ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი
მარკ დიუგენი შედარებით ნაკლებად პოპულარული, თუმცა, საინტერესო მიგნებების მქონე ავტორია. ომი რომ ადამიანებს აზარალებს და აზიანებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახალი ამბავი არაა. ამ მოვლენას ხშირად ადამიანური საწყისის დაკარგვასთან აიგივებენ, თუმცა იშვიათად მოიძებნება ტექსტი, რომელშიც სახის დაკარგვის სიმძიმე ასეთი სიმძაფრით იქნება აღწერილი.
“ოფიცერთა პალატა” მთავარი გმირის, ინჟინერ ადრიენ ფურნიეს პირველ მსოფლიო ომში გაწვევით იწყება. ავტორი ოჯახთან გამომშვიდებას ნატურალისტურად აღწერს. მას ყურში ჩარჩა მოხუცი კაცის უკანასკნელი სიტყვებიც: “წელს თეთრი სოკოს დიდი მოსავალი იქნება! მალე დაბრუნდი…” ადამიანებს, რომელთაც ეგონათ, რომ ომი დიდ დროს არ წაიღებდა-შეცდნენ. ფურნიე პირველად პარიზში ჩადის და სადგურში მოფუთფუთე ბრბოს აკვირდება. ზოგი ტირის, ზოგიც სევდის დამალვას ცდილობს. სრული გაურკვევლობა სუფევს და მთავარმა გმირმა აღარც იცის სად შეიძლება არსებობდეს იმედი. ესაა სწორედ მდგომარეობა, რომელიც ხშირად თან ახლავს ომის საწყის დღეებს.
ადრიენი ერთ ქალს დაადგამს თვალს, რომელიც საყვარელ მამაკაცს ომში აცილებს. ის საკუთარ მგზავრობას დროებით გადადებს და ქალთან უკანასკნელ ღამეს გაატარებს. ამ ღამის განცდები მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან გაჰყვება. მათ ამ ნაბიჯისკენ მღელვარება და შიში უბიძგებთ (ამაზე მეტყველებს ადრიენის ფიქრიც, იქნებ და მართლაც ბოლოჯერ ეძლევა სიამოვნებას?). ჭურვი ადრიენს სახეს პირველივე დღეს დაუწვავს. შედეგად ჰოსპიტალში ომის წლების გატარება მოუწევს.
ამბობენ, რომ ადამიანს საკუთარი თავის მიგნება გასაჭირში ყველაზე მეტად შეუძლია. ხშირად სტრესი, ერთგვარი „შემთხვევითი უბედურება“ ფიქრის აქტისთვის, მარტო დარჩენისთვის და სიცოცხლის გადააზრებისთვის, აუცილებელიც კი არის. რომანის დარჩენილი ნაწილი სწორედ ამას ასახავს.
ადრიენი ცდილობს სამყაროსთან კონტაქტის კვლავ დამყარებას. ის თვითმკვლელობის ზღვარზეც გაივლის, მაგრამ მიხვდება, რომ ადამიანური სიდიდე სწორედ იმაშია თუ რამდენად შეგიძლია წინ აღუდგე ემოციებით გამოწვეულ ცდუნებას. ადრიენი შუბლზე მიბჯენილ დატენილ რევოლვერს უკან დააბრუნებს და მას მერე თავად გახდება ის ადამიანი, ვინც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს სიცოცხლეში აზრის პოვნისკენ აგულიანებს.
ადრიენი ოჯახისადმი გაუცხოებას გრძნობს, როგორც გრეგორი ზამზა, რომელიც ერთ დილით უცნაურ მწერად გადაიქცა. მას არ სურს შეეყაროს ნათესავებს და ერთგვარად ბედნიერიცაა, რომ პარიზი დაიცალა. ის საკუთარი თვალით დაინახავს უარყოფილ ჯარისკაცს, რომელსაც შვილიც კი დაფუფქული სახის გამო ვერ იცნობს და ყვირილით გავარდება გარეთ: „ეს არაა მამაჩემი! ეს მამაჩემი არაა!“ იმავე ღამეს ეს ჯარისკაცი სევდას ვერ გაუძლებს და თავს მოიკლავს. სწორედ ამის ეშინია ადრიენსაც. მას არ სურს უარყოფილი დარჩეს და ნათესავებთან შეხვედრის მომენტის გადადება მაქსიმალურად სურს.
ნაწარმოებში კარგად ჩანს, რომ ომის პერიოდში მედიცინა საოცარი სისწრაფით ვითარდება, ვინაიდან მეცნიერებს ახალ-ახალი მიდგომების გამოცდის საშუალება ეძლევათ. თუმცა ყოველი ასეთი ექსპერიმენტი წარმატებით როდი მთავრდება.
ავტორი ოსტატურად გვაჩვენებს, რომ არც ერთ ოპერაციას არ შეუძლია ომში დამწვარი სახის დაბრუნება. ისინი ნიღბებს იყენებენ, რათა დაფარონ ჭრილობები, თუმცა გმირებად იწოდებიან. უბრალო ადამიანები, რომელთაც წესით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ცხოვრება უნდა ჰქონოდათ, უსახო ადამიანებად იქცევიან. თუმცა, მათი არსებობა ამავდროულად საქვეყნო მნიშვნელობას იძენს… ომის პერიოდში სამხედრო მინისტრი პოპულისტურ განცახდებებს აკეთებს და გულგრილად თანაუგრძნობს დაზარალებულებს. ომის შემდეგ კი მიდგომა იცვლება და კლემანსო ვერსალის სარკეებიან დარბაზში, ყოველ უსახო ჯარისკაცს უხმობს რათა გერმანელებს აჩვენოს თუ რისი შემოქმედნი გახდნენ. სამხედრო მინისტრი ომის დასაწყისში კარგ პრესასა და საკუთარი პოპულარობაზე ზრუნავდა, სულ არ ადარდებდა უსახო ხალხი, რომლებიც ქვეყანას ეწირებოდნენ, დასასრულს კი ისინი საფრანგეთისთვის ყველაზე ძვირფასები ხდებიან.
ესაა წიგნი დიდ მეგობრობასა და ადამიანობაზე, ამ მხრივ ის არაფრით ჩამოუვარდებაერიხ მარია რემარკის სამყაროს. ომით დაზარალებული ადამიანის განცდა ყველაზე მძაფრია და ამასთან რეალისტურიც, ვინაიდან მათ ყველაზე საშინელი რამ აქვთ ნანახი-ადამიანის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ადამიანებს ყველაზე კარგად ესმით სიცოცხლის ფასი.
რომანს ათზე მეტი ლიტერატურულ ჯილდო აქვს მოპოვებული. 2001 წელს ამავე სახელწოდების („ოფიცერთა პალატა“) ფილმიც გადაიღეს, რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომს უკვე 100 წელი გვაშორებს, ის მაინც აქტუალურია და მასზე კვლავაც გულახდილად საუბრობენ. ეს ერთ-ერთი იმ მოვლენათაგანია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რათა კვლავ არ გავიმეოროთ. დავიწყება კვლავ დაბრუნებას ნიშნავს, მარად დახსომება კი გზაა ადამიანური სახის შენარჩუნებისკენ…