ავტორი: დათო ლობჟანიძე

იცოდით რომ ჰილარი კლინტონს ერთ დროს მკითხავები ჰყავდა დაქირავებული, ან ის რომ პრინც ფილიპი (ელიზაბეთ II-ის მეუღლე) ნიუ ეიჯით იყო გატაცებული და რეგულარულად იწერდა წიგნს მფრინავ თეფშებზე, ან ის რომ  ნენსი რეიგანი ასტროლოგებს ენდობოდა? მე არა, სანამ ფრენსის უინის წიგნს არ წავიკითხავდი.

არ ვიცი როგორ ვთარგმნო ქართულად წიგნის სახელწოდება How Mumbo-Jumbo Conquered the World. თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ამ წიგნის ქართული თარგმანი დიდი ალბათობით არ არსებობს, თავს მივცემ უფლებას და Mumbo-Jumbo-ს ქართულ ვარიანტში ბოდვას მივუსადაგებ.

უინის ნაწარმოები 1979 წლის ირანის რევოლუციით და  იმავე წელს ბრიტანეთის სათავეში მარგარეტ ტეტჩერის მოსვლით იწყება. საგულისხმოა, რომ პირველ თავს “ვუდუ რევოლუცია” ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ორ რადიკალურად განსხვავებულ სახელმწიფოზე საუბრობს, მოგვიანებით ის შლის თემას და მიუთითებს იმაზე, რომ მეთოდები რომლითაც ამ ორი განსხვავებული ქვეყნის ლიდერები სარგებლობენ დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ. ამ მეთოდებს უინი სხვადასხვა ლიდერების გამონათქვამებით და დოქტრინებით ამაგრებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად აბსურდულია, რთულია დაიჯერო, რომ მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს განაგებენ.

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ეს სამყარო სახიფათო ადგილს წარმოადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვიცოდით, თუ ვინ იყვნენ ისინი [მტრები]. ვითარება ასეთი იყო, ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიყავით და გასაგები იყო თუ ვინ იყვნენ ისინი [საბჭოთა კავშირი]. დღეს ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ვინ არიან ისინი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ისინი სადღაც იქ არიან,” ამ “გენიალური” ფრაზის ავტორი ადამიანია რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს რვა წლის განმავლობაში მართავდა და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მას სახელად ჯორჯ ბუში [რა თქმა უნდა უმცროსი] ერქვა, მაგრამ რას იტყვით ალბერტ გორზე,  რომელიც ბევრი რესპექტაბელური ადამიანის წარმოდგენაში გარემოს უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტად არის ცნობილი.

ფრენსის უინს ასეთ პატივცემულ ადამიანზეც აქვს საინტერესო ისტორია.  ერთ დროს თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ალ გორი შეკრებილ აუდიტორიას უყვებოდა ტრაგიკულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაუდგინეს ბევრი წლის წინ მის დას კიბო, რომელიც სიგარეტს თინეიჯერობის ასაკიდან ეწეოდა. საბოლოო ჯამში მან მოწევას თავი ვერ დაანება და მალევე გარდაიცვალა. ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ ალ გორი პათოსით ამბობს,  “სწორედ ამ მომენტში, როდესაც ვლაპარაკობ ამერიკაში სიგარეტის მოწევას რამდენიმე ათასი ადამიანი იწყებს , ბევრ მათგანს ოცი წლის შემდეგ დაუსვამენ კიბოს დიაგნოზს”. გამოსვლას ის იმით ამთავრებს, რომ მისთვის ყველა ეს ადამიანი “დაკარგული დაა” და ამიტომაც ებრძვის თამბაქოს.

ალ გორის საქციელი და ამ სიტყვით გულისამაჩუყებელი გამოსვლა ნამდვილად საქები იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ რამდენიმე დღეში ერთმა ამერიკულმა გაზეთმა რამდენიმე წლის წინ მომხდარი ამბავი ამოქექა: ალ გორი და მისი დემოკრატი მეგობარი სახელად ბილ კლინტონი ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ა.შ.შ-ს ერთ სამხრეთულ შტატში მდებარე თამბაქოს პლანტანციას სტუმრობდა. ყურადსაგდები ის ფაქტია, რომ გორის და უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა ამან მას შთამაგონებელი სიტყვის წარმოთქმაში ხელი არ შეუშალა. გორმა ფერმერებს სოლიდარობა გამოუცხადა და მოუყვა, თუ როგორ თესავდა ბავშვობაში საკუთარი ხელებით თამბაქოს მამამისის პლანტანციაზე. რა თქმა უნდა გარდაცვლილი დის ისტორიის გახსენება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილო იქნებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც პლანტანციების მფლობელებისგან გორი და კლინტონი ფინანსურ სარგებელს ელოდნენ.

უინის წიგნი საინტერესოა არამხოლოდ პოლიტიკოსების უპრინციპო და უპასუხისმგებლო მაგალითებით, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ავტორი ბევრ შემთხვევაში იმ ფილოსოფოსებსაც წვდება, რომლებსაც არც თუ ისე უკანასკნელი სიტყვა ეთქმით დღევანდელი სამყაროს ჩამოყალიბებაში. უინისითვის არ არსებობს ავტორიტეტები, ის თვით ნომ ჩომსკისაც და ჟაკ დერიდასაც აკრიტიკებს და რა გასაკვირია, რომ ამათ ფონზე ფრენსის ფუკუიამას და მილტონ ფრიდმანს საერთოდ შარლატანებად მოიხსენიებს.

ერთ თავს წიგნის ავტორი პოსტმოდერნიზმს უძღვნის, რომელიც საბოლოო ჯამში წიგნის ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო მონაკვეთად გვევლინება. უინი წერს თუ როგორ დაიპყრო პოსტმოდერნიზმმა ამერიკის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები და ამ ფონზე რა აბსურდულ გარემოში მიმდინარეობდა ზოგიერთ შემთხვევაში აკადემიური სწავლება, როგორ ასწავლიდნენ სტუდენტებს, რომ არ არსებობდა არანაირი ჭეშმარიტება და სინამდვილე. ზოგიერთი პროფესორი იქამდეც კი მიდიოდა, რომ სტუდენტს რომელიც სიტყვა რეალობას ბრჭყალების გარეშე დაწერდა, ნიშანს აკლებდა. აქვე ავტორს მოჰყავს იმ დროისთვის განთქმული ფემინისტის, ლუსი ირიგარაის მაგალითი, რომელიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ალბერტ აინშტაინის ფორმულა E=MC2 სექსისტურია. ირიგარაის წარმოდგენა არ ჰქონდა ფიზიკაზე, მაგრამ ის თავისებური არგუმენტაციით და ლოგიკით ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ფორმულა სექსისტურია. აქვე ავტორი ბარბარა ეჰრენრიჰის, სხვა ფემინისტის, სარკასტულ შენიშვნას, რომლის ადრესატებიც პოსტ მოდერნიზმის მქადაგებლები არიან, ციტირებს, “რა პრობლემაა თუ რომელიმე ფრანგ ტიპს მისი პენისი მინუს ერთის ფესვად წარმოუდგენია?”

სხვა მრავალ თემასთან ერთად უინი ასევე UFO-ს ფენომენზე საუბრობს. საიდუმლო არაა, რომ არსებობს ადამიანთა რიცხვი, თან არც თუ ისე პატარა, რომელსაც სჯერა, რომ უცხოპლანეტელები არაერთხელ ეწვივნენ დედამიწას, თუმცა წიგნი ამ შემთხვევაში იმით არის საინტერესო რომ ავტორი აქცენტ აკეთებს იმაზე, თუ როგორ მანიპულირებს ამ თემით მედია. ამ შემთხვევაში პატივცემული ლარი კინგის მაგალითია საინტერესო.

1994 წელს ლარი კინგმა ერთ-ერთი თავისი გადაცემა UFO-ს მიუძღვნა, მან სტუმრად შეთქმულების თეორიის მოყვარული ოთხი ადამიანი მოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას უცხოპლანეტელები ბევრჯერ სტუმრობდნენ. ეს ოთხი ადამიანი მან პირდაპირ ეთერში ალაპარაკა და საკმაოდ დიდი დროც დაუთმო. საპირწონედ კინგმა ასტროფიზიკოსი კარლ სეიგანი და მეცნიერი ფილიპ კლასი წინასწარ ჩაწერა, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთი დაუთმო. სეიგანიც და კლასიც იმაზე საუბრობდნენ, რომ UFO-ს შესახებ არსებული მაგალითები გამოგონილია. გადაცემის გასვლიდან რამდენიმე დღეში აღშფოთებულმა კლასმა დაწერა, რომ ვინაიდან და რადგანაც ის და საგანი სტუდიაში არ იმყოფებოდნენ მათ ვერაფრით “უპასუხეს ნონსენს, რომელსაც მოწვეული სტუმრები ლაპარაკობდნენ”. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ლარი კინგის დასკვნითი ფრაზაა: “თეფშები რომლებიც დედამიწას დაეცნენ? ვინ იცის? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მთავრობა რაღაცას გვიმალავს”.

წიგნი სავსეა მაგალითებით უახლოესი ისტორიიდან, რომლებმაც შეიძლება ისედაც სკეპტიკური მკითხველიც კი გააკვირვოს. უინი საუბრობს იმაზე, თუ როგორ სჯეროდა ბევრს, რომ სერიალი X-Files არა მხატვრული, არამედ დოკუმენტური ნაწარმოებია, იმაზე თუ როგორ აჯარიმებდნენ გასული საუკუნის 70-იან წლებში ზოგიერთ შტატში მასწავლებლებს, რომლებიც კრეაციონიზმის სწავლებაზე უარს ამბობდნენ, თუ როგორ საუბრობდა მილტონ ფრიდმანი იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა, იმ დროს როდესაც ტაილანდელი მოხუცი 20 ცენტად უპრიალებდა ფეხსაცმელს და ა.შ.

ცალკე აღებული ინდივიდები, თუ თეორიები რომლებიც ამ წიგნშია მოყვანილი მკითხველს შეიძლება უბრალოდ კარგ გასართობად მოეჩვენოს, თუმცა როდესაც იაზრებ,  რომ მსგავსი იდეები იდეოლოგიებს აყალიბებენ, ხოლო ზემოდხსენებული პირები დგანან ქვეყნების სათავეში და ადამიანების ბედზე პასუხისმგებლები არიან, ხვდები რომ ამ სამყაროში რაღაც რიგზე არ არის.