31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისი ექსპო ჯორჯიაში წიგნის მორიგ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ცოტა ხნის წინ საბავშვო პროზის ათი წიგნი დაავანონსეთ, რომელსაც ფესტივალზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარმოადგენს. ამჯერად ამავე გამომცემლობის კიდევ ათ, ამჯერად პროზაულ ნაწარმოებებს გთავაზობთ.
ფიოდორ დოსტოევსკი -”ძმები კარამაზოვები”
ფიოდორ დოსტოევსკის გახმაურებულ რომანს “ძმები კარამაზოვები” ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ესაა ნაწარმოები, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1880 წ.) მიიპყრო მკითხველის ყურადღება და დღესაც ისევე პოპულარულია (თუ უფრო მეტად არა), როგორც 140 წლის წინ. “ძმები კარამაზოვების” დაწერას ფიოდორ დოსტოევსკიმ თავისი სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელი შეალია. რომანის დაბეჭდვიდან რამდენიმე თვეში მწერალი გარდაიცვალა. დარჩა დაუსრულებელი გენიალური ნაწარმოები და უამრავი გაშლილი თემა: ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა; დარჩა რომანი, რომელმაც განსაზღვრა ლიტერატურის განვიტარების მთელი შემდგომი გზა. თუმცა, როგორც ჰერმან ჰესე ამბობდა: “ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკიმ ვერ დაამტავრა “ძმები კარამაზოვები”. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამისაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად”. ესაა წიგნი სამი ძმის, სამი კარამაზოვის შესახებ, თუმცა, მათი ცხოვრების მიღმა სხვების უამრავ ცხოვებისეულ კითხვაზეც იმალება პასუხი.
ვირჯინია ვულფი -”ორლანდო”
“ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა ზემოქმედების უცნაურ ძალას- აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებსბს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიატი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ”.
ვირჯინია ვულფი, “ორლანდო” ვირჯინია ვულფი (1882-1941) აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. იგი ცნობილ ინტელექტუალთა “ბლუმსბერი ჯგუფის” დამფუძნებელია. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა “ცნობიერების ნაკადის” სტილი ლიტერატურაში (რომანები “გზა შუქურისკენ”, “მისიზ დელოვეი”, “ტალღები” და სხვ.).
“ორლანდო” სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად…
ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანია.
იოზეფ როთი – “რადეცკის მარში”
ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა.
1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში.
იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინელის სამარე“.
„რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას.
ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“.
ჯეიმს ბალარდი – “შეჯახება”
ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთ აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი. თუმცა, ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოკატასტროფების შედეგად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. პარადოქსია, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობას აღწერს მწერალი ჯეიმს ბალარდი თავის წიგნში, რომლის პერსონაჟს, ტელემეცნიერ ვონს, საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად…
„შეჯახება“ საშიში წიგნია. ის არ ზოგავს მკითხველს და დაუნდობელ გამაფრთხილებელ ნიშნად გვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველად გამოცემიდან 45 წელი გავიდა. ამ წიგნის გამო ბალარდზე ამბობდნენ, ფსიქიატრიაც კი ვეღარ უშველისო, თუმცა იყვნენ სხვებიც: ჟან ბოდრიარმა 1974 წელს „შეჯახება“ სიმულაციური სამყაროს პირველ დიდ რომანად მოიხსენია; ბალარდის ერთ-ერთმა მთავარმა თაყვანისმცემელმა ენტონი ბერჯესმა კი აღნიშნა, რომ ეს რომანი უკიდურესი ორიგინალურობის ნაყოფია, ხოლო ბალარდი – უდავოდ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი.
იტალო კალვინო – ”თუ ზამთრის ღამით მოგზაური”
პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. დაბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.
იტალო კალვინო (1923-1985) თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. იტალიური პოსტმოდერნული პროზა სწორედ კალვინოს რომანებით იღებს სათავეს. მსოფლიო მკითხველისთვის კალვინო ცნობილია ტრილოგიით „ჩვენი წინაპრები“, რომანებითა და კრებულებით „მარკოვალდო“, „ობობის ქსელის ბილიკები“, „უხილავი ქალაქები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, „კოსმოკომიკური ამბები“, „იტალიური ზღაპრები“ და სხვა.
სტანისლავ ლემი -”სოლარისი”
პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომანს „სოლარისი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. მეცნიერთა მცდელობას, კავშირი დაამყარონ უცნაური სუბსტანციით დაფარულ პლანეტასთან, თან სდევს უჩვეულო ამბები და ძნელია იმის განსაზღვრა, სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის… ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის წარმოსახვით სამყაროში ხდება?!
შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა. ნაწარმოების ორგზის ეკრანიზაციას – ანდრეი ტარკოვსკისა (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.) მიერ – კინოსამყაროში მისი აღიარება მოჰყვა.
ალან მური, შეიძლება ითქვას, გრაფიკული თხრობის მედიუმში ყველაზე ცნობილი ავტორია. ის არის უამრავი ჯილდოს მფლობელი ისეთი ნაწარმოებებისთვის, როგორებიცაა: „V ანუ ვენდეტა“, „ჯოჯოხეთიდან“, „მარველმენი“ და „ჭაობის არსება“. მის სახელს უკავშირდება “America’s Best Comics”-ის ხაზი, რომლის ფარგლებშიც არაერთ ნიჭიერ ილუსტრატორთან ერთად შექმნა „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა“, „პრომეთეა“, „ტომ სტრონგი“, „ხვალის ამბები“ და „ტოპ ათი“. როგორც ჟანრის უმნიშვნელოვანესმა ნოვატორმა, ალან მურმა 1980-იანი წლების შემდგომ დიდი გავლენა იქონია კომიქსების ავტორთა მთელ თაობებზე. მისი ნაწარმოებები ისევ პოპულარულია, მკითხველთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება.
დეივ გიბონსი ამ ჟანრში 1973 წლიდან მოღვაწეობს. პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მან არაოფიციალურ და სამოყვარულო გამოცემებზე მუშაობისას გადადგა. რეგულარულად თანამშრომლობდა Britain`s 2000 AD-სთან, რომლისთვისაც დახატა „ჰარლემის გმირები“, „დენ დეარი“ და იყო თანაავტორი კომიქსისა – ღოგუე თროოპერ. ამის შემდეგ, გიბონსმა ოკეანის ორივე მხარეს არსებულ თითქმის ყველა გამომცემელთან ითანამშრომლა. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: „დოქტორი ვინ“, `სუპერმენი”, “ბეტმენი”, “მწვანე ლამპარი”, „მტაცებელი“, „უცხოები“, „ჰუგოს პრემიის“ მფლობელი „დარაჯები“ – ალან მურთან, ხოლო „მომეცი თავისუფლება“ და „მართა ვაშინგტონი ომში მიდის“ – ფრენკ მილერთან ერთად. მისმა ნახევრად ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა „ორიგინალები“ 2005 წელს „აისნერის ჯილდო“ მოიპოვა. გიბონსმა იმუშავა პროექტზე „საიდუმლო სამსახური“ მარკ მილართან ერთად; გარდა ამისა, იგი ანიმაციური კომიქსების აპლიკაციის – MADEFIRE-ის კონსულტანტიც იყო.
ჰარუკი მურაკამი – “ ნადირობა ცხვარზე”
„ნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი… ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და… უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც. ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
აკა მორჩილაძე -”კუპიდონი კრემლის კედელთან”
„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა“….
იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელი ისტორია, რომელსაც აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს, სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.
ეკატერინე ტოგონიძე – “ქარიშხალი მარგო”
ტრიალი, ნაბიჯი, ტრიალი – ქარიშხალივით ბრუნავს მოცეკვავე მარგო სცენაზე და ყოველი მისი მოძრაობის კვალდაკვალ ნადგურდება დედამიწის ნაწილი. სხვა კონტინენტზე წარმოქმნილი სტიქია, რომელსაც მარგოს არქმევენ, ამოუცნობი კანონზომიერებით იმეორებს ქალის ცხოვრებაში დატრიალებული ამბის დრამატურგიას – ეს წიგნიც სწორედ ადამიანისა და სამყაროს ერთიანობაზე, სიყვარულზე, შიშსა და ძალადობაზეა. ძალადობა მრავალსახიანია და ხშირად ჩვენს ყოველდღიურობაში, კულტურასა თუ ფოლკლორში რომანტიკული საბურველით გვევლინება. მისი მსხვერპლი, შესაძლოა, მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანი იყოს, მაგრამ, სინამდვილეში, ის მთელ საზოგადოებაზე ახდენს დამანგრეველ გავლენას. „მარგოს“ შემდეგ სტიქიისთვის აღარასდროს დაურქმევიათ ქალის სახელი, კაცობრიობის ისტორიაში ესაა ბოლო ქარიშხალი მდედრობითი სქესით. ეკატერინე ტოგონიძის ნაწარმოებები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს პროზაული კრებულები და რომანები. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის პრემია „საბა“ (2012).