მარიამ ნოზაძე,
ტარტუს უნივერსიტეტი
2018

 

ენა არის პირობით ნიშანთა სისტემა. ხოლო სემიოტიკა არის დარგი, რომელიც ნიშნებს სწავლობს. ნიშნები არის ყველგან და ყველაფერში, სადაც ადამიანები (და სხვა ცოცხალი ორგანიზმები) ნიშნებს აღიქვამენ და რაიმე მნიშვნელობას (ინფორმაციას, მესიჯს) იღებენ მისგან. სამყარო, მრავალფეროვანია და ნიშნებიც – მრავალფეროვანი. ნიშანთა სისტემებიც მრავალგვარია – ვერბალური და არავერბალური, ვიზუალური, აკუსტიკური და ა.შ.
სამყაროს მრავალფეროვნებას ციფრული ცივილიზაციის ხანაში კიდევ მრავალი ნიშანთა სისტემა შეემატა და ეს მხოლოდ მშვენიერია.

ჩემი მცირე სემიოტიკური ექსკურსი ეძღვნება იმის განხილვას, თუ როგორი მახასიათებლები გაუჩნდა ვერბალური კომუნიკაციის ფორმებს მას მერე, რაც ელექტრონულად ინფორმაციის გადაცემა საყოველთაო გახდა. მე პირველი სემიოტიკოსი არ ვარ, ვინც ამ საკითხზე დაფიქრდა. ცნობილ კანადელ სემიოტიკოს მარსელ დანეზის ავტორობით 2017 წელს  გამოვიდა წიგნი ემოჯის სემიოტიკა[1], რომელშიც განხილულია ინტერნეტ საკომუნიკაციო ფორმების მახასიათებლები ემოჯი-ების გამოყენების მაგალითზე.

Emoji[2], თავის მხრივ, არის იდეოგრამა (smile, sticker…), რომელიც ინტერნეტ საკომუნიკაციო სივრცეში თითქმის ყველა პლატფორმაზე გამოიყენება: სოციალურ ქსელებში, (Facebook-ზე, Twitter-ზე, messenger-ში), პირადი მიმოწერისას, ვებ-საიტებზე და ა.შ.

ემოჯი, როგორც ნიშანი, წარმოადგენს პირობით, გრაფიკული დიაზაინით შერჩეულ ვიზუალურ გამოსახულებას, რომლის შინაარსიც გასაგები და ცხადია ყველა ენობრივი სივრცის წარმომაგდენელი მომხმარებლისთვის. ისინი გასაგებია იაპონიიდან ჩილემდე ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის, როგორ დონეზეც არ უნდა იცოდეს საერთაშორისო საკომუნიკაციო ენები. ეს ემოჯი: 😀 – ყველა ენის მატარებელს მიახვედრებს პოზიტიურ განწყობას და ამ ემოჯის 😞 გამომგზავნი მწუხარე, სევდიან განწყობაზე მოგვაწვდის ინფორმაციას.

ამ თვისებების წყალობით (იყოს ცხადი ინფორმაციის მატარებელი გრაფიკული გამოსახულება) ემოჯის აქვს უნივერსალურობა, სწორედ ისევე, როგორ ეს აქვს ნებისმიერ ნახატს (ფერწერულს, გრაფიკულს), რომლის გასაგებად მე და პირობითად, კორეელ ადამიანს არცერთი საერთო ბუნებრივი ენის ცოდნა არ გვჭირდება.
ჩემს ნაწერში ვეცდები, უფრო ზუსტად ჩამოვთვალო, რა მახასიათებლები შეიძინა ვერბალურმა კომუნიკაციამ ინტერნეტ მიმოწერის პირობებში ემოჯის კულტურულ ფენომენთან დაკავშირებით, რადგან ფაქტია, რომ ემოჯიების სახით ვერბალურ კომუნიციას გაეზრადა და შეეცვალა გამომსახველობა და შეიძინა ახალი მნიშვნელობები.

ვიზუალური განაწილება

ემოჯი ცვლის ნაწერი ტექსტის აღქმის ვიზუალურ ფორმას. თუკი საკომუნიკაციო ნაწერი ტექსტი აქამდე იყო უმეტესად ჰორიზონტალური, ემოჯით გაფორმებული ტექსტი არის მეტად ვერტიკალური და მთლიანად მისი ვიზუალური განაწილება ვერტიკალურ სურათს წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს ეხება messenger-ის chat-ს, სადაც საკომუნიკაციო დიალოგია მიზანი (და დიალოგი პროზაულ აბზაცზე მეტად სწრაფად იკითხება, როგორც ამას ლიტერატურული გამოცდილება ადასტურებს). ასეთ დიალოგში ვერბალური ინფორმაციის გაცვლის შემდეგ smile-ები ხშირად „მომდევნო ხაზზე“ მოსდევს. ეს განსაკუთრებით ეხება ემოჯის ერთ-ერთი სახეობის sticker-ების გამოყენებას, რომელთაც მოსაუბრე ყოველთვის ცაკლე გზავნის და პრაქტიკულად შეუძლებელია, სიტყვიერ მინაწერს მისდევდეს იმავე ხაზზე.

ემოჯი, როგორც ეტიკეტი

საკომუნიკაციო ეტიკეტი აკადემიურ კორესპონდენციას მკვეთრად დადგენილი აქვს და გარდა სტილისა, აქვს მისალმება-დამშვიდობების თავისი ფორმა. ოფიციალურ წერილში უზრდელობად ითვლება Dear Mr/Mrs- ის გარეშე ნებისმიერი წერილის დაწყება და პატივისცემის გამომხატველი დამშვიდობების (Sincerely, Best wished etc) გარეშე საუბრის დასრულება. თანამედროვე სოციალურ სივრცეში ემოჯითი საუბრის დაწყება, თუკი ეს პოზიტიური სემანტიკის სმაილია 😊 მოსაუბრეს საუბრისადმი შესაბამისად განაწყობს, ისევე როგორც მიმოწერის ბოლოს ნორმად ითვლება დიალოგის ემოჯითი დასრულება. ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ მოსაუბრეები ნამდვილად შეთანხმდნენ, ამოწურეს სიტყვიერად ყველაფერი, რაც უნდა ეთქვათ და კეთილგანწყობითვე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

ემოჯი და ემოცია

ეტიკეტში ემოჯის ჩართვა, როგორც დანეზი წერს, განპირობებულია იმ სხვაობით, რაც ზეპირ მეტყველებას წერით მეტყველებისგან განასხვავებს – სახის გამომეტყველება და ხმის ინტონაცია გვახვედრებს, ადამიანი რამდენად გულწრფელად წუხს, ან უხარია. მაშინ როცა ნაწერ ტექსტში ინფორმაციის გაცვლისას, ამის გადამოწმების საშუალება ნაკლებია თუკი მხოლოდ სიტყვიერ გამოხატვას აირჩევს ადამიანი. მაგალითად, „I am sorry 🙏“ – შეესაბამება მეტად სარწმუნო მესიჯს, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ სიტყვიერი გამოხატვა: „I am sorry“ ან თუნდაც რომელიმე ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნიზედით იმავე წინადადების გაფორმება: „I am really sorry“, ან „I’m sorry indeed“ რომელიმე ემოჯის დართვის გარეშე. რადგან ვიზუალური გამოსახულება – ერთმანეთზე მიდებული ხელები, როგორც ჟესტი მოკრძალებას და თანხმობას გამოხატავს და როცა თანამოსაუბრე ამ ჟესტის ამსახველ ემოჯის ხედავს იქმნება განწყობა, რომ „I am sorry“ გაძლიერდა ემოციურად და დამატებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ადამიანი არათუ წუხს და ნანობს თავის საქციელს, არამედ მოკრძალებასაც გამოხატავს. არის კიდევ ერთი ემოციური ფაქტორი: წერილობითი ნაწერი გულისხმობს მეტად უსაფრთხო კომუნიკაციას, სადაც მოსაუბრეს შეუძლია, დაუბრუნდეს ნაწერს, გაგზავნამდე შეასწოროს მინაწერი. დანეზის მიერ ჩატარებული გამოკვლვის შედეგიც ამას მოწმობს (Danesi 2017: vii-viii). სადაც კვლევის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა ასახელებდა ჩამოთვლილ საკითხებს ემოჯის გამოყენების პრეფერენციის მიზეზად.

1 “It’s like talking, but better, because I can edit the message before sending it.”

2 “I can go back to my message to see what I wrote so that I can make sense of my friend’s own message.”

3 “I prefer it to speaking, which can be dangerous because I can’t take back my words; this way I can, and with emoji I always try to make sure my friends understand.” (Danesi 2017: 11).

აგრეთვე უმნიშვნელოვანესია, რომ წერილობით საკომუნიკაციო ფორმატში ემოჯის გამოყენებისას იცვლება ინფორმაციის გადატანის სიჩქარე, რაც ინტერნეტ მომხმარებლების მუდმივი მოთხოვნილებაა. ამიტომ მომგებიანი ხდება ამგვარი სასაუბრო გაცვლა –  ერთსა და იმავე დროს სწრაფი, ემოციური და უსაფრთხო კომუნიკაცია. (Danesi 2017:11) [3]

ემოჯი და ბუნებრივი ენა

საინტერესოა, ემოჯის კვლევის პროცესში ჩნდება კითხვა: ხომ არ შეუწყო ხელი ამ ნიშანთა სისტემის პოპულარობას იმან, რომ მსოფლიოს გარკვეულმა ნაწილმა საერთაშორისო ენა, ვთქვათ, ინგლისური კარგად არ იცის? 2015 წლის ნილ კოჰი, ამერიკელი ლინგვისტი BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გახდება თუ არა ემიჯი ახალი ენა?[4] ბუნებრივი ენის გრამატიკულ სტრუქტურის საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ გრამატიკული მოწყობა ციფრულ სამყაროშიც „აკონტროლებს“ გამოხატვას. და ადამიანები, რომლებიც ერიდებიან მისკომუნიკაციას, ამჯობინებენ ცხად და უნივერსალურ ემოჯიებს (ნიშნებს) მესიჯის ზუსტად გადასაცემად. მით უმეტეს, რომ სისწრაფის კანონიც დაცულია. ნილ კოჰის მაგალითი რომ მოვიხმოთ, მეტყველების ეკონომიის და ვერბალური სიზუსტის მაგალითად ეს კონკრეტული მიმოწერა გამოგვადგება:

სადაც, შეკითხვაზე, „რა ხდებოდა გასულ შაბათ-კვირას“ პასუხი არის ინფორმატიული, მიმდევრობითი და ზუსტი: ქალს ჰქონდა დაბადების დღე, დალიეს, საჩუქრები გახსნეს, რომლებმაც (ხალხის/დამსწრეების) გაოცება გამოიწვია და (წვეულების ბოლოს) ტორტიც ჰქონდათ.[5] ამგვარად, მოცემული მონაცემები რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც აკლდა ნაწერ საკომუნიკაციო ტექსტს ემოიცური ექსპრესიულობის თვალსაზრისით, ემოჯიმ, გრაფიკულმა იდეოგრამამ შეავსო და ინტერნეტ კომუნიკაციის პირობებში დაამკვიდრა ეფექტური კომუნიკაციის ახალი ფორმა.

დასკვნის შემდეგ სათქმელი

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საკომუნიკაციო ფორმატის ცვლილების მეორე მხარეა: შეიძლება თუ არა ემოჯითი გაფორმებულმა კომუნიკაციამ დაარღვიოს მეტყველების უნიკალურობის, ორიგინალურობის თვისება. რადგან, ფაქტია, რომ ლიმიტირებულია ემოჯის რაოდენობა და რაგვარობა. ერთსა და იმავე ემოჯის მილიონობით ადამიანი შეიძლება იყენებდეს ყოველდღიურად და ხომ არ ემსგავსება ჩვენი ინტერნეტ სივრცეში მეტყველება ერთმანეთს? ამის პასუხად შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული ადრესატისთვის შერჩეული მეტყველება და მეტაფორული მეტყველება განეკუთვნება ენის გამოყენების მეტა-საშუალებას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი კომუნიკაცია არის ენის ფუნქციონირების პირველადი მიზანი, მხატვრული მეტყველება, როგორც ამაზე დაშენებული მეორეული მიზანი არის და რჩება კოგნიტური პროცესების უნიკალურად გახმოვანების იარაღად. მხატვრულ გამოხატვაში შეზღუდვები არ არსებობს: აქ დასაშვებია ნებისმიერი ორი სიტყვის „გვერდიგვერდ დადება“ თუკი ეს მკითხველს/ინტერპრეტატორს აძლევს საშუალებას, რომ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობის მიღმა კონცეპტი, მეტაფორა ან ნებისმიერი ახლადშექმნილი მნიშვნელობა დაინახოს. მეტაფორების შექმნის პროცესში კი არცერთი შინაარსობრივი ჯგუფის ერთეულების გადაკვეთა არ არის არც სათაკილო და არც შეუძლებელი.

[1] Marcel Danesi, The Semiotics of Emoji: The Rise of Visual Language in the Age of the Internet. Bloomsbury Academic. 2017;

[2] თავის მხრივ „ემოჯის“ განმარტებისთვის: The word emoji is an English adaptation of Japanese 絵文字—the e of emoji means “picture” and the moji stands for “letter, character.” So, the definition of emoji is, simply, a “picture-word” – (Danesi, 2017: 2)

[3] “Emoji serve (mainly) the utterance function, bolstering the rapidity of reading by providing visual imagery to the writing. In some ways, they have made digital interactions preferable to F2F ones.” (Danesi 2017:11)

[4] Neil Cohn, Will emoji become a new language,  http://www.bbc.com/future/story/20151012-will-emoji-become-a-new-language, 13 October, 2015

[5] Neil Cohn, “Consider this example, which means something like “a woman had a party where they drank, and then opened presents and then had cake”. In this case, the units are connected only by linear order. One unit “happens” after the next.”

ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ პოდკასტი, რომელშიც მარიამ ნოზაძე ინტერნეტ სემიოტიკას უფრო ვრცლად მიმოიხილავს