ავტორი: მარი სანფონი
“ვინ აკეთებს დიზაინებს აისების?
ვინ ალაგებს ვარსკვლავების დასებს?
ვინ აკეთებს არქიტექტურას მაისების?
გრინჩ, უთხარი აუწიონ ბასებს.’’
Kayakata
“ორი შესაძლოებლობა არსებობს:
ან ჩვენ მარტონი ვართ ამ სამყაროში, ან არ ვართ.
ორივე თანაბრად შიშისმომგვრელია’’
არტურ კლარკი
სპოილერთა მოშიშნი ნუ წაიკითხავენ
უცნობია, ამ ორი შესაძლო ვარიანტიდან, მარტონი ვართ ამ სამყაროში, თუ – არა, რომელი უფრო აფრთხობდა ბრიტანელ მწერალ არტურ კლარკს, თუმცა ის კი ფაქტია, რომ სხვა ცივილიზაციების სამყაროში არსებობა უფრო საინტერესოდ წარმოედგინა, ვიდრე ჩვენი გალაქტიკათა სიმრავლეში ეულად ყოფნა. სწორედ ამ მისთვის საინტერესო შესაძლებლობის შესახებ მოგვითხრობს მწერლის 1953 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი “ბავშვობის დასასრული.’’ უნდა ითქვას, რომ არტურ კლარკი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორად ითვლება, არის 100-ზე მეტი წიგნის ავტორი და 1961 წელს იუნესკომ მეცნიერების პოპულარიზაციისთვის “კალინგის პრემიითაც’’ კი დააჯილდოვა.
ჟანრის კლასიკად აღიარებული ნაწარმოების სიუჟეტი დედამიწაზე ვითარდება, სადაც უცნობი სამყაროდან მოსული ზებატონები უტოპიურ წესრიგს ამყარებენ და წიგნის დასასრულამდე გაუგებარია, რა არის მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი. რომანის საწყის გვერდებზე წარმოდგენილი შეჯიბრი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის, პირველებმა გაგზავნონ მთვარეზე კოსმოსური ხომალდი, წიგნის კითხვისას კომიკურ მიზნად წარმოგვიდგება, რადგანაც კოსმოსი უკვე დაპყრობილია, დედამიწელების გამოწვევებსა და მიზნებს კი მალე ზებატონები დააკონსტრუირებენ.
ზებატონებად წოდებული დედამიწის სტუმრების გაცხადებული მიზანი კაცობრიობის განადგურებისგან ხსნაა. ისინი ეწინააღმდეგებიან ომებს, შორიდან აკვირდებიან პლანეტის მცხოვრებლებს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ებმებიან მოვლენების განვითარებაში. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კარელენი ზებატონთა მისიას წარმოადგენს და ამ მისიის შეტყობინებათა გამხმოვანებელია. კოსმოსი იკეტება დედამიწის მცხოვრებთათვის, რადგანაც, როგორც ზებატონები აცხადებენ, აქაურები ამ სივრცის ადეკვატურად აღსაქმელად მზად არ არიან. თუმცა შეზღუდვებისა და აკრძალვების საკომპენსაციოდ დედამიწაზე აღარ არის ომები, შიმშილი, დაავადებები და ყველას შეუძლია საყვარელი საქმის კეთებით დაკავდეს. უტოპია ფრთებს შლის. კაცობრიობის მთელი ენერგია შემოქმედებით არხებში მიედინება. ძველი ქალაქები იცვლებიან, მნიშვნელობას კარგავენ და მხოლოდ მუზეუმის დატვირთვას იძენენ. ინდუსტრიისა და ვაჭრობის მოდელები სრულიად განსახვავებულად ეწყობა. პროდუქციის დამზადება ავტომატურ სახეს იღებს: რობოტებით სავსე ქარხნები ისეთი რაოდენობის ნაწარმს ქმნიან, რომ არსებობისთვის აუცილებელი ნივთები უფასო ხდება. ზებატონებს 50 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ თავიანთი წესრიგი დაემყარებინათ. ღმერთის განსხეულება კი ახლა თითოეული ზებატონია, ისინი ყველგან დამონტაჟებული მოწყობილობების წყალობით, ყველაფერს ხედავენ, აზრი ეკარგება ყოველგვარ დანაშაულს, რადგანაც ზეძალას ვერსად დაემალები.
გასაკვირი იქნებოდა, რომ არტურ კლარკს დავიწყებოდა რელიგიური ნარატივი, რამდენადაც ზებატონები ერთგვარი რეინკარნირებული ღმერთები არიან დედამიწაზე. ნაწარმოების დასაწყისში კარელენი აღნიშნავს, რომ ყველა რელიგიის მიმდევრებში აღმოაჩენთ იმათ, ვისაც ზებატონების ეშინიათ, რადგანაც ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ ზებატონები დიდი ხანია აკვირდებიან დედამიწას და შეიძლება იციან ყველა ის გამოგონილი ისტორია, რომელსაც ეფუძნება ცნობილი რელიგიები. კარელენი მართალი გამოდგა, ისტორიკოსებმა აქტიურად დაიწყეს მისი შეწუხება და მანაც “მსოფლიო ისტორიის ფონდს“ უცნაური მოწყობილობა უსახსოვრა, რომელიც დროითი თუ სივრცითი კოორდინატებით იმართება. საკონტროლო პანელის გამოყენებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარსულის ფანჯარა გახსნას და სწორედ ზებატონების ამ უცნაური გამოგონების წყალობით გაიცნოს რელიგიათა სათავეები. უმრავლესობა შთამბეჭდავი და კეთილშობილური საწყისისაა, მაგრამ ადამიანებისთვის ეს არ არის საკმარისი. რამდენიმე დღეში კაცობრიობის ყველა მესია ღვთიურ სახეს კარგავს. ძლიერი, მკაფიო შუქის ფონზე, სარწმუნოებები, რომლებიც ადამიანებს ორიათას წელზე მეტხანს ასაზრდოებდა, ქრება.
კაცობრიობას მუდამ აწუხებდა, აწუხებს და შეაწუხებს კითხვა იმის შესახებ, მარტონი ვართ თუ არა. სამყაროში ეულად, კოსმოსურ ოკეანეში მცირე კუნძულივით ყოფნის პერსპექტივა ადამიანს ზაფრავს და, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ცარიელ ოთახში ჩაკეტილი ადამიანი არსებული სიცარიელის პერსონალური ჰალუცინაციებით შევსებას მალევე იწყებს. შესაბამისად ჩვენ, მოკვდავნი, ვქმნით და ვიგონებთ, ზეძალებს, ღმერთებს, უცხოპლანეტელებს, რომ ამ ჯოჯოხეთურად ჩუმ „ოთახში“ მარტო არ ვიყოთ. მაგრამ რა ხდება თუკი ერთხელაც მართლა მოვა ვინმე ჩვენს ჩალით ნაშენებ სახლში?
და თუკი ჩამოვა, უეჭველად ჩვენზე განვითარებული და უეჭველად კონკრეტული მიზნით, დასრულდება ჩვენი მარტოობის ასი წელი, მაგრამ დაიწყება რა? ამბავი უკეთესი თუ უარესი?
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე მწერლებს მომავლის უტოპიურ და ანტიუტოპიურ ნაწილებად დაყოფა უყვართ ხოლმე, მაგრამ კლარკის არსებული წიგნი იმითაა გამორჩეული, რომ ის დაფიქრების და მსჯელობის საშალებას გვაძლევს, რომ შევაფასოთ „როგორი მომავალია ეს,“ კარგი თუ ცუდი.
ვაჩოვსკების სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმ “იუპიტერის აღზევებაში’’ პერსონაჟი ბალემი იუპიტერ ჯონს ეუბნება, რომ სიცოცხლე მან შექმნა და მასვე აქვს მისი განადგურების უფლებაც. როდის დგება ამ განადგურების ხანა “შემქმნელების’’ მიერ “ბავშვობის დასასრულში’’ წიგნის ბოლო ნაწილში მჟღავნდება. არტურ კლარკი ეჭვქვეშ აყენებს უტოპიის იდეას და ოქროს ხანას დესტრუქციის წინარე საფეხურად წარმოგვიდგენს. ადამიანებმა შესაძლოა დაკარგონ ის, რაც მათი მასაზრდოებელია, რაც ზებატონების ჩამოსვლამდე დედამიწაზე მათ საუკუნო ყოფას განაპირობებდა. ნაწარმოების ბოლო ნაწილს ავტორი, ერთი მხრივ, გასაგებად და ამომწურავად ასრულებს, თუმცა სწორედ წიგნის დახურვის შემდეგ იწყება გაურკვევლობა. “ბავშვობის დასასრული’’ ნებისმიერი ადამიანის წიგნი შეიძლება გახდეს და გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.