(არიელის ლექსებიდან)

თარგმანი – ლუკა კუჭუხიძე

—————

ტ.ს. ელიოტის ლექსი – “სიმეონის სიმღერა” პირველად 1928 წელს გამოქვეყნდა.
ლექსი სიმეონის ბიბლიური ისტორიით არის შთაგონებული. ლუკას სახარების მიხედვით, სიმეონი ღვთისმოსავი ებრაელი იყო, რომელსაც სულიწმიდამ აღუთქვა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა.
როდესაც ჩვილ იესოს ტაძარში მიიყვანენ, სიმეონი აღიარებს მას და წარმოთქვამს სადიდებელ ლოცვას, რომელიც ცნობილია როგორც “Nunc Dimittis” (the Song of Simeon).

ელიოტის ლექსი ცნობილია თავისი რთული მრავალშრიანობით და რელიგიური თემების ძიებით, სადაც რწმენის, მონანიების და დროის წარმავლობის თემებია გაშლილი.
იგი ითვლება მის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაშრომად, როგორც რწმენის და ადამიანური მდგომარეობის ღრმა კვლევის მაგალითი.

—————

უფალო, რომის ჰიაცინტები ყვავილობენ ქოთნებში და
ზამთრის მზე მიიპარება თოვლიან გორაკებზე
წელიწადის შეუპოვარი დრო ესტუმრა ჩვენს მხარეს.
ჩემი ცხოვრება შემსუბუქდა, სიკვდილის ქარის მოლოდინში
როგორც  ბუმბული, ჩემი ხელის გულზე
მტვერი, რომელიც ტრიალებს სინათლის შუქზე და მახსოვრობა კუთხეში
ელიან ცივ სიოს, სიკვდილის ჟამს,
რომელიც, გაუძღვება მათ გარდაცვლილთა მიწისაკენ.

გვიბოძე, შენი მშვიდობა.
მრავალი წელი განვვლე შენ წინაშე, მე ამ ქალაქში.
ისე, რომ შევინახე რწმენა და მარხვა და არ დავივიწყე მე
უპოვარნი.
ვიღებდი და გავცემდი მე, პატივსა და სიმშვიდეს,
არავინ გამისტუმრებია, ჩემი კერიიდან ხელცარიელი.
ვინ გაიხსენებს ჩემს სახლს, სად მიაგნებენ ნავსაყუდელს შვილები ჩემი შვილებისა
გლოვის ჟამი რომ ჩამოწვება მაშინ?
ისინი გაჰყვებიან თხათა ბილიკებს და მიაგნებენ მელიის
ბუნაგს,
დაემალებიან უცხო ხმლებსა და უცხო სახეებს.
უბედობის, გოდებისა და განადგურების დრომდე

გვიბოძე მშვიდობა შენი.
განდევნის მთის სადგურებამდე,
დედის მწუხარების ჭეშმარიტ დრომდე,
ახლა და აქ,  გარდაცვალების დაბადების ჟამს.
დაე ეს ჩანასახი, ეს ჯერ ართქმული და უსიტყვო სიტყვა
იქცეს ნუგეშად ისრაელისთვის,
მისთვის ვისაც ოთხმოცი წელი მოუტოვებია, მაგრამ აღარ აქვს ხვალინდელი დღე, კვლავ გასავლელი.

შენი სიტყვის თანახმად,
შენთვის იგალობენ ისინი და მოთმინებით იცხოვრებენ,
ყოველ თაობაში,
დიდებითა და დამცირებით,
სინათლისაგან სინათლით ქმნილ წმინდანთა კიბეზე,
აღმავალნი.

ჩემი არ არის მოწამეთა გზა, ლოცვის და ფიქრის ექსტაზი,
ჩემი არ არის უკანასკნელი ზმანება,
მიბოძე შენი სიმშვიდე.
და ხმალი, რომელიც განგმირავს შენს სულს.
მე დავიღალე ჩემი ცხოვრებით, და მათი ცხოვრებით, ვინც მე მომდევს.
მე ვკვდები ჩემი სიკვდილით და მათი სიკვდილით, ვინც მე
მომდევს.
გაათავისუფლე მხევალი შენი,
რადგან ვიხილე მე უკვე,
შენი ხსნა.