ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი

 

იაპონური ლიტერატურა განსაკუთრებული ბუნებით ყოველთვის ხასიათდებოდა . აღმოსავლური ელემენტები, დიადი კულტურა, ცნობიერებაში ღრმად გამჯდარი ტრადიციები… ყველაფერი ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რის შესახებაც მკითხველი იაპონური წიგნებიდან იგებს და გარდა იმისა, რომ სიუჟეტს მისდევს, პერსონაჟთა ცხოვრების დინებას მიჰყვება, მათი სულიერი გარდატეხის მოწმე ხდება.

ეს უკანასკნელი კი თითქმის ყველა ტიპის ტექსტში ვლინდება. იაპონური ნაწარმოებები ერთგვარი „თვითაღმოჩენის“ ქმნილებებია, რომელთა სრულად გაგება გარდა ცოდნისა – გამართლებაზეცაა დამოკიდებული. ბევრი რამ უნდა იგრძნო, რაღაცები აღმოაჩინო, სადღაც ფიქრების მორევში დაიკარგო და იქიდან შემდგომ უკვე სულ სხვა ადამიანი გამოხვიდე. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მრავალი წლის მანძილზე მათ აზრის უკეთ გადმოსაცემად უამრავი ხერხი მოსინჯეს.

ტანკები, ჰაიკუები, თეთრი ლექსები, მოთხრობები, ეპოქალური მნიშვნელობის რომანები… ზოგადად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელები ნობელის პრემიის ლაურეატთა შორის ალბათ უფრო მეტნი უნდა იყვნენ (ახლა 2-ნი არიან – ქენძაბურო ოე და იასუნარი კავაბატა. არ ითვლება კაძუო იშიგურო, ვინაიდან ის ბრიტანელ მწერალია და იაპონისთან მხოლოდ წარმომავლობა აკავშირებს). მათდამი ასეთი დამოკიდებულება იმითაცაა უმეტესად გამოწვეული, რომ ძალიან ჭირს სიმბოლოთა გარკვევა. ხშირად ერთი უცნაურობა მეორეს ერწყმის და ტექსტს სრულიად გაუგებარს ხდის.

ალბათ ამიტომაც იყო, რომ 1968 წლამდე იაპონელი მწერლებისთვის ნობელი არ მიუციათ და საბოლოოდ არჩევანი იასუნარი კავაბატაზე შეჩერდა. მანამდე გამოეპარათ რიუნესკე აკუტაგავა და იუკიო მიშიმა, თუმცა გვერდი ვერ აუარეს კავაბატას. ზოგადად ნობელის კანდიდატის არჩევაზე ბევრს მსჯელობენ და იაპონელ მწერლებზე გაცემულ ნობელზე კიდევ უფრო მეტი შეიძლება ითქვას, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საბოლოოდ გამოვლინდა პირველი კუნძულელი, რომელმაც ეს პრემია ჩაიბარა და საკუთარ ლექციაში მეტად უცნაურ რამეზე ისაუბრა.

მან გააცნო მსოფლიოს იაპონური მწერლობა, საიდან დაიწყო და როგორ მოვიდა ის დღემდე. იშველიებდა სხვადასხვა ლექსებიდან ნაწყვეტებს. ამას წესით დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა ნობელის კომიტეტზე, მაგრამ მთლად ასე არ აღმოჩნდა. მართალია, მეორე პრემია პირველზე მოკლე პერიოდში გაიმეტეს, მაგრამ აქ სერიოზული გაუგებრობაც მოხდა. პიტერ ოუენი (იაპონელი მწერლის, სიუსაკე ენდოს ინგლისელი გამომცემელი) იხსენებს, რომ ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მას სჯეროდა, რომ მისი კლიენტის მხოლოდ სახელის გამოცხადებაღა იყო დარჩენილი. თუმცა ჟიური არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. კლასიკოსად ქცეული, სკანდალური ავტორის ნაცვლად, შედარებით უცნობი ქენძაბურო ოე აირჩიეს, რომლის ნაწერებსაც კარგად თავად იაპონიაში არ იცნობდნენ. ოუენი ვარაუდობს, რომ სერიოზული გავლენა თავად იაპონელი ხალხის ნებამ მოახდინა.

სიუსაკე ენდო ის ავტორი იყო, რომელიც რელიგიასა და ადამიანის უწყვეტ კავშირზე წერდა. თავის ყველაზე ცნობილ რომან „სიჩუმეში“ მან გაბედა და თქვა, რომ „ქრისტე სიკეთესა და სილამაზეს არ უმსხვერპლია. ეს საკმარისად მარტივია, რომ შეეწირო რაღაც მშვენიერებას. რთული უნიათო და სინდის გარეცხილი ხალხისთვის სიკვდილია.“ ამ სიტყვებით ფაქტობრივად მან მთელი მსოფლიო ამხილა და საკუთარ თავთან დაგვტოვა მარტო. ფიქრებში გამოგვკეტა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რისთვის ეცვა ჯვარს ქრისტე.

ადამიანმა ფაქტობრივად ქრისტეს ჯვარცმით წრიულ პროცესს დაუდო სათავე, იმ განსხვავებით, რომ მიიღო რაღაც ემპირიული შესაძლებლობა სულის ცხონებისა. ყველაფერ ამაზე წერდა სიუსაკეენდო „სიჩუმეში“, რის გამოც ის მალე აიტაცეს მსოფლიოში და წლების განმავლობაში სერიოზული განხილვის საგანსაც წარმოადგენდა.

2016 წელს გამოვიდა მარტინ სკორსეზეს ფილმი „სიჩუმე“, რომელიც ამ დიდი ავტორის რომანის მიხედვითაა გადაღებული და რომლის გადაღებაც ხშირად ჭიანურდებოდა რელიგიური, თუ სხვა მიზეზთა გამო. ფილმი წიგნის შესანიშნავი ადაპტაციის მცდელობაა და კარგადაა გამოხატული ის სახასიათო შტრიხები რაზეც სიუსაკეენდო წერდა. ღმერთთან შებმა ან სრული დაცემით სრულდება, ანდაც მარტივი უარყოფით, საზღვრის გადალახვა ჭირს მხოლოდ.

ასეა თუ ისე, 1994 წლის შემდეგ იაპონელები კვლავ ნობელის მოლოდინში არიან. ბევრს საუბრობენ ჰარუკი მურაკამიზე, რომელსაც კარგად იცნობენ ლიტერატურულ წრეებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ მისი ჯერი არ დამდგარა. საინტერესოა ვის გაუმართლებს შემდეგს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 – ში, ცნობილი სკანდალის გამო, ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა.