ავტორი: დათო ლობჟანიძე
შუა ხნის ასაკის კრიზისი ფილმად რომ წარმოვიდგინოთ, შესაძლოა ტომ ტიკვერის ახალი ნამუშევარი “სინათლე” ( Das licht) დავინახოთ.
სინათლე თანამედროვე ევროპის შიშების და პრობლემების კოქტეილია, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, ევროპის ეგზისტენციალური შფოთებიდან დაწყებული, სექსუალური თვითგამორკვევის სირთულეებით გაგრძელებული და პოლიტიკური გაურკვევლობით დამთავრებული.
ტიკვერის დიაპაზონი ამბიციურია, თუმცა ეს ამბიცია შორსაა ხორცშესხმისაგან.
ერთის მხრივ, ფილმი პირდაპირ ამბობს, რომ სამყაროს პრობლემები ევროპის პოსტ-კოლონიალური აზროვნების ბრალია, მაგრამ ამავდროულად, გაუთვითცნობიერებლად ახალი ტიპის ექსტრაქტივიზმის, ემოციური ექსტრაქტივიზმის იდეას ადვოკატირებს, სადაც თეთრი პრივილეგირებული ხალხი აღმოსავლეთისგან იკვებება. იმ სოციო-კულტურული ურთიერთობების ფორმებით, რომელიც ფილმის წარმოდგენით სადღაც “იქ” ჯერ კიდევ არსებობს. ეს თავისებური ორიენტალისტური ხედვაა, სადაც ახლო აღმოსავლეთი თუ აფრიკა პოზიტიური დისკრიმინაციის, შესაძლოა პატრონისტული მიდგომის და მზერის საგანიც კია.
ფილმი პრივილეგირებული ევროპის პერსპექტივიდან გვიყვება ამბავს. ამავდროულად, მისი პოლიტიკური, ხშირ შემთხვევაში კარიკატურული გზავნილები, საკუთარ არა თანამიმდევრულობაში იხლართებიან, რაღაც მომენტში ის კრიტიკის საგნად იდენტობის პოლიტიკას აქცევს და მიუხედავად ცხადი სიმპათიებისა ემიგრანტების მიმართ, მას ამ თემის გაშლა ზედაპირულადაც კი უჭირს.
აქ მთავარი გმირი კვლავდაკვლავ ევროპაა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გამოსავლად გლობალური სამხრეთის აღზევებას გვთავაზობს, სადაც ევროპას დახმარების ხელი ამ უკანასკნელმა უნდა გაუწოდოს.
ფილმს აქვს თავისი ღირსებები, მაგალითად რიგ მომენტებში სტილისტური თვალსაზრისით, რაც ტიკვერის საუკეთესო ნამუშევარს “გაიქეცი, ლოლა, გაიქეცის” გვაგონებს, თუმცა, მთლიან სურათში ფორმალური მხარე ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ არათანმიმდევრულ შინაარსობრივ ნაწილს, რაც კარგი ფილმის შემთხვევაში ამ ორ ელემენტს უნდა აერთიანებდეს, თუმცა, აქ ამ ყველაფერს განცალკევებულად, ეპიზოდურად და გაუგებარ სიბრტყეზე ვხედავთ.
სინათლის პრემიერა 75-ე ბერლინალეზე საკონკურსო პროგრამის მიღმა, Special სექციის ფარგლებში გაიმართა.
