ავტორი: სანდრო გვინდაძე

 

პოლონელი ებრაელი ვლადეკ შპიგელმანი ერთი რიგითი მოხუცებული ამერიკელი თაგვივით ცხოვრობს. როგორც მისი შვილის, არტის მონათხრობიდან ვიგებთ, მას ძალზე მძიმე ხასიათი აქვს, გამუდმებით უბურღავს ტვინს გარშემო მყოფებს, და, ამ ყველაფერთან ერთად, წაირასისტებს კიდეც. იმისდა მიუხედავად, რომ მატერიალურად არ უჭირს, ვლადეკი საშინელი წუწურაქია და ხელმძღვანელობს პრინციპით: „რატომ უნდა იყიდო რამე, როცა შეიძლება იპოვო?“. თოკები, მავთულები, ჭიქები – რას აღარ შეხვდებით ვლადეკის სახლში. ვლადეკის ატანა უჭირს ყველას: მის მეორე ცოლს, მეზობლებს, შვილს, რძალს…

მაგრამ ვლადეკი უბრალოდ სასაცილო მოხუცი არ არის – იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ბოროტებას, ჰოლოკოსტს გადაურჩა. შემზარავი წარსული მას არასდროს ტოვებს. ვლადეკმა კარგად იცის თითოეული პერანგის, თითოეული თასმის, პურის თითოეული ნამცეცის ჭეშმარიტი ფასი.

ამ ერთ რიგით ამერიკელ თაგვს არასდროს დაავიწყდება სასტიკი შიმშილი და შიში, რომელშიც ექვსი წელი გაატარა. არასდროს დაავიწყდება, რის გაღება მოუხდა იმისათვის,, რომ მას და მის ცოლს საკონცენტრაციო ბანაკი „საკვამურიდან არ დაეტოვებინათ“.

ვინ იცის, იქნებ ვლადეკი იდანაშაულებს კიდეც თავს იმის გამო, რომ მილიონობით სხვა თაგვისგან განსხვავებით, გადარჩენა შეძლო?

1992 წელს არტ შპიგელმანის „მაუსმა“ პულიცერის პრემია მიიღო. იმ დროს ფრენკ მილერის, ალან მურის, უილ აიზნერის და სხვა ავტორების დამსახურებით, მათ შორის „მაუსის“ წყალობით, მსოფლიოს დიდმა ნაწილმა უკვე გაიაზრა, რომ კომიქსები არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის შექმნილი თავშესაქცევი საკითხავი, სადაც ტრიკოსა და მოსასხამში გამოწყობილი სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ადამიანები დარწმუნდნენ, რომ კომიქსს, ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, შეუძლია წამოჭრას რთული და მნიშვნელოვანი საკითხები, დაამარცხოს დრო, დააფიქროს მკითხველი და უთხრას მას რაღაც ახალი, როგორც სამყაროზე, ისე საკუთარ თავზეც.

ქართველ მკითხველში კომიქსებს ასეთი აღიარება ჯერ არ მოუპოვებია. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ სწორედ არტ შპიგელმანის „მაუსი“ გახდეს ასეთი აღმოჩენა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებელი მოვლენების ფონზე გრაფიკულ რომანში წამოჭრილი პრობლემები ჩვენთვის ამჟამად აც აქტუალურია. იმ იდეოლოგიას, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, საქართველოში დღესაც ჰყავს მიმდევრები. იმათ, ვისაც ჩაგვრა არასდროს გამოუვლია, ჯიუტად არ ესმით დაჩაგრულებისა, ამავე დროს კი უამრავ ადამიანს კვლავინდებურად უწევს, საკუთარი მე ნიღბების მიღმა დამალოს. თუმცა საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის – ავტორის ფსიქოლოგის თქმისა არ იყოს, „უკვე რამდენი წიგნი დაიწერა ჰოლოკოსტზე, და აზრი? ხალხი არ შეცვლილა… შეიძლება ახალი, უფრო დიდი ჰოლოკოსტი სჭირდებათ“.

„მაუსში“ ვერ შეხვდებით ვერც კაშკაშა სფლეშ პანელებს, ვერც ფერებით ოსტატურ თამაშს, ვერც ბიბლიურ ალუზიებს… მაგრამ პატარა, კომპაქტური პანელების, მარტივი შავ-თეთრი ნახატებისა და თითქოს ხელით დაწერილი ტექსტის მეშვეობით, ავტორი თვალთნათლივ გვიჩვენებს კომიქსების ჭეშმარიტ ძალას.

მიუხედავად იმისა, რომ კომიქსის ფურცლებზე ერთი თაგვი უბრალოდ ესაუბრება მეორეს, იქ მოთხრობილი ამბები შემზარავად რეალურია. ავტორი ხშირად ანგრევს მეოთხე კედელს და ჩვენთვის ცალსახა ხდება – ცხოველებისა და მათი ნიღბების მიღმა ჩვენნაირი ადამიანები იმალებიან. რაღაც მომენტში არტ შპიგელმანი პირდაპირ გვეუბნება, არც მესია მსურს ვიყო და არც მქადაგებელიო – ავტორი ჭკუას კი არ გვარიგებს, არამედ უბრალოდ ცდილობს, მოგვითხროს ამბავი, გვიამბოს ის, რაც სინამდვილეში მოხდა. და, ამავდროულად, დამაჯერებლად გვიმტკიცებს, თუ რა მოსახერხებელია ამ საქმეში კომიქსების მედიუმი.

„მაუსი“ თვალნათლივ გვიჩვენებს, რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ ჯგუფს ადამიანის სტატუსს უკარგავენ. ეს გრაფიკული რომანი გვახსენებს, რომ აუშვიცი ერთ დღეში არ შექმნილა, რომ ყველაფერი შედარებით უწყინარი რეგულაციებით დაიწყო; რომ მკვლელი სისტემას ყოველთვის უზნეო და უპრინციპო ადამიანების წყალობითაა ენიჭება ძალა და, რა ბანალურადაც გინდა ჟღერდეს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არტ შპიგელმანის „მაუსი“ არაფერს გვასწავლის. ნაწარმოები უბრალოდ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გვაზიარებს – იმისათვის, რომ გმირი გერქვას, სულაც არ არის აუცილებელი, კრიპტონელი იყო, ან რადიოაქტიურმა ობობამ გიკბინოს. ხანდახან უბრალოდ საკმარისია გადარჩე და სხვებსაც დაეხმარო გადარჩენაში.