2023 წლის ფილმი, “ავტოპორტრეტი ზღვარზე” რომელზეც ანნა ძიაპშიპა შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა წარმოადგენს ავტორის მიმართებას აფხაზეთთან. ეს ერთდროულად პირადი და პოლიტიკური ამბავია, სადაც ანნა ეძებს საკუთარ სახლს, როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფორული მნიშვნელობით. აფხაზეთი ავტორის ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ამავდროულად ფილმი ამ ტერიტორიას არა მხოლოდ პიროვნული, არამედ საზოგადოებრივი მასშტაბის ფარგლებშიც იკვლევს. დათო ლობჟანიძესთან ინტერვიუში ანნა ძიაპშიპა საუბრობს როგორც ფილმის შინაარსობრივ მხარეზე, ასევე ფორმაზე, მუშაობის პროცესზე, მის პოლიტიკურ მხარეზე, ვიზიტზე აფხაზეთში და არა ერთ სხვა თემაზე.

*ხელმისაწვდომია ასევე ინტერვიუს შემოკლებული, ვიდეო ვერსია, რომლის ნახვაც ტექსტის ბოლოს შეგიძლიათ.

დათო ლობჟანიძე: პირველ რიგში იმ ადამიანებისათვის ვისაც ჯერ არ უნახავთ ფილმი, თუ შეგიძლია წარადგინო და გვითხრა, თუ რის შესახებაა ის?

ანნა ძიაპშიპა: ფილმი “ავტოპორტრეტი ზღვარზე” არის ავტობიოგრაფიული, დოკუმენტური ფილმი – საზღვრებით და იდენტობით შეპყრობილობაზე არის საბოლოო ჯამში. რადგან, ჩემი ოჯახი არის გაყოფილი ოჯახი, ნახევრად აფხაზური, ნახევრად ქართული და მთელი ცხოვრება რაღაცნაირად ეს სათქმელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით აფხაზეთის ომის მერე როცა უკვე ეს საზღვრები უკვე ფიზიკურადაც გაიყო და ჩემს სახლში დაბრუნება, რომელიც ჩემი ზაფხულების სახლი იყო, ჩემი ბაბუის აშენებული – რთული გახდა.

საბოლოო ჯამში მთელი ცხოვრება ეს გაყოფილი იდენტობა, საზღვრები… ოჯახში აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები, მაყალიბებდა როგორც ადამიანს და ამან იმოქმედა, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა იმაზე თუ როგორ ვფიქრობ ამ საკითხზე და რა მაინტერესებს ამ კუთხით და ამიტომ, ეს ფილმი არის ამის კვლევაზე საბოლოო ჯამში.

ჩვენება მქონდა რამდენიმე სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვანაირი ადამიანები ესწრებოდნენ. მაგალითად, ერთმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ბიჭმა მითხრა, რომ მეგონა ჩემზე იყო ფილმიო ოღონდ ომის გარეშეო. მეორე, ქალი მოვიდა და მითხრა მე ვარ გაშორებული ოჯახის შვილიო და გამახსენდა სკოლაში შემოდიოდნენო და გვეუბნებოდნენო გაშორებული ოჯახის შვილები ადექით ფეხზე, და ეგ არ გამხსენებია არასდროსო… და ახლა მივხვდი თუ როგორ შეიძლება რომ ამაზეც იყოს ეს ფილმი, თუ როგორ შეიძლება უცხოდ იგრძნო საზოგადოებაში თავი ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს გაუცხოების მომენტი სხვადასხვა კუთხით რომ გამოჩნდა, ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

დ.ლ.როგორ და როდის გაჩნდა ფილმის იდეა. რამდენი ხანი გაგრძელდა მუშაობის პროცესი და ამ პროცესში თუ შეიცვალა რაღაცები თუნდაც ის თუ რა უნდა ყოფილიყო ფილმის ფოკუსი?

– რომ დავასრულე ფილმი, ძველ მასალებს ვახარისხებდი – ნაწერებს, სინოფსისებს და ა.შ. და თითქოს პირველს დავუბრუნდი რომელიც პირველადად მქონდა დაწერილი, როგორ წარმომედგინა ეს ფილმი, პირველი თრითმენთი რომ ვნახე – ბუნებრივია რაღაც ცვლილებებით, მაგრამ ძალიან ჰგავდა იმას როგორიც გამოვიდა ფილმი ბოლოს. საინტერესო იყო ის, რომ პირველადი შეგრძნება, პირველადი იმპულსი მაინც ყველაზე სწორია ხოლმე. მერე მუშაობაში ის იწრიტება და იხვეწება, მაგრამ თხრობის ფორმატი მეტ-ნაკლებად მაინც იქ უკვე არსებობდა. ბუნებრივია, რაღაც ფორმებზე, გადაწყვეტებზე ვიფიქრე, მაგრამ იმპულსი როგორც ჩანს უკვე თავიდანვე იყო.

და რაც შეეხება ფიზიკურ იმპულსს რა მოხდა… ეს იყო ის, რომ რაღაცნაირად წავედი აფხაზეთში 2013 წელს და ვიპოვე ჩემი სახლი რომელსაც ფილმში დიდი ნაწილი აქვს, იმიტომ რომ სახლის ძებნაზეც არის ფილმი, არა მარტო ფიზიკური სახლის, არამედ სახლის როგორც იდენტობის და გათავისუფლებაზე ამ ყველაფრისგან. ეს სახლი რომ ვნახე და კარი გავაღე, თითქოს ამ 25 წლის დახუთულმა ინფორმაციამ ამოხეთქა, პანდორას ყუთივით იყო რომელიც ინახავდა ძალიან ბევრ კარგს, ცუდს, ყველაფერს ერთად, შეგრძნებებს, მეხსიერებას და იმდენად გაწუხებს ეს ყველაფერი ფიზიკურად, რომ წარმოუდგენელია ამას რაღაცა არ მოუხერხო, რაღაც ფორმად არ აქციო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფილმი. თუმცა, ამ 7 წლის განმავლობაში ამან მიიღო სხვადასხვა ფორმები – ხან სტატიის ფორმა მიიღო, ხან გამოფენა იყო – ფლუიდური გახდა ეს გამოჟონილი ინფორმაცია და სხვადასხვა ყალიბში სხვადასხვანაირ აუდიტორიას აღწევდა და სხვადასხვანაირ ასპექტს ეხებოდა ავტობიოგრაფიის და აფხაზეთის კონტექსტის.

საბოლოოდ, მთავარი ჩემი მიზანი, მაინც ფილმში მოქცევა იყო ყველაფრის. ეს ყველაზე რთული იყო. ფილმი ძალიან სინთეზურია, ბევრი ელემენტია, უფრო მეტი ფული ჭირდება, უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ მასალის დესაკრალიზაცია, ვიღაცისთვის გაზიარება, იმიტომ რომ დოკუმენტურ კინოში ხომ პროცესს მიჰყვები და თავიდან არ იცი რას იღებ, ან სწორად იღებ თუ არა. და ამიტომ ეკასთან [ეკა წოწორია – ფილმის მემონტაჟე] შეხვედრა და მონტაჟის პროცესის დაწყება იყო გათავისუფლება ამ მასალისგანაც და მიხვედრა ახლა რა შეიძლება რომ გავაკეთოთ.

გარდა ამისა, კიდევ ერთს დავამატებდი, ძალიან რთული იყო გადაღება. იმიტომ რომ მე რადგან ეს წვდომა აფხაზეთთან მაქვს, ჩავდივარ და ვიღებ ამ ყველაფერს, არ მინდოდა ვყოფილიყავი მესენჯერი იმ ამბების რასაც აქ ელოდებიან აფხაზეთზე, – რომ ეს არის მშვენიერი ბუნება, კარგი ზღვით, კარგი ჰაერით – აი ამის მოწოდება ჩემთვის იყო ძალიან პრობლემა და ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ როგორ უნდა გადამეღო, ან გადაღებული, გაფუჭებული პოსტქარდები როგორ უნდა ყოფილიყო სხვა ინფორმაციის მომტანი და არა მაინცდამაინც იმ აურის რომ რა კარგი ზაფხულები იყო აფხაზეთში, მაგის მიღმა ამბავი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა რთულია გაუძლო იმ ცდუნებას – მართლა ძალიან ლამაზი რომ არის… და კინემატოგრაფიული ეს არ გადაიღო… მე და ეკამ ძალიან ბევრი – ასეთი ტერმინი არსებობს მონტაჟის – “Kill your darlings” – ძალიან ბევრი ძვირფასი რაღაც მოვკალით ამ ფილმისთვის, რომელიც არ შევიდა ფილმში, თავიდან რომ ამის გარეშე ფილმი ვერ წარმომედგინა დღეს მისი ნაწილი არ არის და ეგეც რაღაცა გამათავისუფლებელია.

დ.ლ.ფილმი არის ძალიან პირადი, აქ შენს ბიოგრაფიას და განცდებს ვხედავთ. თუმცა, ამავდროულად ის პოლიტიკურია. პირადზე საუბრისას ხანდახან არსებობს რისკი დაივიწყო ზოგადი, საკითხის თუნდაც პოლიტიკური განზომილება. როგორ დააბალანსე ეს ორი მოცემულობა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ეს ფილმი ყოფილიყო ერთდროულად პირადიც და პოლიტიკურიც?

– მაგისთვის დამჭირდა შვიდი წელი. შვიდი წელი ვმუშაობდი ამ ფილმზე იმისთვის, რომ მეპოვა ეს ხმა, როგორ შეიძლებოდა, რომ ძალიან პირადი ამბავი რომელიც ჩემს ოჯახს ეხება, ჩემს ტრავმებს ეხება, ყოფილიყო საზოგადო და არ ყოფილიყო მარტო ვთქვათ, კონკრეტულად ეთნიკურ იდენტობაზე და სხვა ტიპის იდენტობებსაც შეხებოდა სიტყვაზე. ძალიან რთული იყო, მაგრამ მგონია აქ ძალიან დამეხმარა არქივის შემოტანა – როგორ შეიძლებოდა რომ ამის განზოგადება და მისაწვდომობა ყოფილიყო ბევრისთვის. არქივის დეკონსტრუქცია მგონია რომ მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ამ ძალიან პირადი ამბის განზოგადებისთვის. არქივი ძალიან დამეხმარა ამაში ყველაზე მეტად, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად რომ იხარშები ამ საკუთარ თავში, საკუთარ ბიოგრაფიაში, საკუთარ კითხვებში და როცა უკვე მუშაობ ფილმზე და არ ფიქრობ მხოლოდ ამაზე შენთვის, მაშინ უკვე ძალიან რთული არის იპოვო ის ხერხი რომ არ იყო ექსჰიბიციონისტური, მაგრამ თან შენს თავზე ილაპარაკო და იყო გულწრფელი, თან რაღაცნაირად განაზოგადო ეს ყველაფერი.

მე მგონი, ეს მთავარი გამოწვევაა დოკუმენტური კინოსი ჩემთვის – როცა ადამიანები ლაპარაკობენ თავის თავზე, როგორ უნდა განაზოგადო? მე მგონია, მე დამეხმარა მუშაობა მემონტაჟესთან, ეკასთან ერთად, იმიტომ რომ უფრო გამოვიწიეთ რაღაცნაირად უკან, ვდისტანცირდი და მივხვდი როგორ შეიძლებოდა ეს პირადი ამბავი, ყოფილიყო ხელშესახები სხვებისთვისაც.

ბევრი ვარიანტი, ათი ვარიანტი ვცადე მე თვითონ დამემონტაჟებინა და მერე მივხვდი, რომ მჭირდება უფრო გამოსვლა უკან და შორიდან შეხედვა რომ მივმხვდარიყავი როგორ შეიძლება ეს ძალიან პირადი ტრავმები მექცია საზოგადოდ. მე მგონია არქივთან თამაში, კომპილაციურობა, დისტანცირება, ირონია სავარაუდოდ, რომელიც ფილმში არის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ჰყვები შენს თავზე, არ იყო მოცული შენი თავით და იყო რაღაცნაირად ირონიული გარკვეულ მიმართებაში.

დ.ლ.თვითონ ფორმა თუ გეხმარებოდა ფილმი ყოფილიყო პირადი და ამავდროულად პოლიტიკური?

– კი, მე მგონი მეხმარებოდა მაგაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ეს კომპილაციურობა მეხმარებოდა. ეს რომ ყოფილიყო მარტო აფხაზეთში გადაღებული კადრები და ჩემი პირადი არქივი, მგონია რომ მაინც დარჩებოდა ძალიან სუბიექტურ ავტოპორტრეტად და როცა უკვე შემოდის კოლექტიური არქივი რომელსაც ყველა ვიცნობთ, მგონია რომ მაგ შემთხვევაში ძალიან აკავშირებს ბევრ რაღაცას იმიტომ, რომ გეცნობა, შენც იცი მაგრამ თან ბოლომდე შენი არ არის, იმიტომ რომ მაინც ავტორის სუბიექტური კუთხით არის დანახული, როგორც მე ვხედავ არქივებს ისე მინდოდა რომ დამენახებინა კოლექტიური არქივები ხალხისთვის. მე მგონი კომპილაციურობამ გვიშველა ამ შემთხვევაში და რაღაც ტიპის გულწრფელობამ ალბათ, ძალიან ვეცადეთ ყოფილიყო გულწრფელი, არ ყოფილიყო თამაში თხრობაში. შეიძლება რაღაცები მოგვეგონებინა ვთქვათ, ფორმის კუთხით, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გამომდინარეობდა ავტობიოგრაფიიდან და ბუნებრივია, რომ ავტოფიქციის მომენტები არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, თამაში ამ ყველაფერთან.

დ.ლ.მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ჩვენთვის გეოგრაფიულად, ფიზიკურად ძალიან ახლოსაა, ის გასაგები მიზეზების გამო ამავდროულად ძალიან შორსაა. ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთში არასდროსაა ნამყოფი ის ამავდროულად რაღაც გაგებით მითოლოგიურ ზღვარზეც კია. შენს ფილმში აფხაზეთში წასვლის ამბავი ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ მოგზაურობის შესახებ თუ შეგიძლია ილაპარაკო, როგორც პირადი განცდების მიმართულებით, ასევე ზოგადად, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს მოგზაურობა თუნდაც ბიუროკრატიულ დონეზე?

– ბიუროკრატიულად ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ 2013 წელს ვიშოვე ეს მოწვევა, ეს ქაღალდი. რახან არ აღიარებული სახელმწიფოა, პასპორტში ვერ არტყამენ ვერანაირ შტამპს და ამიტომ ფურცელი გაქვს, რომელსაც გაძლევენ საზღვარზე გადასასვლელად. მანამდე ძალიან ბევრი ვცადე, ყველა ჩემი კონტაქტით და არაფერი არ გამოდიოდა. არ ვნებდებოდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, დაკარგული ნაწილის აღდგენასავით იყო, რომლის გარეშეც ბოლომდე ვერ იქნები, ვერ იარსებებ. იმიტომ რომ შენი აღქმა ძალიან ცალმხრივი არის და ეს ცალმხრივობა მაწუხებდა.

2013 წელს ვიშოვე ეს მოწვევა და მართალი ხარ – ძალიან უცნაური იყო, ამინდიც კი ვერ შევამოწმე იმდენად აფორიაქებული ვიყავი და იმდენად მეგონა რომ ძალიან შორს მივდივარ, აი აქვე 500 კილომეტრში არის ხომ, მაგრამ ვერც მივხვდი რა მიმქონდა, როგორ მიმქონდა, როგორი ამინდია… მეტაფიზიკური სივრცე უფრო არის ჩემთვისაც კი, მიუხედავად იმისა რომ მე მაქვს შეხება, დავდიოდი და მეგობრები მყავს და ახლობლები… ძალიან მეტაფიზიკური იყო ეს წასვლა ძალიან გულწრფელად, მთელი თავისი საზღვარზე გადასვლით, ამ სახლის ძებნით, რომელიც პირველ ჯერზე მართლა ვერ ვიპოვეთ და ახლობლებთან შეხვედრით რომლებიც არ მელოდებოდნენ, იმიტომ რომ არ მითქვამს რომ ჩავდივარ, დავადე თავი და წავედი. მარტივი არ იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი უნდობლობა იყო ჩემს მიმართ – რატომ მომინდა ახლა უცებ, 2013 წელს ჩასვლა იმ ადგილას რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მთავარი ჩემი მომენტი იყო ამ უნდობლობის გადალახვა, ხალხში რომელიც ჩემი ნათესავები იყვნენ და მერე ახალ გაჩენილ მეგობრებში, რომ ეს კავშირი ყოფილიყო ძალიან ნდობაზე დამყარებული და მაგისთვის დამჭირდა დიდი დრო, მაგრამ რაღაცნაირად მოვიპოვე ეს ნდობა და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მანდ წასასვლელად. სულ მეშინოდა რომ მომხმარებლური არ ყოფილიყო ჩემთვის ამ სივრცის გამოყენება იმიტომ, რომ ეგეთი სივრცეები ძალიან საინტერესოა კინემატოგრაფიულად – ომის შემდგომი სუბტროპიკული ადგილები, რომელსაც ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, მონადირე ჰყავს – და სულ მეშინოდა რომ აი ეს სივრცე არ გამოვიყენო მაქსიმალურად და ფილმში ცოტა მასალა არის შესული დღევანდელი აფხაზეთიდან, იმიტომ რომ ძალიან რთულია თავი აარიდო ამ ადგილის ეგზოტიზაციას, თუნდაც არ გინდოდეს ეგზოტიზაცია, დიდი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის.

დ.ლ. – მე პირადად შენს ფილმს მივაკუთვნებდი ესეისტიკის ჟანრს. ეს ჟანრი წლებია რაც პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე, თუმცა, ნაკლებად პოპულარულია საქართველოში. რამდენად გაძლევს ეს ფორმა თავისუფლებას გადმოსცე გარკვეული ამბავი და რა არის მისი უპირატესობა სხვა ფორმებთან შედარებით?

– დოკუმენტური ესე ჩემთვის ისეთი მწვერვალია, ისე მიყვარს, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე ჩემს ფილმს დავარქვა, რომ დოკუმენტური კინო ესე არის. თუმცა, ბუნებრივია, ესეს ელემენტი აქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი ფილმი რაღაცნაირი თამაში არის იმ ავტორებთან რომლებიც ძალიან მიყვარს – ჯონ სმიტი იქნება თუ კრის მარკერი, შანტალ აკერმანი და სხვა ავტორები, რომლებმაც ჩემზე დიდი კვალი დატოვეს. ამიტომ ეს თამაშის ელემენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ფორმების მიღმა გასვლის საშუალებას გაძლევს, მუდმივად რაღაც ექსპერიმენტის კეთების.

იგივე არქივთან მიმართებაში, ძალიან მიყვარს საარქივო ფილმები, საარქივო ესეი ფილმებიც მათ შორის – ბილ მორისონი იქნება თუ სხვა ბევრი ავტორი, რომელიც თამაშობს არქივთან, რომელიც ცდილობს რომ არქივი სუბიექტური გახადოს და დაიმორჩილოს ეს კოლექტიური ინფორმაცია, ითამაშოს ამით და თავისი კუთხით დაგანახოს, როგორ უყურებს მას. ამიტომ ყველა ეს ფორმა თან გაძლევს თავისუფლებას და თან დიალოგში გამყოფებს ამ ავტორებთან და საკუთარ თავთანაც. თან როცა ფორმა გაძლევს თავისუფლებას, თითქოს საშუალება გაქვს დასვა ბევრი კითხვა და არ გქონდეს ძალიან მკვეთრი პასუხები. ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან გამომდინარეობს თემიდანაც – აფხაზეთის თემა ისეთი არის, რომ ყველას აქვს აზრი და მკვეთრი პასუხი ამ თემაზე.

მე არ მინდოდა და ისედაც არ მქონდა [პასუხი], იმიტომ რომ სოხუმში წასვლის მერე გამიჩნდა ახალი პერსპექტივა და ახალი ხედვის კუთხე და ახალი ხედვის კუთხეს ჭირდებოდა ახალი ფორმა და არა უკვე აღიარებული და აქ ბევრჯერ გამოყენებული ფორმები რომელიც არსებობს დოკუმენტურ კინოში. ამიტომ, ამ შინაარსმა, თემამ სურვილი გამიჩინა მეთამაშა ფორმებითაც და მაყურებელთანაც, მეთამაშა, მათ აზრებთან.

პირველი დიდი დისკუსია როცა იყო ფილმის ჩვენების შემდეგ “ამირანის” დიდ დარბაზში, ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ დარბაზში ვიდექი და დიდ დარბაზი რთულია დისკუსია, 10 წუთი გაქვს თან და ვატყობდი, რომ რამდენიმე ადამიანმა რაღაცა ტიპის პროტესტი გამოხატა, მაგრამ ვერ ვხდებოდი რა პროტესტს გამოხატავდა… და მეგობარი მეუბნებოდა, რომ მე განცდა მქონდაო რომ 30 წლიანი ყინული რომ გალღვება, იმიტომ რომ სხვა კუთხიდან დაუბერა ცხელმა ჰაერმა და ვერ ხვდებიან ჯერ რა ხდებაო… ეგეთი განცდა მქონდა, ამოძახილები იყო იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ფორმით როცა შენ თავს აშიშვლებ, ძალიან რთულია მკვეთრი იყო და შენი პოზიცია ხისტად გამოხატო, ამიტომ ამ შეფასებაში იყო გაუცხოება, რაღაცა სიახლე, მაგრამ სიახლეს რომ აპროტესტებ და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე მზად ვარ რომ ეს ფილმი შეიძლება იყოს ვიღაცებისთვის კონტროვერსიული, რაღაცებში არ დაეთანხმონ, ეგ არის ჩემთვის საინტერესო. არ მაინტერესებს კინოს ისე კეთება, რომ ვიღაცას ვასიამოვნო, ან საჩუქარი გავუკეთო აფხაზეთის კადრების ჩამოტანით ამ შემთხვევაში… მე მაინტერესებს შეჯახება სად შეიძლება მოხდეს ფორმის კუთხითაც და შინაარსის კუთხითაც.

———————————————————————————

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015