ავტორი: დათო ლობჟანიძე

„თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ კლასიკური გაგებით რომანი არაა. სტრუქტურულად ეს ტექსტი კლასობანას თამაშს ჰგავს, სადაც მკითხველს ერთი მონაკვეთიდან მეორეზე გადასვლით თავად შეუძლია გარკვეული მოდელის და მაშასადამე, საკუთარი რომანის აწყობა. ეს ინტერაქტიული რომანია, სადაც არ არსებობს ქრონოლოგიური თუ ლოგიკური ნარატივი და ამას მკითხველი არათუ წიგნის გადაფურცვლისთანავე, არამედ სათაურზე დახედვითაც კი შეიძლება მიხვდეს.

მართლაც, რა უცნაური სათაურია – „თუ ზამთრის ღამით მოგზაური,“ სადაა ზმნა? რა გაუგებრობაა? თუმცა, ეს იტალო კალვინოა, მე-20 საუკუნის ავტორი, რომლის განსხვავებულმა თხრობის სტილმა და ხელწერამ თანამედროვე ლიტერატურაზე და ნაწარმოებზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთ-ერთ მაგალითად დევიდ მიტჩელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების, „ღრუბლების ატლასის“ მოყვანა შეიძლება. მიტჩელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ სტრუქტურულად საკუთარი რომანის იდეა სწორედ რომ იტალო კალვინოს წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. კალვინოს ხშირად პოსტმოდერნისტ ავტორად მიიჩნევენ, ეს ის მიმდინარეობაა, რომელიც დღეს გადაფასების სტადიაზე იმყოფება. ხშირად პოსტმოდერნიზმს არაერთი თანამედროვე მოაზროვნე დაუნდობლად აკრიტიკებს და მეტწილად სამართლიანადაც. კრიტიკის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ პოსტმოდერნიზმის მიმდევრები ხშირად რეალობას შორდებიან, ზუსტ მეცნიერებს არ აღიარებენ და მოვლენებს სუბიექტური პრიზმიდან უყურებენ. მაგალითისათვის სოკალის ცნობილი ქეისის მოყვანა შეიძლება.

1994 წელს ფიზიკის პროფესორმა ალან სოკალმა მოხსენება მოამზადა და გავლენიან პოსტმოდერნისტულ გამოცემას, Social Text – ს გაუგზავნა. ტექსტში სოკალი ფიზიკაზე და მათემატიკაზე კულტურის, ფილოსოფიის და პოლიტიკის ჭრილში საუბრობს. ცოტა ხანში გამოცემამ მოხსენება დაბეჭდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში სოკალმა სხვა ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის აღიარებდა, რომ მისი მოხსენება სხვა არაფერი იყო თუ არა “აბსოლუტური ბოდვა.” მან განზრახ მოამზადა ტექსტი და გამოცემაზე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

თუმცა, ერთია პოსტმოდერნიზმი ზუსტი და სოციალური მეცნიერებების აღრევის მიმართულებით და მეორეა პოსტმოდერნიზმი ლიტერატურაში. ლიტერატურა მეცნიერება არაა, ეს ის სფეროა სადაც ფანტაზიის მოთვინიერება იგივე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს როგორც სიტყვაზე, ბიოლოგიაში დადგენილი ნორმების არ გათვალისწინება.

„თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ მკითხველს თავისუფლებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა სტილით დაწერილ მონაკვეთებს და ამ მეტატექსტებს, რომელიც აქვე უნდა ითქვას, ყოველ წაკითხვაზე სხვადასხვანაირად შეიძლება აღიქმებოდეს.

არ მახსოვს სად, მაგრამ სადღაც ხორხე ლუი ბორხესს მსგავსი რამ აქვს ნათქვამი, არ არსებობს ამბავი რომელიც კონკრეტულ მომენტში შეიძლება იწყებოდეს და ასევე კონკრეტულ მომენტში მთავრდებოდეს. ლიტერატურაში, ისევე როგორც სხვა მედიუმებში სადაც ამბის თხრობას ვართ შეჩვეული, მაგალითად კინოში, გარკვეული ნარატივი ჩარჩოში ექცევა, ამიტომ მაყურებელს თუ მკითხველს გვიჩნდება ილუზია, თითქოს ნანახი თუ წაკითხული დაკონსერვებული მოვლენაა, რომელიც პირველი კადრით თუ წინადადებით დაიწყო და შემდეგ ასევე ლოგიკურად დასრულდა. „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ ასეთი ნაწარმოები არაა, ეს უსასრულო ნაწარმოებია, დასაწყისის და დასასრულის გარეშე. ამიტომ, თუ რომანში ქრონოლოგიური და ლოგიკური თხრობის მანერას აფასებთ და გიყვართ, ეს წიგნი დაივიწყეთ – მას ვერც თავს უპოვით და ვერც ბოლოს. მაგრამ თუ ტრადიციული ნარატივის მიღმა, იტალო კალვინოს უსაზღვრო ფანტაზიას ენდობით, ეს წიგნი სწორედ ისაა, რამაც თქვენი ლიტერატურული კოლექცია შეიძლება გაამდიდროს.

Advertisements