შონ ბეიკერის ბოლო ფილმის, ანორას მთავარი პერსონაჟი სექს მუშაკია. ამით ნაწარმოები რეჟისორის წინა ნამუშევრებს ჰგავს, თუმცა ანორას შემთხვევაში, ბეიკერს პლუტოკრატიის ელემენტი შემოაქვს, რასაც ის კლასებს შორის მატერიალური სიმდიდრის და ძალაუფლებრივი მდგომარეობის უდიდესი სხვაობის საჩვენებელ ბერკეტად იყენებს. ანორა რომანტიკული კომედიის ჟანრშია შეფუთული, თუმცა ფილმის რეალური თემა კლასობრივი ცნობიერის გამოღვიძებაა. ბეიკერი ჟანრობრივ კონვენციებს ინსტრუმენტად იყენებს, რათა პოლიტიკურმა მესიჯმა ფართო მასებამდე მიაღწიოს.

ესეს ავტორი: დათო ლობჟანიძე

ტიტანიკის შედარებით ნაკლებად დასამახსოვრებელ და ცნობილ სცენაში, როუზი [ქეით უინსლეთი] ჯეკს [ლეონარდო დი კაპრიოს] ეუბნება, რომ სულმოუთქმელად ელოდება იმ მომენტს როდესაც გემი ნიუ-იორკში შევა და მათი ურთიერთობა ამერიკაში გაგრძელდება.

ყველამ ვიცით რომ ამ ოცნებას აისბერგი ანადგურებს, თუმცა, აისბერგი ასევე ქმნის მითს სასიყვარულო ისტორიის შესახებ. ეს ურთიერთობა შეუძლებელია იმ უფსკრულის გათვალისწინებით რომელიც ამ ორი მთავარი გმირის კლასობრივი მდგომარეობის შემთხვევაში არსებობს.

სლავოი ჟიჟეკი თვლის, რომ რეალური კატასტროფა არა აისბერგის ტიტანიკთან შეჯახებაა, არამედ ის თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში როუზს და ჯეკს ურთიერთობა ნიუ იორკში მართლაც რომ გაეგრძელებინათ.

ჟიჟეკის აზრით, სასიყვარულო ურთიერთობა ამ ორ პერსონაჟს შორის, ინტენსიური სექსის შემდგომ, დაახლოებით ორი ან სამი კვირის თავზე გაქრებოდა.

რაღაც გაგებით, ანორა ჟიჟეკის თეორიის ეკრანიზაციაა. ანორა მითის ანტითეზაა, კლასობრივი ურთიერთობების დამიწებული აღწერა.

შესაძლოა, მითის შესაქმნელად აუცილებელი პირობა ამბის ზენიტურ მდგომარეობაში შეწყვეტაა, მომენტში როდესაც ვარდნა გარდაუვალია. ტიტანიკის შემთხვევაში ეს მდგომარეობა გემბანზე მდგომ როუზის და ჯეკის იკონურ სცენაში გამოიხატება. შემდეგ აისბერგის ჯერი დგება და ასე იქმნება მითი.

ფოტო: © Neon

მითი ვერ იარსებებს ადამიანების რეალური ცხოვრების ასახვის პირობებში, სურათის, სადაც სოციო-ეკონომიკური გარემო განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას.

ანორას შემთხვევაში შონ ბეიკერი გვაჩვენებს კლასობრივ ურთიერთობას კონტრასტის შექმნით, რაც გვიმარტივებს დავინახოთ ის ეკონომიკური ფაქტორები რომლებსაც ჩვენზე გავლენა აქვთ, მათ შორის ერთი შეხედვით ისეთ ნაკლებად მატერიალურ ფენომენზეც კი, როგორიც სიყვარულია.

სიყვარული მხატვრულ ნაწარმოებებში ფანტაზიის და ზღაპრების მთავარი თემა ოდითგანვე იყო. ჯეინ ოსტინის სიამაყე და ცრურწმენა შესაძლოა ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

თავის ნაშრომში, კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში, ეკონომისტი ტომას პიკეტი ჯეინ ოსტინის ამ ნაწარმოებში აღწერილ ამბავს შეუძლებელი ურთიერთობის მაგალითად იყენებს.

წიგნის მთავარ გმირებს, მისტერ დარსის და ელიზაბეთს შორის არსებული კოლოსალური ფინანსური სხვაობის გათვალისწინებით, გამორიცხული იყო მისტერ დარსის, მისი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელი ეთხოვა ელიზაბეთისთვის, ქალისთვის გაცილებით მცირე კაპიტალის მქონე ოჯახიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ცოლად მოყვანაზე.

პიკეტის აზრით, დღეს ჩვენ ახლოს ვართ ორი საუკუნის წინ შექმნილ მდგომარეობასთან ყველაზე მდიდრებს და ყველა დანარჩენს შორის არსებული კლასობრივი უთანასწორობის თვალსაზრისით.

ანორა პიკეტის თეორიის ილუსტრაციად შეგვიძლია დავინახოთ.

კლასობრივო ურთიერთობების და იმ ადამიანების ცხოვრების ასახვას ვისაც ეკონომიკურად ნაკლებად გაუმართლათ სოციო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, შონ ბეიკერის ფილმოგრაფიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

ბეიკერის ფილმების სამყარო სექს მუშაკების სამყაროა. ამ მხრივ არც ანორაა გამონაკლისი, აქ მთავარი გმირი ვის როლსაც მაიკი მედისონი ასრულებს (და ამას შესანიშნავად აკეთებს) სტრიპტიზის მოცეკვავეა. მას საკუთარი თავის მინიმალური უზრუნველყოფისთვის გამუდმებით მუშაობა და ბრძოლა სჭირდება.

თუმცა, წინა ფილმებისგან განსხვავებით, ბეიკერის ახალ სურათში დიდი სიახლეა. აქ ის კლასიკური ჰოლივუდის ისტორიას არა რეალისტურ რომანტიკულ ურთიერთობასთან აზავებს, სადაც მითი და სოციალური რეალიზმი ერთმანეთს ერწყმის. ამის მიღწევას ავტორი მარტივი, თუმცა, ეფექტური მიდგომის დახმარებით ახერხებს, რაც ფილმის სტრუქტურულ მხარეში გამოიხატება.

მთავარი გმირის, ენის (ანორა) მოკლე, თუმცა, საკმარისი აღწერის შემდეგ, ბეიკერი ზღაპრულ, ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ მოგზაურობას გვთავაზობს.

ენის სექს მომსახურების მისაღებად ვანია ეწვევა, როგორც მოგვიანებით ირკვევა, რუსი ოლიგარქის შვილი. ვანიას ენი მოეწონება და მასთან დიდი დროის გატარება სურს, რასაც ფულის სანაცვლოდ უპრობლემოდ ახერხებს. თუმცა, უნდა ითქვას რომ ფული არ არის ერთადერთი რამ რაც ენის ვანიაში ხიბლავს, ვანიას აქვს დადებითი თვისებები.

ფოტო: © Neon

ფილმის მონაკვეთი რომელიც ვანიას, ენის და მისი მეგობრების ლას ვეგასში გართობას აღწერს, ზედაპირული სამყაროს საუკეთესო აღწერაა. ეს სამყარო დაცლილია ყველანაირ სიღრმეს, რომელიც უგონო კონსუმერიზმის და გაქცევის ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ სევდიანი გარემოებაა, იუმორის დამსახურებით, ფილმის ეს ნაწილი გვართობს.

თუმცა, თუ ბეიკერის წინა ნამუშევრები ნანახი გაქვთ, ანორას ყურებისას შეიძლება მიხვდეთ რომ ეს მხოლოდ პრელუდიაა, ავტორი რაღაცისთვის გვამზადებს და ეს რაღაც ცხადია, მართლაც დგება. თუ ბეიკერის ფილმები არ გინახავთ, ფილმის მეტამორფოზა კომედიიდან დრამამდე თავისი მოულოდნელობით შესაძლოა მაყურებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდეს.

ანორას აქვს ის რაც აკლია მის წინა ფილმებს – სათქმელის გადმოსაცემად ტაქტიკური მეთოდის გამოყენება. ეს აუცილებელი პირობაა პოლიტიკური ფილმის შემთხვევაში, თუ რეჟისორს სურს სათქმელმა მაყურებელზე გავლენა იქონიოს.

მიუხედავად იმისა, რომ მაგალითისათვის, სამი ფილმი რომელიც ბეიკერის ფილმოგრაფიაში ანორას წინ უძღოდა, თავისებურად შესანიშნავია, გავლენა რომელიც ყოველ მათგანს მაყურებელზე შეეძლო მოეხდინა, დიდი არაა. მოდით ცხად რეალობას თვალებში შევხედოთ: ადამიანთა უმრავლესობას რომელიც საკუთარ ცხოვრებას შრომაში ატარებს მხატვრულ ნაწარმოებთან ურთიერთობისას გაქცევა სურს. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს მითის დანახვა უნდათ, ტყუილის, რაღაცის რაც მისცემს შესაძლებლობას გაექცნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს.

წითელი რაკეტა, პროექტი ‘ფლორიდა’ და მანდარინი მეტწილად კრიტიკოსებმა შეიყვარეს. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ ეს ფილმები ნიშურ, საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენდნენ, რომლებიც შედარებით ნაკლებად მომხიბვლელი იყო აუდიტორიისთვის რომელიც ჟანრობრივ კინოს არის შეჩვეული, მაყურებლისთვის რომლის სურვილი ეკრანზე ოცნებების და არა მათი ცხოვრების რომელიმე ნაწილის ამსახველი სარკის დანახვაში მდგომარეობს.

ბეიკერის წინა ფილმების მსგავსად, ანორა სარკეა, თუმცა, მისი წინა ფილმებისგან განსხვავებით, ის ასევე ოცნებების მწარმოებელი მანქანაა, რომელიც ჰოლივუდური სტილით გხიბლავს.

ფილმის პირველ ნაწილში მაყურებელი ზღაპრების და მითების სამყაროში ხვდება, თუმცა, ამბის განვითარებასთან ერთად, მითს ფეხიდან მიწა ეცლება. რაღაც მომენტში მაყურებელი ხვდება, რომ ეს ის არაა რასაც ელოდება, თუმცა, ეს გააზრება გვიან დგება; ამ დროს მისი ყურადღება გატაცებულია და ის მთლიანად ამბითაა მოცული.

ამ ეტაპზე ჩვენ გვსურს ვნახოთ კონკიას ზღაპრის მეორე მხარე. მისი ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი კი, ვანიას ოჯახში გამოიხატება.

ვინ არიან ზახაროვები? არის თუ არა ეს ოჯახი თუ  ზახაროვები უფრო კორპორაციას გვაგონებენ რომლის საზრუნავი მხოლოდ ბიზნესია?

ამ ოჯახისთივს შვილის ქორწინება სხვა არაფერია თუ არა საქმე და მას ბიზნესივით უნდა მიუდგე, რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით და ეფექტურად.

ვანია საკუთრების ნაწილია, რაღაც გაგებით ის შვილიც კი არაა; მისთვის მიყენებული ზიანი არის ოჯახისთვის მიყენებული ზიანი, მაშასადამე კაპიტალისთვის.

ზახაროვების ოჯახის ცხოვრებაში კერძო საკუთრების გადამწყვეტი როლის შესახებ ფილმში არაერთხელ გვახსენებენ.

ამის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი მაგალითი სცენაა სადაც თოროსი, კარენ კარაგულიანის (კიდევ ერთი შესანიშნავი პერფორმანსი) შესრულებით, ანორას საქორწინო ბეჭედს ართმევს და გარკვევით ეუბნება რომ ის ოჯახს ეკუთვნის.

ბეჭედი ანორას ფილმის დასკვნით ეპიზოდში დაუბრუნდება, თუმცა ეს ქოში არაა რომელსაც მას პრინცი ან მისტერ დარსი მიართმევს. ამას იგორი გააკეთებს, ზახაროვების მიერ დაქირავებული ადამიანი რომელსაც ანორა გოპნიკს ეძახის.

იგორი, რომლის ანორას მიმართ მზრუნველი და თბილი განწყობის შემჩნევა ფილმის პირველ ნახევარში შეგვიძლია, ამ სამყაროში ძლიერი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე ორიენტირებს და არა ფულის ან სტატუსის საშუალებით. იგორი შორსაა არქეტიპისგან ვისთანაც ანორას იდეალურ შემთხვევაში ყოფნა მოუნდებოდა. ის მისი ფანტაზიის სურათში არ ჯდება.

ამ ანტი-კონკია მომენტში, ფილმის მთავარი გმირი სიმბოლურად არა მაღალი კლასის წარმომადგენელზე ქორწინდება, არამედ ადამიანზე რომელიც მასთან სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად ახლოს დგას.

საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდამდე არის რამდენიმე მონაკვეთი სადაც ენი იჩემებს რომ მას ზახაროვების და მათი დამქაშების დამარცხება შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი მუქარა ზახაროვების მიერ სერიოზულად არ აღიქმება. თუ ენი მართლაც გადაწყვეტს ზახაროვებს სასამართლოში უჩივლოს, ადამიანი რომელიც ყველაფერს დაკარგავს თვითონაა.

კანონი ზახაროვების მხარესაა. არა იმიტომ რომ ის სამართლიანია, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია უარი თქვას ფულსა და ძალაუფლებაზე.

ზახაროვების ნამდვილი დამქაშები არა თოროსი ან მისი ძმა; უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიაყენონ ენის, ნამდვილი დამქაშები იურისტები არიან, ისინი ვისაც ამბის, მათ შორის ენის ამბის, თავდაყირა დაყენება შეუძლიათ.

ფოტო © Neon

ყოველ ჯერზე როდესაც ენის ეუბნებიან რომ კანონი შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული, ჩვენ ვხედავთ, რომ პერსონაჟი ამას იაზრებს, თუმცა ამ ეტაპზე მის გამომეტყველებაში ორაზროვნებაა.  

ეს ორაზროვნება იგორთან, უკანასკნელ სცენაში ქრება. ეს არის მომენტი სადაც ენი კლასობრივად იღვიძებს. იგორთან ჩახუტებული, ანორა ტირილს იწყებს, რაც იმის მომასწავებელია, რომ ის როგორც იქნა, ხვდება თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება და როგორ იყენებს კაპიტალი თავისი მიზნების მისაღწევად მათ ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლათ.

სწორედ აქ ჩანს ბეიკერის ბოლო ნამუშევრის სიძლიერე – მას მაყურებელი ამ მომენტამდე მიჰყავს; ეს არის კულმინაცია სადაც ჩვენ როგორც იქნა შეგვიძლია სარკეში ანორას თვალთახედვიდან ჩავიხედოთ.

თავის უმნიშვნელოვანესს ესეში, ღარიბი და პროლეტარიატი, რომელიც 1936 წლის ახალ დროებას ეძღვნება, როლან ბარტი ამბობს რომ ჩარლი ჩაპლინის ნამდვილი გენია მდგომარეობს მის უნარში მაყურებელს საკუთარი თავი გვერდიდან დაანახოს პერსონაჟის დახმარებით, რომელიც საკუთარ მდგომარეობას თავად ვერ ამჩნევს.

ახალ დროებაში ჩაპლინის პერსონაჟის სახით ვხედავთ ადამიანს, რომელიც საკუთარ მდგომარეობას არსებულ სოციო-ეკონომიკურ გარემოში ვერ აღიქვამს. თუმცა, ასეთი ასახვის დახმარებით, ჩვენ როგორც მაყურებელი, სრულ სურათს ვხედავთ. ვხედავთ იმას რასაც ვერ ხედავს პერსონაჟი.

ბეიკერი მსგავს მიდგომას იყენებს და გვაძლევს საშუალებას შევხედოთ ანორას მდგომარეობას უსაფრთხო დისტანციიდან; თუმცა, ჩაპლინისგან განსხვავებით, ანორას ფინალი განსხვავებულია.

ბეიკერი ენის გაზრდის საშუალებას აძლევს, სადაც პერსონაჟი ხვდება იმ ეკონომიკურ დეტერმინიზმს რომელიც ჩვენს სისტემას ასახავს. ასეთი ფინალის შექმნით, ავტორი გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ დავფიქრდეთ ანორას ბედზე, არამედ ასევე გადავხედოთ ჩვენში გამჯდარ შეხედულებებს. რაღაც გაგებით ეს სასტიკი ფინალია, მაგრამ ეს სისასტიკე შეიძლება აუცილებელი იყოს იმ რთულ რეალიებთან შეჯახებისას, რომელიც ჩვენს სამყაროს განსაზღვრავს.

Informa Connect Academy-ის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ილონ მასკი შესაძლოა უკვე 2027 წელს გახდეს ტრილიონერი, რაც იმას გულისხმობს რომ მისი კაპიტალი რომელიც დღეს 300 მილიარდი დოლარია სამჯერ და მეტჯერ გაიზრდება, სულ რაღაც ორი წელიწადის განმავლობაში.

დღეს, ვითარებაში როდესაც მდიდრები არა მხოლოდ მდიდრდებიან, არამედ სიმდიდრის უპრეცედენტო მწვერვალებს აღწევენ, სადაც სხვაობა ყველაზე მდიდრებს და ღარიბებს შორის, შესაძლოა იმაზე დიდიც კი იყოს ვიდრე ფეოდალიზმის დროს მეფეებსა და ყველაზე ღარიბ გლეხებს შორის, ჩვენ არ გვჭირდება ზღაპრები და მითები, რომლებიც სამყაროზე კიდევ ერთ ყალბ წარმოდგენას შეგვიქმნიან.

ანორას მსგავსი ამბები გვჭირდება, ისტორიები რომლებსაც კლასობრივი ცნობიერების გაღვიძება შეუძლიათ, და არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს იმის გააზრება თუ სად ვგავართ ამ სამყაროში ჩვენ, 99%, იმდენად რამდენადაც ამ გააზრებას მითისგან გათავისუფლება ძალუძს.