ავტორი: დათო ლობჟანიძე

 

“არსებობს თეორია რომლის მიხედვითაც, თუ ვინმე ოდესმე აღმოაჩენს თუ რას წარმოადგენს და რატომ არსებობს სამყარო, ის მომენტალურად გაქრება და ჩანაცვლდება რაღაცით რაც კიდევ უფრო მეტად უცნაური და აუხსნელია. არსებობს სხვა თეორიაც, რომლის მიხედვით ეს ყველაფერი, უკვე მოხდა,”

ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში

თუ სიცოცხლის, სამყაროს და ყველაფრის პასუხს ეძებთ, ასეთს ამ წიგნში ვერ იპოვით. უფრო სწორედ, იპოვით, თუმცა არ დაგაკმაყოფილებთ. დაგლას ადამსის მოყვარულებისთვის პასუხი ხომ ცნობილი და ელემენტარულია, ის  42-ია. ამიტომ, ეს ის შემთხვევაა როდესაც პასუხზე საინტერესო კითხვაა, კითხვის დასმას კი ცოდნა უნდა.

“სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი” პირველია დაგლას ადამსის ცნობილ სერიაში, რომელიც თავდაპირველად წიგნად გამოიცა, იმის გათვალისწინებით, რომ სერიის ორი წინამორბედი ნაწარმოები ჯერ რადიო პიესებად დაიდგა და მხოლოდ შემდეგ მოხდა მათ წიგნად ადაპტირება. 1982 წელს დაწერილი წიგნის ადაპტაცია მხოლოდამხოლოდ 21 წლის შემდეგ ჩაწერეს, რომელშიც მონაწიოლებას იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი დაგლას ადამსიც იღებს  (ეს ავტორის მიერ ბევრი წლით ადრე რომანის კითხვისას ჩაწერილი ხმის გამოყენებით მოხერხდა).

შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, ყველაფერი ჩვეულად აბსურდულია. ცხადია, სიუჟეტი განსხვავებულია, თუმცა ადამსის მთავარი გმირები, ართურ დენტი, ფორდი, სლარტიბარტფასი, ზაფოდი და ყველაზე დეპრესიული რობოტი სამყაროს ისტორიაში მარვინის სახით,  ადგილზე არიან. პროტაგონისტების მისიაც ჩვეულია – სამყაროს გადარჩენა! ამჯერად მისი გადარჩენა კრიკიტელებისგანაა საჭირო. საქმე ისაა, რომ კრიკიტელებს მათ პლანეტის თავზე არსებული ცა არ მოსწონთ, არ მოსწონთ იმიტომ რომ მოსაწყენად მიაჩნიათ. ამიტომ, ვერ გაამტყუნებ. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცა სამყაროს წარმოადგენს. ამავდროულად, ნაწარმოებში ირკვევა, რომ საქმე ასე მარტივად არაა და ერთი შეხედვით კრიკიტელების ბოროტი განზრახვა მათ არ ეკუთვნით და ის გარედანაა ნაკარნახები. ვისგან ან რისგან და რატომ, ამის აღმოჩენა მკითხველებს უშუალოდ ნაწარმოებში შეუძლიათ.

კრიკიტელების მსგავსად წიგნში ადამსისთვის დამახასიათებელ სხვა არაერთ უჩვეულო რასასაც შეხვდებით, ყველა მათგანს სამყაროს თავისებური, არაორდინალური ხედვა აქვთ. ასეთები მაგალითისათვის სტრიტერაქსის სილასტიკ იარაღხამებელები არიან. აი რას ვკითხულობთ მათზე.

„თუ იარაღხამი ზიზღით აენთება, ვიღაც აუცილებლად დაშავდება. ვიცი, დამღლელი და მოსაწყენი ცხოვრების წესი ჰქონდათ, მაგრამ უჩვეულოდ დიდი ენერგიის პატრონები იყვნენ. სილასტიკ იარაღხამთან გასწორების საუკეთესო მეთოდი: ოთახში მარტო გამოამწყვდიეთ; ძალიან მალე ვერ მოისვენებს და თავის თავს გალახავს.“

ამრიგად, „სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი“ ადამსის სერიის პირველ ორ ნაწარმოებს არამხოლოდ რიგითობით აგრძელებს, არამედ სტილისტურადაც და იუმორის თვალსაზრისითაც მათი ერთგული რჩება. მართალია, აქ სიუჟეტი და შინაარსი თითქოს უფრო ლოგიკური და შეკრულია ვიდრე პირველ ორ წიგნში, საბოლოო ჯამში „სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი“ იმ ტიპის ნაწარმოებია, სადაც მკითხველი სიამოვნებას არა საერთო სურათის დანახვისგან, არამედ უფრო მეტად ცალკეული სცენებისგან, ავტორის ორიგინალური მიგნებებისგან და დუგლასისეული სამყაროს ხედვის აბსურდულად ჩამთრევი ლოგიკისგან იღებს.