დევიდ მიტჩელი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ალბათ “ღრუბლიანი ატლასია”. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მისი არცერთი ნაწარმოები ქართულად არ არის ნათარგმნი. თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ადრე თუ გვიან ეს გარდაუვალია. სანამ მიტჩელის რომელიმე ნაწარმოები ითარგმნა, გთავაზობთ მის მოკლე ინტერვიუს ქართული სუბტიტრებით (ჩასართავად დააჭირეთ CC-ს). აქვე შეგიძლიათ მიმართვის სრული ტექსტიც იხილოთ.
28 წლის ვიყავი, იაპონიაში ვცხოვრობდი როდესაც ინგლისელმა მწერალმა, ანტონია სიუზან ბაიატმა ჩემს გამომცემელს სთხოვა გავეგზავნე ლონდონში, რომ მის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვსულიყავი. მდიდრულ სასტუმროში მომათავსეს, იმ მომენტამდე მთელი ჩემი ცხოვრება ღარიბულ, პატარა ჰოსტელებში ვრჩებოდი ხოლმე და უეცრად ჩემთვის უცნაურ გარემოში მოვხვდი. დიდ, ულამაზეს სასტუმროში ვიმყოფებოდი, ჩემს ოთახში შევედი, ჩანთები დავყარე და დიდი სარკე დავინახე.
იმ მომენტში მივხვდი, “ვაუ, ამის ფული მხოლოდ იმიტომ გადამიხადეს, რომ რაღაც დავწერე და როგორც ჩანს ახლა უკვე მწერალი ვარ.” იმ მომენტამდე ამას ვერ ვხვდებოდი.ეს პროცესია, პატარა მინიშნებებით იწყებ, რომლებიც გამცნობენ, რომ მწერალი შეიძლება იყო, დროთა განმავლობაში ეს მინიშნებები ძლიერდება და მოგვიანებით ხვდები, რომ შეიძლება მართლაც არ ცდები და მწერალი იყო. საბოლოოდ, რამდენიმე წელიწადში სამსახურს თავს ანებებ და შენი შემოსავალი წერისგან მიღებული ჰონორარია. ასეთ შეთხვევაში, სხვა რა უნდა უწოდო საკუთარ თავს?
წერისას ორი რამ არის მართალი, ერთის მხრივ არ უნდა ფიქრობდე მკითხველზე. იმიტომ, რომ ჩნდება კითხვა, ვინ არის მკითხველი. ამას შეუძლებელია მიხვდე, შენთვის უნდა წერო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს თვითცენზურის და შიშის სამყაროში აღმოაჩენ – “ეს შეიძლება ლიბერალურ ნიუ იორკს მოეწონოს, მაგრამ ქრისტიანები შეიძულებენ და ასე შემდეგ.” ამ აზრებს უნდა მოსცილდე.
მეორეს მხრივ, წერისას უნდა იფიქრო მკითხველზე. არსებობს ანთროპოლოგიური ზღვარი, 600 გვერდი, სადაც მთავარი თემა მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და ისიც მხოლოდ დასაწყისში, სცდება ანთროპოლოგიურ ზღვარს. “ფინეგანის ქელეხი” [ავტორი – ჯეიმს ჯოისი] მსოფლიო ლიტერატურის მონოლითია, მაგრამ მეტწილად ადამიანები მას ვერ კითხულობენ. ამის გაკეთება მხოლოდ განსაკუთრებულ მკითხველებს შეუძლიათ და მათი რიცხვი საკმარისი არ არის.
წერისას ჩემს მეუღლეზე ვფიქრობ, დაკავებულ და კრიტიკულ მკითხველზე, ვფიქრობ შეუძლია, ან სურს თუ არა ასეთ მკითხველს ჩემთან დარჩეს. ამიტომ, ამ მხრივ მკითხველზე ყოველი წინადადების დაწერისას ვფიქრობ. ამიტომ, ორივე მიდგომა სწორია. წიგნის დამთავრებამდე სამი, თუ ოთხი თვით ადრე შიში გიპყრობს და ეს ახლა კვლავ მემართება და იმედია მომავალშიც დამემართება, მომავალ წიგნებზე აზრები გიპყრობს.
ახალი წიგნი თითქოს გეუბნება, “დაანებე თავი მაგ ძუკნას და მე გამომყევი.” ამის იგნორირება უნდა მოახერხო, მაგრამ ამავდროულად ნათლად ხვდები თუ რა ნაწარმოებს დაწერ შემდეგ. ამ ეტაპზე ვიცი, რომ ორ წიგნს დავწერ და მათზე მუშაობის დაწყება ძალიან, ძალიან მინდა. ეს სურვილი კიდევ ერთი ნიშანია თუ რამდენად დაიღალე და რამდენად სწრაფად გინდა დაასრულო წიგნზე მუშაობა.