(თარგმანის და წინასიტყვაობის ავტორი – ლუკა კუჭუხიძე)

ჯეფრი ჰილი – მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისელ პოეტადაა აღიარებული. მისი სახელი ბრიტანულ პოეზიაში საგრძნობ ცვლილებათა პერიოდში გაჩნდა, როცა სახეზე იყო იმ წლებში დამკვიდრებული ე. წ. სასაუბრო სტილისგან დისტანცირება და მაღალი მოდერნიზმისადმი დაბადებული განახლებული ინტერესი. ჰილის შემოქმედება, თავისი მომთხოვნი ლექსიკით, რთული სინტაქსით და ამბიციურ თემათა კვლევით, ახლოსაა ისეთ ავტორთა პოეზიასთან, როგორებიც ტ. ს. ელიოტი და ეზრა პაუნდი არიან. ამავდროულად კი, ღრმა მორალური სერიოზულობა და ენის მუსიკალურობისადმი ყურადღება მას ჯონ მილტონთან და ჯერარდ მენლი ჰოპკინსთანაც ანათესავებს.

ჯეფრი ჰილის პოეზიას ფორმალური სიზუსტე, ენობრივი მოქნილობა, ისტორიის, რწმენისა და მორალის საკითხებისადმი სიღრმისეული ინტერესი ახასიათებს. ანგლო-საქსურ და ბიბლიურ ტრადიციებში ჩაძირული მისეული პოეტიკა შეპყრობილია ტრადიციის მემკვიდრეობით, სიკეთისა და ბოროტების დიალექტიკურ მიმართებებზე მედიტირებით. ბგერის სუფთა სრულყოფილება, ლირიკული ელეგანტურობით, დახვეწილი კალამბურებით, ჟღერადობის ან რეგისტრის ზედმიწევნით გათვლილი ცვლილებით, მრავალენოვანი თამაშითაა გამოხატული. მკითხველი თითქოს ტალღებს აკვირდება წყლის ზედაპირზე, დამაბნეველს, თუნდაც ერთი შეხედვით თვითნებურს; მაგრამ არამც და არამც ფსკერისკენ დაღმავალ მოძრაობას. მას ძალისხმევა მოეთხოვება, რათა შეუერთდეს პოეტს გზაზე, რომელზეც შესაძლოა იმედგაცრუებაც ელის, მაგრამ ამ უკანასკნელთან ერთად გამოწვევა, როგორც ერთგვარი ვიტალური ქაოსის აუცილებლობა.

ეპოქას, რომელსაც ზედაპირულობით და მარტივი პასუხებისადმი უკვე ჩვევად გარდაქმნილი მიდრეკილებით განმარტავენ, პოეზიის ჰილისეული ხედვა მოწმის სახით ევლინება, ახსენებს რა მას ენის მარადიულ ძალას, ეზიაროს ადამიანური ყოფნის ყველაზე უფრო ღრმა შრეებს, როგორც საიდუმლოს.

***

იმდენად იყო დაღლილი, რომ სიმღერის ერთი ნოტის მოსმენაც კი ძლივს შეეძლო: ტუსაღად გრძნობდა თავს ცივ მხარეში, სადაც ტვინი დამუნჯებულიყო, სული კი განცალკევებულიყო.

1

მიუზღე ამ ანგელოზს
ალმურმოდებული და მოწყურებული სახით რომ
იხრის თავს
მსხვერპლისადმი, საიდანაც იშვა.
ეს უფალია მწუხარებათა ეროსი
ვინც სწყალობს
არავის; ეს
ლაზარეა თავისი წყლულებით.

2

და შენ, ვინც შენი ნაზი, თუმც მაძიებელი ხმით
ძილიდან გამომიხმე, სადაც ვიყავი მე დაკარგული,
ვინც შენს გულთან მიმიკარი, რომ მომესვენა
და მივნდობოდი შენი არჩევანის დიად უკუნისს:
შენ მიერ შეპყრობილმა ვარჩიე აღარ მქონოდა მე არჩევანი,
შენში აღსრულებულმა აღარ ვეძიე შემდგომ არაფერი.
ახლა შენ მინახავ, შიშში რომელიც ნდობას ანადგურებს,
მიუსაფრობაში, სადაც ცოდვანი ჩემნი ზეიმობენ.
ვნებით ვარ აღვსილი, შენ კი ჩემს სურვილს
ლმობად გადააქცევ; ვნებადაცლილობის შენეულ
დარად ვიხევ მე უკან ყოვლისგან, რისკენაც ვილტვოდი,
გულმავიწყობის გამო თავს ვიზიანებ
ცრუ აღმაფრენათა გამო, რომელთაც ინარჩუნებ შენ ჭეშმარიტებაში
ვითარცა თითოეულ საგანს შენივე ჯვარზე.

3

Veni Redemptor, მაგრამ არა ჩვენს დროში.
Christus Resurgens,  მაგრამ არა ამ სამყაროში.
“Ave” – ჩვენ ვტირით და ექო გვიბრუნდება
Amor Carnalis – ია ჩვენი საცხოვრისი.

4

ო სინათლეთა სინათლევ, უზენაესო ნეტარებავ;
დამშვენდი ჩვენს ბაგეებზე – ჩვენივე უღირსობისთვის.
დრო დაუნჯდება ყოველ ასეთ ოქროს სამოსელზე; 
ჩვენი ნაკლულობა ჩვენივე ფუფუნებაა.
ჩვენი სიყვარული ის არის, რაც გვსურს რომ გვქონდეს;
ჩვენი რწმენა ჩვენს დღესასწაულებში განაგრძობს არსებობას.

5

გლოვის სიზმართა მოსაწყენი ხატებანი,
ეტმასნებიან ჩემი გულის ბუნებით მწუხარებას
ჩამჭიდე ხელი, ვინც შენს სიყვარულს არასგზით მიატოვებ, და არ გაფლანგავ მას აქ, სადაც დრო გაჩერდება.
შენ მიახლოვდები მისი სახელის სრული ნებადართვით
იმის სათქმელად რომ შენ ხარ ჩემი. მაგრამ შენ არ ხარ
და ის არ არის. განა შეიძლება სუნთქვა გამიჩერდეს
ძილის უსიცოცხლო ჩრდილთა თამაშობით?
სავსებით შეიძლება. ჯოჯოხეთის უმაღლესი ერთობანი
ადასტურებენ ამას, გამოღვიძებულნი იმით რაც მათ იციან:
იქ მრისხანება ვლინდება
ერთგულების შეგონებით, გამოწვლილვითად,
ჭეშმარიტება კი მიმიტირებს თავის დაცემას
დახეტიალობს გრძნობად თმენასა და ვნებას შორის.

6

აი შროშანის-ცეცხლის ნაცარი,
აი ხორცშესხმა ხანგრძლივ დაკითხვათა გრძელ მაგიდებთან,
აი ნამდვილი ქორწინება საკუთარ თავთან, საკუთარ თავში,
აი მარტოსული სურვილის განრისხება,
აი უხამსი თანხმობის გუნდი
აი ერთადერთი ხმა იმ ჭეშმარიტი ქების.

7

აღმაფრენითაა ის ნაჭრილობევი. მასვე
ეკუთვნის ყველა ჭრილობა.
ის დაატარებს მოწამის გვირგვინს.
იგი ქაოსის არის მბრძანებელი.
ის ოსტატია მხტომ სილუეტთა,
მასხარათა განხეთქილების,
სიამოვნებას პოვებს ბედის თხრობაში
და მგლოვიარედ იღვენთება განშორებისას.

8

მუსიკა გადარჩება, ის სფეროს შექმნის თავისას,
ტონთა ანგელოზი, მედუზა, ჰაერის დედოფალი,
და როცა მას მივუახლოვდებით ჩვენ გულწრფელი დატირებით,
ვერცხლი ვერცხლზევე ყინულად გარდიქცევა.

1978