ავტორი: ნიკო ქელბაქიანი
2024 წლის 5 ივლისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც რეფორმისტმა მასუდ ფეზეშქიანმა ულტრაკონსერვატორი საიდ ჯალილი დაამარცხა. ფეზეშქიანმა ხმების თითქმის 55% აიღო, ხოლო ჯალილიმ – 45%.
ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 19 მაისს პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს დაიღუპა. არჩევნების პირველი ტური 28 ივნისს ჩატარდა, რომელშიც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ აიღო.
28 ივნისის არჩევნები იმითაც გამოირჩეოდა, რომ მასში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალი აქტივობა – 40% – დაფიქსირდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მეორე ტურში აქტივობა 50% – მდე გაიზარდა.
უახლოეს მომავალში ფეზეშქიანის პრეზიდენტობა, სავარაუდოდ, ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან ირანში პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში რეფორმისტების დაბრუნება მომავალ წლებში ირანში ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პრეზიდენტი პირველი პირი არაა, მასზე მაღლა დგას ქვეყნის უზენაესი ლიდერი (1989 წლიდან აიათოლა ალი ხამენეი), რომელსაც შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. სწორედ უზენაესი ლიდერია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მას ემორჩილება შეიარაღებული ძალები, რომლებშიც შედის რეგულარული არმია, გავლენიანი პარალელური არმია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია.

“ირანში საბოლოო გადაწყვეტილებებს უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იღებს”
ირანში პროკურატურა და ციხეების ადმინისტრაციაც აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობის მიღმაა. ისინი სასამართლო ხელისუფლებას ექვემდებარება, რომლის ხელმძღვანელსაც უზენაესი ლიდერი ნიშნავს. უზენაეს ლიდერს ექვემდებარება ასევე ირანის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელსაც ქვეყანაში ტელერადიომაუწყებლობაზე სრული მონოპოლია აქვს.
თუმცა პრეზიდენტიც ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას ქვეყანაში, რადგანაც იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. პირველ რიგში, პრეზიდენტი პირდაპირაა არჩეული, რაც მას გარკვეულ ლეგიტიმაციას სძენს და ხალხის განწყობასაც გამოხატავს. პრეზიდენტი ნიშნავს კაბინეტს (თუმცა მინისტრების კანდიდატურები პარლამენტმა უნდა დაუმტკიცოს) და მეტწილად წარმართავს ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბოლოო დასტურს, რა თქმა უნდა, საჭიროებს უზენაესი ლიდერისგან.
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად ტარდება. აქ კანდიდატების კვალიფიკაციას საზედამხედველო საბჭო ამოწმებს. საზედამხედველო საბჭო პირდაპირ თუ ირიბად ხამენეის მიერ არის დაკომპლექტებული და 12 სასულიერო და საერო იურისტისგან შედგება.
ირანის კონსტიტუცია გარკვეულ კრიტერიუმებს უსაზღვრავს საპრეზიდენტო კანდიდატებს (ასაკი, განათლება, მართვის გამოცდილება), თუმცა აშკარაა, რომ საზედამხედველო საბჭო სხვა პოლიტიკური ინტერესებითაც ხელმძღვანელობს და ყოველ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ათამდე კანდიდატს უშვებს. არსებობს წითელი ხაზებიც – რა თქმა უნდა, ისლამური რესპუბლიკის სისტემის მოწინააღმდეგე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საზედამხედველო საბჭოს არც ქალი კანდიდატი დაუშვია საპრეზიდენტო არჩევნებში არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს.
ამ სისტემის გამო ირანში არჩევნებს ხშირად არასამართლიანად მიიჩნევენ. წინა არჩევნებში 2021 წელს, საზედამხედველო საბჭომ იმდენი სერიოზული კანდიდატი დაბლოკა, რომ აშკარა იყო, რომ კონსერვატორ ებრაჰიმ რაისის უთავისუფლებდნენ გზას და მანაც არაკონკურენტულ გარემოში იოლად გაიმარჯვა.
თუმცა ირანის საპრეზიდენტო არჩევნები ხშირად მოულოდნელობებითაც გამოირჩევა, ხოლო ლეგიტიმაციისა და ძალაუფლების უთანასწორობამ ირანის წინა რამდენიმე პრეზიდენტი ისტებლიშმენტთან დაპირისპირების გზას დააყენა.
ვინ იყვნენ კანდიდატები ამ არჩევნებში?
სწორედ მოულოდნელობით გამოირჩეოდა ეს არჩევნებიც, რადგანაც არჩეული პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სულაც არ იყო გამორჩეული და დაწინაურებული პოლიტიკური ფიგურა, სანამ ამ არჩევნების ერთადერთი რეფორმისტი კანდიდატი არ გახდებოდა. საზედამხედველო საბჭომ იგი ხუთ სხვა კონსერვატორ კანდიდატთან ერთად დაუშვა არჩევნებზე.
მასუდ ფეზეშქიანი (დაბ. 1954) – ექიმი, კარდიოქირურგი, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი (2001-2005წწ.) რეფორმისტი პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ადმინისტრაციაში, პარლამენტის დეპუტატი თავრიზიდან 2008 წლიდან, სპიკერის პირველი მოადგილე 2016-2020წწ.. იგი აზერბაიჯანულ-ქურთულ ოჯახშია დაბადებული და პოპულარულია ჩრდილო-დასავლეთ ირანში ირანელი აზერბაიჯანელებით დასახლებულ პროვინციებში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი საზედამხედველო საბჭომ დაბლოკა, თუმცა გასაჩივრების შემდეგ დაუშვეს და ხელახლა აირჩიეს კიდეც.
ფეზეშქიანი ემხრობა ბირთვული შეთანხმების აღდგენას და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას. იგი ასევე აკრიტიკებს მორალის პოლიციის ძალადობრივ მეთოდებს (რამაც ირანში 2022 წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია) და ინტერნეტ ცენზურას (ირანში თითქმის ყველა სოციალური ქსელი დაბლოკილია, თუმცა VPN-ების საშუალებით მაინც უმეტესობა იყენებს). თუმცა ფეზეშქიანი, ისევე როგორც რეფორმისტების უმეტესობა, არ გადადის „წითელ ხაზებს“, არ აკრიტიკებს ხამენეის და, პირიქით, ამბობს, რომ ხამენეის დაწესებულ პოლიტიკურ მიზნებს შეასრულებს.
ფეზეშქიანს ამ არჩევნებში გაუმართლა, რომ ერთადერთი რეფორმისტი კანდიდატი იყო, მაშინ როცა კონსერვატიული ფლანგი საერთო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა. ფეზეშქიანს გვერდით დაუდგა თითქმის მთლიანი რეფორმისტული და ცენტრისტული ფლანგი, ხოლო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების არქიტექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი.
ფეზეშქიანმა პირველ ტურში ხმების 44% აიღო.
საიდ ჯალილი (დაბ. 1965) – ულტრაკონსერვატორი, ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს ყოფილი მდივანი 2007-2013წწ. და ირანის მთავარი წარმომადგენელი ბირთვულ მოლაპარაკებებში პოპულისტი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ადმინისტრაციის დროს. მკვეთრად ანტიდასავლურად განწყობილი ჯალილის პერიოდში ბირთვულ მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, წინსვლა არ ყოფილა, ხოლო ირანი გაეროს მძიმე სანქციების ქვეშ მოექცა, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.
ჯალილის, დიდი ხანია, საპრეზიდენტო ამბიციები აქვს. იგი მესამე ადგილზე გავიდა 2013 წლის არჩევნებში, ხოლო 2021 წლის არჩევნებში ებრაჰიმ რაისის სასარგებლოდ დათმო კანდიდატურა. ჯალილი საგარეო პოლიტიკის კუთხით რაისის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებდა, რაც დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად რუსეთთან, ჩინეთთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან დაახლოებას გულისხმობს. სოციალურ საკითხებში ჯალილი რელიგიური ფუნდამენტალისტების ფლანგს წარმოადგენს, რომლებიც ისლამური წესების დასაცავად ხისტ მიდგომებს უჭერენ მხარს.
ჯალილიმ პირველ ტურში ხმების 40% აიღო.
მოჰამად ბაყერ ყალიბაფი (დაბ. 1961) – კონსერვატორი, პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლიდან, თეირანის მერი 2005-2017წწ., ყოფილი მაღალი რანგის მეთაური ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. ყალიბაფი ყველაზე ხშირად სახელდებოდა რაისის სავარაუდო შემცვლელად რაისის სიკვდილის მერე, რადგან ყალიბაფსაც, დიდი ხანია, პრეზიდენტობის ამბიცია აქვს. მან კენჭი 2005, 2013 და 2017 წლებშიც იყარა და 2013 წელს მეორე ადგილზეც გავიდა.
ყალიბაფმა პირველ ტურში მხოლოდ 14% აიღო. მისი მარცხი კონსერვატორთა ფლანგში დაქსაქსულობის კარგი ილუსტრაციაა და შესაძლოა მის სამომავლო ამბიციებზეც იმოქმედოს. სწორედ ეს დაქსაქსულობა იყო ფეზეშქიანის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ყალიბაფმა მეორე ტურში ჯალილის დაუჭირა მხარი, გამოკითხვების მიხედვით, მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არ იყო მზად ბევრად უფრო რადიკალ ჯალილისთვის მიეცა ხმა.
მოსთაფა ფურმოჰამადი (დაბ. 1960) – ამ არჩევნებში ერთადერთი სასულიერო პირი. ფურმოჰამადი კონსერვატიული პარტიის „მებრძოლ სასულიერო პირთა საზოგადოების“ გენერალური მდივანია, ხოლო 1980-იან წლებში, რაისის მსგავსად, ე.წ. „სიკვდილის კომიტეტების“ წევრი იყო, რომელთაც პოლიტიკური დისიდენტების მასობრივი სიკვდილით დასჯა ედებათ ბრალად.
ფურმოჰამადიმ დებატების დროს ბევრი გააოცა სხვა კონსერვატორი კანდიდატების კრიტიკით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფურმოჰამადის მსგავსი ტრადიციული კონსერვატორები, რომლებიც 1980-იან წლებში თანამდებობის პირები იყვნენ, ამჟამინდელი კონსერვატიული ფლანგის მიმართ კრიტიკულად არიან ხოლმე განწყობილი.
ფურმოჰამადიმ პირველ ტურში 1%-იც ვერ აიღო.
თეირანის მერი ალირეზა ზაქანი (დაბ. 1966) და ვიცე-პრეზიდენტი და მოწამეთა და ომის ვეტერანთა ფონდის უფროსი ამირჰოსეინ ყაზიზადე-ჰაშემი (დაბ. 1971) – ორივე კონსერვატორი კანდიდატი. მათ აბრალებდნენ, რომ ფიქციური კანდიდატები იყვნენ, რომლებიც კამპანიისა და დებატების დროს უბრალოდ ჯალილის (ან ყალიბაფის) მიმართ თავდასხმებს მოიგერიებდნენ. დებატების დროს მათ მიმართ დასმული ფეზეშქიანის ირონიული კითხვა: „ბოლომდე რჩებით?“ გამართლდა და ორივემ 28 ივნისის წინ კანდიდატურა მოხსნა კონსერვატიული ელექტორატის გაუფანტველობის საბაბით.
ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის არჩევნებში მაღალი აქტივობა ყოველთვის მისი ლეგიტიმაციის დასტური იყო, თუმცა ბოლო წლების არჩევნებში აქტივობა 50%-ს ჩამოსცდა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია და ისიც, რომ ბევრი ირანელი თვლის, რომ არჩევნები არაფერს ცვლის, რადგან პრეზიდენტი რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს. ბოიკოტის კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის საპროტესტო მოძრაობის შემდეგ, რომელმაც გაამწვავა ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმაციის კრიზისი.
ისლამური რესპუბლიკის ოპონენტები აქტიურად მოუწოდებდნენ ირანელებს ბოიკოტისკენ. ზოგმა პირველი ტურის შემდეგ სოციალურ მედიაში წამოიწყო კამპანია „მოღალატე უმცირესობა“. ისინი არჩევნებზე მისულ ირანელებს რეჟიმის მომხრეებად და რეჟიმის დანაშაულებში თანამონაწილეებად რაცხავდნენ.
მეორე ტურამდე ორი დღით ადრე ხამენეიმ აღიარა, რომ პირველ ტურში აქტივობა მართლაც დაბალი იყო, მაგრამ იუარა, რომ ვინც ხმა არ მისცა მაინცდამაინც სისტემის მოწინააღმდეგეაო.
ირანელებს ციხიდან ბოიკოტისკენ მოუწოდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ნარგეს მოჰამადიმაც. ამ არჩევნებში ხმა არ მისცა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა და მწვანე მოძრაობის ლიდერმა მირჰოსეინ მუსავიმაც, რომელიც 2011 წლის შემდეგ შინაპატიმრობაშია.
საინტერესოა, რომ რეფორმისტების ლიდერმა მოჰამად ხათამიმ ამა წლის საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანს დაუჭირა მხარი. ფეზეშქიანს მხარი დაუჭირა ცენტრისტმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმაც (2013-2021). ფეზეშქიანის კამპანიაში რუჰანის ბევრი მინისტრის ჩართულობის გამო, კონსერვატიული ფლანგი ფეზეშქიანს აკრიტიკებდა, რომ მისი მთავრობა „რუჰანის მესამე ადმინისტრაცია“ იქნებოდა.
მეორე მხრივ, ბევრი რეფორმისტი და ცენტრისტი მეორე ტურის წინ სწორედ ჯალილის საფრთხით აქეზებდნენ იმ ამომრჩეველს, რომელიც პირველ ტურში არ მივიდა, ფეზეშქიანისთვის მიეცათ ხმა, რადგან ჯალილის გაპრეზიდენტებას შეიძლება ირანის შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება ბევრად უფრო გაერთულებინა და, მათი თქმით, ირანის „თალიბანიზაცია“ გამოეწვია.
როგორც ზემოთ ითქვა, პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია ირანში და ფეზეშქიანის გამარჯვებამ შეიძლება ბევრი არაფერი შეცვალოს. შეიცვლება რიტორიკა, მაგრამ ბირთვული შეთანხმების აღდგენა უფრო მეტად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
2015 წლის ბირთვული შეთანხმება სწორედ მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იგი 2018 წელს დატოვა და სანქციები აღადგინა. თუკი ტრამპი ამ ნოემბერში ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაამარცხებს, ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა ნაკლებად მოსალოდნელია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ხამენეის ნებაზეც, რადგან მისი თანხმობის გარეშე 2015 წლის შეთანხმებაც ვერ შედგებოდა.
ბევრი არაფერი შეიცვლება ირანის რეგიონულ პოლიტიკაში, რომელსაც მეტწილად ხამენეი და რევოლუციური გუშაგები აკონტროლებენ.
მიუხედავად ამისა, ფეზეშქიანის გამარჯვება შეცვლის ბოლო წლების ტენდენციას ირანში, რაც ძალაუფლების ყველა შტოს კონსერვატორთა ხელში მოქცევას გულისხმობდა.

პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 19 მაისს ჩრდილო-დასავლეთ ირანში ავიაკატასტროფაში დაიღუპა
ზოგადად, რაისის სიკვდილმა, რომელიც 85 წლის ხამენეის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებოდა, ირანში შორს მიმავალი გათვლები არია. ხოლო თუკი ხამენეი უახლოეს წლებში გარდაიცვლება, მემკვიდრეობის კრიზისის პირობებში ძალაუფლების ნებისმიერი გადანაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ირანში პრეზიდენტის პოსტი არცთუ იღბლიანი თანამდებობაა და საინტერესოა, რამდენად გადაურჩება ფეზეშქიანი პრეზიდენტობის ნავსს. იმის გამო, რომ პრეზიდენტს აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ არა საკმარისი ძალაუფლება, ბუნებრივ კონსტიტუციურ კრიზისს ქმნის ქვეყანაში.
ერთადერთი წარმატებული ამ პოსტზე, ალბათ, მესამე პრეზიდენტი ალი ხამენეი იყო (1981-1989), რომელიც 1989 წელს, 1979 წლის რევოლუციის წინამძღოლისა და ისლამური რესპუბლიკის პირველი უზენაესი ლიდერის, აიათოლა რუჰოლაჰ ხომეინის სიკვდილის შემდეგ, მის მემკვიდრედ შეარჩიეს. დანარჩენები ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდნენ.
აბოლჰასან ბანისადრი (1980-1981) – ხომეინისთან თავდაპირველად დაახლოებული პოლიტიკისა და ეკონომიკის თეორეტიკოსი რევოლუციის ქარტეხილებში მალევე დაუპირისპირდა ქვეყნის ახალ ისლამისტურ ისტებლიშმენტს და იმპიჩმენტის შემდეგ ქვეყნიდან გაქცევა მოუწია.
მოჰამად ალი რაჯაი (1981) – ბანისადრის ნაცვლად არჩეული რაჯაი ერთ თვეში საკუთარ პრემიერმინისტრ მოჰამად ჯავად ბაჰონართან ერთად ააფეთქეს ტერორისტული თავდასხმის დროს.
აქბარ ჰაშემი-რაფსანჯანი (1989-1997) – პრაგმატისტი პოლიტიკოსი, ხამენეისთან ერთად ირანში ყველაზე გავლენიანი ფიგურა. თუმცა ხამენეის კონსტიტუციურად მეტი ძალაუფლება აღმოაჩნდა, რაფსანჯანის გავლენები ნელ-ნელა შემცირდა და 2009 წლის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერის გამო კიდევ უფრო დასუსტდა.
მოჰამად ხათამი (1997-2005) – სწორედ ხათამიმ ჩამოაყალიბა რეფორმისტული მოძრაობა. თუმცა ბევრ ირანელს იმედი გაუცრუვდა, რადგან ხათამიმ ვერ შეძლო ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება. 2009 წლის საპროტესტო მოძრაობის შემდეგ ხათამის გაშუქება ირანულ მედიას გარკვეულწილად აეკრძალა, თუმცა ის კვლავაც რჩება რეფორმისტული ფლანგის ლიდერად.
მაჰმუდ აჰმადინეჟადი (2005-2013) – ირანელი „ნეოკონსერვატორი“ და პოპულისტი, რომელიც თავიდან ხამენეის პროტეჟე იყო, ისიც კი დაუპირისპირდა ხამენეის და ქვეყნის ისტებლიშმენტს თავისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სისტემამ იგი მყარად დაიცვა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და შემდგომი საპროტესტო მოძრაობის დროს. აჰმადინეჟადმა კენჭისყრა სცადა 2017, 2021 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ საზედამხედველო საბჭომ იგი ყოველ ჯერზე დაბლოკა.
ჰასან რუჰანი (2013-2021) – ცენტრისტი, რაფსანჯანისთან დაახლოებული პოლიტიკოსი. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება სწორედ მისი მიღწევაა, თუმცა 2018 წელს აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ მისი პოზიციები მყიფე გახდა. 2024 წლის ექსპერტთა კრების არჩევნებში, რომელსაც უზენაესი ლიდერის შერჩევა ევალება, საზედამხედველო საბჭომ რუჰანის კანდიდატურა დაბლოკა.
ებრაჰიმ რაისი (2021-2024) – კონსერვატორ რაისის ხამენეის მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 19 მაისის ავიაკატასტროფამ მისი მხარდამჭერების იმედები დაასამარა.
აღსანიშნავია, რომ 1981 წლის შემდეგ აჰმადინეჟადის (და ახლა უკვე ფეზეშქიანის) გარდა ყველა პრეზიდენტი სასულიერო პირი იყო. თუმცა ფეზეშქიანის პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა დომინანტობას ირანის პოლიტიკურ სისტემაზე ვერ შეცვლის.
