31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისი ექსპო ჯორჯიაში წიგნის მორიგ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. გთავაზობთ საბავშვო პროზის ათ გამორჩეულ ნაწარმოებს, რომელსაც ფესტივალზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარმოგვიდგენს.
პატრიკ ნესი – “დანარჩენები უბრალოდ ვცხოვრობთ”
ხანდახან გგონია, რომ არ ხარ რჩეული, რაკი არ გიწევს, ებრძოლო ზომბებს, მკვლელ მოჩვენებებს, ლურჯ ნათებასა თუ სიკვდილს. მაგრამ სინამდვილეში საჭიროა, იპოვო რაღაც უჩვეულო შენს ჩვეულ ყოველდღიურობაში.პატრიკ ნესის რომანის მთავარი გმირი მაიკი და მისი არაფრით გამორჩეული მეგობრები ცდილობენ, იცხოვრონ ისე, როგორც დანარჩენებმა, მაგრამ მალე გააცნობიერებენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მათ ირგვლივ ყველგან სისასტიკე მეფობს.
სკოტ ვესტერფელდი – “მახინჯები”
მახინჯების სამყაროში, თექვსმეტი წლისა შესრულდები თუ არა, ახალ კოხტა-ქალაქში წაგიყვანენ, ოპერაციას გაგიკეთებენ და გაგალამაზებენ. გექნება სუპერმოდელის გარეგნობა: დიდი თვალები, სქელი ტუჩები, იდეალური წონა და სხეული. ალბათ ფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. სულ ტყუილად! ასე ხომ ინდივიდუალობას დაკარგავ! განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, თუ ის მოზარდი ხარ, რომელსაც ბუნებრივი გარეგნობის შენარჩუნება გადაუწყვეტია.
სკოტ ვესტერფელდის მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი სერიის პირველი წიგნი მთელ მსოფლიოში ფენტეზის, მელოდრამის, დრამისა თუ სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულ მკითხველთა რჩეულ წიგნად მიიჩნევა.
ჯენიფერ ნივენი- “სამყარო შენს მხრებზე”
ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ლიბი სტრაუტს, „ამერიკის ყველაზე მსუქან თინეიჯერს“, მაგრამ ვერავინ იხედება მისი გარეგნობის მიღმა, რომ გაიგოს, როგორია ის სინამდვილეში. დედის სიკვდილის შემდეგ ის მოსწყდა ჩვეულ ყოველდღიურობას, მაგრამ ახლა მზადაა სკოლისთვის, ახალი მეგობრებისთვის, სიყვარულისა და ყველა შესაძლებლობისთვის, რასაც ცხოვრება შესთავაზებს. მას უნდა, იყოს გოგო, რომელსაც ყველაფრის კეთების უფლება აქვს.
ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ჯეკ მესელინს, ტრაბახას, ამავე დროს ხელმარჯვე ოსტატს. თუმცა, არავინ იცის ბიჭის საიდუმლო: მას სახეების ცნობა არ შეუძლია. საკუთარი ძმებიც კი ეუცხოება. ალბათ ამიტომაც გადაწყვეტს, იყოს მაგარი ტიპი: მომხიბლავი, ხმაურიანი… და არავინ მიუშვას ახლოს. მაგრამ როცა ის ლიბს გაიცნობს, ბევრი რამ იცვლება… ასეა – ხანდახან ვიღაცასთან შეხვედრა მთელ სამყაროს ცვლის, შენსას თუ მისას.
ჯერომ კ. ჯერომი- “სამნი ნავში”
გონებრივი შტორმით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე ტემზას. სწორედ მათი- ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო. მწერალს სურდა, ტემზისპირა სოფლებისა და ქალაქების მეგზური შეედგინა, თუმცა მხიარული ამბებითა და ხალასი ხუმრობებით გაჯერებული წიგნი იუმორისტულ ნაწარმოებად იქცა. “სამნი ნავში” მრავალ ენაზე ითარგმნა. მკითხველები მას დღესაც, მთელი საუკუნის შემდეგაც კი ხარხარით კითხულობენ და სტრესის მომხსნელ საუკეთესო წამლად მიიჩნევენ.
ტურბიორნ ეგნერი- “ილის ქალაქი”
ილი ერთი პაწაწინა და უცნაური ქალაქია, რომელიც ისე შორსაა, რომ მის შესახებ თთქმის არავის არაფერი სმენია, ალბათ მხოლოდ მე, შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვიცით. რაკი ქალაქი პატარაა, ხალხიც ცოტა ცხოვრობს: გრძელწვერა ბრძენი მოხუცი ტობიასი, დალაქი სორენსენი, მეძეხვე, ხაბაზი, რემო, ტომი, დეიდა სოფიე და ციცქნა კამომილა. ქალაქის სამ ყაჩაღს- კასპერს, იესპერსა და იონათანს, მართალია, ყაჩაღები ჰქვიათ, მაგრამ სხვა ყაჩაღებივით ბოროტები სულაც არ არიან. პოლიციის უფროსი ბასტიანი კი ძალიან კეთილია და ხალხის დაპატიმრება არ უყვარს. ჰო, კიდეც, ილის მოქალაქეებს ერთი ტრამვაიც ჰყავთ, რომელსაც ძალიან მხიარული ვატმანი სივერსენი მართავს და მგზავრებს უგემრიელესი ორცხობილებით უმასპინძლდება.
პატარა და უცნაურ ილის ქალაქში ამბებიც უცნაური ხდება. ამ მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს თუ წაიკითხავ, ბევრს იხალისებ.
ლემონი სნიკეტი- “საზარელი სამხერხაო”
(უიღბლო ამბების სერიის მე-4 წიგნი)
ძვირფასო მკითხველო, დიდი იმედი მაქვს, ამ წიგნის წაკითხვა თავშესაქცევად არ განგიზრახავთ. და თუ ვცდები, გირჩევთ, მყისვე გაუშვათ ხელი, იმიტომ, რომ ყველა იმ წიგნიდან, რომლებიც ობოლ ბოდლერთა უიღბლო ცხოვრებას ეძღვნება, “საზარელი სამხერხაო” ალბათ ყველაზე გულისმომკვლელი გამოვიდა: ვიოლეტ, კლაუს და სანი ბოდლერებს სამუშაოდ გაამწესებენ ქალაქ პოლტრივილის სამხერხაოში, სადაც მათ ყოველი მორისა და ფიცრის უკან უბედურება და განსაცდელი ელით.
ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით ისეთ უსიამოვნო რაღაცებს, როგორებიცაა მარწუხებიანი მანქანა, საზიზღარი ლაზანია, კვამლისთავა კაცი, ჰიპნოტიზიორი, უბედური შემთხვევა, რომელიც ტრავმით დასრულდა…
მე დაგპირდით, ამ სამი საბრალო ბავშვის ისტორიას სრულად აღვწერ-მეთქი, მაგრამ თქვენ არაფერსაც არ დამპირებიხართ. ასე რომ, თუ უფრო მხიარული ამბებისკენ მიგიწევთ გული, არ მოგერიდოთ, საკითხავად რამე სხვა შეარჩიეთ.
პატივისცემით,
ლემონი სნიკეტი
დრაკულა
ტრანსილვანიის მაღალ მთებში ბოროტი გრაფი დრაკულა ცხოვრობს. მის სასახლეში სტუმრობისას ჯონათან ჰარკერი შემთხვევით შეიტყობს გრაფის საშინელი გეგმის – მკვდართა არმიის შექმნის შესახებ.შეძლებს ვამპირებზე მონადირე პროფესორი ვან ჰელსინგი ჯონათანისა და მისი მეგობრების დახმარებას და დრაკულას გეგმის ჩაშლას, თუ უკვე გვიანია? ჯონათანისა და დრაკულას სისხლის გამყინავ ისტორიას ამ შთამბეჭდავი გრაფიკული რომანის საშუალებით შეიტყობ.
რობინ ჰუდი
ინგლისი, 1194 წელი. ნოტინგემს ხარბი და გულქვა შერიფი მართავს და მოსახლეობას სიცოცხლეს უმწარებს. ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და აი, შერვუდის ტყეში აჯანყება მზადდება. შეუერთდი მამაც რობინ ჰუდსა და მისი მეგობრების ჯგუფს, რომლებიც შერიფსა და მის სასტიკ მოკავშირე გაი გიზბორნს უპირისპირდებიან. ეს გრაფიკული რომანი მათ საინტერესო და დაძაბულ ისტორიას მოგვითხრობს.
როალდ დალი- „მატილდა“
მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ…
აი, როგორც იქნა, მოაფიქრდათ შვილის სკოლაში მიყვანა, მაგრამ ამ სკოლის დირექტორს – ვეება, პირქუშსა და ბრაზიან ქალს, არა მხოლოდ მატილდა, ყველა ბავშვი ჭირის დღესავით ეჯავრება. თუმცა გონიერი გოგონა, კეთილი და გულისხმიერი მეგობრების დახმარებით, მოძალადე დირექტორსაც ასწავლის ჭკუას და უსულგულო მშობლებისგანაც სამუდამოდ დაიხსნის თავს.
ასტრიდ ლინდგრენი- „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“
ონავარი, ანცი, მაგრამ ძალიან კეთილი და გამბედავი გოგონა მადიკენი უმცროს დაიკოსთან, ოქროსფერკულულა ლისაბეტთან ერთად თავის საყვარელ იუნიბაკენში დროს მხიარულად ატარებს. აქ ხომ ყოველთვის საოცარი ამბები ხდება, ამიტომ მადიკენსა და ლისაბეტს უამრავი სახიფათო თუ სასაცილო თავგადასავალი გადახდებათ და ბოლოს ნანატრ საჩუქარსაც მიიღებენ. მათ საოცარ თავგადასავალს უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, თუ ამ მხიარულ, ილონ ვიკლანდის ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს წაიკითხავთ.