ავტორი: დათო ლობჟანიძე

ბერლინალეზე ყოველი ჩვენება ჩემთვის მოლოდინის სივრცეა. ყოველი სეანსის დაწყებამდე იმედით ვივსები – იქნებ კონკრეტულმა ფილმმა ახალ სამყაროში გადამისროლოს, დამანახოს რამე ახლებურად და ბოლოს რაღაც ფასეული შემძინოს.

სამწუხაროდ ასეთი რამ, ფესტივალზე ყველა ჩვენების შემთხვევაში არ ხდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შეძლებს თუ არა ნაწარმოები ამას,  ფილმის პირველივე კადრებიდანვე ხდება ნათელი. ასე მოხდა “სინათლის სვეტის,” სუ ჭაოს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის შემთხვევაში, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს 76-ე გამოშვების ფარგლებში შედგა.

ფილმი ფორმად ჰიბრიდულ მიდგომას ირჩევს. აქ ერთმანეთს ანიმაცია და ვიდეო გამოსახულება ანაცვლებს და მისი ყურება სხვადასხვა თვალთახედვიდან შეიძლება. ერთის მხრივ ეს თვითმყოფადი სამყაროა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ფანტაზიის თავგადასავალში გვიძღვება, განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა, და შესანიშნავად, დამატებითი ალეგორიების გაშიფვრის გარეშეც იყურება.

თუმცა, თუ ამ  შრეების მიღმა გავიხედებით და მინიშნებებს ყურადღებით დავაკვირდებით, ის ასევე  ჩვენს სამყაროში არსებულ  გამოწვევებსა და თემებზე რეფლექსირებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები.

თუმცა, ფილმში ცენტრალურ თემას მაინც კინო იკავებს.

“სინათლის სვეტის” მოქმედება ახლო მომავალში ვითარდება. აქ ცენტრალური პერსონაჟები გაკოტრების პირას მყოფი კინოსტუდიის პერსონალს წარმოადგენენ.

ფილმი ჭაზე ფოკუსირდება, მარტოხელა დამლაგებელზე, რომელიც მძიმე რეალობიდან გაქცევას ხელში შემთხვევით ჩაგდებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობის მეშვეობით ირჩევს.

თუმცა, თუ ფილმის კიდევ ერთი ფენის აღმოჩენა გვსურს, ის ფორმაში უნდა ვეძიოთ, ვგულისხმობ ანიმაციის და ვიდეოს გამოყენების მეთოდს. ამ  მიდგომის ორიგინალურობა არა მისი ჰიბრიდულობაა,  არამედ ის  თუ რა როლს მიაკუთვნებს ავტორი ამ ფორმატებს.
ამ აზრის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ მაგალითი –  არი ფოლმანის 2013 წლის “კონგრესში,” რომელიც სხვათა შორის, თემატურად ძალიან ახლოსაა “სინათლის სვეტთან,” ასევე ჰიბრიდული ფორმაა არჩეული. კონგრესში წარმოდგენილია ორი, “რეალობის” და ვირტუალური სამყაროს ამსახველი ხაზი.

პირველ შემთხვევაში ფოლმანი ვიდეო გამოსახულებას იყენებს, მეორეში ანიმაციას. ავტორის ეს არჩევანი ლოგიკური და ინტუიტურია და თითქოს რა უნდა მოიგონო ახალი – თუმცა, თავის ახალ ფილმში  სუ ჭაო ამ ლოგიკას თავდაყირად მარტივი გადანაცვლებით ახერხებს.

ფილმში რეალური სამყარო ანიმაციითაა გადმოცემული, მაშინ როცა ვირტუალური რეალობა ვიდეოგამოსახულებით. ეს შეგნებული ესთეტიკური არჩევანი ხაზს უსვამს ფილმის მთავარ თემას და გვახსენებს, რომ კინო ფიქციის მწარმოებელი მანქანაა – მედიუმი, რომლის შესაძლებლობებიც უსაზღვროა და რომელსაც კვლავაც ძალუძს ახალი ფორმებითა და შინაარსებით მაყურებლის ხელახლა გაოცება.

სუ ჭაო თავისი ნაწარმოებით გვაფიქრებინებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ რა შესაძლებლობა გააჩნია ვირტუალური სამყაროს ინსტრუმენტებს, ტექნოლოგიებს თუ ხელოვნურ ინტელექტს, კინოს მაინც ვერაფერი შეცვლის, ყოველშემთხვევაში მანამ სანამ არსებობენ გამორჩეული ავტორები. დარწმუნებული ვარ, ისეთ ავტორებს შორის რომლებიც დიდ კინოში ეს-ესაა, მაგრამ მყარად იდგამენ ფეხს, სუ ჭაო ღირსეულ ადგილს დაიკავებს.