ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი
უცნაური კაცი იყო ფილიპ როთი. მთელი ცხოვრება სიკვდილს უცინოდა და 2010 წელს ერთ-ერთი იშვიათი გამოდგა, ვინც თქვა: „ყველაზე კარგი რამ სიკვდილის შესახებ ისაა, რომ აღარ მოგვიწევს საკუთარ მიმოხილვებსა და კრიტიკაზე ნერვიულობა.“
არადა, მთელი ცხოვრება ცდილობდა მარტივად აღექვა თითოეული ირონიულად ნათქვამი სიტყვა, მწარე კრიტიკა და სტატია. იცოდა, რომ დიდი მწერალი იყო და საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შეპარვია. მაშინაც კი, როცა „პორტნოის სინდრომი“ დაწერა და ეპოქის სახე შექმნა. სახე, რომელიც დრომ ვერ დაანგრია. პირიქით, მას მეტი ხიბლი შესძინა და მრავალი ადამიანი მიაბრუნა ლიტერატურისკენ.
უილიამ ფოლკნერთან, ჯონ აპდაიკთან და სოლ ბელოუსთან ერთად მოიხსენებდნენ, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ რომანისტს. მრავალი ჯილდო მიიღო, მაგრამ ნობელის საბჭოს მაინც „გამორჩა“.
ფილიპ როთს ყველაზე მეტად ესმოდა, რომ დგება ჟამი, როცა ადამიანი თავის თავს ამოწურავს ამ სამყაროში, მერე კი, უბრალოდ უნდა დაისვენოს და დრო ისეთ რაღაცებს დაუთმოს, რისთვისაც უწინ ვერ იცლიდა.
ეს ამერიკელი ტიტანი მიიჩნევდა, რომ თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას და თუკი რამეს წერ, პირველ რიგში შინაგანად უნდა იყო მზად ამისთვის. ამის გამოძახილია მისი სხვადასხვა დროს შექმნილი რომანები(„ამერიკული პასტორალი“, „ადამიანური ლაქა“ და სხვა), რომლებშიც ავტორმა მსოფლიოს სრულიად ახალი სამყარო წარმოუდგინა. რეალობასთან დატოვა პირისპირ და კიდევ ერთხელ დააფიქრა რას შეიძლება ნიშნავდეს ცხოვრების დასრულება.
როთი მაღალმხატვრულობასთან ერთად თემათა სიუხვით გამოირჩეოდა. მის ნაწარმოებებში ხშირად ისეთი პრობლემები იყო წამოჭრილი, რომლებიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას: ფემინიზმი, პატრიოტიზმი, ამერიკული ყოველდღიურობა, ქრისტიანობა, ლიბერალური ხედვა და სხვა. ფილიპ როთის ყოველი რომანის გამოსვლა რაღაც მნიშვნელოვანს ნიშნავდა ლიტერატურისთვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ სხვადასხვა დროს პულიცერის, ბუკერისა და სხვა დიდი პრემიების ლაურეატი გახლდათ. იცოდა როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება მკითხველზე და არასდროს მიუმართავს იაფასიანი ხრიკებისთვის, რომელიც მას უპირობო წარმატებას მოუტანდა. ის ისედაც სახელოვანი კაცი იყო და სრულებით არ სჭირდებოდა პუბლიკაზე თამაში, პოპულარული თემების შემოტანა, იმის გამო, რომ კარგად გაყიდულიყო მისი წიგნები. ცდუნება დიდია, მით უფრო დღევანდელ მსოფლიოში. მსგავსი რამ დიდებულ ამერიკელს, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდსაც კი ახასიათებდა, როცა მოთხრობას განგებ ამახინჯებდა, ბანალურს ხდიდა, რათა საზოგადოებას აეტაცებინა და უფრო დიდი სახელი მოეხვეჭა.
ფილიპ როთი სხვანაირი კაცი იყო. იცოდა სიტყვის ფასი. ხანდახან ექსპერიმენტებსაც მიმართავდა და მკითხველს ერთ დიდ თამაშში ჩაითრევდა. რომანის ბოლოს კი დიდი ემოციებით აღსავსეს დატოვებდა.
როთის ერთი წიგნის წაკითხვა დიდი გამოცდილებაა, რადგან თითოეული რომანი, მასში არსებული ზღვა მასალა, მისწრებაა სულის ზრდისათვის.
„საქმე ისაა, რომ ვეცადე ამ ცხოვრებაში საუკეთესოსთვის მიმეღწია და ამისთვის შრომა არ დამიკლია.“-უთქვამს ერთხელ ფილიპ როთს. მართალიც იყო. ამ შრომამ კი შედეგი გამოიღო. მართალია, ის ვეღარასდროს წაიკითხავს იმ მიმოხილვებს(ერთგვარად აუხდა კიდეც), რომლებიც მასზე სხვადასხვა გავლენიანმა გაზეთმა დაწერა, მაგრამ აუცილებლად დარჩება კლასიკოსად. კლასიკოსად, რომელსაც ყოველთვის მიუბრუნდებიან. ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და მისი ექო კიდევ კარგა ხანს გაჰყვება კაცობრიობას.