ავტორი: დათო ლობჟანიძე
შეუძლია თუ არა კინოს, უფრო კონკრეტულად კი ჰოლივუდს, ღმერთის როლის თამაში? მინიშნებას ამ შეკითხვაზე ფილმის დასაწყისში ჯვარცმული იესოს გამოსახულების სახით ვხვდებით.
ერთი რამ ნათელია, ჰოლივუდი ოცნებების ქარხანაა. კოენებმა ეს ცხადია იციან და ამ გამოცდილების დემონსტრირებას ფილმით „დიდება კეისარს“ ცდილობენ, ფილმით, რომელიც ამ ოცნებების, გნებავთ ამერიკული ოცნებების ქარხანაზე ზღაპარს წარმოადგენს. ჯოშ ბროლინის პერსონაჟი, ედი მანიქსი ჰოლივუდური კინოკომპანიის, კაპიტოლის მენეჯერია. კაპიტოლი როგორც სახელწოდება ერთგვარი ალუზიაა რომზე და კარლ მარქსის კაპიტალზეც. თუმცა, რომს და კომუნიზმს ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდებით.
მანიქსი სტუდიის გამო დღე და ღამეს აერთიანებს, აგვარებს საქმეებს გადასაღებ მოედანზე და მის გარეთ. გარდა იმისა, რომ მანიქსი გადაღებებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საქმეებითაა დაკავებული, ის ასევე ყველა ძალღონეს იკრებს, რომ კომპანიასთან ასოცირებული ადამიანები სკანდალებს აარიდოს. მიუხედავად იმისა, რომ მას ოჯახისათვის ნაკლები დრო რჩება, მაინც კარგი ქმარი და მამაა. მისი ოჯახი საოცნებო ამერიკული ოჯახია, ბიჭი სკოლის ბეისბოლის გუნდში წარმატებულად თამაშობს, გოგო დრამატულ წრეებში როლებს ასრულებს, ცოლს სადილი მუდამ მზად აქვს, თვითონ მანიქსი კი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე მზრუნველი კაცია, რომლის ერთადერთი ნაკლი შიგადაშიგ სიგარეტის მალულად მოწევაა.
დავუბრუნდეთ ფილმის პირველ კარდს, ანუ სცენას, რომელშიც ზოგიერთისთვის ღმერთის, ზოგიერთისთვის ღმერთის შვილის, ზოგიერთისთვის მოციქულის და ზოგიერთისთვის უბრალოდ ადამიანის გამოსახულებას და სიმბოლოს ვხედავთ. სიმბოლოს დატვირთვა იმისდამიხედვით შეიძლება, თუ ვისი თვალით უყურებთ ფილმს, გააჩნია, რაბინი ხართ, კათოლიკე, პროტესტანტი თუ მართლმადიდებელი მღვდელი. ეს სასულიერო პირები ის ცენზორები არიან, რომლებმაც იესოს ცხოვრებაზე ფილმი (რომელიც კოენების ფილმის იდენტურ სახელს ატარებს) უნდა შეაფასონ სანამ ის ეკრანებზე გამოვა. სცენა ანეგდოტურ ამბავს ჰგავს, სადაც თითოეული სასულიერო პირი სამყაროს მისი თვალთახედვიდან აფასებს და რჩევებსაც ამის მიხედვით იძლევა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული სცენა ძალიან სასაცილოა, მნიშვნელოვანია, რომ ის გასაღებს წარმოადგენს ფილმის მთავარ თემებზე, იქნება ეს ცენზურა, პროპაგანდა, ოცნებები, ღმერთი თუ სხვა.
კოენები შექსპირის გამონათქვამს საყოველთაო მსახიობობის შესახებ კიდევ უფრო ანვითარებენ და თანამედროვე ჰოლივუდის სუპერვასკვლავებს ათამაშებენ ადამიანებს, რომლებიც თამაშობენ სხვა სუპერვარსკვლავების როლებს. ჯორჯ კლუნი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯოშ ბროლინი, ტილდა სვინტონი, რალფ ფაიენსი, ჩანინგ ტატუმი და მრავალი სხვა მსახიობი რომ არა, ზღაპარი ჰოლივუდზე ალბათ სრულყოფილი არ იქნებოდა. ყველა ჩამოთვლილ მსახიობს თავისი როლი აქვს იმდროინდელ ჰოლივუდში, ისინი ანსახიერებენ იმ მსახიობების როლებს, რომლებიც ადამიანური ცოდვების მიუხედავად, მაყურებლისთვის მუდამ მითიურად უმწიკვლო ვარსკვლავების, გნებავთ ღმერთების როლში უნდა იყვნენ, იქნება ეს ეკრანზე თუ რეალურ ცხოვრებაში. თემა, რომლებსაც კოენები ეხებიან ჰოლივუდს და რეალურ ცხოვრებას შორის ზღვარზეა, რეალურსა და მითიურს შორის, ცენზურაზე ფიქციაში და ნამდვილ ცხოვრებაში.
ყველა იმ ფილმს შორის, რომელსაც „დიდება კეისარ“ -ში ვხვდებით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომელსაც სასულიერო პირები აფასებენ, ანუ ფილმი იესოს ცხოვრებაზე. ამიტომაა, რომ ჯორჯ კლუნის პერსონაჟის გატაცების შემდეგ, რომელიც აღნიშნულ ფილმში ერთ-ერთ საკვანძო, რომაელი მხედართმთავრის როლს ასრულებს, მანიქსი მის პოვნაზე და დაბრუნებაზეა ორიენტირებული.
კოენების ფილმებში ხშირად გვესმის კითხვა „რა ხდება?“ ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული „სერიოზული ადამიანია,“ სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი ცდილობს გაიგოს რაციონალური ახსნა, თუ რატომ დაატყდა ამდენი უბედურება თავს. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს პერსონაჟი მასზე პასუხის გაგებას, მით უფრო რთულდება მისი მდგომარეობა. იმის მაგივრად, რომ უბრალოდ იცხოვროს, ის ხშირად არარაციონალურის რაციონალური მიზეზებით ახსნას ცდილობს, ანუ თავიდანვე არარაციონალურად და აბსურუდულად უდგება ცხოვრებას.
ფილმის „დიდება კეისარს“ შემთხვევაში ამ კითხვას ჯორჯ კლუნის პერსონაჟი მოტაცების შემდეგ, კომუნისტების გარემოცვაში მყოფი ახმოვანებს, თუმცა მას არავერბალურად ჯოშ ბროლინის ეკლესიაში ვიზიტის სცენაშიც ვხვდებით, სადაც მანიქსი პასუხებს და სწორ გზაზე დაყენებას ღმერთისგან ითხოვს. თუმცა, ცოტა ხნით დავუბრუნდეთ კლუნის პერსონაჟს. კომუნისტები მას გამოსასყიდის მიღების მიზნით იტაცებენ. ისინი კლუნის მსგავსად ჰოლივუდიდან არიან და ცნობილ რეჟისორებს და სცენარისტებს წარმოადგენენ. აქ აშკარაა ალუზია ჰოლივუდურ ათეულზე, ადამიანებზე, რომლებსაც 50-იანი წლების ამერიკაში კომუნისტურ საქმიანობაში და საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებაში ედებოდა ბრალი. რაც უფრო მეტად ვითარდება სიუჟეტი ამ მიმართულებით, მით უფრო ვხვდებით, რომ კოენები აქილიკებენ იმდროინდელ ჰოლივუდს და მთავრობას, რომელიც კინემატოგრაფისტებს ლამის კრემლთან პირდაპირ აგენტობაში ადანაშაულებდნენ.
ამ მხრივ სატირა იმდროინდელ პროპაგანდაზე, ამერიკელ მემარცხენეებზე პიკს სწორედ საბჭოთა წყალქვეშა ნავის სცენაში აღწევს, რომლის ყურებისას ხმამაღალი სიცილის შეკავება რთულია. და სწორედ აქ ბრუნდება კითხვა, ჰოლივუდის ძალის და როლის შესახებ, რადგანაც 50-იანი წლების ამერიკაში ბევრი ცენზორი მართლაც თვლიდა, რომ ჰოლივუდური ათეულის კინემატოგრაფისტებს კინოს მეშვეობით ამერიკის გაწითლება სურდა.
დავუბრუნდეთ შეკითხვას „რა ხდება,“ მასზე პასუხს ლოგიკურად ფილმის დასასრულში უნდა ვეძიოთ. მღვდელთან აღსარებაზე მისული ჯოშ ბროლინის პერსონაჟი სვამს შეკითხვას და ითხოვს რჩევას, თუ რა აკეთოს, რა გზას დაადგეს? გააგრძელოს მუშაობა კინოში, რომელიც დამღლელი და დამქანცველია, თუ აირჩიოს მეორე გზა, გადავიდეს სამხედრო ტექნიკის ბიზნესში, რომელიც მას ცოტა ხნის წინ შესთავაზეს?
ბროლინის პერსონაჟს სჯერა, რომ მღვდელს პასუხი აქვს, კონკრეტული, რაციონალური პასუხი, რომელიც გამოადგება. ბროლინისთვის მღვდელი დედამიწაზე ღმერთის წარმომადგენელია, შესაბამისად მისი პასუხი ღმერთის პასუხის ტოლფასია. ამიტომ, როდესაც მღვდელი მას პასუხობს, „გააკეთე ის რასაც გული გეუბნება,“ ის მცირედი დაფიქრების შემდეგ გახარებული და თავქუდმოგლეჯილი ტოვებს ეკლესიას, ამ მომენტში ვხვდებით, რომ ეკლესიაში მას შეუძლია აღარ დაბრუნდეს და პასუხით „რასაც გული გეუბნება“ გააკეთოს ყველაფერი რაც სურს.
“სერიოზული ადამიანისგან” განსხვავებით, რომელიც პასუხებს „ზემოდან“, თუ რაციონალურისგან ელოდა, ის თავისუფალია და „სწორი“ პასუხების მიღების ლეგიტიმურ უფლებას მხოლოდ საკუთარ თავში ეძებს. ამრიგად, მაყურებელი, რომელიც კოენებს როგორც ავტორიტეტებს შეიძლება ეკითხებოდეს, თუ რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ფილმიდან, ბროლინის პერსონაჟის მსგავსად თავისუფლდება და ღია ფინალის მომსწრე ხდება. შესაბამისად, პასუხი ამ ტექსტის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე და ზოგადად ფილმის ფინალზე დღესავით ნათელია. მას თქვენს გულში აღმოაჩენთ.