ავტორი: დათო ლობჟანიძე

კრისტოფერ ნოლანი დიდი რეჟისორია. მასშტაბური. სანახაობრივი. საკუთარი ხელწერის მქონე რეჟისორი. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი მანიპულატორი ვინმეა. ამიტომაა, რომ მის ყოველ ფილმს მაყურებელი მოუთმენლად ელის ხოლმე. ცხადია, ამ მხრივ ვერც დიუნკერკი იქნებოდა გამონაკლისი, ამიტომ ფილმის გამოსვლისთანავე კინოთეატრის სალაროები ბილეთის შეძენის მსურველებს ნამდვილად არ უჩიოდნენ. ინტერნეტში არსებულ კინოფორუმებით თუ ვიმსჯელებთ მაყურებლის დიდმა ნაწილმა ფილმი მოიწონა კიდეც. რეაქცია არც კრიტიკოსებმა დააყოვნეს და ფილმს არაერთი დადებითი რეცენზია მიუძღვნეს. მართალია ნოლანს თანამედროვეობის ერთ-ერთ საინტერესო რეჟისორად მივიჩნევ, დიუნკერკის შემთხვევაში, საყოველთაო აღფრთოვანებას ვერ გავიზიარებ. შევეცდები ავხსნა რატომ.

ალფრედ ჰიჩკოკი სასპენსზე საუბრისას ხაზს უსვამდა განსხვავებას სასპენს და სიურპრიზს შორის. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ჰიპოთეტიური მაგიდის ქვეშ არსებული ბომბის მაგალითი მოიყვანა. სიურპრიზთან იმ შემთხვევაში გვაქვს საქმე, თუ აღნიშნული ბომბი მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ფეთქდება. თუმცა, თუ მაყურებელს უკვე აქვს ინფორმაცია მოსალოდნელ აფეთქებაზე, მის ყურადღებას რეჟისორი ამ ინფორმაციის მიწოდებიდან ბომბის აფეთქების მომენტამდე ბოლომდე იჭერს. ამრიგად, სასპენსის შემთხვევაში რეჟისორი მოლოდინს ქმნის, მოლოდინს, რომელიც მაყურებლის ემოციებზე თამაშობს და გრძნობებით მანიპულირებს. მსგავსი მანიპულაცია ხელოვნებაა და ყოველთვის ყველას არ გამოსდის. მათ შორის ისეთ დიდი რეჟისორებსაც კი, როგორიც კრისტოფერ ნოლანია. მართალია, დიუნკერკში სასპენსის წინაპირობად უშუალოდ ამავე სახელწოდების მქონე ისტორიული მოვლენა გვევლინება და მაყურებელმა წინასწარ იცის, თუ როგორ დასრულდება ფილმი, აქ მეტწილად სიურპრიზის ელემენტებს ვხვდებით.

ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ნოლანს ფილმის პირველი კადრიდან ტიტრებამდე მაყურებლის ომის მსგავს პირობებში ჩაგდება სურდა და ამიტომაც ორი საათის განმავლობაში მას ერთგვარი სიურპრიზებით კვებავს, რასაც თან ახლავს ძალიან კარგი სპეცეფექტები და მართლაც გასაოცარი ოპერატორული ნამუშევარი ჰოიტე ვან ჰოიტემასგან. თუმცა, საქმე ისაა, რომ დიუნკერკის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია და ასეთი თანხის პირობებში ნაკლები სანახაობა დანაშაული იქნებოდა. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ფილმის რეჟისორი ნოლანია და არა მაიკლ ბეი.

დიუნკერკში იმდენად მრავლადაა დაძაბული მომენტი, რომ სცენებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს ამოსუნთქვის საშუალება. და თუ ბევრმა მსგავსი მიდგომა ფილმის ძლიერ მხარედ ჩათვალა, ვფიქრობ უწყვეტი დაძაბულობა რამდენად პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, დაძაბულობის ხარისხს აუფასურებს. დიუნკერკი შეიძლება ითქვას თავიდანვე კრეშენდოს პიკით იწყება და იქედან გამომდინარე, რომ ამ პიკის მაღლა აღარაფერია, მთელი სეანსის განმავლობაში ერთ დონეზე ოპერირებს. ეს არ არის ბოლეროს მსგავსი ნაწარმოები, სადაც ეტაპობრივ განვითარებას მაყურებელი გრანდიოზულ ფინალამდე მიჰყავს.

ფინალზე აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სცენა, რომელიც ნამდვილად ჰეროიკული შეიძლებოდა ყოფილიყო და ამის მიღწევა, ამ ჰეროიკული ელემენტების გარეშე შეიძლებოდა, სწორედ ამ გმირული და კლიშეებით გაჯერებული პათოსის გამო ფუჭდება. აქ ჩვენ დასახმარებლად მოსულ სამოქალაქო ნავებს ვხედავთ. ხმელეთზე მდგარი ჯარისკაცები ყიჟინას რთავენ. „რა არის ეს?“ კითხულობს ერთ-ერთი პერსონაჟი მათ დანახვაზე. „სამშობლო“ – პასუხობს ბრიტანული საზღვაო ძალების უფროსი იფიცერი.დიუნკერკიდან ჯარისკაცების ევაკუაციაში სამოქალაქო ნავებმა მართლაც მთავარი როლი შეასრულეს, მაგრამ სასოწარკვეთაში მყოფი ჯარისკაცების ჩვენება, ყოველგვარი ა ლა ჰოლივუდ ყიჟინის გარეშე, ვფიქრობ ამ ყველაფერზე ბევრად საინტერესო იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ოფიცრის „მამაცგულისეულ“ კომენტარზე.

ცნობილი გამონათქვამის თანახმად ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების, სტატისტიკა. სამწუხაროდ, ნოლანს დიუნკერკში ტრაგედია სტატისტიკამდე დაჰყავს. საქმე ისაა, რომ გამონაკლისების გარდა, ფილმში რთულია გაგიჩნდეს ემპათია ვინმეს მიმართ და ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ პრაქტიკულად არცერთი პერსონაჟის ისტორია გაშლილი არაა. ვფიქრობ, ნოლანს ჩანაფიქრში მთავარ პერსონაჟად უშუალოდ დიუნკერკის გამოყვანა სურდა. ადგილების თუ მოვლენების პერსონაჟების როლში ჩვენება კინოში ახალ მოვლენას არ წამოარდგენს. მაგალითად მარტინ სკორსეზეს ტაქსის მძღოლის და ფერნანდო მეირელეშის და კატია ლუნდის ღმერთის ქალაქის მოყვანა შეიძლება. მაგრამ, თუ სკორზესთან ნიუ იორკი როგორც პერსონაჟი ტრევის ბიკლის ისტორიის გასაშლელად, ღმერთების ქალაქში კი-რიო-დე ჟანეიროს ფაველები მასში მცხოვრები ადამიანების კრიმინალური და ტრაგიკული ცხოვრების ასაღწერადაა გამოყენებული, დიუნკერკში ამავე სახელწოდების მოვლენა ადამიანური ფაქტორი სრულად უგუნველყოფილია. კი, შესაძლოა ნოლანს სწორედ რომ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირება სურდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორია და ისტორიული მოვლენები, პირველ რიგში ჩვენი მსგავსი ადამიანების ამბების, განცდების, ემოციების და არა შიშველი ფაქტების გამო, გვაინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიუნკერკი ისტორიულ ჟანრში ნოლანისთვის პირველი ფილმია, აქ რეჟისორი მაინც ცდილობს მისთვის დამახასიათებელი, სიუჟეტური თავსატეხების შექმნას. სამწუხაროდ, ეს მცდელობა მცდელობადვე რჩება. ფილმის დასაწყისშივე ნოლანი სამ სიუჟეტურ ხაზს გამოჰყოფს, ცას, ზღვას და ხმელეთს (მოლს), რაც უინსტონ ჩერჩილის ცნობილ სიტყვაზე ალუზიას წარმოადგენს, სიტყვაზე რომელსაც ფილმის დასასრულს ვხვდებით. და თუ ფილმის დასაწყისში მსგავსი მიდგომა მაყურებელს შესაძლოა დიდ იმედებს აძლევს, ის ჩასანასახის დონეზე რჩება და ბოლომდე ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. სამწუხაროდ, ნოლანის ნაღმი ვერც აქ ფეთქდება.

დიუნკერკი ცუდი ფილმი, ან უფრო სწორედ, სანახაობა, ნამდვილად არაა. უფრო მეტიც, ვფიქრობ ის კინოთეატრში აუცილებლად სანახავია. მაგრამ წარმატება, რომელიც დიუნკერკს გამოსვლის პირველ კვირებში შეხვდა, იმით შეიძლება აიხსნას, რომ ფილმი ჯერ კიდევ დიდ ეკრანზე გადის. და თუ მის ნახვას აპირებთ, ეს ნამდვილად კინოთეატრში უნდა გააკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ფილმის დიდი ეკრანებიდან სხვა ფორმატში გადანაცვლებისას, მისი რეიტინგიც დაიკლებს. დიუნკერკი სხვა რეჟისორს რომ გადაეღო, ის ნამდვილად საინტერესო იქნებოდა. თუმცა, ნოლანის ხელში, აქ საუკეთესო შემთხვევაში, რეჟისორისგან ახალს ვერაფერს ვხედავთ. სამწუხაროდ, დიუნკერკი ნოლანის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმია.