ავტორი: დათო ლობჟანიძე
გასულ ბერლინალეზე ბრენდტ ანდერსენის “უცხოთა საქმის” გუნდის წევრებთან პრეს-კონფერენცია შესაძლოა ყველაზე გამორჩეული იყო ფესტივალზე ჩვენების შემდგომ გამართულ დისკუსიებს შორის. პირველ რიგში იმიტომ, რომ საუბარი უშუალოდ ფილმზე თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო – არა იმიტომ რომ ნამუშევრის ტექნიკური თუ ფორმალური მხარე გარჩევის ღირსი და საინტერესო არაა – პირიქით, მასზე ბევრის თქმა შეიძლება და სწორედ ეს აქცევს ფილმის სათქმელს ეფექტურს – არამედ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაც მჭიდრო კავშირში არის ფილმში ასახულ რეალობასთან, უხერხულიც კი იყო აქ მთავარი თემა ღაზა, სირია და გლობალური კონფლიქტებით გამოწვეული მიგრაციული კრიზისი არ ყოფილიყო.
პრეს-კონფერენციაზე თანამედროვე სამყაროში იძულებით გადაადგილებულების მდგომარეობა ძალიან ზუსტად აღწერა მსახიობმა იასმინ ალ მასრიმ, რიტორიკული კითხვის მეშვეობით. “ვინ ხართ თქვენ როდესაც ყველაფერს კარგავთ, ვინ ხართ თქვენი გარდერობის, საწოლის და საყვარელი სკამის გარეშე, თქვენი აივნის გარეშე სადაც მზის ამოსვლას უყურებთ, ვინ ხართ თქვენ თქვენი მეზობლების, თემის გარეშე, ვინ ხართ თქვენი მოგონებების, ოჯახის, წარსულის, აწმყოს და მომავლის გარეშე?”
მასრის პერსონაჟი, ამირა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე კარგავს ყველაფერს და იძულებულია დატოვოს ქვეყანა, მაგრამ არა იმიტომ რომ მას უკეთესი მომავლის თუ გარემოს იმედი აქვს, არამედ უბრალოდ ეს ის მოცემულობაა რომელიც სხვა არავითარ ალტერნატივას არ ტოვებს. ეს ომისგან გამოქცეული თანამედროვე ადამიანის არქეტიპია, რომელსაც სამყარო ხშირ შემთხვევაში ზურგს აქცევს. ამ აპათიურ მდგომარეობას შეგვიძლია დავუკავშიროთ ფილმის სათაური, უცხოთა საქმე რომელიც უილიამ შექსპირის პიესიდან “სერ ტომას მორიდანაა” ნასესხები. მორის პირით შექსპირი აღწერს ყველაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს რომლებიც თავშესაფარს ინგლისში ეძებენ და რომლებსაც ზურგს აქცევენ. ამ აქტს ის ბარბაროსულ ქმედებად მიიჩნევს და თავის მემამულეებს ლტოლვილების მდგომარეობაში წარმოდგენას სთავაზობს – მოეწონებოდათ თუ არა მათ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფებს, სხვა ქვეყნისგან თავშესაფარზე უარის თქმა?
ბრენდტ ანდერსენის ფილმი ამირას ამბით იწყება. რთულია ამირას ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი უწოდო, რეალურად ფილმის მთავარი გმირი ყველა ის ადამიანია ვისაც სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფ სირიაში და მის შედეგად გამოწვეულ იძულებით მიგრაციაში უწევს ცხოვრება. ამ მოცემულობის აღსაწერად ანდერსენი, რომელიც ასევე ფილმის სცენარის ავტორია, შესაძლოა კინოში არც თუ ისე ორიგინალურ, მაგრამ ამბის გადმოსაცემად სწორ და ამავდროულად, სინემატიურ სტრუქტურას ირჩევს. ნამუშევარი რამდენიმე თავადაა დაყოფილი და ყოველ თავში კონკრეტული პერსონაჟის თვალთახედვიდან ვაკვირდებით ერთმანეთთან კვეთაში მყოფ მოვლენებს. პერსპექტივის მუდმივი ცვლა რეჟისორს აძლევს საშუალებას გადმოსცეს რეალობის რთული, ორაზროვანი ბუნება. ეს სირთულე და ორაზროვნება განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს ანდერსენის პერსონაჟების შემთხვევაში – მათი უმეტესობა კომპლექსური და არაერთგვაროვანია, როგორც ნებისმიერი ადამიანი.

ფილმის გუნდის წევრები 74-ე ბერლინალეზე, პრესისთვის ჩვენების შემდეგ
ფოტო: © Dirk Michael Deckbar / Berlinale 2024
“ცხოვრება არ არის შავ-თეთრი. კონტრაბანდისტი, რომელიც შესაძლოა ძალიან ცუდი ადამიანია, შეიძლება ძალიან კარგი მამა იყოს. ამავდროულად, თეთრი ჩაფხუტების [ოპოზიციური, წინააღმდეგობრივი მოძრაობა სირიაში] წარმომადგენელი, რომელსაც შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდეს გადარჩენილი და რომელსაც დიდ პატივს სცემენ თანამოქალაქეები, სულაც არ იყოს კარგი მამა,” ამბობს ანდერსენი ერთ ინტერვიუში.
სიუჟეტურად უცხოთა საქმე ხუთი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, ომის საშინელებებისგან გაქცეული ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილისკენ მიილტვიან, მაგრამ ეს მოგზაურობა სიცოცხლისთვის სახიფათო თავგადასავალია და დანიშნულების ადგილამდე ცოცხლად მისვლის შემთხვევაშიც კი, მათ ხელგაშლილი ცოტა ვინმე ელოდება. თუმცა, ცხადია ფილმი გაცილებით მეტია ვიდრე ერთ წინადადებაში მოქცეული სინოფსისი, ეს არის ამბავი რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას ასახავს და მაყურებელში ემპათიის და თანაგრძნობის გაღვიძებას ცდილობს.
„დარწმუნებული ვარ, სოციალური ცვლილებების მიღწევა ერთი ფილმის დახმარებითაც კი შეიძლება. თუ მე გამომივა ამ ფილმით გავლენა ვიქონიო იმ ადამიანებზე რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ვათქმევინო – ‘უფრო მეტი თანაგრძნობა გვმართებს,’ ეს ნიშნავს რომ ერთ ფილმს შეუძლია პირდაპირი ცვლილება გამოიწვიოს პოლიტიკაში,“ ამბობს ბრენდტი.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოთა საქმეში ხშირად ვხედავთ გმირების არც თუ ისე საუკეთესო მხარეებს, და მაგალითისათვის პერსონაჟი რომელიც თავდაპირველად მხოლოდ დადებითად გვეჩვენებოდა, კრიტიკულ მომენტში, სხვა პერსპექტივიდან, სულ სხვა, ნაკლებად მომხიბვლელი სახით წარმოგვიდგება, ფილმი გვაჩვენებს, რომ ხშირად ადამიანებს ასეთ ქმედებებზე გარემო ფაქტორები უბიძგებენ. ავტორი, რომელიც ცალსახად ჰუმანისტია, კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე და სისტემურ პრობლემებზე მიგვანიშნებს, რაც ინდივიდუალურ გმირობებსაც კი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ასე, მაგალითად ერთ-ერთ სცენაში ბერძენი მესაზღვრე ოფიცერი დანაშაულის გრძნობას განიცდის ერთ-ერთი ლტოლვილის მიმართ. თუმცა, სხვა პერსონაჟი, რომელიც ასევე ლტოლვილია, ცდილობს მესაზღვრე დაარწმუნოს, რომ დამდგარი შედეგი მისი ბრალი არაა. ცოტა ხნით ადრე, ფილმში გვესმის კონტრაბანდისტი პერსონაჟის (რომლის როლსაც ომარ სი ასრულებს) მონოლოგი სადაც ის მიგრანტების კრიზისს ერთგვარ ბიზნეს მოდელს ადარებს, მისი თქმით მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი სახელმწიფოა, კონტრაბანდისტები კი ის მიმწოდებლები არიან, რომლებიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ამრიგად, თავშესაფარზე უარს და ხშირ შემთხვევაში სიკვდილისთვის გაწირვას არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდი, არამედ ის სისტემა ქმნის, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს გადარჩენა უწევთ.

ფილმის მსოფლიო პრემიერამდე, ბერლინი
ფოტო: © Richard Hübner / Berlinale 2024
მიუხედავად იმისა, რომ უცხოთა საქმე მთავარ საკონკურსო პროგრამაში არ მონაწილეობდა და Berlinale Special-ის ფარგლებში იყო ნაჩვენები, ის მაინც პრიზით აღინიშნა – Amnesty International-ის მიერ დაწესებული პრიზით, რომელიც ასევე ფულად ჯილდოს, 5,000 ევროს მოიაზრებდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ანდერსენმა განაცხადა რომ ამ თანხას სრულად დაუბრუნებდა ორგანიზაციას, იმ პირობით რომ Amnesty International მას იძულებით გადაადგილებულების საჭიროებებს მოახმარდა.
ანდერსენი არის ავტორი რომელიც კინოს არა ცალკე მდგომ მოცემულობად ხედავს, სადაც ხელოვნება არსებობს ხელოვნებისთვის, არამედ როგორც საშუალებას გააკეთო რამე არსებითი მჩაგვრელი სისტემის შესაცვლელად. ამ მხრივ ანდერსენი კენ ლოუჩსაც შეგვიძლია შევადაროთ, ავტორს ვისი ფილმებიც სამყაროს საჭიროებებიდან გამომდინარე იქმნება და არა მხოლოდ რეჟისორის თვითგამოხატვისთვის.
ანდერსენი რომელიც 2023 წლის ნოემბერს იორდანიის მიერ ღაზისთვის ორგანიზებულ ჰუმანიტარულ მისიას შეუერთდა წლებია სხვადასხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული იორდანიასა და თურქეთში ლტოლვილებისთვის ბანაკების ორგანიზებაში. უცხოთა საქმე ანდერსენის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც თავის მხრივ ავტორის სარეჟისორო დებიუტს “ლტოლვილს” ეფუძნება, 2020 წლის 23 წუთიან ფილმს, რომელიც ოსკარების შორთლისტშიც მოხვდა. გაცილებით მდიდარია ანდერსენის საპროდიუსერო კარიერა, რომელიც 30-ზე მეტ ფილმს მოიცავს, რომელთა შორის მარტინ სკორსეზესთან თანამშრომლობის გამორჩევა შეიძლება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოთა საქმე აქტივისტური ფილმია. თუმცა, სამყარო მრავლად იცნობს არა ერთ ნამუშევარს რომელიც აქტივიზმის გარდა არაფერს გვთავაზობს, უფრო მეტიც, აქტივისტური ფილმების დიდი წილი ვერ ახერხებს კინოს როგორც მედიუმის მორგებას და ამიტომ მაყურებელში ემოციის აღძვრა უჭირს – უცხოთა საქმე ასეთი შემთხვევა არაა.
ის ფორმა რომელსაც ანდერსენი ირჩევს ტაქტიკური ხასიათისაა, რომლის მიზანიც რაც შეიძლება მეტი მაყურებლის მოზიდვასა და მათში ადამიანური თანაგრძნობის გაღვიძებაში მდგომარეობს. ამავდროულად, ამ მიზანს ნამდვილად არ ეწირება ფილმის სინემატიური ხარისხი. ასეთ შედეგს ავტორი კინოში ჭარბად არსებული ხერხების მეშვეობით აღწევს. აქ ჩვენ სხვა ელემენტების მიღმა ვხედავთ დინამიკურ სიუჟეტს და თხრობის ისეთ სტრუქტურას, რომლის მეშვეობით ინტრიგა მთელი ფილმის განმავლობაში ნარჩუნდება; მდიდარი ბიოგრაფიის მქონე პერსონაჟებს, რომლებიც რეალური ადამიანების ისტორიებზე არიან დაფუძნებული და დიდი კვლევის შედეგად შეიქმნენ; ბატალურ და დრამატულ სცენებს, რომლებიც მცირე ბიუჯეტის და დამოუკიდებელი წარმოების მიუხედავად ფილმში შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი და ასევე, ატიკუს როსის შესანიშნავ საუნდტრეკს, რომელიც ზურგს უმაგრებს და კრავს ფილმის ვიზუალურ და დრამატულ ნაწილს.
მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).
ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015
მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია
თუ უკვე ხართ ლიტაგორას შემომწირველი (დონაცია შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური), და გსურთ მიიღოთ დამატებითი მასალები ჩვენი საქმიანობიდან Newsletter-ის სახით, შეავსეთ ეს მცირე ფორმა http://eepurl.com/idbazT
