ადაპტაციები: Sci-fi, ეპიზოდი პირველი

დღეიდან ახალი რუბრიკის ფარგლებში ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების კინო ადაპტაციებზე ვისაუბრებთ. რუბრიკას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრით ვხსნით და პოპ კულტურაში ცნობილ ათ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებზე და მათ ეკრანიზაციებზე ვლაპარაკობთ.

227180-kurt_russell_thing_01-e1381776586162

ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი

ფილმი: The Thing – რაღაც (1982)

რეჟისორი: ჯონ კარპენტერი

როლებში: კურტ რასელი, კიტ დევიდი

ნაწარმოები: Who goes there? -ვინ არის?

ავტორი: ჯონ კემპბელი (დონ სტიაურტი)

გვერდების რაოდენობა: 168

1938 წელს ჯონ კემპბელმა, დონ სტიუარტის ფსევდონიმით, დაწერა მოთხრობა, რომელსაც ზოგი კრიტიკოსი სამეცნიერო ფანტასტიკის და ჰორორის ჟანრების იდეალურ ნაზავად თვლის. ნაწარმოების მიხედვით საერთო ჯამში ოთხი ფილმი გადაიღეს 1951, 1972, 1982 და 2011 წლებში. უკანასკნელი ფილმი სწორედ 82 წლის ვერსიის სიქველია, თუმცა მისგან განსხვავებით საკმაოდ წარუმატებელი და არაფრით გამორჩეული.

ზემოთ ნახსენები ეკრანიზაციებიდან 1982 წლის ჯონ კარპენტერის საკულტო ფილმი ავარჩიე, რომელსაც ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეგვიძლია ჟანრის კლასიკა ვუწოდოთ. სხვა ვერსიებთან შედარებით კარპენტერის ნამუშევარი წიგნთან ყველაზე ახლოს დგას, ზოგიერთ ასპექტში კი, ორიგინალზე უფრო ბნელი და საშიში ადაპტაციაა. ფილმის მინიმალისტური ვიზუალური და მუსიკალური სტილი იდეალურად წარმოაჩენს პერსონაჟების სასოწარკვეთას და პარაზიტ უცხოპლანეტელთან შეხვედრით გამოწვეული პანიკა ეკრანებს მიღმა ეფექტურად გადმოაქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ საუნდტრეკი ენიო მორიკონეს ეკუთვნის. როგორც თავად იხსენებს, ფილმზე მუშაობის მოულოდნელი შეთავაზებით ის საკმაოდ გაოცებული დარჩა, რადგან ზოგადად ჯონ კარპენტერი საკუთარი ფილმებისთვის მუსიკას თავად ქმნიდა (იხილეთ Halloween). რეჟისორის თქმით კი მან სწორედ ლეგენდარული იტალიელის მუსიკის თანხლებით იქორწინა და The Thing-ისთვის მუსიკის შექმნაც სწორედ ამიტომ სთხოვა.

გაუგებარი მიზეზების გამო The Thing “ოქროს ჟოლოზე” სწორედ მუსიკალურ კატეგორიაში იყო წარდგენილი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი წლით ადრე თავად სტენლი კუბრიკის The Shining-მაც მიიღო ორ ნომინაცია შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 80-იან წლებში “ჟოლოს” ჟიურის ძალიან, ძალიან ცუდი და ბოღმიანი პერიოდი ჰქონდა. სამწუხაროდ, ლიტაგორას ფორმატი და ზოგადად ზრდილობის ეთიკა არ მაძლევს საშუალებას ზუსტად გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ზემოთ ნახსენები ფილმების “ოქროს ჟოლოზე” სხვადასხვა კატეგორიებში წარდგენა გადაწყვიტეს.

რა თქმა უნდა, ეს კომპოზიცია მორიკონეს კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არაა. თუმცა, ის ზუსტად შეეფერება ფილმის ავისმომასწავებელ გარემოს და იმ გაყინულ შენობას სადაც მოქმედება ვითარდება და რომელშიც უცხოპლანეტელი მონსტრი ადამიანებს ცოცხლად ჭამს.

არაჩვეულებრივი რეჟისურის და საინტერესო სცენარის გარდა, ფილმი თავისი დროისთვის რეალისტური სპეციალური ეფექტებით გამოირჩევა. თუ თქვენ სუსტი კუჭი და ნერვული სისტემა გაქვთ, მაშინ ჯობია ნაკლებად გრაფიკული ფილმი შეარჩიოთ, სადაც ნაკლებ სისხლს, პარაზიტებს და დერეფნებში მოსიარულე ადამიანის ოთხფეხა თავებს ნახავთ.

რაც შეეხება მოთხრობას, ის ერთი ამოსუნთქვით იკითხება, დიდი ალბათობით მისი ქართული თარგმანი არ არსებობს. თუმცა თუ ინგლისურ ენას ფლობთ, ნამდვილად გირჩევთ წაიკითხოთ ნაწარმოები, რომელმაც თავის დროზე სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, კანადელ ალფრედ ვან ვოგტს ლიტერატურის ამ ჟანრისადმი ინტერესი ხელახლა გაუღვიძა და Vault of the Beast-ის (ურჩხულის სარდაფი) შექმნა შთააგონა.

ფილმი: Paprika – პაპრიკა (2006)

რეჟისორი: სატოში კონი

როლებში: მეგუმი ჰაიაშიბარა, ტორუ ემორი, კაცუნოსუკე ჰორი

ნაწარმოები: Paprika – პაპრიკა (1993)

ავტორი: იასუტაკა ცუცუი

გვერდების რაოდენობა: 350

სატოში კონი, ანიმეს და იაპონური მანგას მოყვარულებისთვის საკმაოდ ნაცნობი ხელოვანი იყო. სამწუხაროდ, ის 2010 წელს კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა თავის 19 წლიანი კარიერის მანძილზე ისეთი ანიმაციების შექმნა მოასწრო როგორებიცაა Millennium Actress (ათასწლეულის მსახიობი), Tokyo Godfathers (ტოკიოელი ნათლიები), Paranoia Agent (პარანოიის აგენტი) და Paprika (პაპრიკა).

კონის ხედვაზე განსაკუთრებული გავლენა ტერი გილიამის ფილმებმა, Monty Python-ის შოუმ, ფილიპ დიკმა და იაპონელმა მწერალმა იასუტაკა ცუცუიმ მოახდინეს. სწორედ ამ უკანასკნელის 1993 წლის იმავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული კონის ბოლო ნამუშევარიც.

ნიჭიერი ანიმატორების ხელში ეს იაპონური მულტფილმი სიზმრების, ქვეცნობიერი და რეალური სამყაროების ჩახლართულ ურთიერთობებს ძალიან ლამაზად და საინტერესოდ აღწერს. გამოსვლის პერიოდში მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ის მიაძაკის Spirited Away-საც კი შეადარეს, როგორც კულტურული მნიშვნელობის, ასევე ტექნიკური შესრულების კუთხით.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ ფილმის შინაარსზე, თუმცა Paprika იმ ნამუშევართა რიცხვს ეკუთვნის, რომელშიც ფაბულა იმდენად მნიშვნელოვანი არაა რამდენადაც ის იდეები რომელთა ხორცშესხმასაც ფილმის შემქნელები დრამატურგიული მექანიზმებით ცდილობენ. ეს კი, მათ ნამდვილად კარგად გამოუვიდათ. რაც შეეხება მოთხრობას, ის ინგლისურად 2009 წელს ითარგმნა.

ფილმი: The Prestige – პრესტიჟი (2006)

რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

როლებში: ჰოუ ჯეკმანი, კრისტიან ბეილი, სკარლეტ იოჰანსონი, მაიკლ კეინი

ნაწარმოები: The Prestige – პრესტიჟი (1995)

ავტორი: კრისტოფერ პრისტი

გვერდების რაოდენობა: 404

2006 წელს ილუზიონისტების შესახებ ეკრანებზე სამი ფილმი გამოვიდა, ვუდი ალენის Scoop (სენსაცია), ნოლანის The Prestige და ნილ ბურგერის The Illusionist რომელშიც მთავარ როლს ედვარდ ნორტონი ასრულებდა.

ალბათ არავისთვის არ იქნება სიურპრიზი თუ ვიტყვით, რომ მათგან საუკეთესო სწორედ ნოლანის ნამუშევარია. მთავარი შოკისმომგვრელი და საიდუმლო ელემენტები, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ოსტატურადაა ერთდროულად დამალული და ხილული როგორც ნოლანის ფილმში, ასევე წიგნში. თუ ფილმს პირველად უყურებთ, ან კითხულობთ წიგნს, დასასრულს შეიძლება თავში ხელებიც კი წაიშინოთ იმის გამო, რომ ვერ მიხვდით იმას რაც ერთი შეხედვით ცხვირწინ გქოდნათ. ლიტერატურული კუთხით შინაარსის მთავარი კომპონენტების სათანადოდ შენიღბვა ინტერესის დაკარგვის გარეშე ფრიად რთულია, თუმცა როგორც პრესტიჟის მაგალითზე დავრწმუნდით, შეუძლებელი არაა.

ალბათ სწორედ ამიტომ, მტრობის, კონკურენციის და პერფექციონიზმის იდეებით შეპყრობილი ადამიანების ცხოვრების ორიგინალურად აღწერისთვის პრისტის ნოველამ რამდენიმე ჯილდოც მოიგო.

რაც შეეხება ფილმს, მისი ნახვა ნამდვილად ღირს იმ მსახიობების გამო, რომლებიც მასში თამაშობენ. მაიკლ კეინი კვლავ ბრძენ მენტორს ასახიერებს, ჰიუ ჯეკმანისთვის კი ეს სერიოზული როლების კუთხით ერთგვარი წარმატებული ნათლობა იყო. ნოლანის მოთხოვნას არ წაეკითხა წიგნი, კრისტიან ბეილი არ დაემორჩილა, ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ დაუმორჩილებით თუ რამდენი რამ შესძინა მან როლს.

ნოლანის ფილმი იმ იშვიათ ადაპტაციათა შორისაა, რომელიც პირველწყაროს არათუ არაფერში ჩამორჩება, შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალს აუმჯობესებს კიდეც.

ფილმი: The Children of Men – კაცობრიობის პირმშოები

რეჟისორი: ალფონსო კუარონი

როლებში: ქლაივ ოუენი, მაიკლ კეინი, ჯულიანა მური, ჩივეტელ ეჯიოფორი

ნაწარმოები: The Children of Men – კაცობრიობის პირმშოები

ავტორი: ფილის დოროტი ჯეიმსი

გვერდების რაოდენობა: 241

ეს დისტოპიური მოთხრობა 2021 წლის ინგლისს აღწერს, სადაც ქალები უნაყოფოები არიან და შვილების ყოლა არ შეუძლიათ. წიგნი საკმაოდ საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ისეთ საკითხებს ეხება როგორებიცაა ემიგრაცია, ხელოვნური განაყოფიერება და ადამიანის უფლებებია. მოთხრობა ძალიან სერიოზული და საინტერესო სოციალური ელემენტებითაა გაჯერებული.

თავად ავტორი კუარონის ეკრანიზაციით კმაყოფილი დარჩა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა პირველწყაროს წაკითხვის მაგივრად სლავოი ჟიჟეკის ნაშრომებთან გაცნობა გადაწყვიტა და როგორც აღმოჩნდა ამან ნამდვილად გაამართლა. ფილმიც და წიგნიც დღევანდელ დღეს აქტუალურ კომპლექსურ თემებს ეხებიან.

ამ ფილმთანაა დაკავშირებული ქართველებისთვის საინტერესო მომენტი. ერთ-ერთ კადრში ქართული საუბარიც ისმის და ირკვევა, რომ ფილმში “ქართველი კაცი” ფიგურირებს, რომლის როლიც ემიგრანტმა, იმ მომენტისთვის 99 წლის ალექსი ბესტავაშვილმაშეასრულა.

წიგნიც და ფილმიც იმდენად მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშებია, რომ მათ მრავალმხრივობას ერთ პოსტში ნაწილობრივადაც კი ვერ დავფარავთ. აჯობებს ფილმი თავად ნახოთ და წიგნიც წაიკითხოთ.

ფილმი: A Clockwork Orange – მექანიკური ფორთოხალი (1971)

რეჟისორი: სტენლი კუბრიკი

როლებში: მალკოლმ მაკდაუელი, მირიამ კარლინი

ნაწარმოები: A Clockwork Orange – მექანიკური ფორთოხალი (1962)

ავტორი: ენტონი ბერჯისი

გვერდების რაოდენობა: 192

1971 წელს სტენლი კუბრიკმა საკულტო ფილმი გადაიღო, დისტოპიური ბრიტანული მოთხრობის მიხედვით, რომელიც ავტორმა სამ კვირაში დაწერა. თავად ნოველა ჟურნალმა Time-მა 1923 წლის შემდეგ დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი ნაწარმოებების სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 1986 წლამდე ამერიკაში დაბეჭდილ ვერსიებში რედაქტორებმა ამოიღეს ბოლო თავი, რომელშიც წიგნის მთავარი ბოროტი პროტაგონისტი ალექსი საკუთარი ცხოვრების ამაოების გააზრების შემდეგ გადაწყვეტს შეიცვალოს. მათი აზრით ამერიკელი მკითხველი ამ უკანასკნელ თავს ცუდად მიიღებდა. თავად სტენლი კუბრიკს ეს ბოლო თავი მანამ არ წაუკითხვს სანამ სცენარზე მუშაობა არ დაასრულა. მისივე აზრით, 21-ე თავი არადამაჯერებელი და წიგნთან შეუსაბამო იყო.

ფილმი სოციალური სატირაა და ფსიქოლოგიის ბიჰევიორისტულ მიდგომასაც ეხება. არჩევანის თავისუფლება, მონანიება და ტოტალიტარული სახელმწიფო ის საკითხებია, რომელთა შესახებაც კუბრიკმა შექმნა ეს დახვეწილი და თავისი დროისთვის განსხვავებული ვიზუალური სტილის ფილმი.

თავად ენტონი ბერჯესი წიგნს დიდაქტიკურს და ზედმეტად არტისტულს უწოდებდა. მასში დიდი რადოენობითაა რუსული და ინგლისური ენების შერევით მიღებული სლენგი. მისივე თქმით, მან ეს წიგნი უმეტესად ფულის გამო დაწერა, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ იყო. ბუნდოვანებითაა მოცული თავად ბერჯესის ცხოვრების ის მომენტიც, რომელმაც, როგორც ამბობენ მწერალს ამ წიგნის შექმნა შთააგონა. სამხედრო სამსახურში ყოფნისას სავარაუდოდ დეზერტირი ამერიკელი სამხედროების მიერ გაუპატიურებელ ბერჯესის მეუღლეს მუცელი მოეშალა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და გალოთდა.

ფილმთან დაკავშირებით ბერჯესი აცხადებდა, რომ კუბრიკის ფილმი სექსს და ძალადობას ხოტბას ასხამდა და მაყურებლისთვის ადვილს ხდიდა წიგნი არასწორად გაეგოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ნანობდა ბერჯესი წიგნის შექმნასაც.

ფილმი: Solaris – სოლარისი (1972)

რეჟისორი: ანდრეი ტარკოვსკი

როლებში: ნატალია ბონდარჩუკი, დონატას ბანიონისი

ნაწარმოები: Solaris – სოლარისი (1961)

ავტორი: სტანისლავ ლემი

გვერდების რაოდენობა: 204

როგორც თავად ლემმა აღნიშნა, პოლონელი მწერლის ეს ფილოსოფიური ნაწარმოები ადამიანებსა და სხვა არსებებს შორის კომუნიკაციის სირთულეებს ეხება და არა სასიყვარულო პრობლემებს.

ამ წიგნის მიხედვით სამი ფილმი გადაიღეს 1968 წელს ბორის ნირენბურგმა, 1972 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ და 2002 წელს სტივენ სოდერბერგმა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათგან ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა თავად წიგნის ავტორის გემოვნება. 2002 წელს სტივენ სოდერბერგის ფილმის გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მთავარი როლი ჯორჯ კლუნიმ შეასრულა. ლემმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა:”რამდენადაც ვიცი, წიგნი, კოსმოსში მყოფი ადამიანების ეროტიულ პრობლემებს არ ეძღვნება… როგორც სოლარისის ავტორი თავს უფლებას მივცემ გავიმეორო, რომ მე მხოლოდ მინდოდა შემექმნა ხედვა შეხვედრისა ადამიანებსა და იმას შორის რაც ნამდვილად არსებობს, ალბათ რაღაც უფრო ზებუნებრივი ფორმით, მაგრამ რისი დაყვანაც ადამიანისთვის გასაგებ კონცეფციებამდე, იდეებამდე ან გამოსახულებებამდე შეუძლებელია. სწორედ ამიტომაა წიგნის სათაური “სოლარისი” და არა “სიყვარული კოსმოსში”.

ეკრანიზაციებიდან ყველაზე კარგი ვერსია ლეგენდარულ რუსმა რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ გადაიღო. მიუხედავად ლემის მსუბუქი უკმაყოფილებისა, ტარკოვსკის ვერსია ხშირად ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმად მოიხსენიება.

ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ფაქტია, რომ სოლარისი ტარკოვსკის ფილმებიდან ერთ-ერთია, რომელშიც მის შედევრზე 1966 წლის “ანდრეი რუბლიოვ”-ზეა მინიშნება. ამ მინიშნებას პროტაგონისტის კრის კელვინის ოთახში სწორედ ანდრეი რუბლიოვის ხატის სახით ვხვდებით.

ფილმი: A Scanner Darkly – გონების დაბინდვა (2006)

რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი

როლებში: კიანუ რივზი, ვუდი ჰარელსონი, რობერტ დაუნი უმცროსი, ვაინონა რაიდერი, რორი კოკრეინი

ნაწარმოები: A Scanner Darkly – გონების დაბინდვა (1977)

ავტორი: ფილიპ დიკი

გვერდების რაოდენობა: 219

რიჩარდ ლინკლეიტერის ეს ნამუშევარი როტოსკოპირების ტექნიკით დამუშავდა, მისი 2001 წლის ფილოსოფიური ფილმის Waking Life-ს მსგავსად.
დიალოგებით დატვირთული ფილმი, შინაარსით ცნობილი ამერიკელი მწერალის ფილიპ დიკის ნაწარმოებთან საკმაოდ ახლოსაა და “ჭკვიანი” სამეცნიერო ფანტასტიკების სიაში შეგვიძლია გავიყვანოთ.

“ყველაფერი რაც ამ მოთხრობაში აღვწერე, მე მართლაც ვნახე”- ეს სიტყვები ფილიპ დიკს ეკუთვნის, როდესაც ის 1970-იანი წლებში ნარკოტიკების კულტურის აღმავლობაზე საუბრობდა. როგორც თავად იხსენებდა, ცოლთან დაშორების შემდეგ ის ამფეტამინებზე დამოკიდებული გახდა. მომდევნო წლებში ნარკოტიკები მის სამუშაო ეფექტიანობაზე დადებითად მოქმედებდა და საშუალებას აძლევდა დღეში 68 გვერდი დაეწერა.

თავად წიგნის ეპილოგშიც დიკი იმ ახალგაზრდა ადამიანებს და მეგობრებს ახსენებს, რომლებსაც ის პირადად იცნობდა და რომლებიც ნარკოტიკების გამოყენების გამო დააზარალდნენ. ეპილოგში დიკი ასევე აფიქსირებს საკუთარ აზრს, რომ “ნარკოტიკების გამოყენება არაა დაავადება, არამედ გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება დადგე ან არ დადგე მოძრავი მანქანის წინ”.

ფილმი: Blade Runner – დანის პირზე მორბენალი (1982)

რეჟისორი: რიდლი სკოტი

როლებში: ჰარისონ ფორდი, რუტგერ ჰაუერი, ედვარდ ჯეიმს ოლმოსი

ნაწარმოები: Do Androids Dream of Electric Sheep? – ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრონული ცხვრები? (1968)

ავტორი: ფილიპ დიკი

გვერდების რაოდენობა: 256

1968 წელს გამოსული მოთხრობის ეკრანიზაციაზე მუშაობა მარტინ სკორსეზესაც სურდა, თუმცა ეს პატივი რიდლი სკოტს ხვდა წილად. თავიდან კრიტიკოსებმა ფილმი საკმაოდ ცივად მიიღეს, თუმცა მოგვიანებით ფილმმა საკულტო სტატუსი მოიხვეჭა და დღეს სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკურ ნამუშევრად ითვლება.

ზემოთ აღნიშნულის მსგავსად ეს ნაწარმოებიც ფილიპ დიკმა შექმნა და მის ადაპტირებაშიც მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით კმაყოფილი ამერიკელი მწერალი როი ბეტის როლის შემსრულებლის, რუტგერ ჰაუერის თამაშით დარჩა და მას იდეალური უწოდა.

წიგნი მესამე მსოფლიო ომით დაბინძურებულ დედამიწაზე მოგვითხრობს, სადაც ნამდვილი ცხოველები უკვე თითქმის აღარ არსებობენ, ანდროიდებით და მუტირებული ადამიანებით დასახლებული პლანეტა კი საცხოვრებლად სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოსადეგი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის სათაური ალან ნურსის იმავე ჟანრის 1974 წლის მოთხრობის სახელს (The Bladerunner) იმეორებს თუმცა მასთან არანირი კავშირი არ აქვს.

ფილმი: The Martian – მარსელი (2015)

რეჟისორი: რიდლი სკოტი

როლებში: მეთ დეიმონი, ჯესიკა ჩესტეინი, შონ ბინი, ჯეფ დენიელსი, ჩივეტელ ეჯიოფორი

ნაწარმოები: The Martian – მარსელი (2011)

ავტორი: ენდი უირი

გვერდების რაოდენობა: 369

განწირულ აუტსაიდერებზე ისტორიები თითქმის ყველას უყვარს. ენდი უირის ცხოვრების ისტორია კი ზუსტად ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 43 წლის მორცხვი “აიტიშნიკი” , რომელსაც უნივერსიტეტიც კი არ აქვს დამთავრებული, ფრენის ეშინია და 20 წლიდან წერს კოსმოსში მოგზაურობაზე.

უირი მუშაობდა კომპიუტერულ კომპანიებში და Warcraft II-ის შექმნაშიც მიუღია მონაწილეობა. ლიტერატურული აგენტებისგან წიგნის გამოქვეყნებაზე უარის მიღების შემდეგ, ნამუშევარი მის ვებ-საიტზე გამოჩნდა. წიგნში სამეცნიერო დეტალების სიზუსტის მისაღწევად უირი საკმაოდ დიდ ხანს მუშაობდა. უირის პირველ მოთხრობას რომელმაც ყურადღება მიიპყრო The Egg (კვერცხი) ერქვა და ის 30 ენაზეა ნათარგმნი, თუმცა ნამდვილი წარმატება მას სწორედ მარსელმა მოუტანა.

თავდაპირველად, წიგნის kindle ვერსია 99 ცენტად იყიდებოდა ამაზონზე, მანამ სანამ ბეჭდვის უფლება უირისგან არ იყიდეს და საბოლოოდ ეკრანიზაციიაზეც დაიწყეს მუშაობა.

რიდლი სკოტის ბოლო წლებში გადაღებულ ფილმებს შორის მარსელი ალბათ დრამატურგიულად ყველაზე გამართული და ძლიერი ფილმია, ამის მთავარი მიზეზი კი დიდწილად სწორედ პირველწყაროა, რომლისგანაც ფილმი მხოლოდ იმ დეტალებში განსხვავდება რომელთა ეკრანებზეც გადატანა ზედმეტად რთული და მიზანშეუწონელი იქნებოდა.

ფილმი: Total Recall – ყველაფრის გახსენება (1990)

რეჟისორი: პოლ ვერჰოვენი

როლებში: არნოლდ შვარცენეგერი, შერონ სტოუნი

ნაწარმოები: We Can Remember It for you Wholesale – ყველაფერს თქვენ მაგივრად დავიმახსოვრებთ (1966)

ავტორი: ფილიპ დიკი

გვერდების რაოდენობა: 224

ფილიპ დიკის კიდევ ერთი წიგნი ფილმად ორჯერ გადაიღეს, 1990 წელს ჰოლანდიელმა რეჟისორმა პოლ ვერჰოვენმა არნოლდ შვარცენეგერთან და 2011 წელს კი ლენ უაიზმენმა კოლინ ფარელთან ერთად.

პოლ ვერჰოვენის ვერსია აშკარად უკეთესი ეკრანიზაციაა, სადაც არცთუ ისე ძლიერი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერიც კი კარგად ასრულებს როლს. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა რეჟისორი თავად შეარჩია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი Robocop მოეწონა და როგორც საბოლოო შედეგმა გვაჩვენა, არც შემცდარა. წიგნისგან განსხვავებით, ფილმში “ექშენი” ბევრად უფრო მეტია და ფოკუსი შვარცნეგერზეა გადატანილი, რომელიც წიგნის პროტაგონისტისგან განსხვავებით, მარსზე ცხოვრობს და მუშაობს. აქ ნახავთ პარაზიტ მუტანტებს, რობოტ ტაქსისტებს და სამ მკერდიან ქალებს.

ეს ერთადერთი სხვაობა არაა პირველწყაროსა და ფილმს შორის, ნაწარმოების სხვა რამოდენიმე კომპონენტიც შეცვლილია, თუმცა განსხვავებების მიუხედავად, ფილმზე ფილიპ დიკის სტილის დადებითი გავლენა მაინც იგრძნობა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s