2024 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა, რაც კანონის ძალაში შესვლას გულისხმობს. 29 მაისს კი, საქართველოს პარლამენტმა “ოფშორების კანონზე” საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტო დასძლია. ორივე კანონს თვეების განმავლობაში ათიათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებდა.

რა პროცესების მომსწრენი ვართ დღეს, არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები და კანონები განპირობებული გეოპოლიტიკური კურსით, სადაც არჩევანი უნდა გაკეთდეს აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის, თუ ეს არის ძალაუფლების უზურპაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მოტივირებულია ხელისუფლების სურვილით აკონტროლოს საზოგადოება, გავლენა იქონიოს პოლიტ-ეკონომიკურ პროცესებზე და დარჩეს ძალაუფლებაში ხანგრძლივი პერიოდით.

როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა დასავლეთისგან მოკვეთის შემთხვევაში და რამდენად გვექნება თვითრეფლექსიის და თვითკრიტიკის საშუალება იმ სივრცეში რომელშიც შესაძლოა აღმოვჩნდეთ? ამ მდგომარეობის გასაანალიზებლად მკვლევრებს და აქტივისტებს რამდენიმე კითხვით მივმართეთ. სერიის პირველი ტექსტი წარმოადგენს ინტერვიუს ისტორიის მკვლევარ ქეთი სართანიასთან.

ინტერვიუ ჩაწერილია 31 მაისს, კანონის ძალაში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე.

—————————-

ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნებში, ხშირად წერენ, რომ საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, გზაჯვარედინზე და შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დროს ამ გეოგრაფიულ მეტაფორას პირდაპირ პოლიტიკურ სიტუაციას არგებენ – საით წავა საქართველო, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით?


2024 წელს, საქართველოში, პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს მრავალი განზომილება აქვს. ეს კომპლექსურობა მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის საკითხს, უსაფრთხოებას, შიდა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას.  პატარა ქვეყნისთვის კი ამ უკანასკნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

საქართველოს საზოგადოებისთვის ევროპული ინტეგრაცია ისტორიული და პოლიტიკური არჩევანია. ეს გზა სხვადასხვა თაობის მიერ მრავალჯერ თავიდან იმ იმედით იქნა არჩეული, რომ საზოგადოება მიიღებდა დამოუკიდებლობის დაცვის, სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესაძლებლობებს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის გაზაფხულზე, ზუსტად ორ თვეში, თავბრუდამხვევი სისწრაფით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებები („კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „ოფშორების კანონი“, „საარჩევნო კოდექსის/ცესკოს კანონი“) საშინაო და საგარეო დონეზე ფუნდამენტურ ცვლილებებს წარმოადგენს.


აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველო დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისგან თვითიზოლაციის გზას, ხოლო შიდა პოლიტიკაში კრიტიკული ჯგუფებისა და ოპოზიციური პარტიების გაქრობით ავტორიტარიზმის გზას დაადგება. ქვეყანაში ოფშორული სივრცის ამუშავების შემთხვევაში კი ეკონომიკური ექსპლუატაცია დასაქმების ლეგალური ნაწილი გახდება.

ავტორიტარული რეჟიმის ზრდის პირობებში ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მინიმალურ შესაძლებლობებიც კი ქრება.

არადემოკრატიული მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ღარიბი ეკონომიკისა და ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, მოქალაქე დაკარგავს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მინიმალურ გარანტიებს, მათ შორის, დასაქმებულთა ეკონომიკური უფლებების დაცვის არსებულ ბერკეტებს, როგორიც არის შრომითი უფლებების დარღვევის აღრიცხვა, მათი დაცვა, პროფესიული კავშირების წევრობა, გაფიცვის უფლება და სხვა.


ეს პროცესი ჰგავს ძალაუფლების უზურპაციის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ გამოვლინებას საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ არსებული საკანონმდებლო ინიციატივები მხოლოდ იმ ცვლილებების დასაწყისია, რაც ამ პროცესებს შეიძლება მოჰყვეს.

შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება მხოლოდ ამბის ნახევარია, ამ პროცესს მოჰყვება შიდა დემოკრატიაში ცვლილებები, რომელიც ამჟამად ავტორიტარიზმისკენ მძიმე, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით მიიჩქარის.

დასავლეთი ჭრელი, მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია. თუმცა, ის თავის თავში მოიცავს კრიტიკის უფლებას, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტსა და მოქალაქის პასუხისმგებლობას.

კრიტიკა, თვითკრიტიკა, რეფლექსია რუტინული სამუშაო პროცესის ნაწილია, რომელიც ევროპული დემოკრატიისთვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. დემოკრატიულ სისტემაში კრიტიკული გაცვლა ხშირად წააგავს უსარგებლო ბიუროკრატიას, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ფორმალურ თუ პრაქტიკულ პროცედურებში. სწორედ ეს მიდგომა ქმნის ევროპის დემოკრატიულ ტრადიციას, სადაც წესების დაცვა, მიუხედავად სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ყველასთვის სავალდებულოა; დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო პროცედურა არ არის;  განსხვავებული ჯგუფების პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის უამრავი ფორმა არსებობს.

ევროპის პოლიტიკური სისტემის ასეთი აღწერა უფრო თეორიულია და პრაქტიკაში, შესაძლოა მას ბევრი ხარვეზი ჰქონდეს. თუმცა, ადგილობრივი პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურ წესს წარმოადგენს ევროპის შიგნით ძალაუფლების, კეთილდღეობის,  უფლებების გადანაწილებისთვის ყოველდღიური შრომა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ –  გამარჯვებულს არ მიაქვს ყველაფერი, არამედ, კომპრომისული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საერთო გამარჯვებას.

თუ საქართველო უახლოეს დროში მოახერხებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას, ქვეყანა თავად გამოცდიდა ევროპული პოლიტიკის, მისი დემოკრატიის, გადაწყვეტილებების მიღების ტრადიციის სხვადასხვა მხარეს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა რადიკალური მიდგომის ნაცვლად, პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას სათავისოდ უფრო მეტი სასარგებლო რამ ენახა ევროპაში. ხოლო, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში, მრგვალ მაგიდასთან გაცილებით მეტი მექანიზმი არსებობს ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკის ფუნდამენტურად გასაკრიტიკებლად, და მისი უკეთესობისკენ შესაცვლელად, ვიდრე ღია კარიდან საუბარია.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოში არსებული სიდუხჭირისა და განვითარების შესაძლებლობების სიმწირის გამო, ევროპა საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული განვითარების ასპარეზად იქცა სპორტის, მეცნიერების, მედიცინის, არქიტექტურის, კულტურისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამ ტიპის შესაძლებლობების შეზღუდვა საგრძნობლად შეაფერხებს საქართველოში პროფესიონალი კადრების განვითარებას და მთლიანად, საზოგადოების წინსვლას.

როგორ წაიკითხავს მომავალში ისტორია 2024 წლის გაზაფხულს საქართველოსა და რეგიონში, რთული სათქმელია. თუმცა, არსებობს ისტორიის თანადროული წაკითხვა, როცა დღევანდელი დღე წარსულთან კავშირში, ისტორიის ექოს ფონზე, აქ და ახლა იკითხება. ასეთი მიდგომით, თანამედროვე საქართველოს პროცესების ერთ-ერთი გაგება იქნებოდა პატარა ქვეყნის მოქალაქეების ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის.

თუ 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა ფორმალურად აღადგინა საბჭოთა კავშირიდან გასვლით, შემდეგი პერიოდი სუსტი, თუმცა ხანგრძლივი პროცესია  დამოუკიდებლობის რეალურ ცხოვრებაში გამოსაცდელად, მისი პრაქტიკული შინაარსის შესაქმნელად, და საბოლოოდ, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის საჭირო მენტალიტეტის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების შესაქმნელად.

დღეს, თანამედროვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარე პროცესები, გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პროტესტი, ან მხარდაჭერა ევროინტეგრაციას. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც  „რუსული კანონის“ სახელით უფრო გახდა ცნობილი, იქცა აქტიური მოქალაქეობრივი პრაქტიკის განხორციელების, თვითორგანიზების ასპარეზად.  ასეთი მასშტაბის სამოქალაქო ცხოვრების პრაქტიკა საქართველოს უახლეს ისტორიაში არც ფორმით და არც შინაარსით, აქამდე არასდროს ყოფილა.