1905 წელს დამწყებმა მწერალმა ჯეკ ლონდონს რჩევა თხოვა. პასუხად მან ეს წერილი მიიღო. უნდა ითქვას, რომ ლონდონი ამ წერილს ერთგვარ შაბლონად იყენებდა და ყველა მსგავს თხოვნას იგივე ტექსტით პასუხობდა. თუმცა, ცხრა წლის შემდეგ მწერალმა გადაწყვიტა უკეთ შეესწავლა კორესპოდენცია და წერილებს უკვე ინდივიდუალურად პასუხობდა. ერთ-ერთ ასეთ წერილს რომელიმე მომავალ პოსტში გაგიზიარებთ, მანამდე კი გთავაზობთ „შაბლონურ“ ტექსტს.
ძვირფასო ბატონო,
როდესაც მწერალი მეგობარ მწერალს მის ხელნაწერზე სიმართლეს ეუბნება, ის მას კარგავს ან კიდევ ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ ემსგავსება მათი ურთიერთობა წარსული მეგობრობის აჩრდილს.
როდესაც მწერალი უცხო ავტორს ეუბნება სიმართლეს მის ნამუშევარზე, ის იძენს მტერს.
თუ მას მეგობარი უყვარს და მისი დაკარგვის ეშინია, ის მას ატყუებს.
მაგრამ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია უცხოსთვის სიმართლის არ თქმას?
მეორეს მხრივ, რა არის კარგი მტრის ყოლაში?
უნდა ითქვას, რომ ცნობილ მწერალს უცხო ადამიანები გამუდმებით სთხოვენ მათი ნაწარმოებების წაკითხვას და შეფასებას. ეს ლიტერატურული ბიუროს შესასრულებელი სამუშაოა. მწერალი ლიტერატურული ბიურო არ არის. თუ რომელიმე იმდენად სულელია, რომ მზადაა გახდეს ლიტერატურული ბიურო, ის როგორც მწერალი არსებობას შეწყვეტს. მას აღარ ექნება წერის დრო.
მას ასევე არ გადაუხდიან ფულს. ცოტა ხანში გაბანკროტდება და მეგობრების დახმარებით მოუწევს ცხოვრება (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ უკვე ვერ მოასწრო მათთვის სიმართლის თქმა), ამავდროულად ის საკუთარი ოჯახის გაღარიბების მოწმე გახდება.
კეთილგანწყობა უცნობი, რთულ ვითარებაში მყოფი მებრძოლი ადამიანების მიმართ კეთილშობილი საქმეა, ლამაზი რამმაა, თუმცა ძალიან ბევრია ასეთი უცნობი, ალბათ რამდენიმე მილიონი. თან ამ კეთილგანწყობის გამომუშავება ძალიან რთულია. ეს კეთილგანწყობა იწყება სახლში. მწერალს ურჩევნია მრავალი უცნობი უცნობად დარჩეს, ვიდრე მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს შემოწირულობაზე არსებობა მოუწიოთ.
თქვენი,
ჯეკ ლონდონი
წყარო: lettersofnote