ავტორი: ნიკა სამუშია
ზაფხული თავგადასავლების, გართობის, თამაშისა და მოგზაურობის დროა. ბავშვობაში ზაფხული კიდევ იმითაც არის კარგი, რომ არდადეგებზე, მთელი სამი თვის განმავლობაში, დილას, შუადღეს თუ საღამოს, როცა მოგინდება, შეგიძლია, წიგნი იკითხო. წასაკითხი კი (მით უმეტეს ბავშვებისთვის) მართლაც ბევრია. ჟანრობრივად და სიუჟეტურად ყველაზე მრავალფეროვანი ჩვენს დროში სწორედ საბავშვო ლიტერატურაა. მაგრამ თუ თქვენ იმ მშობელთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დღეს ისეთი კარგი წიგნები აღარ იწერება, როგორიც მათ ბავშვობაში და ახალი თაობა უამრავ სისულელეს კითხულობს, რა თქმა უნდა, ცდებით. ცდებით მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ აქ მხოლოდ ერთ წიგნს ვახსენებ. თანამედროვე ამერიკელი მწერლის ჯინი ბერდსოლის „პენდერუიკების ოჯახი: ოთხი დის, ორი ბოცვრისა და ერთი ძალიან საინტერესო ბიჭის საზაფხულო ამბავი“ სწორედ ისეთი კლასიკური სტილის საბავშვო რომანია, რომელიც ბავშვობის ნოსტალგიას აღგიძრავთ. დები პენდერუიკების სახალისო, ლაღი თავგადასავლები, მათი ყმაწვილური პრობლემები და პირველი სიყვარულით გამოწვეული აღფრთოვანება თუ იმედგაცრუება არა მხოლოდ თქვენი შვილებისთვის, თქვენთვისაც კი ნაცნობი და გასაგები იქნება. ამიტომაც თუ წიგნის მაღაზიაში ამ სათაურს მოჰკრავთ თვალს, ნუ შეყოყმანდებით,
„ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი?“ – ფიქრობენ დები პენდერუიკები და როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, ბოლო წამს როგორღაც მოახერხებს თავისუფალი საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას, ისინი სიხარულს ვერ მალავენ. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ახტაჯანა სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით – კოტეჯი „არუნდელი“, რომელიც პენდერუიკებმა იქირავეს, მებაღეობით გატაცებული, ძალიან მკაცრი მისის ფრემლის მამულში დგას. მისის ფრემლის ბაღებში დაუკითხავად ხეტიალი ბავშვებისთვის აკრძალულია, მაგრამ რა თქმა უნდა, პენდერუიკები აკრძალვას არ უფრთხიან;, „მტრის“ ტერიტორიაზე დასაზვერად შეპარულები, შემთხვევით მისის ფრემლის ვაჟს, ჯეფრის გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან.
დებ პენდერუიკებს ჯეფრის ერთფეროვან, მოსაწყენ ცხოვრებაში სიხალისე შეაქვთ, ხოლო მისტერ პენდერუიკი ბიჭს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დების წყალობით, უმამოდ გაზრდილი, დედისერთა ჯეფრის ცხოვრება რადიკალურად იცვლება უკეთესობისკენ. იცვლება თავად დები პენდერუიკების შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ავტორი წიგნში სერიოზულ თემებზე მსუბუქად გვესაუბრება და იმ პასაჟებსაც კი, სადაც მთავარი გმირები დილემის წინაშე დგანან, იუმორით ისე აზავებს, რომ მკითხველს სახიდან ღიმილი დიდხანს არ შორდება.
ზაფხულის ის დღეები, რომელიც ამ წიგნის თარგმნაში გავატარე, ჩემი ცხოვრების ტკბილ მოგონებად დარჩება. მისი თარგმნისას ჩემი ძველი გატაცება გამახსენდა: მოზარდობისას უმცროსი დეიდაშვილებისთვის წიგნების ხმამაღლა წაკითხვა მიყვარდა (მათ კი ჩემი მოსმენა უყვარდათ და მახსოვს, ერთ ზაფხულს თავიდან ბოლომდე წავუკითხე „ბულერბიელი ბავშვები“). ჩემი დეიდაშვილები უკვე გაიზარდნენ და წიგნებს უჩემოდაც ბევრს კითხულობენ, მაგრამ ახლა რომ ისევ წლებში დამაბრუნა, სიამოვნებით წავუკითხავდი მათ „პენდერუიკებს“.