ავტორი: მათე წიკლაური

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ერთი გამორჩეული
ამბავია თბილისური ისტორიების, ჭორებისა და ტყუილ-
მართლის გამხატვრულება. ეს ხაზი ყველაზე საინტერესოდ,
მკაფიოდ და ახლებურად აკა მორჩილაძის შემოქმედებაში
გამოიკვეთა – სევდიანი თვალით დანახული პლეხანოველი
“მაზავიკები”, მადათოვი, მე-19 საუკუნის თბილისი და
თბილისელები , გნებავთ ფიროსმანის, გნებავთ ქემერას
თბილისი, 90-იანი წლების თბილისი, თავისი რიკულებიანი
აივნებითა და პატარა ჩიხებით, …ანა კორძაია-სამადაშვილის
რომანიც “ვინ მოკლა ჩაიკა?” ამ ხაზს გაჰყვა, მაგრამ თხრობის
რთული, საინტერესო, ლამაზი ხერხებისა და სტილის
წყალობით თბილისის მისტიფიკაცია სრულიად
განსხვავებულად შეძლო.

მკითხველს კორძაიას-სამადაშვილის რომანის ჟანრის ზუსტად განსაზღვრაც
კი გაუჭირდება. ერთი შეხედვით, ეს დეტექტივია. მწერალს ამ
აზრისკენ სათაურიდანვე მივყავართ, რომანში ვხვდებით
გამომძიებელს, რომლის ამბავიც ღიმილს გვგვრის, – ეს ის
კაცია, რომლის გარდაც ყველამ ყველაფერი იცის ჩაიკას
სიკვდილზე. საერთოდ, ანა კორძაია-სამადაშვილს ძალიან
კარგად აქვს დამუშავებული “ცრემლნარევი იუმორის”
ტექნიკა. არცერთი სცენა არ მახსენდება მის რომანებში,
რომლებზეც მხოლოდ სევდა გვიპყრობს, ან მხოლოდ სიცილი.
თუ დეტექტივში მკითხველი ლოგიკურ წერტილამდე
მისვლას, საქმის გახსნასა და ყველაფრის გაცხადებას
გულისხმობს, აქ მსგავს არაფერს ვხვდებით. ეს არის წიგნი,
რომელიც ძალიან ბევრ საფიქრალს ტოვებს და ამის მიზეზი
დეტექტივისთვის ნაკლებად დამახასიათებელი აქცენტების
წინა პლანზე წამოწევაა.


ავტორმა ამ პატარა რომანში მრავალი პერსონაჟი ჩართო.
მოგეხსენებათ, რაც მეტია პერსონაჟი, იქ მწერლის საქმეც
რთულდება, რადგან ასეთ დროს ავტორს უჭირს თითოეული
მათგანის ისე წარმოჩენა, რომ მკითხველს ყველა
დაამახსოვროს, მაგრამ ავტორს ეს ამ შემთხვევაში ბრწყინვალედ
გამოუვიდა.

თითოეულ პერსონაჟს აქვს ისეთი მახასიათებელი, რომელიც
სამუდამოდ რჩება მკითხველის გონებაში და წარუშლელ
შთაბეჭდილებას ტოვებს. “ზინკა ადამიანის” კითხვისას,
მივხვდი, რომ ავტორი ზუსტად ისე წერს, როგორც საუბრობს
და ამ ფიქრებში მყოფს, თითქოს მწერლის ხმაც კი
მესმოდა.

ვფიქრობ, ანა კორძაია-სამადაშვილი ერთ-ერთი
საუკეთესოა მხატვრული ხერხების გამოყენებისას. ამის
მაგალითად ნებისმიერი ბუნების აღწერა თუ დიალოგი
შეგვიძლია მივიჩნიოთ. რომანში რთულ დიალოგებს
ვხვდებით, ზოგჯერ იმდენად მრავალშრიანს, რომ მარიო ვარგას
ლიოსას “საუბარი კათედრალშიც” გვახსენდება, მაგრამ ავტორი
რამდენიმე გვერდშივე გვაჩვევს თხრობის მისეულ სტილს:
არცერთი ზედმეტი სიტყვა, ზომიერი, დახვეწილი და
ცოცხალი დიალოგები, საოცრად პოეტური და შთამბეჭდავი
სურათები, განსხვავებული, მკვეთრად ინდივიდუალური
ხასიათის მქონე პერსონაჟებით შექმნილი ფინირებული
სიჭრელე, სისადავე…


“ვინ მოკლა ჩაიკა” მრავალფეროვანი წიგნია. მოქმედების
ადგილად მწერალმა, თბილისი აირჩია,
და, როგორც აღვნიშნე, ბევრი პერსონაჟი გაგვაცნო.

ვფიქრობ, რომანის მთავარი მიზანიც ეს იყო-ბედნიერება და მრავალფეროვნება
უცნაურია – ანა კორძაია-სამადაშვილი ჩაიკას სიკვდილით
ბედნიერების გამარჯვებას გვაჩვენებს. ჩაიკა მიდის, მაგრამ
სულ რჩება ჩვენში, როგორც ფერადოვნების, ზღაპრულობის,
მრავალფეროვნებისა და სიცოცხლის სიყვარულის სიმბოლო
ამიტომ, ამ ჰარმონიულ, ცხელ რომანში, ჩაიკას ვერავინ
კლავს, ჩაიკა მეორედ იბადება, ის ხდება უფრო ხალისიანი,
უფრო მართალი და, რაც მთავარია, მარადიული – მარად ჩვენს
გულებში მყოფი.