთქა, ძილის სურვილს დანებდა.
თავიდან ვერაფერი გაიგო, ყველა შეგრძნება ერთდროულად, არეული მიაწყდა. გააცნობიერა, რომ სრულ წყვდიადში მირბოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავსზემოთ ცა, სანახევროდ ხის ვარჯებით დაფარული, უფრო ნათელი იყო, ვიდრე დანარჩენი სივრცე. „ბილიკი, — გაიფიქრა მან. — ბილიკს ავცდი“. ფეხები ფოთლების და ტალახის საგებში ჩაეფლო, ყოველ ნაბიჯზე მკერდში და ფეხებში ბუჩქების ტოტები ესობოდა. სუნთქვაშეკრული, წყვდიადის და სიჩუმის მიუხედავად მიხვდა, რომ ხაფანგში გაება. მოიკუნტა და ყური დაუგდო. შესაძლოა ბილიკთან ძალიან ახლოს იყო და დღის პირველ სინათლეზე ისევ დაენახა. მაგრამ ახლა მის პოვნაში არაფერი ეხმარებოდა. ხელი, რომელიც შეუცნობლად უჭერდა დანის სახელურს, ჭაობის მორიელივით აცოცდა ყელზე ჩამოკიდებული ამულეტისკენ. ტუჩების ოდნავი მოძრაობით ჩურჩულით წარმოთქვა სიმინდის ლოცვა, რომელსაც კარგი ამინდი მოაქვს, შემდეგ კი უმაღლეს ქალღმერთს, მოტეკების ავის და კარგის მიმნიჭებელს უხმო. ამავდროულად იგრძნო, როგორ ეფლობოდა ტერფები უფრო ღრმად ტალახში და უცნობი მცენარეების გარემოცვაში წყვდიადში ცდა გაუსაძლისი გახდა. ყვავილების ომი ჯერ კიდევ ახალმთავრობისას დაიწყო და უკვე სამი ღამე და სამი დღე მიმდინარეობდა. სელვის სიღრმეში რომ დაიმალოს და ჭაობის ბოლოში ბილიკიდან გადავიდეს შესაძლოა, მეომრები მის კვალს აღარ გაჰყვნენ. გაიფიქრა, თუ რამდენი ტყვე ეყოლებოდათ უკვე. მაგრამ მთვარი რაოდენობა კი არა, წმინდათაწმინდა ვადა იყო. ნადირობა მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ მათი ქურუმები დაბრუნების ნიშანს არ გასცემდნენ. ყველაფერს თავისი რაოდენობა და თავისი ზღვარი ჰქონდა, ის კი ახლა წმინდათაწმინდა ვადაში იმყოფებოდა და მონადირე არ იყო.
ყვირილი შემოესმა და ხელში მომარჯვებული დანით ერთბაშად წამოიჭრა. ტოტებს შორის, ძალიან ახლოს, ჩირაღდნები მოძრაობდნენ, თითქოს ცას ჰორიზონტზე ცეცხლი მოდებულიყო. ომის სუნი გაუსაძლისი გახდა და როდესაც პირველი მტერი კისერზე მიახტა, მის მკერდში ქვის პირის ჩასობა თითქმის სასიამოვნო აღმოჩნდა. ჩირაღდნების ლაქები და მხიარული შეძახილები უკვე ყველგან იყო. ორჯერ თუ სამჯერ გულგამგირავად დაყვირება მოასწრო, შემდეგ კი უკნიდან ვიღაცამ ყელზე თოკი წამოასხა.
— სიცხის ბრალია, — გაისმა ხმა მეზობელი საწოლიდან. — თორმეტგოჯა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ მეც იგივე მჭირდა. ცოტა წყალი დალიე, უკეთ დაგეძინება.
შედარებით ღამესთან, რომლიდანაც დაბრუნდა, პალატის თბილი მრუმე სასიამოვნოდ ეჩვენა. ლამპის იისფერი შუქი, რომელიც პალატის სირღმიდან ანათებდა, ყველანაირი უბედურებისგან დაცვას ჰპირდებოდა. დროდადრო ვიღაცის ხველება ესმოდა, ვიღაც მძიმედ სუნთქავდა, ხან ვიღაცის ჩურჩული მოდიოდა. გარშემო ყველაფერი სიწყნარეს და სანდოობას ასხივებდა, იმ დევნის გარეშე, იმ… მაგრამ გადატანილ კოშმარზე ფიქრი აღარ სურდა. აქ იმდენი რამ იყო, რაც ყურადღებას გადაატანინებდა. ხელზე თაბაშირის გაცნობას შეუდგა, და ჭოჭონაქების, რომლებსაც ასე მოხერხებულად ეჭირათ ის ჰაერში. ტუმბაზე მინერალური წყლის ბოთლი იდო. დიდი სიამოვნებით მოსვა პირდაპირ ბოთლის ყელიდან. ახლა მთელ პალატას გარკვევით ხედავდა, ოცდაათ საწოლს, მინისკარებიან კარადებს. სიცხემ, ჩანს, კლება იწყო, სახე აღარ ეწვოდა. გაპობილი წარბი თითქმის აღარ სტკიოდა. გაახსენდა, როგორ გავიდა დილით სასტუმროდან, როგორ შემოაჯდა მოტოციკლს. ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა? შეეცადა გონებაში ავარიის მომენტი აღედგინა, გაბრაზდა იმიტომ, რომ დროის ამ შუალედში რაღაც ხვრელი იყო, სიცარიელე, რომელსაც ვერაფრით ამოავსებდა. შეჯახებასა და იმ მომენტს შორის, როცა მოტოციკლს ქვეშიდან გამოათრიეს, იყო გულისწასვლა ან სხვა რაღაც, სადაც არაფერი ჩანდა. ამავდროულად, ეჩვენებოდა, რომ ეს ხვრელი, ეს არარა მთელი მარადისობა გაგრძელდა. არა, საქმე დროშიც კი არ არის — არამედ, ამ ხვრელში გავლით, ის თითქოს სადღაც მოხვდა, უზარმაზარი მანძილი გადალახა. შეჯახება, საშინელი დაცემა ქვაფენილზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მან, სანამ გამვლელები ქუჩაში მის სხეულს სწევდნენ, ამ შავი ჭიდან ამოღწევით უზარმაზარი შვება იგრძნო. ტკივილი მოტეხილ ხელში, გაპობილი წარბი, გატეხილი მუხლი — ამ ყველაფრის მიუხედავად, დღის სინათლეზე დაბრუნება , დახმარების და თანაგრძნობის შეგრძნება შვების მომგვრელი იყო. და ეს საკმაოდ უჩვეულო იყო. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს ექიმს. ისევ ძილი დაეუფლა, სადღაც დაბლა წაათრია. თავქვეშ ბალიში ისეთი რბილი იყო, მინერალური წყალმა კი გახურებული ყელი ისე სასიამოვნოდ გაუგრილა. ნათურის იისფერი შუქი უფრო და უფრო მკრთალდებოდა.
ზურგზე იწვა, ამიტომ გონზე მოსვლისას ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ გაჰკვირვებია, მაგრამ როდესაც ყელში ნესტის და ნოტიო ქვების სუნი გაეჩხირა, ყველაფერს მიხვდა. მიმოსახედად მხედველობის დაძაბვა უაზრობა იყო — გარშემო სრული წყვდიადი ერტყა. წამოდგომა ცადა, მაგრამ იგრძნო, რომ მაჯები და კოჭები დაბმული ჰქონდა. იატაკზე იყო გაკრული, ქვის აშმორებულ, გაყინულ ფილებზე. სიცივე შიშველ ზურგში და ფეხებში ესობოდა. ლოყით თავისი ამულეტის მონახვა ცადა — და გააცნობიერა, რომ ის უკვე ჩამოეგლიჯათ. ყველანაირი იმედი დაკარგა, ვერანაირი ლოცვა ვეღარ იხსნიდა საზარელი აღსასრულისგან. შორიდან, თითქოს ქვებში ჟონავდესო, მოაღწია სარიტუალო ბარაბნების კვრამ. კი, ტაძარში მიათრიეს, თვით თეოკალის ერთ-ერთ მიწისქვეშა საკანში იყო და თავის რიგს ელოდა.
ყვირილი შემოესმა, ხრინწიანი ყვირილი, რომელმაც ქვები შეძრა. შემდეგ მეორე, შესაბრალის კვნესაში გადასული. ეს მისი ყვირილი იყო სიბნელეში; ყვიროდა, რადგან ცოცხალი იყო და მთელი მისი სხეული ყვირილით ცდილობდა თავის დაცვას იმისგან, რაც უნდა მომხდარიყო. თავის დაცვას გარდაუვალი აღსასრულისგან. მეზობელ საპყრობილეებში მყოფ თავის თვისტომებზე დაფიქრდა, და მათზე, ვინც უკვე ადიოდა სამსხვერპლოს კიბეზე. კიდევ ერთი სულის შემხუთავი ყვირილი აღმოხდა; პირი თითქმის არ გახსნია, ყბა მჭიდროდ ჰქონდა მოკუმული და საშინლად ნელა მოძრაობდა, დაუსრულებელი ძალვით, თითქოს რეზინისა ყოფილიყოს. ხის ურდულების ჭრიალი მათრახივით სცემდა. კრუნჩხვით დაკლაკლინმა წარმოუდგენელი ძალისხმევით სცადა სხეულში ჩასობილი თოკის მოშორება. მარჯვენა ხელი ისე დაეჭიმა, რომ ტკივილი გაუსაძლისი გახდა და მცდელობებზე ხელის აღება მოუწია. კარის საგდულები გაიხსნა და ჩირაღდნების კვამლმა მის სხეულამდე უფრო ადრე მოაღწია, ვიდრე მათმა სინათლემ. მარტოოდენ სარიტუალო შემოსაკრავებში შემოსილმა ქურუმის მსახურებმა ზიზღით შეხედს. მათ ოფლიან სხეულებზე და ბუმბულებით მდიდრულად მორთულ შავ თმებზე სინათლის ათინათი ცეკვავდა. თოკები მოეშვა; ახლა მას ბრინჯაოსავით მაგარი მხურვალე ხელები უჭერდნენ. ოთხმა მსახურმა ასწია, ისევ სახით ზევით გაშოტილი; მიხვდა, რომ ვიწრო კორიდორისკენ მიჰყავდათ. წინ მეჩირაღდნეები მიდიოდნენ, ჩირდაღდნების შუქში ოდნავ ჩანდა ნოტიო კედლები და იმდენად დაბალი ჭერი, რომ მსახურებს თავის დახრა უწევდათ. ისინი მასთან მივიდნენ, მიათრევდნენ და ეს დასასრულს ნიშნავდა. სახით ზევით, დროდადრო ჩირაღდნების ალით განათებული ქვის ჭერის ქვეშ. როდესაც ჭერს ვარსკლავები ჩაანაცვლებს, და წინ შეძახილებით და ცეკვით აზანზარებული ტერასებიანი პირამიდა გამოიკვეთება, აღსასრულის დროც დადგება. კორიდორი არა და არ დასრულდა, მაგრამ უნდა დასრულდეს, და მაშინ ვარსკლავებით სავსე ცას დაინახავს. მაგრამ ჯერ არა, ჯერ ისევ მეწამულ ბინდბუნდში მიჰყავთ, უხეშად აწვებიან და უბიძგებენ, ის კი იგრიხება, და სიკვდილი არ უნდა, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს, თუ წაართვეს ამულეტი, — მისი ნამდვილი გული, მისი სიცოცხლის ცენტრი.
ნახტომი — და საავადმყოფოს ღამეში ამოყურყუმელავდა, სწორი, საიმედო ჭერის და ნაზი ჩრდილის საფარის ქვეშ. იფიქრა, ალბათ ვყვიროდიო, მაგრამ მის მეზობლებს მშვიდად ეძინათ. ტუმბაზე მინერალური წყლის ბოთლში ბუშტულებს ცისფერი მიეღოთ — ისეთივე, როგორიც პალატის ფანჯრის მინას. მძიმედ ამოუსინთქა, შეეცადა ფილტვები გაესუფთავებინა, დაევიწყებინა ზმანებები და სურათები, რომლებიც ქუთუთეობიდან ისევ არ შორდებოდა. თვალების ყოველ დახუჭვაზე ყველაფერი წინ უდგებოდა, მაგრამ ამავდროულად ტკბებოდა იმით, რომ აღარ ეძინა, რომ ეს ღვიძილი საიმედოდ დაიცავდა, რომ თუ დარეკავდა მომვლელი უპასუხებდა, რომ მალე ინათებდა და ღრმა, ძლიერი ძილით დაძინებას შეძლებდა, არ იქნებოდა ზმანებები, არ იქნებოდა არაფერი… გახელილი თვალების შენარჩუნება უფრო და უფრო უძნელდებოდა, ძილის სურვილი კი ძლიერდებოდა. უკანასკნელი ღონე იხმარა, ჯანმრთელი ხელი წყლიანი ბოთლისკენ გაიშვირა, მაგრამ მისმა თითებმა მხოლოდ შავ სიცარიელეს ჩაავლეს, კორიდორი კი ისევ გრძელდებოდა, დროდადრო წითლად განათებული ქვის ლოდები ერთიმეორეს ანაცვლებდნენ, და გულაღმა მწოლიარეს ყრუ კვენსა აღმოხდა, რადგან კორიდორი მალე დასრულდება, აი ჭერი მაღლდება, წყვდიადის დაღებული ხახასავით იფჩინება, მსახურები წელში იმართებიან, და მილეული მთვარის შუქი ანათებს სახეზე და თვალებზე, რომელთაც მისი დანახვა არ სურთ, სასიწარკვეთილად იხილებიან და იხუჭებიან, ცდილობდნენ მეორე მხარეს გაიხედონ, პალატის მხსნელი ჭერი დაინახონ. მაგრამ მხოლოდ მთვარეს და ღამეს ხედავენ, ის კი უკან გადაგდებული თავით უკვე ტერასებიან საფეხურებზე აჰყავთ, მაღლა კოცონები ანთია, ცაში არომატული კვამლის მეწამული სვეტებს უშვებენ, და მან წითელი ქვა დაინახა, დაღვრილი სისხლისგან აელვარებული, და ტერფები წინა მსხვერპლისა, რომლის სხეულიც უკვე წინ წაეთრიათ ჩრდილოეთის ტერასებიანი კიბიდან ქვემოთ ჩასაგდებად. დაიკვნესა და უკანასკნელი ძალით დახუჭა თვალები, გამოღვიძება სცადა. წამით მოეჩვენა, რომ გადარჩა, რადგან ისევ უძრავად იწვა საწოლში და თავიც აღარ ჰქონდა უკან გადაგდებული. მაგრამ სიკვდილის სუნი არ გამქრალა და თვალების გახელისას დაინახა უმაღლესი ქურუმის სისხლიანი ფიგურა, რომელიც ხელში ქვის დანით უახლოვდებოდა. კიდევ ერთხელ მოახერხა თვალების დახუჭვა, მაგრამ ამჯერად უკვე იცოდა, რომ ვერ გაიღვიძებდა, რომ არ ეძინა, რადგან საუცხოო ზმანება ის მეორე იყო, ისეთივე აბსურდლი, როგორიც ყველა ზმანებაა; იქ არნახული ქალაქის უცნაურ ქუჩებში მოგზაურობდა, იქ ცეცხლის და კვამლის გარეშე ენთო მწვანე და წითელი სინათლეები, იქ ლითონის უზარმაზარი მწერზე იყო წამოჭიმული. ამ სიზმრის უსასრულო ტყუილებში ისევ მიწიდან ასწიეს, და ისევ ვიღაც დანიანი მიუახლოვდა, სახით ზევით გაშოტილს, სახით ზევით, თვალდახუჭულს, კოცონების კაშკაშა სინათლეში.