18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისში SOU (stream of unconsciousness – არაცნობიერის ნაკადი) ფესტივალი გაიმართება. საქართველოს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი არტისტები ეწვევიან. ათი დღის განმავლობაში ქართველ მსმენელს ექვს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება და გამორჩეული მუსიკის მოსმენა შეეძლება. გთავაზობთ მონაწილე არტისტების მოკლე დახასიათებებს.
18 მაისი, მარჯანიშვილის თეატრი
Alva Noto
ნამდვილი სახელი – კარსტენ ნიკოლაი. ამ გერმანელ მუსიკოსს 2000-დან 2015 წლამდე სხვა მრავალრიცხოვანი პროექტების გარდა, რვა სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. ალვა ნოტო 2015 წელს რუიჩი საკამოთოსთან ერთად ფილმ რევენანტის საუნდტრეკის ავტორად მოგვევლინა. მუსიკოსმა ასევე 2009 წელს მაიკლ ნაიმანთან ერთად ოპერა “სპარკი” დაწერა. ალვა ნოტოს შემოქმედება თავისივე სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ: “ჩემი ნამუშევრის დიდი ნაწილი ზოგად, არტისტულ საკითხებს ეხმაურება. რა არის კრეატიულობა? საიდან მოვდივართ? რა გვამოძრავებს? რა არის შემთხვევითობა? რა არის ლოგიკა?”
19 მაისი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
Ryoji Ikeda
რიოჯი იკედას, იაპონელი არტისტის ექსპერიმენტალური მუსიკა სინუსოიდალური ტალღებით ხასიათდება, რომელიც ხშირად სხვადასხვა სიხშირეებს გვთავაზობს, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის ყურისთვის რთულად აღსაქმელ სიხშირეებსაც კი. იკედას მუსიკა შეიძლება ემბიენთ მუსიკის კატეგორიაშიც გავიყვანოთ. თუმცა, რთულია იკედას მუსიკა რომელიმე კატეგორიას თუ კონცეპციას მოვარგოთ. “არ მსურს რამე კონცეპციებზე საუბარი. იმიტომ რომ კონცეპციები მოგონილია,” თქვა იკედამ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
21 მაისი, თბილისის არქეოლოგიური საცავი
Raster-Noton
შაბათ საღამოს თბილისის არქეოლოგიური საცავი გერმანული ელექტრონული მუსიკის ცნობილი ლეიბლის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. რასტერ ნორტონი არის ერთგვარი გაერთიანება, რომელიც პოპს, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებული იდეების გადაკვეთას წარმოადგენს. შაბათს არქეოლოგიურ საცავში შეკრებილ მსმენელს Byetone, Frank Bretchsneider, Emptyset, Senkin და Grischa Lichtenberger -ის მოსმენა შეეძლება.
23 მაისი, წმ.პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია
Rafael Anton Irisarri
ამ ამერიკელი კომპოზიტორის მინიმალისტურ მუსიკას ადამიანის სულის ალბათ ყველაზე მიმალულ სივრცეებში ზღვა ემოციების გაღვიძება შეუძლია. Textura.org – მა თავისი მუსიკა ერთ-ერთ რეცენზიაში შემდეგნაირად დაახასიათა: “იმ ემბიენტ სიმფონიას ჰგავს, რომელიც ნახევარი საუკუნის შემდეგ სხვენის სამარხში აღმოაჩინეს და გადაარჩინეს.” ლაივ პერფომანსებისას ირისარი მეტწილად პიანინოს, ელექტრო გიტარას და ლეპტოპს იყენებს და ყოველ ჯერზე იმპროვიზირებას ცდილობს.
26 მაისი, თბილისის ფილარმონია
Teho Teardo და Blixa Bargeld
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისში SOU ფესტივალში მონაწილეთა შორის ბლიქსა ბარგელდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია, ბარგელდი ხომ Einstürzende Neubauten – ის ვოკალისტია. თუმცა, აინშტურცენდე ნოიბაუტენ – ის მიღმა, ბარგელდი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მისი და ტეო ტეარდოს კოლაბორაციაა. ტეარდო იტალიელი კომპოზიტორია, რომელიც არაერთი გამორჩეული რეჟისორის (მათ შორის გაბრიელ სალვატორესთვის და პაოლო სორენტინოსთვის) ფილმის საუნდტრეკის ავტორია. ბარგელდის და ტეარდოს თანამშრომლობა პირველად 2013 წელს შედგა (Still Smiling), მას შემდეგ ამ კოლაბორაციამ კიდევ ორ ალბომში ჰპოვა ასახვა.
28 მაისი, თბილისის არქეოლოგიური საცავი
Tokyo Techno Night
ფესტივალი 28 მაის დაიხურება. თბილისის არქეოლოგიური საცავი იაპონურ ტექნო არტისტებს, იუკი საკაის, რიო მურაკამის და ჰირონორი ტაკანაშის უმასპინძლებს.
ფესტივალის ვიზუალური კონცეფციის ავტორები თამარ ჩადუნელი,Sadarismelia და ანა ჩადუნელი არიან.
პ.ს. ბონუს ტრეკად გთავაზობთ ბლიქსა ბარგელდის სიმღერას, რომელიც ნორვეგიული მწერლის დაგნი იულის, ედვარდ მუნკის მუზის, თბილისში მკვლელობას ეძღვნება.