მიმდინარე მოვლენების ფონზე ყურადსაღებია ის არათანამიმდევრული, ხშირად რთულად ასახსნელი განცხადებები თუ ქმედებები რომელსაც ქართული ოცნება აკეთებს.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ყველაზე ახალი მაგალითი ცოტა ხნის წინ ევროინტეგრაციიის პროცესთან მიმართებაში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომლებმაც ათიათასობით გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში გამოიყვანა.
28 ნოემბერს მან ცხადად და ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და ასევე უარს იტყოდა ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. მოგვიანებით მან ეს განცხადება უარყო და უფრო მეტიც, გააკეთა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გაძლიერებული ძალისხმევის შესახებ. ცხადია, დანამდვილებით თქმა თუ რა არის მსგავსი არათანმიმდევრობის მიზანი რთულია. თუმცა, ფაქტია რომ ასეთი განცხადებები არალოგიკური და სიტუაციის დესტაბილიზაციის გამომწვევია.
ქართული ოცნების ასეთი მიდგომა შესაძლოა სულაც არ იყოს ორიგინალური და ახალი. გვსურს გაგიზიაროთ ამონარიდი ბრიტანელი დოკუმენტალისტის ადამ კერტისის 2014 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან Oh Dearism II, რომელშიც ავტორი რუსეთის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების და კონტროლის არაერთხელ გამოყენებულ მეთოდებს აანალიზებს და საუბრობს ერთგვაროვან, მუდმივად ცვლად არათანმიმდევრულ ტაქტიკაზე რომელსაც ის ადამიანებში ნიჰილიზმის დასანერგად იყენებს.
ქვემოთ მოყვანილი ტექსტის პირველი ამონარიდი მდგომარეობის აღმწერ და შეფასებით ნაწილს წარმოადგენს, მეორე ამონარიდში კი, ავტორი სასოწარკვეთის როგორც ძალაუფლებისთვის ხელსაყრელ ინსტრუმენტზე, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის აუცილებლობაზე და ძალაუფლების მიერ შემოთავაზებული წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიგვანიშნებს.
ადამ კერტისი – Oh Dearism II
თარგმანი: ლიტაგორა
მთელი წლის განმავლობაში ახალი ამბების დიდი წილი უიმედო, დამთრგუნველი და რაც მთავარია, დამაბნეველი იყო.
რეაქცია, რომელსაც ამ ყველაფერს შეიძლება დაუპირისპირო – “ო, ღმერთოა.”
თუმცა, ამ ფილმს შემდეგი რამის თქმა სურს – ეს კაპიტულანტური რეაქცია პოლიტიკური კონტროლის ახალი სისტემის ცენტრალურ ნაწილად გადაიქცა.
მისი არსის გასაგებად აუცილებელია რუსეთს შევხედოთ და “ჩვენი დროის გმირი” ადამიანი, სახელად ვლადისლავ სურკოვი დავინახოთ.
პრეზიდენტის [ყოფილი] მრჩეველი სურკოვი პუტინს ძალაუფლების 15 წლით შენარჩუნებაში დაეხმარა.
თუმცა, სურკოვმა ეს ძალიან ახლებური მიდგომით გააკეთა.
სურკოვი ავანგარდ არტ სამყაროდან მოდის.
ადამიანები, რომლებიც სურკოვის კარიერას სწავლობენ, ამბობენ, რომ მან კონცეპტუალურ ხელოვნებაში არსებული იდეები პოლიტიკაში დანერგა.
მისი მიზანი ადამიანებში სამყაროს სწორი აღქმის ძირის გამოთხრაში და რეალობის შეფასების ხელშეშლაში მდგომარეობს.
სურკოვმა რუსული პოლიტიკა გამოცანად, მუდმივად ცვალებად თეატრად აქცია.
ის აფინანსებდა ყველანაირი ტიპის ჯგუფს, ნეონაცისტი სკინჰედებიდან დაწყებული, ლიბერალური ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფებით დამთავრებული.
უფრო მეტიც, მან ის პარტიებიც კი დააფინანსა რომელიც პრეზიდენტ პუტინს უპირისპირდებოდნენ, თუმცა საკვანძო რამ რაც სურკოვმა გააკეთა ისაა, რომ მას საკუთარი განზრახვები არ დაუმალავს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე არავინ იყო დარწმუნებული თუ რა იყო მართალი და რა, ტყუილი.
ერთი ჟურნალისტის თქმით, ეს ძალაუფლების სტრატეგიაა, რომელიც მოწინააღმდეგეებს მუდმივად დაბნეულ მდგომარეობაში ამყოფებს, ფორმის მუდმივი ცვლის განუწყვეტელი პროცესია, რომლის გაჩერება მისი შეუცნობელი ბუნების გამო შეუძლებელია.
სავარაუდოდ, ზუსტად ეს გააკეთა სურკოვმა უკრაინაში წელს [საუბარია 2014 წლის მოვლენებზე აღმოსავლეთ უკრაინაში]. ომის დაწყებისთანავე მისთვის დამახასიათებელ სტილში სურკოვმა ტექსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მან ‘არასწორხაზოვანი ომი’ უწოდა.
ასეთი ომის პირობებში არასდროს იცი თუ რას აპირებს შენი მტერი ან თუნდაც ვინაა ის. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი სურკოვის თანახმად არა ომის მოგება, არამედ კონფლიქტის გამოყენებაში მდგომარეობს, რომელიც არასტაბილურობის აღქმის მუდმივ მდგომარეობას ქმნის, რაც თავის მხრივ მართვის და კონტროლის ინსტრუმენტია…
[გამოტოვებულია ტრანსკრიპტის ის ნაწილი სადაც კერტისი ასახულ ტაქტიკას დიდ ბრიტანეთში არსებულ მდგომარეობას უსადაგებს]
…ჩვენი დროების უცნაური მოცემულობა ისაა, რომ თანმიმდევრულად ვერაფერს ხსნი.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთიერთგამომრიცხავი ამბების ვოდევილში, რაც რეალური წინააღმდეგობის გაჩენას შეუძლებელს ხდის, რადგან შეუძლებელია ამ ყველაფერს თანმიმდევრული ნარატივი დაუპირისპირო.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ინდივიდები კიდევ უფრო მეტად უძლურები ვართ, რადგანაც მუდმივი დაბნეულობის და გაურკვევლობის პირობებში წინააღმდეგობის გაჩენის შესაძლებლობის გარეშე ვრჩებით. ამ ყველაფრის პასუხი ‘ო, ღმერთოა”.
თუმცა, ეს ისაა რაც მათ უნდათ რომ გათქმევინონ!
არათანმიმდევრული რიტორიკა როგორც პოლიტიკური კონტროლის იარაღი
