ბოლო წლებია სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სიღარიბე და ეკონომიკური პრობლემებია. ადამიანების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება სხვადასხვა სიკეთეებზე, იქნება ეს განათლება, სამსახური რომელიც მათ შრომას სათანადოდ აანაზღაურებდა თუ სხვა რესურსებზე. ყველა ეს სიკეთე მოსახლეობის მცირე ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი.

გარდა იმისა რომ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა თვალსაჩინოა ქვეყნის შიგნით, ამ პრობლემის მიმართება საერთაშორისო მასშტაბზეც შეიძლება, სადაც საქართველო როგორც პერიფერიული სახელმწიფო არათანაბარ პირობებშია სხვა, უფრო მდიდარ ქვეყნებთან.


უთანასწორობის დანახვა და განხილვა ბევრი მიმართულებით შეიძლება როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბით. სწორედ ამიტომ ჩვენი სპეციალური პროექტისთვის – “სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობაზე კინოს მედიუმით” ოთხი განსხვავებული ავტორი შევარჩიეთ და თემის სხვადასხვა პრიზმიდან განხილვა ვთხოვეთ. პროექტის პირველ ეპიზოდში გიზიარებთ გარემოს მეცნიერის, გიორგი ცინცაძის მიერ მომზადებულ ტექსტს, რომელშიც ის ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე, ათვისებაზე და მიღებულ სარგებელზე საუბრობს და ცდილობს ახსნას თუ რატომ ხდება ბუნებრივი რესურსები დაპირისპირების და ხშირად მწვავე კონფლიქტის მიზეზი?

ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს რომელიც გიორგი ცინცაძესთან პროექტის ფარგლებში ჩავწერეთ

ავტორი: გიორგი ცინცაძე

ბუნებრივი რესურსია ყველაფერი, რაც ადამიანს არ შეუქმნია და შეიძლება მისთვის სასარგებლო იყოს. ასეთია მტკნარი წყალი, ჰაერი, ტყე, ლითონები და წიაღისეული. ყველა დროში გვხვდება ერთი ან რამდენიმე საკვანძო რესურსი, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს ეპოქის ეკონომიკასა და, შესაბამისად, კულტურაში. კაცობრიობის ისტორია იმ რესურსების მიხედვით იყოფა, რომლის დამუშავებაც იმ პერიოდში დაიწყო – ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა. 

ანტიკურ სამყაროში ასეთი საკვანძო რესურსი იყო მარილი. აბრეშუმის გზამდე, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულში, არსებობდა მარილის გზა. ლათინურად „კეთილდღეობის” (salus) და „ჯანმრთელობის” (salubritas) ფუძე „მარილია” (sal).  ქართული ენაც შეიცავს იდიომებსა და სიტყვებს, რომლებიც მარილის ხანგრძლივი კულტურული ისტორიის კვალს ატარებს („პურმარილი”, „მარილზე წავიდა”). მათეს სახარებაში, როცა ქრისტე მოციქულებს მათი ქადაგების მნიშვნელობაზე ესაუბრება, ის მათ მიმართავს – „თქვენ ხართ მარილი ქვეყანაზე” (მათე 5:13) და მოუწოდებს – „კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის” (მარკოზი 9:50). 

მისი პრეისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მიხელ კალატოზიშვილის (კალატოზოვის) 1930 წლის „ჯიმ შვანთე” („მარილი სვანეთს”) საბჭოთა მოდერნიზაციას სწორედ მარილის დახმარებით აღწერს. როგორც ყველა დიდი აგიტაციური ნამუშევარი, „ჯიმ შვანთე” მთავარ იდეოლოგიურ სათქმელს ერთ, უნივერსალურ და სხეულებრივად აღქმად სურათში აქცევს: საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სვანეთში არ ჰქონდათ მარილი. იქ მარილი იმდენად ჭირდა, რომ შინაური ცხოველები პატრონის ოფლს სვამდნენ.

კალატოზიშვილის სვანეთში ყველა და ყველაფერი იტანჯება უმარილობით. რელიგიური ადათები, ცრურწმენები, მჩაგვრელი ადგილობრივი ტრადიციები კალატოზიშვილის ფილმში მარილის დეფიციტს უკავშირდება. ფილმში უმარილობა სვანეთის დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილობის სიმბოლო და მისი სოციალური თუ ეკონომიკური ჩამორჩენილობის ყველაზე ნათელი მაგალითია.

საბჭოთა ხელისუფლებას სვანეთში გაჰყავს გზა, რათა სვანებს არ უწევდეთ სახიფათო გზის ფეხით გავლა „ერთი ბეწო მარილისთვის.” ფილმში იკითხება რწმენა, რომ უფრო თანასწორი საზოგადოება ნიშნავს უფრო ინტეგრირებულ საზოგადოებას, სადაც ყველას მიუწვდება ხელი სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსებზე. ადრეული საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მკაცრი მოდერნიზმით გამსჭვალულ ამ ფილმში საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია ნახტომია დეფიციტური, პრიმიტიული სიბნელიდან ინდუსტრიულ კეთილდღეობამდე, ანუ ნახტომი უმარილობიდან მარილამდე.

კადრი ფილმიდან “ჯიმ შვანთე”, რეჟ: მიხეილ კალატოზიშვილი

ოცდაათიანი წლების საბჭოთა კავშირი ყველაფერს ადგილობრივს და რელიგიურს პროგრესივისტული ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა „ჯიმ შვანთეს” სვანეთი იმდენად უცხო და სასტიკი ადგილია, რომ ფილმი საბჭოთა აუდიტორიისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა და ფილმი საბჭოთა კავშირში თითქმის არ უჩვენებიათ. რეჟისორები და კრიტიკოსები, ვინც ფილმის მიმართ ინტერესის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ძირითადად ხაზს უსვამენ მის დასამახსოვრებელ ფოტოგრაფიას, ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რომელსაც ის მაყურებელზე ახდენს, და მის დიდ აგიტაციურ ენერგიას.

გლობალურად, მარილი დეფიციტური აღარ არის. უფრო მეტიც, დღეს უთანასწორობასა და მარილს შორის ურთიერთობა შემობრუნდა: საშუალოდ, უფრო დაბალშემოსავლიან ოჯახებში უფრო მეტ (და ჯანმრთელობისთვის საზიანო რაოდენობის) მარილს მოიხმარენ, ვიდრე მაღალშემოსავლიან ოჯახებში. გლობალური სამხრეთის უფრო ღარიბ ქვეყნებში ჭარბი მარილის პრობლემა უფრო მწვავეა, ვიდრე უმარილობის.

თუმცა, მარილი გამონაკლისია. ულევი და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და რესურსების არც მემარცხენე და არც მემარჯვენე უტოპია, ამ ტექსტის წერის მომენტისთვის, არ დამდგარა. პირიქით – ის ფუნდამენტური ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ადამიანს სჭირდება, დღეს არნახული წნეხის ქვეშ მოექცა. გლობალიზებული ეკონომიკა, და ბუნების პრივატიზაცია და კომერციალიზაცია, აწარმოებს ინტენსიურ, პლანეტის მომცველ ბრძოლას ბუნებრივი რესურსებისთვის. თითქმის ასი წლის წინ გადაღებული „ჯიმ შვანთე” შეიცავს მიგნებას, რომელიც დღეს ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის თანამედროვე გააზრების ძირითადი ამოსავალი წერტილია: არათანაბარი წვდომა ბუნებრივ რესურსებზე სოციალური უთანასწორობის შედეგიცაა და მიზეზიც. 

უფრო დაბალ ფასად უფრო მეტის წარმოებისთვის და ბაზრის უფრო დიდი წილის დასაკავებლად, კორპორაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ და იტაცებენ ბუნებრივ რესურსებს. სახელმწიფოები მათ არ ან ვერ ეწინააღმდეგებიან. უფრო ხშირად, სახელმწიფოები თვითონ სარგებლობენ ბუნებრივი რესურსების გაკერძოებით. შედეგად, ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლა არასდროს ყოფილა ასეთი გლობალური და ასეთი მასშტაბური.

ცხადია, ოცდამეერთე საუკუნეში ეკონომიკა ძირეულად შეიცვალა. დაიხვეწა მოპოვების ტექნოლოგია და მთლიანად შეიცვალა საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ლანდშაფტი. კოლექტიურმა ბრძოლამ უფლებებისთვის და გარემოს დასაცავად შექმნა საერთაშორისო შეთანხმებების და უფლებრივი ნორმების ჩამოყალიბების წინაპირობა. დღეს ბუნებრივ რესურსებს ისე არ მოიპოვებენ, როგორც ორასი, ან ასი წლის წინ. მაგრამ სახეშეცვლილმა კონფლიქტებმა ბუნებრივი რესურსებისთვის მსოფლიოს ყველა ნაწილი მოიცვა. 

ბრძოლა ბუნებრივი რესურსებისთვის შიშველი და თვალსაჩინოა საქართველოშიც. ძვირფასი წიაღისეულის ყველა ახალი თუ ძველი კერა მძიმე სოციალურ და ეკოლოგიურ მდგომარეობაშია. ჭიათურაში, სადაც მანგანუმს მოიპოვებენ, მდინარე ყვირილა გაშავდა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები ინგრევა. ტყიბულის ქვანახშირის შახტებში სამუშაო მძიმე და სახიფათოა. ალტერნატიული დასაქმების საშუალებების გარეშე ქალაქი იცლება. ბოლნისში სპილენძის და ოქროს კარიერები წლიდან წლამდე იზრდება, ერთ ასეთ გაფართოებას კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი შეეწირა. ხელფასი ყველგან დაბალია. 

ეს შემთხვევები მიუთითებს, რომ ბუნებრივ რესურსებს შესაძლოა არაერთგვაროვანი ზეგავლენა ჰქონდეს. ის ერთი მხრივ სიმდიდრის წყაროა, მეორე მხრივ სიღარიბის და დაბინძურების. მოპოვების ზეგავლენა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ და როგორ მართავს ბუნებრივ რესურსს, როგორ ნაწილდება მისგან მიღებული სარგებელი და საფრთხე. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, როგორც წესი ეკოლოგიურად სახიფათო და მასშტაბური პროცესია. ის ფუნდამენტურად ცვლის მიმდებარე სოციალურ და ბუნებრივ გარემოს. მაგალითად, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ ეკოლოგიას – აბინძურებს წყალს, ჰაერს და ნიადაგს. კარიერი და მაღარო გარშემო სხვა ტიპის საქმიანობის წამოწყების საშუალებას ზღუდავს. ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებული რეგიონი არასტაბილური და უთანასწორო ხდება, რადგან არ ყალიბდება მრავალფეროვანი ეკონომიკა, რომელიც სხვადასხვა სახის, კვალიფიკაციის და შემოსავლის სამუშაო ადგილებს შექმნიდა.  

ამიტომ, ბუნებრივი რესურსების დეფიციტი განვითარების შესაძლებლობას ზღუდავს,  მაგრამ ბუნებრივი სიმდიდრე ეკონომიკურ კეთილდღეობაში თავისთავად არ ითარგმნება. უფრო მეტიც, ეს სიმდიდრე ხშირად „წყევლად” იქცევა და ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის დაგროვებას ხელს უშლის. შედეგად, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ადგილები ხშირად გამორჩეულად ღარიბები არიან. 

ბუნებრივი რესურსების ამ პარადოქსულ მახასიათებელს ეხმაურება ფრენკ ჰერბერტის „დიუნის” მორიგი, 2021 წლის ეკრანიზაცია. როგორც რომანსა და წინა ეკრანიზაციებში, სიუჟეტი არაკისში ვითარდება, სადაც სამყაროში ყველაზე ძვირფას რესურსს, „სფაისს” მოიპოვებენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ პლანეტას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი სამყაროში, მისი მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

სადაც არსებობს ბუნებრივი რესურსი, არსებობს მისი მოპოვების ინტერესიც. რაც უფრო ღირებულია ბუნებრივი რესურსი, მით უფრო მძაფრი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს ის. „დიუნში” სფაისი კოსმოსური მასშტაბის კონფლიქტის საგანია. იმპერიული ინტერესის წინაშე ადგილობრივი მოსახლეობა უბრალოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. ადგილობრივები არათუ არ სარგებლობენ მათ პლანეტაზე არსებული რესურსით, არამედ იდევნებიან მის გამო. 

ამით არაკისი ჰგავს იმ ქვეყნებს სუბსაჰარულ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ სხვაგან, სადაც ნავთობის, მინერალების და სხვა ძვირფასი რესურსების სიჭარბემ რეგიონი კონფლიქტის ზონად აქცია. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი საზოგადოებები ხშირად უკიდურესად უთანასწოროებიც ხდებიან, რადგან ელიტა, რომელიც რესურსს ეპატრონება, მისით საზრდოობს და მისი გავლით მთლიანად აკონტროლებს სოციალურ თუ ეკონომიკურ ველს. 

ჟანრს, რომელიც თხრობას ბუნებრივი რესურსის, მისი მოპოვების ან მისი დანაკლისის გარშემო აწყობს  – და რომელსაც „ჯიმ შვანთეც” მიეკუთვნება – „რესურს-ცნობიერ” ფილმებს უწოდებენ. ამ ფილმებში ბუნებრივი რესურსი პირველხარისხოვან როლს თამაშობს და ამით ის იბრუნებს იმ საკვანძო მნიშვნელობას, რომელსაც ის ეკონომიკაში ატარებს, თუმცა რომელიც გვიანი კაპიტალიზმის ციფრული კულტურისა და გლობალიზაციის პირობებში ხშირად თვალს ეფარება. რესურსის ფიქციური დეფიციტი ეკრანზე გვახსენებს ამ რესურსის სასიცოცხლო მნიშვნელობას ეკრანს მიღმა. როგორც ნადია ბოზაკი წერს ,„რესურს-ცნობიერი ფილმები [ენერგეტიკულ რესურსებზე] ენერგიის დეფიციტის ჩვენებით მიგვითითებენ მის ტოტალურ მნიშვნელობაზე დღევანდელ კულტურაში.” ზუსტად ასევე, „ჯიმ შვანთე” მარილის დეფიციტის აღწერით უსვამს ხაზს მარილის ცენტრალურ მნიშვნელობას იმდროინდელ ყოველდღიურობაში.

კადრი ფილმიდან “შეშლილი მაქსი”, რეჟ: ჯორჯ მილერი

თანამედროვე ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ განასახიერებს „რესურს-ცნობიერი” ფილმების უნარს წარმოსახვითი დეფიციტით შეგვახსენოს ბუნებრივი რესურსების რეალური მნიშვნელობა ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზაა.” „შეშლილი მაქსი” პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, სადაც ეკოლოგიურმა კატასტროფებმა და რესურსების გარშემო მიმდინარე ომებმა დედამიწა უდაბნოდ აქციეს. უდაბნოდ ქცეულ პლანეტაზე ავტომობილებსა და მოტოციკლებზე ამხედრებული შეიარაღებული დაჯგუფებები ნავთობისა და წყლისთვის იბრძვიან მტვრიან, მშრალ ლანდშაფტში. 

„შეშლილი მაქსის” სამყაროში ადამიანები და მანქანები იმდენად გადაიხლართნენ ერთმანეთში, რომ ისინი ერთ ქიმერულ სხეულს ქმნიან. მანქანების გარეშე ადამიანები ვერ გადარჩებიან, თუმცა მანქანებზე დამოკიდებულება მათ აიძულებთ იბრძოლონ, ივაჭრონ და იომონ საწვავისთვის, რაც მუდმივი კონფლიქტისმდგომარეობას ქმნის. „შეშლილი მაქსის” სამყარო ინდუსტრიული ცივილიზაციის ლოგიკური დასასრულია: სიხარბემ და ომმა პლანეტის რესურსები შთანთქა და ამოწურა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გარეშე კაცობრიობა იქცა რბოლად გადარჩენისთვის. 

„შეშლილი მაქსი” იმიტომაა რესურს-ცნობიერი ფილმის საუკეთესო მაგალითი, რომ სოციალური და ეკოლოგიური უკიდურესობები აქ თანადროული მოვლენებია, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. რესურსების სიმწირე ქმნის რადიკალურად უთანასწორო საზოგადოებას, სადაც ძალაუფლება თავს იყრის ერთ ბელადში. „შეშლილი მაქსის” დისტოპიაში სოციალური და ეკოლოგიური რღვევა ერთმანეთს ამძაფრებს. 

სვანეთში, სადაც მარილი დეფიციტური აღარ არის, დეფიციტური გახდა ელექტროენერგია (შუქ შვანთე!). რამდენიმე წელია სვანეთი კრიპტოვალუტის წარმოების ეპიცენტრად იქცა. უფასო ელექტროენერგია, რომელსაც სვანეთი ენგურჰესიდან იღებს, და ცივი კლიმატი კომპიუტერული საწარმოებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. კრიპტოვალუტის წარმოება დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს – შედეგად ქსელი გადაიტვირთა და გახშირდა ავარიები. 

განვითარებული ეკონომიკის მზერა მიმართულია უფრო და უფრო მაღალი დეფინიციის ეკრანებისკენ, იმერსიული, სამგანზომილებიანი ციფრული სივრცეებისკენ და ხელოვნური ინტელექტისკენ, მაგრამ მას აქვს ფიზიკური სხეულიც, რომელიც წიაღისეულისგან და მისგან დამზადებული მატერიისგან შედგება. ინდუსტრიული ცივილიზაციის ზედაპირი შეიძლება გამჭვირვალე და ჰაეროვანი გამოსახულებაა, მაგრამ მისი საძირკველი კვლავ ჭუჭყიან, ბნელ,სახიფათო მაღაროებში, კარიერებსა და ჭაბურღილებშია, სადაც მისთვის აუცილებელ რესურსებს მოიპოვებენ.

კადრი ფილმიდან “დიუნი”, რეჟ: დენი ვილნიოვი

მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმას მიიღებს მომავლის ეკონომიკა, მასაც ექნება საკვანძო ბუნებრივი რესურსები, რომელთა გარეშეც ის ვერ იმუშავებს. დღეს უკვე ჩანს ახალი ეკონომიკის კონტურები, სადაც ციფრული წარმოებისთვის საჭირო წიაღისეულისთვის გლობალური კონკურენცია უფრო და უფრო მწვავდება, კლიმატის ცვლილება კი კიდევ უფრო ამძაფრებს ეკოლოგიურ უთანასწორობას. 

თანამედროვე ეკონომიკა, პირველ რიგში, პლანეტის გარშემო მიმობნეული ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადაადგილების, გადამუშავების და გამოყენების გლობალური რეჟიმია. ციფრული ეკონომიკა ვერ იარსებებს სილიკატების გარეშე, რომლისგანაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები მზადდება, პლასტმასისა და სპილენძის გარეშე, რომელიც მიკროპროცესორის დამზადებას სჭირდება და ლითიუმისა და კობალტის გარეშე, რომელიც ბატარეას ავსებს. ენერგეტიკულად, გლობალური ეკონომიკა დიდწილად ისევ ამოწურვადი წიაღისეულით – ბუნებრივი გაზით, ნავთობით და ქვანახშირით მარაგდება. 

ბუნებრივი რესურსის სოციალურ ზეგავლენას განაპირობებს არა მხოლოდ მისი რაოდენობა, მისი დეფიციტურობა ან სიჭარბე, არამედ მისი მოპოვების რეჟიმი. სოციალური გადმოსახედიდან ბუნებრივი რესურსის სიჭარბე – როგორიც „დიუნის” არაკისზე გვხვდება – და ბუნებრივი რესურსების სიმწირე – რომელსაც „შეშლილი მაქსი” პოსტ-აპოკალიფსურ დისტოპიაში უმკლავდება – თანაბრად სახიფათო მოვლენებია. ვინ ეპატრონება რესურსს და ვინ სარგებლობს მისგან მიღებული სარგებლით? როგორ სოციალურ წყობას ქმნის ბუნებრივი რესურსზე დამოკიდებულება? ეს არის კითხვები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ოცდამეერთე საუკუნის ეკონომიკას, და რომელსაც უბრუნდებიან ძველი და ახალი რესურს-ცნობიერი ფილმები.

პროექტი “სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობაზე კინოს მედიუმით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში და ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

1 Schivelbusch, Wolfgang. Tastes of paradise: A social history of spices, stimulants, and intoxicants. Pantheon Books, 1992. გვ.4

2 Ji, Chen, Ngianga-Bakwin Kandala, and Francesco P. Cappuccio. “Spatial variation of salt intake in Britain and association with socioeconomic status.” BMJ open 3, no. 1 (2013): e002246.

3 Banita, Georgiana. “PRELUDE TO THE ENERGY ERA IN FILM STUDIES.” Imaginations: Journal of Cross-Cultural Image Studies 3, no. 2 (2012): 208-209.

4 Aronoff, Kate. “Mad Max: Fury Road” Is a Resource-Conscious Blockbuster for Our Time. Yes! May 23, 2015.