ელენე ფიფია, იგივე Eleon წლებია საკუთარ ცხოვრებას მუსიკას უძღვნის.

ამ ეტაპზე მისი ავტორობით მსმენელს ორი სოლო ალბომის მოსმენა შეუძლია, Tales of the Forest (2020) და Ada Cosma (2023).

სტილისტურად რთულია ელენეს მუსიკა რომელიმე კონკრეტულ ჟანრს მიაკუთვნო, მელოდიის მხრივ აქ პროგრესული როკი, დრიმ-პოპი და ფოლკი ერთმანეთს ერწყმის. ნარატიულად კი, მსმენელმა Eleon-ის მუსიკის მოსმენისას შესაძლოა ზღაპრების სამყაროში აღმოაჩინოს საკუთარი თავი.

საკუთარ სიმღერებში ავტორი გვიყვება ამბავს რომელიც თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება, მაგრამ მუსიკალურ ენაზე თარგმნისას მითურ საბურველში ეხვევა. ელენემ მუსიკის მხრივ პირველი ნაბიჯები ზუგდიდში გადადგა, სადაც ის მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. ზუგდიდშივე გაიცნო მან საკუთარი ბასისტი, გოგა მაკალათია, ვისთანაც დღემდე თანამშრომლობს.

რამდენიმე წელია ელენე თბილისში ცხოვრობს და მუსიკას საკუთარ ოთახში, დიდი დიღმის ბინაში წერს. ელენეს მუსიკის უკეთ გასაცნობად ერთი დღე მასთან ერთად სარეპეტიციოში გადავატარეთ.