1938 წელს დამწყებმა მწერალმა, ფრანსის ტარნბულმა თავისი მოთხრობა ოჯახის მეგობარს და იმ დროისთვის უკვე კლასიკოსად ქცეულ ავტორს, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს შესაფასებლად გაუგზავნა. ფიცჯერალდმა ახალგაზრდა ავტორს საკმაოდ მკაცრი, მაგრამ გულახდილი წერილით უპასუხა.

ძვირფასო ფრანსის,
შენი მოთხრობა გულდასმით წავიკითხე. სამწუხაროდ უნდა გითხრა, რომ თუ გინდა ამ საქმეს პროფესიონალურად მოკიდო ხელი, ბევრად მეტი უნდა გაიღო, ვიდრე ამ ეტაპზე გასცემ. შენი გული უნდა გასცე, ყველაზე მძლავრი რეაქციები გაიღო და არა პატარ-პატარა მოვლენები, რომლებიც მხოლოდ ზედაპირულად გეხება და სადილისას მოსაყოლად თუ გამოდგება. ეს წესი განსაკუთრებით დამწყებ მწერლებს მიესადაგება, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ვერ განუვითარებიათ ოსტატებისთვის დამახასიათებელი ტექნიკა, რომლის შესწავლას დრო სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე მხოლოდ ემოციების გაცემა შეგიძლია.

ყველა მწერალი მსგავს გამოცდილებას გადის. დიკენსს ოლივერ ტვისტში თავისი ბავშვობის ცუდი მოპყრობის და შიმშილის მოგონებები უნდა ჩაედო. ერნესტ ჰემინგუეის პირველი მოთხრობები მისი გამოცდილების და გრძნობების ფსკერამდე ჩადიან. „სამოთხის აქეთა მხარეში“ აღწერილ სასიყვარული ისტორიაში მე აღვწერე სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის ახალი ჭრილობიდან სისხლივით იღვრებოდა.

პროფესიონალ მწერალს შეუძლია ყველა ტრივიალური და უინტერესო თემა მახვილგონივრულად და საინტერესოდ აღწეროს – დამწყები მწერალი ამას რომ ხედავს ჰგონია, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია. თუმცა, დამწყებ მწერალს ემოციების გასაცემად მხოლოდ სასოწარკვეთილი და რადიკალური ნაბიჯის გადადმა სჭირდება, მაგალითად მისი პირველი ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიის გულიდან ამოგლეჯა და ადამიანების დასანახად, ქაღალდზე გადატანა.

ეს ის საფასურია, რომელიც უნდა გადაიხადო რომ მიგიღონ. შენი გადასაწყვეტია, მზად ხარ თუ არა ამისთვის, თუმცა, ლიტერატურა, თუნდაც მსუბუქი ლიტერატურა ნეოფიტისგან ამ საფასურზე ნაკლებს ვერ მიიღებს. ის იმ პროფესიების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მუშაობას მოითხოვს. ჯარისკაცი რომელიც მხოლოდ ოდნავ მამაცია, მეომრად ვერ გამოდგება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ არ არის საჭირო გავაანალიზო, თუ რატომ არაა ეს მოთხრობა დამაჯარებელი. თუ ოდესმე შენი მოთრობების წერას გადაწყვეტ, ჩემზე მეტად არავის დააინტერესებს.

შენი ძველი მეგობარი,

ფ. სკოტ ფიცჯერალდი

პ.ს. შემიძლია გითხრა, რომ შენი ნაწერი მწყობრია და ზოგიერთი მონაკვეთი ძალიან მომხიბვლელი და მოქნილი. შენი ტალანტის შედარება იმ ჯარისკაცთან შეიძლება, რომელსაც სამხედრო აკადემიაში ჩასაბარებლად სათანადო ფიზიკური მონაცემები გააჩნია.

წყარო: lettersofnote