ავტორი: დათო ლობჟანიძე
მეორე წელია ჟურნალისტებისთვის ბერლინალეს დაჯილდოების პარალელურად პრეს კონფერენცია აღარ იმართება. ამის ნაცვლად, ჟურნალისტები ბერლინალეს პალასტიდან, თეატრი სადაც დაჯილდოების გალა ტარდება და რომელიც წელიწადის სხვა დროს მიუზიკლებს მასპინძლობს, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით არსებული კომერციული კინოთეატრის ერთ-ერთ დარბაზში ვართ. უზარმაზარ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს თუ როგორ გადაეცემა პრიზები გამარჯვებულ ავტორებს.
ცოტა სიურრეალისტური სურათია, იჯდე და უყურებდე ფიზიკურ სიახლოვეში მიმდინარე მოვლენებს, იმ ჩაბნელებულ დარბაზში სადაც გუშინ ან სულაც დღეს, ამა თუ იმ ფილმის მსოფლიო პრემიერა ნახე. მდგომარეობას კიდევ უფრო საოცარს ის ხდის, რომ ამ დარბაზში გასაშლელი სავარძლებია. შეგიძლია წამოწვე.
მთავარ ჯილდოს აცხადებენ. საკონკურსო სექციაში ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისათვის გადაეცემა დაგ იოჰან ჰაუგრიდს, ფილმისათვის „ოცნებები (სექსი, სიყვარული).“ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმიდან 11 ვნახე, გამარჯვებული ფილმი ამ 11-ში ვერ მოხვდა, დასანანია. თუმცა, გვერდზე სავარძელში წამოწოლილი კრიტიკოსი მზადაა დამეხმაროს.
მეკითხება: ფილმი ნახეთ?
– არა, კარგი იყო?
– არა, საშინელი.
– გასაგებია.
– მაგრამ ტოდ ჰეინსისგან (წლევანდელი საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე) მეტს რა უნდა ელოდო? ჰოლივუდია რა.
ამ დროს ამავე ჟიურიმ რამდენიმე წუთით ადრე რუმინელი ავტორის, რადუ ჟუდეს ფილმი კონტინენტალი ’25 ვერცხლის დათვით აღნიშნა. ჟუდემ, რომელმაც ჯილდოთი გაკვირვება გამოხატა და საკუთარი სცენარი თავად დაიწუნა, ჰოლივუდის დიდი პროდუქციებით გატაცება და კომერციალიზაცია დაგმო.
ამავე გამოსვლაში, რომელიც გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს დაემთხვა, მან გამოხატა იმედი რომ ფესტივალის მომავალი წლის გამოშვება ლენი რიფენშტალის „ნების ტრიუმფით“ არ გაიხსნება. ჟუდეს განცხადება ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ არჩევნების შედეგებმა გვაჩვენეს რომ დამაჯერებელი მეორე ადგილი ულტრა-მემარჯვენე Afd-მ აიღო.
დაჯილდოვების ცერემონია და გამარჯვებულები
რადუს ფილმი, მისი გამოსვლის მსგავსად, შინაარსობრივად და თემატურად საინტერესო და ჩამთრევი ნამუშევარია, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული რომ იგივე ითქმის მის ტექნიკურ მხარეზე. უყურებ დაჯილდოებას და ხვდები რომ წესები არ არსებობს, თუ შენი სათქმელი საინტერესოა და ფესტივალსაც უყვარხარ, რამდენიმე ფოკუსის გაქცევას გაპატიებენ.
ჟუდეს ამ ჯილდოს მიღმა, წარსულში ბერლინალესგან ერთი ვერცხლის და ერთი ოქროს დათვი აქვს მიღებული. 2009 წელს კი კიდევ ერთი ჯილდოთი აღინიშნა, რომელიც მაშინ ფორუმის სექციაში აჩვენეს.
ჩემს ფავორიტებს შორის არაა O ultimo Azul, გაბრიელ მასკაროს რეჟისორობით. ეს ფილმი გრანდ ჟიურის მხრიდან ვერცხლის დათვით აღინიშნა, რაც ჩემი გადმოსახედიდან, იმის გათვალისწინებით რომ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში არა ერთი საინტერესო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, უსამართლობაა.
ფილმს საინტერესო სინოფსისი აქვს, ის 77 წლის ქალბატონის და საზოგადოების მხრიდან ასაკოვანი ხალხის მიმართ გულგრილი მიდგომის შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოები დამაინტრიგებლად იწყება, თუმცა ძალიან მალე, ამბავი რომელიც სულ რაღაც 86 წუთს გრძელდება, დაუსრულებელ საგად იქცევა, სადაც ავტორი ცდილობს ზედმეტი პერსონაჟი და ხაზი შემოიყვანოს. ასეთი დატვირთვის შედეგად ნაწარმოები არეული რითმის მქონე ფილმად იქცევა, სადაც ტიტრები ხსნად გვევლინება.
თუმცა, გალაზე იყო ჩემი მოსაწონიც. მაგალითად ის რომ ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის მენ ჰუოს გადაეცა. მისი ფილმი, „ცხოვრობდე მიწაზე“ ხელოვნების ნიმუშია, რომელიც დროსაც გაუძლებს და კრიტიკასაც. აქ მოქმედება 1991 წლის ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. ამ სოფლის მაგალითზე ვხედავთ თუ რა გავლენა აქვს ქვეყნის მიერ წარმოებულ სოციო-ეკონომიკურ პოლიტიკას ადგილობრივ მოსახლეობაზე. საოცარია, როგორ ახერხებს რეჟისორი თავი მოუყაროს ასეთი რაოდენობის პერსონაჟებს სოფლის მოსახლეების სახით, აქციოს სოფელი და დრო ასევე პერსონაჟებად და ეს ყველაფერი ერთ ქსოვილში გააერთიანოს.
სასიხარულოა, ასევე ენდრიუ სკოტის ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კიდევ ერთ შესანიშნავ ფილმში, რიჩარდ ლინკლეიტერის „Blue Moon” – ში.
თუმცა, დასანანია, რომ ბერლინალეზე ეს ფილმი არანაირი სხვა ჯილდოთი არ აღნიშნულა. არა და, მან ჰუოს ფილმთან ერთად ის საუკეთესო იყო ფესტივალზე, რობერტ კაპლოუს მიერ დაწერილი სცენარის და სიტყვების დამსახურებით.
ამბავი, რომელიც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ლირიკოსის ლორენც ჰარტის ცხოვრებიდან ერთ ღამეს გვაჩვენებს, ზეიმია ინგლისურის და ზოგადად, ენის მოყვარულებისთვის. აქ მთავარ, ლორენც ჰარტის როლში ითან ჰოუკია და შესაძლოა, ეს შესრულება მისთვის თავისი მნიშვნელობით და განხორციელების ხარისხით, ჰამლეტის როლიც კი იყოს.
თუმცა, საუკეთესო მსახიობის ჯილდო ჰოუკს არ მოუპოვებია. ვერცხლის დათვი ამ შემთხვევაში როუზ ბირნს გადაეცა მისი როლისთვის If I Had Legs I’d Kick You – ში. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი A24-ის ესთეტიკასა და სტილში ჯდება, ის ნაკლებად უნდა მოვიაზროთ ამ კომპანიის საუკეთესო ნამუშევრებს შორის.
თუმცა, ბირნის თამაში ნამდვილად იმსახურებს ქებას. ფილმში მას რთული დავალება ჰქონდა, ნაწარმოების უდიდესი ნაწილი მის სახეზე არის ფოკუსირებული. პრეს კონფერენციაზე ჩემს კითხვაზე თუ რამდენად ახლოს იყო კამერა, მან თქვა რომ გადაღებისას მათ ტელეფოტო ლინზები არ გამოუყენებიათ, ანუ კამერა მას მუდამ დაჰყვებოდა. ეს კი იმას ნიშნავს რომ მსახიობს სასურველი შედეგის მისაღწევად ამა თუ იმ სცენაში კონკრეტული ემოციის გამოსახატად საოცარი თვითკონტროლი და სიზუსტე უნდა გამოევლინა, რაც ბირნმა ნამდვილად მაღალ დონეზე განახორციელა.
დასანანია, რომ აღნიშვნის გარეშე დარჩა მექსიკელი ავტორის მიჩელ ფრანკოს „ოცნებები,“ რომელიც საკონკურსო პროგრამაში გამორჩეული ფილმი იყო. მისი აქტუალობა ერთი ორად მნიშვნელობას დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ იძენს, ერთის მხრივ ა.შ.შ.-ში დრაკონული საემიგრაციო წესების და მეორეს მხრივ, ტექნო-ფეოდალიზმის აღზევების და გლობალურად ეკონომიკური უთანასწორობის ფონზე.
პრეს კონფერენციები და ფილმები
ბერლინალეს პრეს კონფერენციები ცალკე ჟანრია. მათ როგორც წესი, საკონკურსო და Special-ის ფილმებისთვის აწყობენ და ასევე, განსაკუთრებული სტუმრებისთვის, წელს მაგალითად ასეთი ტილდა სვინტონი იყო. ტილდაზე და მისი სიტყვის შესახებ, ოდნავ ქვემოთ.
75-ე ბერლინალეზე ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ალბათ მაინც ტიმოთი შალამეს გამოჩენას მოჰყვა. ჟურნალისტები მის პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც მას ფორმალურად ბობ დილანის შესახებ ბიოპიკი, „ყველასათვის უცნობი,“ მაგრამ რეალურად საკუთარი პერსონა უნდა წარედგინა, რიგს საათნახევრით ადრე იკავებდნენ.
შესადარებლად, პოპულარობის ზენიტში მყოფი 29 წლის შალამესგან განსხვავებით, უკვე ნახსენები შესანიშნავი როუზ ბირნის აუდიტორია გაცილებით მოკრძალებულად გამოვიყურებოდით და ოპტიმისტური გათვლებით ალბათ საკონფერენციოს მეოთხედს ვავსებდით.
ასევე პრეს-კონფერენციაზე გავიგეთ რომ „ჰარი პოტერის დეიდისთვის“ 66 წლის ფიონა შოუსთვის გასული ბერლინალე პირველი ფესტივალი იყო ცხოვრებაში. შოუმ ამის შესახებ საკონკურსო „ცხელი რძის“ ჩვენების შემდეგ განაცხადა.
აქვე გავიგეთ ვიკი კრიპსის, ამავე ფილმის კიდევ ერთ მსახიობისგან დაჟინებული მოთხოვნა (ორჯერ) პრეს კონფერენციაზე გვესაუბრა უფრო მეტად ფილმზე და არა მსახიობების გამოცდილებაზე ბერლინალეზე. თუმცა, ჟურნალისტებს რომლებიც ფილმზე ნაკლებად ფოკუსირდებოდნენ, დიდად ალბათ ვერ გავამტყუნებთ, იქიდან გამომდინარე რომ რებეკა ლენკიევიჩის „ცხელი რძე“ კონკურსის შესაძლოა ყველაზე სუსტი ფილმი იყო.
ჟურნალისტების და კრიტიკოსების პასუხისმგებლობაზე სამყაროს ჰქონდეს უკეთესი ხელოვნების ნიმუშები კინოში ისაუბრა ითან ჰოუკმა.
„მაყურებელს უნდა აინტერესებდეს ის რასაც უყურებს, ამჟამად ხელოვნების ნიმუშები ვერ იყიდება. თქვენ მეგობრებო, თემმა უნდა გახადოს ისინი მნიშვნელოვანი. იმისათვის რომ ტრანსგრესიულ ხელოვნებას ჰქონდეს ადგილი ჩვენს საუბარში, ის უნდა აინტერესებდეთ. და როდესაც ჩვენ პრიორიტეტს ფულს ვანიჭებთ, ვიღებთ ჩვეულებრივ ნამუშევრებს, რომლებიც უმეტესობა ადამიანს მოსწონს და გვეუბნებიან, ‘აი, ეს არის საუკეთესო.’ ეს ის ცეკვაა რომელსაც ერთად ვასრულებთ, თუ თქვენ [კრიტიკოსებს] მოგწონთ ტრანსგრესიული ხელოვნება, მოითხოვეთ და მოგეცემათ. მას შექმნიან. ამჟამად ადამიანებს ჰგონიათ რომ ამ ყველაფრით ფულს ვერ იშოვი და ამიტომ, მას არ ქმნიან,” თქვა ჰოუკმა.
ფულს, ყოველ შემთხვევაში დიდ ფულს ვერ იშოვი, ისეთი ფილმებით რომლებსაც ჰონ სან-სუ ქმნის, თუმცა ეს ხელს არ უშლის ავტორს წელიწადში ორი, ხანდახან სამი ფილმის გადაღებაში. წელს ის ბერლინალეზე ფილმით „რას გეუბნება ბუნება“ წარდგა. პრეს კონფერენციაზე სან-სუს ხან გენიოსი ეძახეს და ხან ოსტატი, კრიტიკოსები ცდილობდნენ გამოეცნოთ თუ რას გულისხმობდა ავტორი კადრის მისთვის საფირმო მიახლოვებებში, რა სიმბოლო იმალებოდა ამა თუ იმ სცენაში, რაზეც სან სუმ უპასუხა რომ ის თავის ფილმებში სიმბოლოებს საერთოდ არ იყენებს, ხოლო კონკრეტულ სცენაში კადრის მიახლოებაზე არ იცის რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გადაღებისას და უბრალოდ ინტუიციას მიჰყვა.
კიდევ ერთი სამხრეთ კორეელი ავტორის ახალი ნაწარმოების, Mickey 17 – ის ჩვენების შემდგომ პრეს კონფერენციაზე ალბათ ფილმის ჰოლივუდურობის და კასტის ექსკლუზიურად ამერიკულობის გამო, უმეტესობას დაგვავიწყდა, რომ ბონ ჯუნ ჰო როგორც წესი ინგლისურის კარგი ცოდნის მიუხედავად, საჯარო გამოსვლებში კორეულად საუბრობს.
ამიტომ, როდესაც პრეს კონფერენციის დაწყებამდე მაგიდასთან უკვე ჩამწკრივებული სტივენ იუენის, ტონი კოლეტის, ბონ ჯუნ ჰოს, რობერტ პატისონის, ნაომი აკის და ანამარია ვართოლომეის ფონზე გამოგვიცხადეს რომ ფილმის ავტორი კორეულად ისაუბრებდა, დარბაზში მყოფთა უმეტესობა დანანებით წამოვდექით და სინქრონული თარგმანისთვის საჭირო ყურსასმენებისთვის, ბერლინალესითვის არადამახასიათებელი ქაოტური რიგი შევქმენით.
გამონაკლისი ჩემს გვერდზე მჯდომი გერმანელი ჟურნალისტი გამოდგა, რომელსაც ყურსასმენები ამაყად ეკეთა და რომელმაც რიტორიკული და გამარჯვებით სავსე ფრაზა ისროლა – „ეს ხომ ცხადი იყო“.
უშუალოდ ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ მასში აშკარა ალუზიებია თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებზე და ეს ყველაზე მეტად მარკ რაფალოს (რომელიც პრეს კონფერენციაზე დაგვაკლდა) პერსონაჟის და უფრო კონკრეტულად, მისი აქცენტის შემთხვევაში ჩანს, ბონ ჯუნ ჰომ მაინც ფილმის მხრიდან ძალაუფლების კრიტიკის ზოგად ბუნებაზე გააკეთა აქცენტი და არა კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთზე.
პროტესტის ხმა და ქართული ფილმი
მართალია, ბერლინალეს წლევანდელ გამოშვებას ავტორების გარკვეულმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ფესტივალის ღაზას მიმართ პოზიციის თუ პოზიციის არ ქონის გამო, პროტესტის ხმა წელს ფესტივალის მონაწილეებისგანაც ისმოდა.
უფრო მეტიც, გერმანულმა პოლიციამ საჩივრის ნიადაგზე გამოძიებაც კი დაიწყო პანორამას სექციაში ჰონგ-კონგელი რეჟისორის ჟუნ ლის მიერ წაკითხული სიტყვის გამო, რომლის ავტორი ირანელი მსახიობი ერვან შექარიზია.
წერილში შექარიზი აკრიტიკებდა გერმანიის მთავრობას და ბერლინალეს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ სიჩუმის გამო. საინტერესოა, რომ ფესტივალის დაწყებამდე ბერლინალემ ერთგვარი გაიდლაინი გამოაქვეყნა სადაც ის საუბრობდა რა იყო დაშვებული და რა არა ფესტივალის ფარგლებში გერმანიის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასე მაგალითად დაუშვებელ ფრაზად გამოცხადდა “From the river to the sea, Palestine will be free,” სლოგანი რომელიც შექარიზიმ საკუთარ სიტყვაში გამოიყენა.
პოლიტიკურად დამუხტული სიტყვით გამოვიდა ტილდა სვინტონი ბერლინალეზე საპატიო ოქროს დათვის მიღებისას. საკმაოდ მაღალმხატვრულ მიმართვაში სვინტონმა თავი აარიდა კონკრეტული პირების თუ ტოპონიმების დასახელებას, თუმცა გააკეთა საკმაოდ ცხადი მინიშნებები სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტებზე თუ პოლიტიკურ ლიდერებზე.
“არაადამიანობას სჩადიან ჩვენს თვალწინ. აქ ვდგავარ რათა განვაცხადო ეს ყოყმანის თუ ეჭვის გარეშე და უპირობო სოლიდარობის ხელი გავუწოდო ყველას ვინც ხედავს იმ მიუღებელ თვითკმაყოფილებას, რომლითაც ჩვენი სიხარბეს შეჩვეული მთავრობები სიხარულით ეგებებიან პლანეტის გამანადგურებლებს და ომის კრიმინალებს, არ აქვს მნიშვნელობა საიდან არიან ისინი,“ თქვა სვინტონმა და საკუთარ გამოსვლაში „რივიერას განვითარების“ პროექტიც ახსენა.
მეტაფორების გარეშე და საკმაოდ პირდაპირ გამოთქვა პალესტინისადმი მხარდაჭერა იუგოსლავიური წარმომავლობის გერმანიაში მოღვაწე ავტორმა, იაკობ კრესემ თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის („ცეცხლის შეწყვეტა“) პრემიერის შემდეგ. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჰაზირაა, ქალი რომელიც სრებრენიცის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა.
ჩვენების შემდეგ კრესე სიტყვით გამოვიდა, ბოსნიაში 90იან წლებში მომხდარი ომის დანაშაულები ღაზაში ამჟამინდელ მდგომარეობასთან შეადარა და ბერლინალე, ისევე როგორც გერმანია, პალესტინელებისადმი მიდგომის გამო გააკრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ კრესეს მიმართ სიტყვის წარმოთქმისას დარბაზში ერთი ან ორი ინდივიდისგან უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა, საერთო ჯამში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სეანსზე მოსულების უმეტესობა ტაშით შეხვდა რეჟისორის განცხადებას.
სრული ანშლაგი იყო ბერლინალეზე წელს წარმოდგენილი ერთადერთი ქართული ფილმის (“შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“) ჩვენებაზე. ფესტივალის „ფორუმის“ სექციის ფარგლებში ეს სურათი ორჯერ აჩვენეს და ორივე შემთხვევაში ბილეთები პირდაპირი მნიშვნელობით წუთებში გაქრა.
დამოუკიდებელი, სტუდენტური პროდუქცია რომელიც სადიპლომო ნამუშევარია, მისი ავტორის, თიკუ კობიაშვილის მეგობრების შესახებ მოგვითხრობს და თავდაპირველად პოლიტიკურ ქვეტექსტს არ ითვალისწინებდა.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის გადაღება დაემთხვა გასულ გაზაფხულს ე.წ. აგენტების კანონის ხელმეორე ინიცირებას, პოლიტიკა, როგორც ყველაფერ დანარჩენს ჩვენს ქვეყანაში, ფილმსაც შეეხო. ამიტომ, ფილმში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ერწყმის პერსონაჟების ყოველდღიურობა პროტესტებს.
ასეთი მიდგომით ავტორი ქმნის სურათს რომელსაც ისედაც დრამატული ამბავი არ გადაჰყავს მელოდრამატულ ჟანრში და ახალგაზრდების სრულფასოვანი ცხოვრების სურვილის პარალელურად ახდენს საქართველოს ისტორიული მომენტის დოკუმენტალიზაციას.
კობიაშვილის ფილმის ორი ჩვენებიდან ერთ-ერთი არსენალში გაიმართა. ეს კინო სივრცე ქართველი კინომოყვარულებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, იქედან გამომდინარე რომ სწორედ აქ გაიმართა სავარაუდოდ ყველაზე მეტი ქართული ფილმის ჩვენება ბერლინალეს ფარგლებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
არსენალი როგორც კინოს და ხელოვნების ინსტიტუცია უკვე 60 წელია არსებობს, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში ის ფიზიკურად პოტსდამის მოედანთან არსებობდა. აქ არსენალმა წელს ბოლოჯერ უმასპინძლა ბერლინალეს „ფორუმის“ სექციის ფილმებს.
მომავალი წლიდან არსენალი სრულად გადავა Silent Green-ში (აქ გაიმართა კობიაშვილის ფილმის წლევანდელი პრემიერა), პოდსდამის მოედნიდან დაახლოებით ხუთნახევარი კილომეტრის მოშორებით, მულტიდისციპლინურ სახელოვნებო სივრცეში რომელიც ყოფილი კრემატორიუმის ტერიტორიაზეა გაშენებული.
მიუხედავად იმისა, რომ არსენალი წელს ფილმებს ჯერ კიდევ მასპინძლობდა, აქ სარემონტო სამუშაოები ფესტივალის მსვლელობისას უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული, რაც ბერლინური კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ეპიზოდის დასასრულის ერთგვარ ილუსტრაციას წარმოადგენდა. როგორი იქნება ბერლინალეს ახალი თავი ამას უკვე 26 წელს ვნახავთ.





