ავტორი: დათო ლობჟანიძე

iri
რაფაელ ირისარი, წმ.პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია, თბილისი. წყარო: SOU Facebook გვერდი

მე და ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი გრიბოედოვზე, კონსერვატორიასთან ვდგავართ. მუსიკაზე ვლაპარაკობთ. წლების წინ მასთან სახლში ვიკრიბებოდით და დასავლეთის მოდურ მუსიკას ვუსმენდით ხოლმე. კონცერტების მხრივ, ყველაზე მეტი ზაფხულში მზიურში წავსულიყავით და ადგილობრივი ბენდების გიტარის ჩხრიალისთვის და ზომაზე მეტად მთვრალი ვოკალისტების, ქართულ სტილში ნამღერი ინგლისური სიმღერებისთვის მოგვესმინა. ცუდი არ იყო, თავისი რომანტიკა ჰქონდა, თუმცა, როდესაც ეკრანზე სიტყვაზე Depeche Mode – ის ლაივს ხედავ და ექსტაზში შესული დეივ გაჰანის ვირტუოზული შესრულების მომსწრე ხდები, ცოტა მეტი გინდა ვიდრე “ყველამ თავის ბოზ ქაბაბს მიხედოს” (ბენდის ძიებას ნუ დაიწყებთ, ის ავტორის ფანტაზიის ნაყოფია).

სწორედ ამ რაღაც “ცოტა მეტზე” ვლაპარაკობთ კონსერვატორიასთან მე და ჩემი მეგობარი. ვხვდებით, რომ რაღაცეები შეიცვალა და დადგა ის ნანატრი დრო როდესაც საქართველოს ნებისმიერი ჟანრის ტოპ მუსიკოსები სტუმრობენ ხოლმე. გვიხარია და იმასაც აღვნიშნავთ, რომ ამიერიდან ქართველი მსმენელიც უფრო მომთხოვნი გახდება და ადგილობრივ ფესტივალებს საშუალო დონის შემსრულებლებს აღარ აპატიებს.

იქვე ახლო-მახლო ალვა ნოტო, იგივე კარსტენ ნიკოლაი, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის პელე თუ არა, კრუიფი მაინც, დგას. მსმენელები ერთობლივი სურათის გადაღების იმედად რიგში მორცხვად დგანან. ალვა ნოტო თავმდაბლურად, მაგრამ დაუღალავად არცერთ მინი ფოტოსესიაზე უარს არ ამბობს და სმარტფონების თუ ფოტოაპარატების ჩხარუნის ფონზე იღიმის და ნაწყენს არავის უშვებს.

თუმცა, ამჯერად ალვა ნოტო გარეთ თავისი კონცერტის გამო არ დგას, ისიც მსმენელის ამპლუაშია. მან რამდენიმე დღის წინ, მარჯანიშვილის თეატრში პულტთან უკვე იშამანა და იქ მისული მსმენელი დაახლოებით ორმოცდაათი წუთის განმავლობაში მუსიკის და ვიზუალის სრულყოფილი კომბინაციის დამსახურებით სრულ ექსტაზში ამყოფა. ამჯერად ის ჩვენს მგსავსად რიოჯი იკედას, ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთი შამანის, კონცერტზეა მოსული.

იკედა ალვა ნოტოზე მძიმეა. მძიმედ იწყებს. ვიზუალად მხოლოდ შავს და თეთრს იყენებს. ვინმეს შეიძლება მისი მუსიკა თეთრ ხმაურადაც კი მოეჩვენოს. გარემო კლასიკურია, კონსერვატორია, სცენა, გამოპრანჭული და გასუსული მსმენელი იკედას მუსიკაში რითმებს ეძებს და პოვნისას სავარძელში მჯდომი მორიდებული თავის ქნევით გამეფებულ მუსიკალურ ჰარმონიაში იკარგება. მართალია, ყველა ზის, თუმცა ენერგია ჩვეულებრივ კლუბისას არ ჩამოუვარდება, ის რაც სხეულის მოძრაობებში გამოიხატება ხოლმე, აქ გონებრივი ექსტაზის და ნეირონების ცეკვის ხარჯზე მიიღწევა. კონცერტი მთავრდება, ხალხმრავლობის გამო გარეთ ნელა გავდივარ და თან ვფიქრობ, მომავალში, სადღაც ასე 15-20 წელიწადში მსგავსი მუსიკა სავარაუდოდ მეინსტრიმად იქცევა. კონცერტის მერე ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ იცი, ფესტივალის ყოველი შემდგომი საღამო არანაკლებ ემოციური იქნება.

იკედას შემდეგ კალენდარით რასტერ-ნოტონის ლეიბლის ქვეშ გაერთიანებული არტისტების საღამოა, რომელსაც ყოფილი არქეოლოგიური საცავი მასპინძლობდა. არქეოლოგიური საცავი კიდევ ერთი ღონისძიების, Tokyo Night – ის, ლოკაციადაც მოგვევლინა. აქ ჯერ ევროპელი და შემდეგ უკვე იაპონელი დიჯეები დაიხარჯნენ და ჩვეულებრივ დღეებში მიტოვებული შენობა ელექტრონული მუსიკის მექად აქციეს. ორივე საღამო თვისობრივად განსხვავდებოდა ალვა ნოტოს, იკედას და რაფაელ ანტონ ირისარის კონცერტისგან, რომელიც წმ.პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესიაში გაიმართა.

ირისარი იკედასგან და ალვა ნოტოსგან ძალიან განსხვავებული ვინმეა. 21-ე საუკუნის კლასიკოსია. მის მუსიკას მალერს, დებუსის და ვაგნერსაც კი ადარებენ. კონცერტიც შესაბამისია. ამ მხრივ სივრცე იდეალურია. აქვე უნდა ითქვას, რომ ფესტივალისთვის შერჩეული ყველა ადგილი თანხვედრაში იყო იმ კონკრეტულ მუსიკასთან, რომელსაც ცალკეული ლოკაცია მასპინძლობდა. ირისარის კონცერტზე ეკლესია სავსეა, მსმენელი პირველ ჰანგებთან ერთად ისუსება და მუსიკის დამსახურებით სხვა სამყაროში გადადის. თუ იკედაზე და ალვა ნოტოზე დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ კომპონენტს ჰქონდა, ირისარიზე სულ სხვა მდგომარეობაა, მისი მუსიკა შინაგანად იგრძნობა და ინდივიდუალურად აღიქმება. ამიტომაა, რომ აქ ბევრს თვალები დახუჭული აქვს და საკუთარ ფანტაზიას ირისარის საკმაოდ ბნელი, მაგრამ ჰარმონიული და ტალღური ჰანგებით კვებავს.

SOU ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულ მუსიკოსებს შორის ალბათ ყველაზე ცნობილი ბლიქსა ბარგელდია, ალბათ ამიტომაა, რომ მისი და ტეჰო ტეარდოს კონცერტისთვის ყველაზე დიდი სივრცე, ფილარმონია შეირჩა. კონცერტი ცხრა საათზეა დანიშნული, მაგრამ აღნიშნულ დროს დარბაზის მესამედიც კი არ არის სავსე. ამ მხრივ წინა კონცერტებთან შედარებით ძალიან განსხვავებული ვითარებაა (ყველა დანარჩენი კონცერტი დროზე, მაქსიმუმ ათ წუთიანი დაგვიანებით, დაიწყო). თავიდან მიჩნდება ეჭვი, რომ ბილეთები არ გაიყიდა და ბლიქსას ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწევს სიმღერა, თუმცა დარბაზში ხალხის ნაკადი არ წყდება და ნათელი ხდება, რომ მსმენელის დიდი ნაწილი უბრალოდ დროზე ვერ მოვიდა.

კონცერტი ნახევარსაათიანი დაგვიანებით იწყება, ბლიქსა და მისი ბენდის ყველა წევრი შავებში, შეიძლება ითქვას გოთიკურადაა გამოწყობილი. ბლიქსას ვოკალს და ტეარდოს გიტარას, სიმებიანი კვარტეტი, ტრომბონი და სოლო ვიოლონჩელი ავსებს. ბლიქსას მუსიკა უბრალოდ მუსიკა არ არის, ლიტერატურასავითაა, თხრობითი ხასიათისაა და სხვადასხვა ამბებს გვიყვება. ამ თხრობაში ბლიქსა სამ ენას, გერმანულს, იტალიურს და ინგლისურს იყენებს, ხშირად ვოკალის დახმარებით ცხოველების და ბუნებრივი მოვლენების ხმებს იმიტირებს. მართალია ზოგიერთი მსმენელი, როგორც ჩანს სიგარეტის ინტერლუდიების გამო, დარბაზს ხან ტოვებს და ხან უბრუნდება (მგონია, რომ მსმენელის ხარისხი მეტწილად დარიგებული მოსაწვევების პირდაპირპორციულია ხოლმე), მსმენელთა დიდი ნაწილი საკუთარ თავს მუსიკის სრულად აღქმის საშუალებას აძლევს.

დაახლოებით საათნახევრიანი კონცერტის შემდეგ ბლიქსა და ბენდის სხვა წევრები კულისებში გადიან. მსმენელს თავიდან ჰგონია, რომ პროგრამა დასრულდა და დაჟინებული ტაშით და შეძახილებით მათ დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა სცენა კვლავ ცარიელია. ცოტა ხანში მაყურებლის წინაშე აწეული ხელით ბლიქსა ჩნდება, მიკროფონს უახლოვდება და იმას ამბობს, რასაც ძალიან ცოტა თუ ელოდა, “ძალიან გვინდა კიდევ შევასრულოთ სიმღერები, მაგრამ მიქსერი გაფუჭებულა. ასე რომ, ან შეაკეთეთ ან კიდევ კონცერტი უნდა დავასრულოთ.” რამდენიმე წუთი გადის და ცხადი ხდება, რომ პრობლემა ვერ გადაწყდება. ბლიქსა სცენაზე კიდევ ერთხელ გამოდის, ამბობს რომ კიდევ ექვსი (!) სიმღერის შესრულება სურდა და მომხდარის გამო ბოდიშს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელი იმედგაცრუებული ჩანს, ბენდს ამხნევებს და მუსიკოსებს ტაშით აცილებს.

SOU, Stream of Unconsciousness (არაცნობიერის ნაკადი) ორგანიზატორების თქმით არის თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად გვპირდებიან. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პირველმა ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა და ამ ჟანრში საქართველოში უპრეცედენტო მოვლენა იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ წელს ფესტივალი არანაკლებ მასშტაბური იქნება და კიდევ არაერთ საინტერესო არტისტს გაგვაცნობს, ქართველი მსმენელი ამისთვის უკვე მზადაა.