ავტორი: დათო ლობჟანიძე
„ფილმები რომლებსაც ვიღებ, მაძლევენ საშუალებას გადავიაზრო საკუთარი თავი ისტორიაში და აღვიქვა ამ ისტორიის ძალმომრეობა,“
მატი დიოპი, ბერლინალეს 2024 წლის 18 თებერვლის პრეს-კონფერენცია
2017 წლის ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბურკინა-ფასოს დედაქალაქში ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთი „ხუთი წლის ვადაში“ დააბრუნებდა კოლონიალიზმის პერიოდში აფრიკაში ნაძარცვი ქონების ნაწილს.
განცხადებით გაკვირვებულების რიგში იყო მატი დიოპი, სენეგალელი-ფრანგი ავტორი, რომელიც საერთაშორისო ცნობადობას განცხადებიდან დაახლოებით წელიწად ნახევარში მოიპოვებს – როდესაც მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული “Atlantique” კანის კინოფესტივალზე გრან-პრით აღინიშნება. თუმცა, გლობალური ცნობადობის მოპოვებამდე დიოპს კინოში უკვე მრავალწლიანი სტაჟი ჰქონდა, როგორც მსახიობის, ასევე მოკლემეტრაჟიანების რეჟისორის რანგში. დიოპის თქმით განცხადებამ მასში სევდის გრძნობა გააჩინა, უფრო სწორედ იმის გააზრებამ რომ აქამდე მას ნაძარცვის რეპატრიაციის წარმოდგენაც კი არ შეეძლო. და მიუხედავად იმისა, რომ ფილმის იდეა მალევე გაუჩნდა, შესაძლოა სწორედ ეს შოკი იყო იმის მიზეზი რომ თავიდან დიოპმა ჟანრობრივად ფანტასტიკური მხატვრული ფილმი ჩაიფიქრა, სიუჟეტის მიხედვით მე-19 საუკუნეში დაჰომეის* სამეფოში გაძარცვული ქონება სახლში, 2075 წელს დაბრუნდებოდა. გეგმას რეალობამ შეუშალა ხელი, როდესაც გადაწყდა რომ საერთო ჯამში 26 არტეფაქტი ბენინს 2021 წლის ნოემბერში მართლაც დაუბრუნდებოდა. დიოპმა პროცესი გადაიღო, ასე ჩაანაცვლა ფანტასტიკური ფილმის იდეა საბოლოოდ დოკუმენტურმა ნამუშევარმა, რომელსაც თავად ავტორი სამართლიანად „ფენტეზი დოკუმენტურს“ უწოდებს.
ფენტეზის სამყაროში მაყურებელი საკუთარ თავს “დაჰომეის” პირველივე წამებიდან აღმოაჩენს. შავ ფონზე ჩვენ გვესმის ხმა, არაჩვეულებრივი ხმა რომელიც ავტორმა აუდიო მანიპულაციის გზით მიიღო – ჩაწერილი მამაკაცების და ქალების ხმები პროგრამულად დამუშავებულია ფუტურისტული, მეტალისებრი ტექსტურის მისაღებად.
ხმასთან ასეთი დამოკიდებულება და ზოგადად ფორმასთან თამაში, აძლევს საშუალებას ავტორს გაექცეს პოპ კულტურაში გავრცელებულ კლიშეს – აფრიკის ეგზოტიზაციას. ხმა სიბნელიდან, ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ყუთიდან ბენინში და რამდენიმე სხვა აფრიკულ ქვეყანაში გავრცელებულ, ფონის ენაზე გვესაუბრება. ასეთი გადაწყვეტილებით ავტორი ხმას უბრუნებს გაძარცვულ არტეფაქტებს რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სამშობლოდან შორს, ევროპაში იდენტობის დაკარგვის საფრთხის პირობებში მუზეუმებში იყვნენ გამოკეტილები. თუმცა, გადაწყვეტილება არა მხოლოდ ხმის დაბრუნების მეტაფორულობის გამოა საინტერესო, ის ამავდროულად მითოლოგიზირებული მოვლენის შესახებ სწორი მხატვრული ფორმის შერჩევის მაგალითია.
რეალურად რა ბმა აქვს თანამედროვე ბენინს მის ტერიტორიაზე არსებულ დაჰომეის სამეფოსთან, რა არის ის რაც ამ ორს აკავშირებს, სად არის ზღვარი მითს და რეალობას შორის, იმის გათვალისწინებით რომ მრავალწლიანი კოლონიზაციის პირობებში ამ ქვეყნის ოფიციალური და ყველაზე გავრცელებული ენა ფრანგულია. სწორედ ფრანგულ ენაზე საუბრობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც საგანგებოდ ფილმისთვის ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ არტეფაქტების რეპატრიაციას, ბენინის მთავრობის პოზიციას პროცესთან მიმართებაში და ზოგადად ამ კონტექსტში ბენინის იდენტობას. აგორას პრინციპით ორგანიზებული კონფერენციის დროს ერთ-ერთი მონაწილე გამოთქვამს აზრს, რომლის მიხედვით თუ თანამედროვე სამყაროში გსურს აკადემიაში სერიოზულად აღგიქვან, უნდა ციტირებდე პლატონს და არისტოტელეს და არა აფრიკელ ფილოსოფოსებს, რომლებიც სამეცნიერო სივრცეში დისკრიმინაციას განიცდიან. ამ ახალგაზრდების პირით ავტორი გადმოსცემს ბენინის რთულ და არაერთგვაროვან პოსტ-კოლონიალურ მდგომარეობას რომლის განზოგადება რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზეც შეიძლება.
ფორმის მხრივ, დადგმული კონფერენცია შესაძლოა ყველაზე ცუდ კოშმარშიც კი არ დაესიზმროთ „ბუზი კედელზე“ მიდგომის აპოლოგეტებს, ასევე შესაძლოა რომ მაყურებელს რომელსაც ფილმის ყურებისას „კონფერენცია“ რეალურ კონფერენციად ეჩვენება, დაუშვებელ, ჟურნალისტურ გადაცდომად მოეჩვენოს, თუმცა, სწორედ ეს გამბედაობაა რაც განასხვავებს გამორჩეულ ავტორს საშუალო დონის რეჟისორისგან – კონფერენციის სცენებით დიოპი ქმნის ფიქციას და მაყურებელს აჯერებს, რომ ის დოკუმენტურს უყურებს. მაყურებელი არტეფაქტის დოკუმენტირების მომსწრეა, ამგვარად “დაჰომეი” დიალექტიკური ნაწარმოებია სადაც ჟანრობრივი კონვენციები არა რელევანტურია, ავტორი კი ნამდვილი შემოქმედი.
კონფერენციაზე კომენტირებისას არ შეიძლება არ აღინიშნოს მაყურებლისთვის შესაძლოა რთულად შესამჩნევი ტექნიკური მიღწევა რომლის დემონსტრაციასაც დიოპი ამ სცენებში ახდენს. ნებისმიერი ადამიანი ვისაც კამერასთან და მიკროფონთან მინიმალური შეხება ჰქონია ეცოდინება თუ რამდენად რთულია ასეთი ტიპის გარემოში აუდიო-ვიზუალური მიმართულებით კარგი ხარისხის მიღწევა, განსაკუთრებით ხმის ნაწილში. ის რაც მაყურებელს დოკუმენტურის განცდას უქმნის, რეალურად ავტორის მიერ სკრუპულოზურად კონტროლირებადი გარემოს შექმნის შედეგია, რომელსაც მან ხანგრძლივი კასტინგის და კამერების სამ წერტილში განთავსებით მიაღწია – ის რასაც ამ შემთხვევაში ვერ და არ აკონტროლებს სტუდენტების მიერ წარმოთქმული წინააღმდეგობრივი მოსაზრებებია, რომლებიც ფილმის დრამატურგიულ ხერხემალს ქმნიან.
სტუდენტებს შორის კამათის ერთ-ერთი მთავარი თემა დაბრუნებული არტეფაქტების მცირე რაოდენობაა – 26 ერთეული თავის დროზე ნაძარცვ ათასობით ეგზემპლარს შორის. ზოგიერთი ახალგაზრდისთვის სიმცირის მიუხედავად, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, სხვების აზრით ეს სხვა არაფერია თუ არა დაცინვა და იმაზე მინიშნება, რომ თუნდაც ამავე რაოდენობის არტეფაქტის დასაბრუნებლად შესაძლოა ადამიანის ცხოვრებაც კი არ იყოს საკმარისი. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ წინააღმდეგობრივ მოსაზრებას შორის რომელიც თანამედროვე ბენინელ ახალგაზრდას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. რეალურად დიოპი პანდორას ყუთს ხსნის და სწორედ ეს აქცევს ფილმს ფილმად და არა ჟურნალისტურ სიუჟეტად – მიუხედავად იმისა, რომ დაჰომეიში კონკრეტული არტეფაქტების საფრანგეთიდან ბენინში მოგზაურობის დოკუმენტირებას ვხედავთ, ეს ფილმი გაცილებით მეტია ვიდრე რეპატრიაციის ამბავი, ის კოლექტიური იდენტობის, წარსულის, აწმყოს და მომავლის ინტროსპექციის საშუალებაა.
1600-1900 წლებში დაჰომეი ძლევამოსილ და მრავალმხრივ განვითარებული სამეფო იყო – 26 არტეფაქტი ამ მტკიცებულების ძალზედ მცირედ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, სწორედ ეს წარმოუდგენელი სიმცირეა ის რაც დიდი დისკუსიის დაწყებას ასაზრდოებს – რა მიმართება უნდა ჰქონდეს თანამედროვე ბენინელებს თავისი კოლონიზატორების მიმართ იმ ჰიბრიდული კულტურის პირობებში რომელსაც დღეს ამ თუ სხვა მსგავსი ისტორიის ქვეყნების შემთხვევაში ვხედავთ. არა ერთ სხვა ხერხს შორის რომელსაც დიოპი ამ ჰიბრიდულობის ხაზგასასმელად იყენებს, მნიშვნელოვან ადგილს ვოლი ბადარუს და დინ ბლანტის მუსიკა იკავებს. ბადარუ ბენინური წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორია, ბლანტი ნიგერიული წარმოშობის ბრიტანელი. მათი მუსიკა ერთის მხრივ დასავლური კულტურის გავლენებს განიცდის – ასე მაგალითად ფილმის საუნდტრეკი ერთმა ჟურნალისტმა ანჯელო ბადალემენტის შეადარა, მაგრამ ამავდროულად ის მდიდარია აფრიკული მოტივებით.
ბენინისთვის 26 არტეფაქტის (ზოგიერთი გათვლებით საფრანგეთი დაჰომეის სამეფოს 7,000 არტეფაქტს ფლობს) დაბრუნება ისტორიულად პირველი შემთხვევაა როდესაც ევროპული სახელმწიფო რომელიმე აფრიკულ ქვეყანას უბრუნებს საგანძურს. ეს შოკის მომგვრელია, ერთის მხრივ უპრეცედენტოების და მეორეს მხრივ, მიკროსკოპული მასშტაბის გამო. დიოპის ფილმი რომელიც ამ მოცემულობას აშიშვლებს, გამორჩეულია ფორმით და მხატვრული გადაწყვეტილებებით, თუმცა ის რაც მას მნიშვნელოვან დოკუმენტურად და დოკუმენტად აქცევს ის პოლიტიკური სადისკუსიო ველია, რომელსაც ფილმი თავისი არსებობით ქმნის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბერლინალეს 74-ე გამოშვების საკონკურსო ჟიურის გადაწყვეტილება ოქროს დათვი დაჰომეისთვის გადაეცა, თანხვედრაშია არა მხოლოდ მაღალ მხატვრული ღირებულებების დაფასებასთან, არამედ ასევე ხაზს უსვამს ნამუშევრის შინაარსობრივი მხარის მნიშვნელობას.
*ქართულ ენაში სამეფოს სახელი დამკვიდრებულია როგორც “დაჰომეა”, ასე მოიხსენიებს მას საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თუმცა სამეფოს ამ ტრანსლიტერაციით აღნიშნავენ მხოლოდ პოსტ-საბჭოური ქვეყნების ენები, სავარაუდოდ, რუსული ენის გავლენით, ხოლო სხვა ენებში ვხვდებით “დაჰომეის”. ჩვენს ტექსტში სამეფოს და ამავე სახელწოდების მქონე ფილმს მოვიხსენიებთ როგორც “დაჰომეის”.
მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).
ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015
მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია
თუ უკვე ხართ ლიტაგორას შემომწირველი (დონაცია შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური), და გსურთ მიიღოთ დამატებითი მასალები ჩვენი საქმიანობიდან Newsletter-ის სახით, შეავსეთ ეს მცირე ფორმა http://eepurl.com/idbazT


