ავტორი: გიო სილაგაძე
ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა ვერნერ ჰერცოგს მორიგი ფილმის სცენარის წერა დასრულებული ჰქონდა, გერმანული ტელევიზიის ეთერში გავიდა ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი რეჟისორის ფილმი ბერლინის ქუჩის მუსიკოსების შესახებ. სწორედ ამ ფილმში აღმოაჩინა ჰერცოგმა თავისი შემოქმედების ერთ-ერთი მარგალიტი – ბრუნო ს, რომლისთვისაც მოგვიანებით სპეციალურად დაწერა და გადაიღო “სტროშეკი”.
“სტროშეკი” მისი გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტალური ფილმია. ბრუნო ს, თავისი პერსონაჟის, ბრუნო სტროშეკის მსგავსად ბერლინის ქუჩის მუსიკოსი იყო, ცხოვრების უმეტესი ნაწილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰქონდა გატარებული და მძიმე ბავშვობის გამო მკვეთრად განიცდიდა სოციალური უნარების დეფიციტს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ფილმი ბრუნოს ბიოგრაფიულ ელემენტებს მრავლად შეიცავს.
პირველ ნაწილში მოქმედება გერმანიის დედაქალაქში ვითარდება. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსული სტროშეკი პრობლემებში გახვეულ, ახალგაზრდა მეძავ ევას (ევა მატსი) საკუთარ სახლში შეიფარებს. ბრუნოს ყოველდღიურობა ბერლინის ქუჩებში, გერმანულ აკორდეონზე დაკვრით, საღამოს კი კარის მეზობელ მოხუც შაიცთან (კლემენს შაიცი) დროის გატარებით შემოიფარგლება. მალე ევას პრობლემები ბრუნოსაც ეხება და წყვილი ამერიკაში, შაიცთან ერთად, ამ უკანასკნელის ბიძაშვილთან საცხოვრებლად გადასვლას გადაწყვეტს.
ბერლინის სცენები ზამთრის პერიოდშია გადაღებული. მზის სხივებისგან სრულიად დაცლილი ქალაქი, შავი ფასადებისა და ძველი, დაზიანებული სახლების ფონზე იმდენად ბნელი და მიუწვდომელი ჩანს, რომ მაყურებლისთვის ადვილად მისახვედრი ხდება თუ რატომ ვერ გაძლეს ამ რთულ გარემოში ფილმის მთავარმა პერსონაჟებმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფილმში, სტროშეკის სახლი და მუსიკალური ინსტრუმენტები რეალურად ბრუნო ს-ს ეკუთვნოდა.
ამის შემდეგ იწყება ფილმის მეორე ნაწილი, ლოკაცია კი გერმანიიდან ამერიკაში, ვისკონსინის შტატის პატარა ქალაქ პლეინფილდში გადადის. სამი მეგობარი, რომელთაც ერთადერთი რაც აკავშირებთ გაუცხოებაა რაც საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში უშლით ხელს. როგორც ამერიკაში ჩასულ ყველა ემიგრანტს, მათაც აქვთ თავიანთი ამერიკული ოცნება, რომელსაც დიდი ალბათობით ახდენა არასდროს ეწერა.
ბრუნო და ევა კრედიტით სახლს ყიდულობენ ბორბლებზე. ბრუნო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის არაფერი გაეგება, მექანიკოსად იწყებს მუშაობას შაიცის ბიძაშვილთან (კლეიტონ შალპინსკი). ფილმში გადაღებამდე კლეიტონს კინოსთან არანაირი შეხება არ ჰქონია, რეალურ ცხოვრებაშიც მექანიკოსი იყო. ფილმის გადაღებამდე ერთი წლით ადრე, პლეინფილდში მოგზაურობისას, ჰერცოგმა ის მაშინ გაიცნო, როცა საკუთარი გაფუჭებული მანქანის შეკეთებისთვის მიაკითხა. “სტროშეკის” ამერიკულ ნაწილში მონაწილეთაგან არცერთია პროფესიით მსახიობი. მექანიკოსი, კრედიტორი, პოლიციელი, დალაქი, ყველანი საკუთარ, რეალურ პროფესიას ანსახიერებენ. მსგავსი მიდგომა ჰერცოგს ახასიათებს. თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაფერი ამართლებს კიდეც ჩანაფიქრს, რადგან პერსონაჟებში არცერთი წამით არ იგრძნობა სიყალბე.
ახალ ქვეყანაში დაწყებული ცხოვრების შემდეგ, ნელ-ნელა ბრუნოში პესიმიზმი უფრო და უფრო იზრდება. იგი ევასაც კარგავს და კრედიტის გადაუხდელობის გამო სახლსაც ბორბლებზე. უკეთესი ცხოვრების დაწყების სურვილით სამშობლოდან შორს წამოსული ბრუნო და შაიცი ზუსტად ისეთივე ძალადობრივ, მჩაგვრელ და ოპორტუნისტულ საზოგადოებაში მოხვდნენ როგორსაც გამოექცნენ. საცხოვრებლის და ფულის გარეშე დარჩენილნი საბოლოოდ გადაწყვეტენ ძალადობას ძალადობით უპასუხონ და ძარცვაზე წავლენ, ნახევრად წარმატებულად.
მარტო დარჩენილი ბრუნო იმედგაცრუებისგან და დამცირებისგან დაღლილი უმისამართოდ მიდის მოპარული მანქანით სადღაც მთებისკენ. იქამდე ივლის სანამ საწვავი არ გამოელევა და როცა ეს მოხდება იქვე მდებარე ხალხისგან დაცლილ გასართობ ცენტრში შეაბიჯებს, სადაც წააწყდება ცხოველებს, რომლებიც ფულის სანაცვლოდ გარკვეულ მოქმედებებს ასრულებენ.
სონი ტერის “დაკარგული ჯონის” ფონზე ქათამი გაუჩერებლივ ცეკვავს მონეტების სანაცვლოდ. იგი მეტაფორაა საზოგადოების მისწრაფებისა ფულისკენ. ადამიანებიც ერთი და იგივე ციკლს ვიმეორებთ მატერიალური სარგებელისთვის, ისევე ვართ მოწყობილი, გაწვრთნილი როგორც ქათამი, რომელიც თანხის სანაცვლოდ რეგულარულად ცეკვავს. მუსიკა და კადრები იმდენად კარგად არის შერწყმული, რომ შეუძლებელია მაყურებელზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს. ჰერცოგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ ეს სცენა მის ფილმოგრაფიაში შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, მისი გადაღება ძალიან გაუჭირდა, რამეთუ გადამღები ჯგუფის უმეტესობამ უარი განაცხადა მონაწილეობაზე.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ “სტროშეკი” ძალიან განსხვავებული და უცნაურია გადაღების სტილიდან და ხასიათიდან გამომდინარე. მსახიობები თავს საუკეთესოდ ართმევენ, პირველიდან ბოლო წუთამდე იპოვებენ მაყურებლის სიმპათიას, მუსიკა კი ესთეტიკურ და ხშირ შემთხვევაში მონოტონურ კადრებს დიდ ელფერს სძენს. ფილმის ყურებისას არ შორდები რეალურ სამყაროს, პირიქით, ფილმი იმაზე რეალურია ვიდრე შეიძლება ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ დასასრულს, სიმაღლისკენ საბაგიროთი მიმავალ ბრუნო სტროშეკს ტრაგიკული და სურეალური ფრაზა is this really me! უმშვენებს ზურგს.