თარგმანი – ლუკა კუჭუხიძე

ლონდონის ხანძარში დაღუპული გოგონას დატირებაზე უარის თქმა

მანამ სანამ, ადამიანის,
ფრინველთა, ცხოველთა და ყვავილთა შემოქმედი,
უკანასკნელი წყვდიადი,
მდუმარედ არ გვიჩვენებს სამყაროსა და საუკუნის დასასრულს
და საღამო ჟამი არ წარდგება
ზღვის ხმაურიდან, როგორც მისივე ტალღა.

არ მივაშურებ მე, წყლის წვეთის სამყოფელს, სრულქმნილს
და სიმინდის ტაროს მარცვალთა სინაგოგას.
არცერთ ბგერით ჩრდილს არ დავუთმობ მე ლოცვას,
ჩემი მარილის არცერთ ნამცეცს,
არ ჩავასვენებ გლოვის აკლდამაში, დასატირებლად.

გოგონას ცეცხლის და მისი სიკვდილის სიდიადის.
და არ გავწირავ მე კაცობრიობას, ჩემი საუკუნო სიმართლის მისაღწევად.
და სუნთქვის სადგურების სირბილით შემოვლისას,
არ შეურაცხვყოფ, კიდევ ერთხელ მე მას
და არ მივუძღვნი მე ელეგიებს
უბიწობას და ახალგაზრდობას.

იქ, მიწის სიღრმეში, პირველ მკვდრებთან ერთად თვლემს
ლონდონის ქალიშვილი,
მეგობართა გრძელ მანტიებში,
უდროობის მარცვლეულში, დედის შავ ძარღვებში,
უცრემლო ტემზის მოლივლივე წყლის საიდუმლოს ნაზიარები.
პირველი სიკვდილის შემდგომ,
მეორეს ნუღარ ელი.

(თარგმანი შესრულებულია 2019 წელს)