ავტორი: გიორგი გეთიაშვილი

“ბოლივუდი” ხომ ყველას გაგვიგია? ინდური კინოინდუსტრიის სახელი, ჰოლივუდისა და ბომბეის შერწყმით რომ მიიღეს თავის დროზე, ინდოეთში აფეთქებული კინოწარმოების გამოსარჩევად, რომელიც დღემდე ყველაზე მეტ ფილმს უშვებს წლის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა ყველასთვის არ იყოს ცნობილი, რომ  ჰოლივუდიდან ნაწარმოები სახელის შერქმევა ტრენდად იქცა და მესამე მსოფლიოს კიდევ ბევრი ქვეყნის კინოინდუსტრია გამოირჩა. მაგ.: მოლივუდი – მალაიზიის, ლოლივუდი – პაკისტანის, ტაივუდი- ტაივანის, დალივუდი – ბანგლადეშის, გოლივუდი – განას, ზოლივუდი – ზიმბაბვეს და ნოლივუდი – ნიგერიული კინოინდუსტრიის სახელი, რომელიც ბოლივუდის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა წლიურად გამოშვებული ფილმების მიხედვით და ჰოლივუდსაც კი უსწრებს.

ნოლივუდური კინო პირველად 2017 წელს იუთუბის საშუალებით ვნახე. მისტერ და მისის ჟანრულად შეიძლება სასიყვარულო დრამას მიეკუთვნოს, თუმცა ძნელია, მელოდრამა უწოდო. ფილმი კენისა და სუზანის ურთიერთობაზე გვიყვება. კენი მდიდარი ოჯახის შვილი და ერთ-ერთი კორპორაციის დირექტორია, რომელსაც გადატვირთულობის გამო სახლში მუდმივი წესრიგი და ხელშეწყობა სჭირდება ცოლისგან, რაც ძირითადად დიასახლისობასა და მოახლეობას გულისხმობს. სუზანი ძლიერაა შეყვარებული მასზე და რამდენადაც შეუძლია მართავს სახლს, საჭმელს, სარეცხს, ქმრის საყვარელ მანგოს წვენს… მაგრამ ქმრის კმაყოფილებას მაინც ვერ იღებს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და კენი მასთან გაყრას ითხოვს, თუმცა, ვინაიდან კენის მამა პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, წინასაარჩევნო კამპანიაში განქორწინებას სკანდალად ვერ აქცევენ, ამიტომ ფარულ გაყრას გააფორმებენ ნოტარიუსთან და არჩევნებამდე ისევ ერთ სახლში იცხოვრებენ, ვითომ ისევ ცოლ-ქმარი იყვნენ.

“წვნიანი” სიუჟეტია, არა? ნებისმიერ დასავლურ მელოდრამას მოუხდებოდა ეს კონცეპტი. დაშორებულ წყვილს ისევ ერთ სახლში უწევთ ცხოვრება და ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს… სწორედ ეს აიმედებს სუზანსაც, რომელსაც კვლავ ძალიან უყვარს ყოფილი ქმარი და მისი დაბრუნებაც უნდა, ამისათვის კი  თავისუფალი ქალის როლის თამაშს იწყებს. იმის გარდა, რომ აღარ უწევს ქმრისთვის საჭმლის კეთება და მოახლეობა, სუზანი საღამოობით გასართობად გადის და ქმარს აეჭვიანებს. კენი თავდაპირველად კმაყოფილია განქორწინებით და ყოფილი ცოლისადმი გრძნობებიც არ აქვს. მას ერთადერთ რამეს სთხოვს – ოჯახის შემლახველი საქციელი არ ჩაიდინოს. თუმცა გადის დრო და შიშები იპყრობს, სუზანი ახალ ამპლუაში მომხიბვლელი და “საშიში” ქალი ხდება და შესაძლოა, სხვა კაციც იშოვოს. სწორედ ეს დაესიზმრება დივანზე ჩაძინებულ კენს და შფოთვით გაიღვიძებს. ფილმის ცენტრალურ სცენაში იგი კამერის წინ შეცვლილი გვევლინება და ღმერთს ეპიკურად შესთხოვს: “გთხოვ, უფალო, არცერთ კაცს არ მისცე უფლება ჩემს ცოლს შეეხოს, ის ჯერ კიდევ ჩემი ცოლია და ჯერ კიდევ მიყვარს”. ფილმის მეორე ნაწილში კი უკვე შებრუნებულ რეალობას ვხედავთ. კენი სუზანს შერიგებას სთხოვს, მაგრამ იგი ნიშნისმოგებით უარობს, სანამ მეორე ეპიკურ სცენამდე არ მივალთ, როცა მტირალი და მუხლზე დამხობილი ქმარი ითხოვს შერიგებას და ეუბნება, რომ მას ის სჭირდება როგორც ცოლი, მეგობრი, კომპანიონი და შვილების დედა, რაზეც სუზანი ჩაეკითხება: მოახლედაც? – არა, მოახლესავით აღარ მოგექცევი – და სწორედ ამ პირობის შემდეგ მოლბება სუზანიც და ფინალში ისინი რიგდებიან. 

სხვა არცერთ შემთხვევაში არ მოვყვებოდი ფილმის სიუჟეტს, მაგრამ აქ სიუჟეტი და მითუმეტეს ჩემეული (უცხო თვალით) მოყოლა ერთგვარ კულტურულ-ანთროპოლოგიურ აღწერა-ანალიზს გულისხმობს. ჩვენთვის (საქართველოდან მკითხველისთვის) რა ინფორმაციისა და კოდების მატარებელი შეიძლება იყოს ეს ფილმი ნიგერიულ სოციო-კულტურულ ცხოვრებაზე, განვითარების დონესა და ყოფაზე, მათ შორის მოსახლოების თუნდაც მორალურ ასპექტებსა და პროპაგანდაზე, რასაც ავტორები დებენ აღმზრდელობით-საგანმანათლებლო პლასტად.

დავიწყოთ იმით, რომ ნიგერია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა მსოფლიოში. აფრიკული ნავთობ-რესურსებით მდიდარი მხარე, რომელიც შობადობის ინდექსით ერთ-ერთი მოწინავეა და ყოველწლიურად მისი მოსახლეობა სტაბილურად 5 მილიონით იზრდება,  ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით 2-ჯერ ღარიბია საქართველოზე. ანეგდოტურია ის ფაქტი, რომ აფრიკის ყველაზე მდიდარი კაცი ნიგერიიდანაა (10 მილიარდით), და ამავდროულად,  პირველ ადგილზეა პროცენტულად მსოფლიოში უკიდურესად გაჭირვებული მოსახლების მხრივ. უფრო შემზარავად რომ გამოვსახოთ, მსოფლიოს უკიდურესად გაჭირვებული მოსახლოების ყოველ 12 კაცში 10 ნიგერიელია. 200 მილიონზე მეტი მცხოვრებიდან თითქმის ნახევარ-ნახევარია მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა, რომლებიც გადანაწილებულები არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში, სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა კიდევ 300-მდე ენა აქვთ და ერთი ძალიან დიდი ქალაქი ლაგოსი, რომელიც 14 მილიარდზე მეტი მცხოვრებით უკან იტოვებს ლონდონს, ნიუ იორკს, მოსკოვს და რიო დე ჟანერიოს. და ამ პირობებში კინოწარმოება იწყებს გაფურჩქვნას. 

ასეთი დიდი მასშტაბების ფონზე, კინოინდუსტრიის რიცხვები ძალიან მცირეა. მაგალითად, სრულმეტრაჟიანი ფილმის ბიუჯეტი 10-დან 30- ათას დოლარამდე მერყეობს და ფილმის წარმოების დრო დაახლოებით 2 კვირაა (მათ შორის იღებენ დიდი ქრონომეტრაჟის ფილმებს და 2 საათიან ნაწილებად ყოფენ).  ბუნებრივი განათება (ძირითადად დღის სცენები),  იაფფასიანი ციფრული კამერა, უფასო ლოკაციები, იაფი გუნდი, იაფი სპეცეფექტები, საშუალოზე დაბალი საშემსრულებლო ოსტატობა – ეს ის კომპრომისებია რაზეც “ნოლივუდი” მუშაობს. ამბობენ, რომ სიჩქარესა და სიიაფეს ხარისხი ეწირება (აქვე უნდა ითქვას, რომ ფილმი გამოსახულებითა და ხარისხით თრეშია, განსაკუთრებით უცხო ქვეყნებისთვის მიუღებელი სიუჟეტური ნიუანსებითა და ნიგერიული  დამტვრეული ინგლისურით), მაგრამ მწარმოებლები იმას აცნობიერებენ, რომ უბრალოდ ასეთ პირობებში წარმოიქმნა მოთხოვნა და ასეთი პროდუქტის მიწოდებაა ის, რაც ბაზარს ამუშავებს. მეტ ფულს ვერ ჩადებენ გადაღებებში – არ გაამართლებს. ეს მოდელი ჩამოყალიბდა და სანამ მუშაობს, მანამ ასე იქნება, ჯერ კი ყველაფერი მხოლოდ დასაწყისს ჰგავს, ვინაიდან “ნოლივუდის” დისტრიბუცია აქამდე თუ CD (და არა DVD)  დისკებზე მუშაობდა, ბოლო წლებში იუთუბი აითვისეს და საწარმოო ხარჯების სიმცირის გამო, ამ პლატფორმიდან მიღებულ მცირე შემოსავალსაც კი უკვე მოგებაზე გაჰყავთ. თვითკმარი სისტემაა და საოცრად მზარდი, რომელიც თავის მაყურებელსაც პოულობს და უფრო წარმატებული ბიზნესმოდელიცაა, ვიდრე თუნდაც ჰოლივუდი, რომლის წარმოებული ფილმების მესამედი ზარალზე გადის.

დავუბრუნდეთ სიუჟეტებს, რადგან საკვლევად ყველაზე საინტერესო ის ამბები მგონია, რასაც ფილმები ყვებიან მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. თავდაპირველად ამიტომ დავინტერესდი “ბოლივუდითაც” და “ნოლივუდითაც”, რომელშიც ინდოეთისგან განსხვევებით ჯერ არ ჩასულან ამერიკელები და თავიანთი სამაქტიანი სტრუქტურები ჯერ არ ჩაუტანიათ. შესაბამისად, ნიგერიული კინო ავთენტურიცაა, ნამდვილი აფრიკელი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები, სწორედ აქ შეგიძლია იხილო, მართალია არაესთეტურად, მაგრამ შეულამაზებლად. ჰოლივუდსა და კომიქსების (მარველის კომიქსები) სამყაროში არსებობს წარმოსახვითი აფრიკული ქვეყანა “ვაკანდა”, რომელიც წარმოადგენს აფრიკული კულტურისა (მონარქიული წყობა, ველური ბუნება, ადათ-წესები) და უმაღლესი ტექნოლოგიების ნაზავს, რომ თითქოს აფრიკელი ხალხი ინტელექტით, სიმდიდრითა და ტექნოლოგიებით ამერიკასა და ევროპაზე წინ წავიდა, მაგრამ დაიტოვეს ძველაფრიკული წესები, ჩაცმულობა და მენტალიტეტი. 2018 წელს ამ კომიქსის მიხედვით ფილმიც გადაიღეს შავი პანტერა და ამ 200 მილიონბიუჯეტიანი ფილმის მთავარ გამოწვევად სახელდებოდა შავკანიანების ჩვენება, რომლებიც არ იქნებოდნენ აფრო-ამერიკელები, არამედ ავთენტური აფრიკელები.

ცალკე საკითხია, რამდენად შეძლო ამ ბლოკბასტერმა მიზნის მიღწევა, მაგრამ ვექტორი სწორია, რასაც საუკეთესოდ ნიგერიული კინო წარმოაჩენს. ესაა აფრიკელების გადაღებული ფილმები თავიანთ თავზე, არცერთი სხვა ქვეყნის ფილმი არ ასახავს ნიგერიელთა კულტურას, ვგულისხმობ, მათი ცეკვის ფორმას, სიმღერის, ჩხუბის, თუნდაც სიყვარულის მათეულ ფორმას და ნოლივუდში ამის ნახვა შეუძლიათ. ეს უნდა იყოს მიზეზიც იმ გამონაკლისისა, რომ ნიგერიაში ადილობრივი კინოს ყურებადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია უცხოურ (ჰოლივუდურ) ფილმებთან კონკურენციაში და არსებობს პროგნოზიც, რომ უახლოეს წლებში მას გადაუსწრებს. აქვე საინტერესოა ისიც, თუ როგორ არის წარმოდგენილი ფილმები იუთუბზე. იმის მიუხედავად, რომ, ცხადია, ყველა ფილმს აქვს სათაური, უმეტესობას შევხვდებით დასათაურებულს ერთ წინადადებიანი სინოფსისით: “მდიდარი პრინცესა შეხვდება და შეუყვარდება ღარიბი სოფლის ბიჭი”, “მან არ იცოდა, რომ მათხოვრად გადაცმული კაცი, კარგი ცოლის მაძიებელი მილიონერი იყო”, “ძლიერი პატარა გოგონა და მისი ბოროტი მეგობრები”, “ჩემი ღარიბი ქმარი, რომელიც სახლიდან გავაგდე, ახლა მილიონერია”, “მას შემდეგ რაც მე და ჩემი შვილი ყველამ მიგვატოვა, ვიპოვე კაცი, რომელმაც მიგვიღო”, “ჩემს ცოლს ვექცეოდი როგორც საკუთრებას და შემახსენეს, რომ ნათხოვები მყავდა” და ა.შ. სიუჟეტები ყიდის და სწორედ სიუჟეტების მიხედვით ეძებს მაყურებელიც, ვის რომელი ამბის ყურება უნდა, უფრო სწორად – რომელი ზღაპრის, რადგანაც პრინცები, მილიონრები და პრეზიდენტის შვილები, რომლებიც ღარიბმა უნდა იპოვოს, როგორც ღირსეული ჯილდო მისი კეთილსინდისიერად ცხოვრების გამო – ზღაპარია. ფილმები სავსეა ჯუნგლებისა და ულამაზოდ აშენებული ძვირფასი ვილების უბნებით, პრინცებითა და პრინცესებით, აფრიკული სამოსით, ტალახიანი ქუჩებით, რეზინის ჩუსტებით, ჯინსებით, ჯიპებით და აიფოუნებითაც, კლასობრივი კონტრასტის პარადოქსული იმიჯებით და ისევ ისტორიებით მათ თანაარსებობაზე. ესაა პრიმიტიულად დამზადებული პრიმიტიული ფილმები პრიმიტიულ პრობლემებზე: როგორ არ მოვექცეთ ცოლს, როგორ არ დავჩაგროთ ღარიბი (ის შეიძლება პრინცი აღმოჩნდეს, რომელიც გვცდის), როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ ღირსეულმა მეუღლემ გიპოვოს და სხვა ცხოვრებისეული გაკვეთილები ან სიბრძნეები, რომლებიც რადგან ნიგერიელ მაყურებელს ანაღვლებს, ესეიგი კინოს დღის წესრიგშიც დგას.

ასეთ პირობებში, ალბათ, სკოლაც უძლურია ბავშვებს რამე ღირებულებები ასწავლოს, ე.წ. პოზიტიური პროპაგანდა მისცეს, სწორი ცხოვრების მაგალითი და არასწორი ცხოვრების საფასური აჩვენოს. როგორც ყოველთვის, პრიმიტიული თუ ღრმა ფორმით, სადაც ჩამოშლილია საზოგადოება, აღმზრდელობით და შემაკავშირებელ, თუნდაც მორალურ ფუნქციას ისევ ამბისყოლა ითავსებს. ყოველთვის ასე იყო – ადრე თუ ლიტერატურითა და ფოლკლორით, ახლა უკვე კინოთი. რატომაც არა?!