კაენი – სარამაგუს ოდისეა ძველ აღთქმაში [რეცენზია წიგნზე]

ავტორი: დათო ლობჟანიძე

არ არის გასაკვირი, რომ 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჟოზე სარამაგუმ თავისი უკანასკნელი რომანი – „კაენი“, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოაქვეყნა.

სარამაგუს შემთხვევაში ბიბლიური თემა ახალი არ ყოფილა. ავტორის ერთ-ერთი თვალსაჩინო რომანი „სახარება იესო ქრისტეს მიხედვით“ ჯერ კიდევ ნობელის პრემიამდე, 1991 წელს დაიბეჭდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ სარამაგუმ, კომუნისტმა და გაცხადებულმა ათეისტმა, ამავდროულად, ადამიანმა რომელიც კათოლიკურ ოჯახში და გარემოცვაში გაიზარდა, “კაენი” 85 წელს გადაცილებულმა დაასრულა, ნაწარმოებს უფრო პირადულ ოდისეად და საკუთარ თავთან ერთგვარ აღსარებად ან თუნდაც, დასკვნად აქცევს.

კაენი ქრონოლოგიურად იწყება, საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიური სიუჟეტების მოყოლით, თუმცა, პირველი წინადადებიდან ნათელია, რომ სარამაგუ მისთვის დამახასიათებელი თხრობის ფორმას ირჩევს.

„სენიორი, რომელსაც უფრო ხშირად ღმერთად მოვიხსენიებთ, საშინლად განრისხდა, როცა აღმოაჩინა, რომ ადამსა და ევას – გარეგნულად, ერთი შეხედვით, ყოვლად სრულყოფილ არსებებს არათუ სიტყვის წარმოთქმა, არამედ საერთოდ არანაირი ბგერის გამოცემაც კი არ შეეძლოთ; თანაც, ცხადია, ღმერთი საკუთარ თავს გაუბრაზდა, რადგან, კიდევ კარგი, ედემის ბაღში სხვა არავინ იყო, ვისაც ამ ყოვლად უხეშ შეცდომაზე პასუხისმგებლობას აჰკიდებდა.“ – ასე იწყება რომანი.

სიტყვა „სენიორი“ და ის რომ ღმერთს საკუთარი ქმნილების შეიძლება შერცხვეს, ნათელს ხდის, რომ სარამაგუ ღმერთზე არა როგორც უზენაესზე, არამედ როგორც ძალიან გავლენიან, მაგრამ ნაკლებად ღვთაებრივ მოვლენაზე საუბრობს.

სარამაგუ ათასჯერ მოთხრობილი სახარების მოსაყოლად იუმორისტულ სტილს ირჩევს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტილს და ფორმას შინაარსზე დიდი გავლენა აქვს. ამ მხრივ აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ თარგმანში გასაგები მიზეზების გამო დაკარგულია ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი – პორტუგალიურ ორიგინალში სარამაგუ უარს ამბობს მთავრულ ასოებზე, ამრიგად ენაში, რომელშიც ღმერთი მთავრული ასოთი იწერება, ის მას, ისევე როგორც კაენს, პატარა სიმბოლოთი წერს, ამრიგად ამ ორს შორის ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამს, ათანაბრებს და ამ ფორმით რელიგიურ ნარატივს აადამიანურებს.

მკითხველისთვის რომელიც სარამაგუს იცნობს, ავტორის სტილისტური გადაწყვეტილება სიურპრიზი არ უნდა იყოს, მსგავს გადაწყვეტილებას ის არაერთ თავის ცნობილ რომანში იღებს, მაგალითისათვის „სიბრმავეში,“ სადაც სასვენ ნიშნებზეც კი ამბობს უარს.

თუმცა, სიბრმავისგან და არაერთი სხვა ნაწარმოებისგან განსხვავებით, სადაც ის ამბის მოსაყოლად ორიგინალურ სამყაროს და შინაარს იგონებს, კაენში ის ძალიან ნაცნობ ისტორიებს თავიდან ყვება.

არსებობს კონსესუსი, რომ ბიბლია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბების კრებულია – ეს ფაქტი და სარამაგუს ისტორიების ოსტატური გადამღერება განაპირობებს მკითხველის ინტერესს წიგნის მიმართ. აქ სარამაგუს არ აინტერესებს ძველი აღთქმის რელიგიური საწყისი, როგორც მწერალს ბიბლიაში აღწერილი ამბები მისთვის უფრო ადამიანის ბუნების უკეთ გასაგებად იზიდავს.

კაენი, დასავლურ კულტურაში, ცალსახად ნეგატიური პერსონაჟი, მართალია სარამაგუსთანაც ცოდვილია, მაგრამ ის უფრო გაადამიანურებულია. კაენი, რომელიც ღმერთისგან როგორც ავტორიტეტისგან მოწონებას დაეძებს, ასეთის არარსებობის პირობებში, ძმას ეჭვიანობის, შურის, ბრაზის და იმედგაცრუების გამო კლავს.

ამ ტრაგედიის შემდეგ მკითხველი კაენის მოგზაურობის მომსწრე ხდება, დროში მოგზაურობის. აქ მკითხველი კაენთან ერთად არაერთი ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის მომსწრე ხდება, თუმცა ისევე როგორც ნაწარმოების დასაწყისში აქ აღწერილი მოვლენები ცხადია სარამაგუსეული ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენენ.

რაც უფრო მეტად ეცნობა მკითხველი რომანს, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ღმერთი აქ არა სიკეთის განსახიერებაა, არამედ ერთგვარი მენეჯერია, რომელსაც ადამიანების სამართავად არაპოპულარული და ხშირად სასტიკი გადაწყვეტილების მიღება უწევს. კაენს, რომელიც თავისი ცოდვებით, აქ ადამიანობის ერთგვარ სიმბოლოდ შეგვიძლია განვიხილოთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები ღმერთის არ ესმის, ღმერთი კი თავის მხრივ კაენს, მაშასადამე ადამიანებს ვერ გებულობს.

ამიტომაა, რომ ნაწარმოაბის დასასრულს სარამაგუ წერს, რომ ძველი კამათი ამ ორს შორის ჯერ კიდევ არ დასრულებულა: „ჩვენს სმენამდე ღვთის პასუხს აღარ მოუღწევია და არც პასუხის პასუხი აღარ გაგვიგონია კაენისგან, მაგრამ, მაინც საფიქრალია, რომ ისინი შემდგომ კვლავაც მრავალჯერ უმტკიცებდნენ ერთიმეორეს თავის სიმართლეს და სრულიად დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ეს კამათი დღემდე გრძელდება.“

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s