(არიელის ლექსებიდან)
თარგმანი – ლუკა კუჭუხიძე
——————
შობისადმი განსხვავებული მიდგომები არსებობს;
ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია უგულებელვყოთ:
სოციალური, მოსაწყენი, აშკარად კომერციული,
თავაშვებული (შუაღამემდე გახსნილი ბარები)
და ბავშვური – თუმცაღა, სრულებით არა ისეთი, როგორსაც თავად ბავშვთან
ვხედავთ,
რომლისთვისაც სანთელი – ვარსკვლავია, მოოქრული ანგელოზი კი,
ფრთები რომ გაუშლია ნაძვის ხის თავზე
არა უბრალოდ დეკორაცია – არამედ ანგელოზი.
ბავშვი გაოცებულა ნაძვის ხის ხილვით:
დაე გაგრძელდეს მისთვის ეს დღესასწაული,
გაოცების სულისკვეთებით, როგორც მოვლენა და არა როგორც სხვა რამის შემთხვევა;
დაე კაშკაშა აღტაცება, პირველი ნაძვის ხით აღფრთოვანება მის მახსოვრობაში,
და საჩუქრები, და სიამოვნება ახალ შენაძენთაგან
(თითოეული, თავისებური, საამო სურნელებით),
და მოლოდინი ბატის ან ინდაურის,
და მოსალოდნელი მღელვარება მათი გამოჩენისას,
დაე ეს სიხარული და მოკრძალება
არ იქნენ დავიწყებულნი შემდგომ გამოცდილებაში,
მოწყენილობაში, ჩვევაში, დაღლილობაში, სიცოცხლისგან გულისრევაში,
სიკვდილის შეცნობაში, საკუთარი მარცხის შეგნებაში,
ან კი ნეოფიტის ღვთისმოსაობაში, თვითკმაყოფილებას რომ მისცემია,
ღმერთისთვის შეუფერებელს და ბავშვებისთვის უპატივცემულოს
(აქ კი მე ვიხსენებ მადლიერებით,
წმინდა ლუსიას, მის საშობაო საგალობელს, მის ცეცხლოვან გვირგვინს):
რათა თავად დასასრულის წინ, მეოთხმოცე შობას
(„მეოთხმოცეში“ აქ – უკანასკნელ წელს ვგულისხმობ მხოლოდ)
ყოველწლიური ემოციის დაგროვილი მოგონებები
ერთ დიდ სიხარულში გაერთიანდეს,
რომელიც იმავდროულად – დიდი შიშიცაა, როგორც იმ დროს,
როცა შიში ყველა სულს ეუფლებოდა;
რათა დასაწყისმა დასასრული გაგვახსენოს
პირველმა მოსვლამ კი მეორეზე ილაპარაკოს.
