ავტორი: მათე წიკლაური
„… და სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან!“
ორჰან ფამუქი სტამბოლისა და ბავშვობისადმი მიძღვნილ წერილების კრებულში ერთ-ერთ მოგონებას ასე ამთავრებს: „მე არ ვიქნები მხატვარი, მე მწერალი გავხდები!“ სანამ თურქი კლასიკოსი თურქეთის ლიტერატურულ რუკაზე გაჩენას გადაწყვეტდა, მანამდე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც უბრალოდ ძალიან უყვარდა ხატვა და, როცა ბუნებაში რაღაცით მოიხიბლებოდა, სახლში შთაგონებული ამოვარდებოდა და ფუნჯს გაუსვამ-გამოუსვამდა… როგორც ბევრი ჩვენგანი, ისე ებრძოდა ქურთუკს, რომ მასში გამჯდარი სიგარეტის კვამლი გამოედევნა და მშობლები ვერაფერს მიმხვდარიყვნენ, ხშირად მონდომებია, ბოსფორისთვის მარტოს ეცქირა და ბავშვურად შთაგონებულიც ბევრჯერ წამოსულა იქიდან, არაერთხელ აუვლია მარტოს ჩუქურჯუმას აღმართსა თუ თეშვიქეის პროსპექტზე, მაგრამ ამ ბავშვურობაში მუდამ იმალებოდა იდეა, რომელსაც თურმე აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ტრადიციებსა და სიახლეებზე ფიქრი ერქვა.
თურქეთის ლიტერატურულ სამყაროში ორჰან ფამუქი პირველია, ვინც სიცოცხლეშივე მიიღო ნობელის პრემია და რეალურად ეს მისი საუკეთესო რომანის „მე წითელი მქვიას“ დამსახურება იყო. ქართველებისთვის ეს რომანი ორმაგად საინტერესოა. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ როდის ხდება ნაწარმოებში მოქმედება. ეს ის დროა, როცა ჩვენი ერთი მეფე, სიმონი, იედიყულეს ციხეშია გამომწყვდეული, ხოლო მეორე მეფე, ედგარ დაუდი, ტრაქტატს წერს. ტექსტში ძალიან თბილად და განსხვავებულადაა ნახსენები თბილისი:“როცა თბილისს ათოვს, სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან, ხოლო ბავშვები კი თოვლს ინახავენ ბალიშის ქვეშ საზაფხულოდ.“
როდესაც ორჰან ფამუქი რუსთაველის თეატრში ქართველ მკითხველს შეხვდა, მას ჰკითხეს, თუ როგორი ტიპის ავტორად მიიჩნევდა თავს, რაზეც ფამუქმა უპასუხა, რომ ის უფრო მხატვარი იყო, ვიდრე კლასიკური გაგებით მწერალი. მართლაც, თუ გადავხედავთ მის რომანებს, ფამუქს აქვს ძალიან პოეტური ენა და ამიტომაცაა, რომ მარტივად ახერხებს შექმნას თხრობის გენიალური ხერხები, მაგალითად, რომანში, „მე წითელი მქვია“, თხრობას იწყებს მკვდარი, აგრძელებს ძაღლი, ოქროს მონეტა, ნახატი, მკვლელი და სხვა სულიერი თუ უსულო პერსონაჟი. წიგნში შეხვდებით მის ძმას შევქეთს, რაც მკითხველისთვის ძალიან კარგი მიზეზი გახდა, რომ ეს რომანი პოსტმოდერნისტულად მიეჩნია. ფამუქის ნაწარმოებებში ყველაფერს უსულოს ენიჭება სული, ავტორი ნივთებს აცოცხლებს და ამით ხდის ტექსტს უფრო ფერადსა და ჩახლართულს. ასე მაგალითად, „ჩემი უცნაური ფიქრები“ შემთხვევაში, ვნახეთ, თუ როგორ გააცოცხლა ბოზა, ანუ იოგურტის ტიპის სასმელი, რომელსაც ადრე სტამბოლის ქუჩებში ყიდდნენ. ფამუქი კი არ წერს, არამედ ხატავს სიუჟეტებს. ის იღებს მრავალწლიან ისტორიულ კონტექსტებს, ერთი შეხედვით, ძალიან ყოფით, მაგრამ რეალურად, უმნიშვნელოვანეს ასპექტებს – როგორც ათათურქამდელ, ასევე, ათათურქის შემდგომ თურქეთს, ოტომანების იმპერიის თავისებურებებსა და მახასიათებლებს. ორჰან ფამუქის შემოქმედებაში ძალიან ბევრი ამბავია აღწერილი და თითქმის ყველა მათგანს, იგავური, სიმბოლური დატვირთვა აქვს. ავტორი რომანში „მე წითელი მქვია“ ყვება ერზერუმელი ხოჯას ისტორიას, რომელიც გმობს ყველაფერს, „რაც ყავისგან მოდის.“ ამ შემთხვევაში ყავა დასავლეთის სიმბოლოა, რომელიც ფამუქის პერსონაჟისთვის ცივილიზაციასთან და მისგან გამოწვეულ შიშთან ასოცირდება. ხოჯა ანგრევს ყავახანას და ამით გამოხატავს ჩაისტების, ანუ აღმოსავლელების, პროტესტს ყავისტების მიმართ. ფამუქის რომანებში ერთგვარი რეფრენივით გაისმის მოსაზრება, რომ აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთიანობა შეუძლებელია, რადგან ეს ორი სხვადასხვა სამყაროა და წარმოუდგენელია მათი აზრთა თანხვედრა გლობალურ პრობლემებზე. ორჰან ფამუქი რომანში „ჩემი უცნაური ფიქრები“ აღწერს იოგურტის გამყიდვლების ცხოვრებას და იხსნებს სიტუაციას, რომელიც ათათურქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა თურქეთში. აქამდე თურქეთში არ იყო ლეგალური ალკოჰოლი და ადამიანები ჩუმად ურევდნენ ბოზაში სპირტს. ფამუქის რომანის მთავარი პერსონაჟი, მევლუდი, მსგავს მაქინაციებს არ მიმართავდა, რადგან ის სიძველეების ადამიანია. ათათურქის მოსვლის შემდეგ კი ბოზა და მასში ფარულად მინარევი სპირტი არავის აღარ უნდოდა, რადგან ხალხს მაღაზიებში უკვე თავისუფლად შეეძლო ალკოჰოლის ყიდვა. ფამუქმა იცის, რომ ეს სწორია, რომ თავისუფლების მოსპობაა, როცა ადამიანს ასეთ რამეს უკრძალავ, მაგრამ მისი რომანის მთავარი შეძახილი: „ბოზააააააააა!“ გვეუბნება, რომ მწერალს ტრადიციების დაკარვის გამო გული სტკივა. რომანის დასკვნით ნაწილში მწერალი იოგურტის ჭეშმარიტი გამყიდვლების ცუდ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს, საუბრობს იმ ტკივილზე, რომელიც ტრადიციის ამოძირკვამ ჩაუნერგა მას და მის გმირებს.
ორჰან ფამუქს ძალიან უყვარს ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე პერსონაჟის ხასიათის შექმნა. ის ისე ცხადად აღწერს ადამიანის ჩაცმულობასა თუ განცდებს, რომ მკითხველი ვეღარ ახერხებს გაიაზროს – ნახატს კი არ უყურებს, ან ფილმს, არამედ კითხულობს და მთელი იქ გადმოცემული სიუჟეტი მისი წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი იმიტომაა ასეთი ბუნებრივი და ორიგინალური, რომ ფამუქისთვის კარგი ხელოვანი და შემოქმედი ის იყო, ვინც გულიდან წამოსულ განცდებს, აზრებს და ტკივილებს აღწერდა. „მე წითელი მქვიაში“ წერს კიდეც:“მხატვარი ისე უნდა ხატავდეს, როგორც გულიდან მოდის!“ თურქი მწერალი ევროპელი მხატვრების მიდგომას იზიარებდა, მიაჩნდა, რომ ევროპელი მხატვრები არა გონებით, არამედ თვალით ხატავენ. ფამუქი თვალის, ვიზუალური ეფექტის შემქმნელი მწერალია. ის გრძლად, მძაფრად და ამავდროულად ძალიან მარტივად ყვება ამბებს და მკითხველს ბარიერებს არ უქმნის. აკა მორჩილაძეს “მელიქსეთბაშის თბილისში” ერთი მხატვარი ასე ჰყავს დახასიათებული: “ჩიტს რომ დახატავდა, – ეს ჩიტი შეფრთხიალდებოდა და გაფრინდებოდა…” ფამუქზე საუბრისას რატომღაც სულ ეს სიტყვები მახსენდება… იქნებ იმიტომ, რომ სტამბოლი ძალიან ჰგავს თბილისს? ან იქნებ იმიტომ, რომ ორჰანში მაინც ის სხვა, მხატვარი ორჰანი უფრო ცხოვრობს? საბოლოოდ კი ფაქტია, რომ ფამუქის ცხოვრებისეული გადაწყვეტა, არ ყოფილიყო მხატვარი და მწერლად ჩამოყალიბებულიყო, ბოლომდე არ შედგა, რადგან მხატვრობას ის ბოლომდე ვერ დაეხსნა. ხელოვანმა სიტყვებით დახატა პორტრეტი, რომელსაც მკითხველი მუდამ აღტაცებაში მოჰყავს